გასულ კვირას დასავლური ქვეყნების კოალიციამ ლიბიის დაბომბვა დაიწყო. სიტუაცია სირიაში, იემენში, სუდანში, ბაჰრეინსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში სულ უფრო არასტაბილური ხდებოდა. მსოფლიო წესრიგი ნელ-ნელა დაემსგავსა გლობალურ უწესრიგობას და კითხვა “ეს ჯერ კიდევ მართვადი ქაოსია, თუ უკვე უმართავი?” განსაკუთრებით აქტუალური შეიქნა. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ვითარება საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთია, რომ დედას შვილი ხელში აღარ აჰყავს და ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. როგორც ჩანს, მსოფლიო ქაოსის ხანგრძლივი, მტკივნეული ეტაპის გავლა მოუწევს და სეირის მაყურებლად ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ვერ დარჩება.
ძია სემის კოცონი
რა სამიზნეებს ბომბავენ დღეს ევროპელი მფრინავები? ერთი შეხედვით, ლიბიის საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, კადაფის სამხედრო შენაერთებს და ა.შ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამავე დროს ისინი გამეტებით ბომბავენ ევროპულ ქალაქებსა და ქარხნებს, რადგან ნავთობის მაღალი ფასი ევროპული ეკონომიკის რეალურ სექტორს ახრჩობს. ომი ლიბიაში და საერთოდ, ქაოსი აღმოსავლეთში ამ ფასების ზრდას პირდაპირ უკავშირდება. ევროპელი ჯარისკაცები ხომალდებში ჩასასხდომად და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ ნაპირისკენ გასაცურად ემზადებიან. თითქოსდა არაფერია განსაკუთრებული – ერთი ჩვეულებრივი ნეოკოლონიალისტური ექსპედიციაა (უკაცრავად, დემოკრატიული ღირებულებების შეუჩერებელი გავრცელება, მანამ, სანამ მაღრიბსა და მაშრიყში ქვა ქვაზე არ დარჩება). მაგრამ ამავე დროს ხმელთაშუა ზღვის ხსენებულ სამხრეთ ნაპირზე მილიონობით თუ არა, ასი ათასობით ლტოლვილი ემზადება (ან მალე მოემზადება) იმისათვის, რომ ნავებით ევროპისკენ გაცურონ. ერთი ციტატა: “ძნელი წარმოსადგენი არ არის მშიერი და სასოწარკვეთილი უთვალავი იმიგრანტი, რომლებიც ნავებიდან ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ნაპირზე გადმოდიან. მათმა მოზღვავებამ ევროპის ქვეყნებში შეიძლება “თავდაცვითი რასიზმის” მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს”. სხვათა შორის, ეს მიმდინარე მოვლენების მეთვალყურე კომენტატორების ვარაუდი კი არა, “რომის კლუბის” 1991 წლის მოხსენებაა (კინგის და შნაიდერის), სადაც დღევანდელი სიტუაციის მთელი რიგი ასპექტები ზედმიწევნით ზუსტადაა აღწერილი. მალე ეკონომიკური სირთულეებითა და ომით გაღიზიანებული ბევრი ევროპელი (მათ შორის – უზარმაზარი არაბული დიასპორების წარმომადგენლები) ძალიან დიდი ალბათობით ქუჩაში გავა და ვითარების შეცვლას მოითხოვს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა კონკრეტულ ლოზუნგს (ომის შეწყვეტა, იმიგრანტების ალაგმვა, ხელფასების გაზრდა და ა.შ.) ააფრიალებს ესა თუ ის ჯგუფი; მთავარი, ალბათ, ისაა, რომ შეიქმნება არასტაბილური, ქაოტური სიტუაცია, შესაძლოა, ვიტრინების მსხვრევითა და მანქანების დაწვით, მსგავსი იმისა, რაც არცთუ დიდი ხნის წინათ პარიზში ვიხილეთ. შემდეგ მოქალაქეების ნაწილი წესრიგს მოითხოვს და მწყობრში სიარულის ნოსტალგია გაუჩნდება, მეორე ნაწილს კი სრულიად საპირისპირო მისწრაფებები ექნება. ამასობაში სხვა ადამიანები შემოიკრავენ შაჰიდების ქამრებს (თუ უკვე არ შემოიკრეს) და ევროპულ ქალაქებს აქტიურად შეუტევენ. ამ კონტექსტში იმას, თუ რა ვადებში და რა მეთოდებით მიაღწევენ ევროპული არმიები სამხედრო მიზნებს ლიბიაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ქაოსის ზრდა ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულია. გარკვეული თვალთახედვით, ყველაფერი ეს მხოლოდ დეკორაციებია, მთავარი კი, ალბათ, სულ სხვა რამ არის.იმისათვის, რომ ამ ვითარებაში აშშ-ის ქცევის ალგორითმი უკეთ გავიგოთ, ალბათ, ასეთი სურათი უნდა წარმოვიდგინოთ: ძია სემი კოცონში შეშას ყრის – არც ისე ბევრს, რომ ცეცხლი უკონტროლო გახდეს და ხანძარი გაჩნდეს, და არც ისე ცოტას, რომ ცეცხლი ჩაქრეს. ცეცხლში კი იწვის ევროპული ფინანსები და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის გეგმები, ტანკები და თვითმფრინავები, ქალაქები და სოფლები. ძია სემის წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას:ამოცანა #1 – ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების ზრდის შეფერხება. სავარაუდო პასუხი: ენერგომატარებლების გაძვირებისა და დროებითი დეფიციტის ხელშეწყობა, მათი ტრანსპორტირების გზებზე პრობლემების შექმნა, ჩინეთისა და ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის არდაშვება.ამოცანა #2 – ვალებში ჩაფლული აშშ-ისა და “დოლარის პირამიდის” გადარჩენა. სავარაუდო პასუხი: ალმოდებული ევრაზიიდან კაპიტალის შტატებში “გაქცევის” ხელშეწყობა, შემდგომ მსოფლიო ქაოსის პირობებში დოლარის ჰიპერინფლაციის დაწყება (სტაბილურ ვითარებაში ეს დოლარს გლობალური ეკონომიკიდან ამოაგდებს).ამოცანა #3 – დასავლურ სამყაროში დამოუკიდებელი, ლიდერი მოთამაშის პოზიციაზე ევროკავშირის გასვლის დაუშვებლობა. სავარაუდო პასუხი: ევროპელების ჩათრევა ომებში, დეზინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა, ეკონომიკური პრობლემების შექმნა (ისევ და ისევ ენერგომატარებლები).ამოცანა #4 – რუსეთის ფაქტორის განეიტრალება, იმის მიღწევა, რომ ის, როგორც მინიმუმი ა) არ გახდება ჩინეთის მოკავშირე; ბ) არ დაიწყებს ამერიკელების გლობალური თამაშის აქტიური ჩაშლას (ამისთვის არცთუ ცოტა ბერკეტი აქვს). სავარაუდო პასუხი ამ შემთხვევაში, ალბათ, უნდა გავშალოთ, რადგან აშშ-რუსეთის ურთიერთობები ჩვენს მომავალს უშუალოდ ეხება.
პრობლემა იყო და აღარ არის
ორშაბათს რუსეთში აშშ-ის თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ჩავიდა. ამ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე იქ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი იმყოფებოდა და, შესაძლოა, პოზიციები მსოფლიო კრიზისის მომდევნო ეტაპთან დაკავშირებით სწორედ ამ შეხვედრაზე შეჯერდა. გეითსი კი, სავარაუდოდ, კრემლს უკვე მიღწეული შეთანხმებების რეალიზების დეტალების დაზუსტებისთვის ესტუმრა.1996 წელს გეითსმა გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო წიგნი “From The Shadows (“ჩრდილიდან”), სადაც იმაზეც მსჯელობდა, რომ ცალკეულ მოვლენებს შეუძლია მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რამდენად მყარი იყო ეს ურთიერთობები წინარე პერიოდში, რაც ახლო მოკავშირეებთან (მაგალითად, დიდი ბრიტანეთისა და კანადის შემთხვევაში) არ ხდება.ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა რუსეთში ვიზიტის წინ მას ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ამ ვითარების შეცვლა (ანუ, თითქმის იდეალური, “ბრიტანულ-კანადური ტიპის” ურთიერთგაგების მიღწევა). “ვფიქრობ, ჩვენ ასეთი ურთიერთობებისკენ მივდივართ. დანიშნულების პუნქტამდე ჯერ ვერ ჩავაღწიეთ, მაგრამ ურთიერთობები ისეთი მყიფე აღარ არის, როგორც 30 წლის წინათ იყო”, – თქვა გეითსმა და აღნიშნა, რომ 2008 წლის მოვლენები, რომელთაც მან “საქართველოში შეჭრა” უწოდა, “ნამდვილად იყო პრობლემა ორმხრივ ურთიერთობებში ბუშის ადმინისტრაციის დროს და ობამას ადმინისტრაციის მუშაობის პირველ პერიოდში. მაგრამ ამან სხვა სფეროებში შეთანხმებების ტორპედირება არ მოახდინა. ამგვარად, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისკენ მივდივართ”. “მოსკოვთან ვაშინგტონი სტრატეგიულ დიალოგს 40 წელზე მეტხანს აწარმოებს, ხოლო პეკინთან მის დაწყებას მხოლოდ ახლა ვცდილობთ”, – დასძინა რობერტ გეითსმა.თავისთავად განცხადება, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი “პრობლემა იყო” (და ახლა “აღარ არის”) საკმაოდ მრავლისმთქმელია, თუმცა ყურადღება უფრო ფართო კონტექსტს მივაქციოთ. გეითსი აშშ-რუსეთის პარტნიორობის განმტკიცებაზე საუბრობს და “ცივი ომის” პერიოდიდან, როდესაც ორი ზესახელმწიფო, ერთი შეხედვით, მზად იყო ერთმანეთისთვის ყელი გამოეღრღნა, მოსკოვთან ხანგრძლივ “სტრატეგიულ დიალოგს” გამოყოფს და ამბობს, რომ ასეთი დიალოგის დაწყება პეკინთან საჭიროა.ეს, როგორც მინიმუმ, ფაქტების დამახინჯებაა, სწორედ რომ “40 წელზე უფრო მეტი ხნის” წინათ, 1969 წლის მარტში, ნიუ იორკში ჩატარდა ნაკლებად გახმაურებული კონფერენცია “დასავლეთისა და ჩინეთის ურთიერთობების მხარდაჭერისთვის”, რომელშიც მონაწილეობდნენ საიდუმლო პოლიტიკის ისეთი დინოზავრები, როგორებიც იყვნენ არტურ გოლდბერგი, ჯეკობ ჯავითსი, ედვინ რაისჰაუერი, ჰენრი კისინჯერი და ჯეიმს შლესინჯერი (ეს ორი უკანასკნელი მაშინ ახალგაპრეზიდენტებული ნიქსონის მრჩევლები იყვნენ, სულ მალე კი სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი გახდნენ). სავარაუდოდ, სწორედ ამ თავყრილობაზე ჩამოყალიბდა აშშ-ჩინეთის სტრატეგიული, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ალიანსის კონტურები.1971 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ნიქსონმა კონგრესისადმი მიმართვის დროს ფართო აუდიტორიისთვის სრულიად მოულოდნელად ჩინეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბარი დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი შედგა მისი ისტორიული ვიზიტი პეკინში. ორმა ქვეყანამ, იდეოლოგიური სხვაობისა და დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, სსრკ-ის წინააღმდეგ ფარული სტრატეგიული ალიანსი შექმნა. “ცივი ომის” წლებში ეს ალიანსი მშვენივრად მუშაობდა, მისი დასრულების შემდეგ კი კისინჯერმა (ამასთანავე, ბჟეზინსკიმ და სხვებმა) “G-2-ის თეორია” ჩამოაყალიბა, რომელიც, ფაქტობრივად, მსოფლიოზე აშშ-ისა და ჩინეთის (ალბათ, მაინც “უმცროსი ძმის” როლში) ერთობლივ დომინირებას გულისხმობდა. ჩინეთმა ამ გზით სიარულზე უარი თქვა; საბოლოოდ ცხადი ეს ობამას პრეზიდენტობის საწყის პერიოდში გახდა. განვიხილოთ რობერტ გეითსის კომენტარი ამ გარემოებების გათვალისწინებით. აშკარაა, რომ ის უახლეს ისტორიას თავდაყირა აყენებს, იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას აშშ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების აუცილებლობას და მიანიშნებს, რომ პეკინი ამ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაშია. ადმირალ კუზნეცოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემიის მსმენელებს კი გეითსმა ასე მიმართა: “მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს ხელმძღვანელობას, დაფიქრდეთ, რა ფორმით შეიძლება იმოქმედონ რუსმა სამხედროებმა საერთაშორისო კოალიციების შემადგენლობებში”. ვიღაცამ ეს შეიძლება აღიქვას მხოლოდ როგორც ზოგადი ფრაზა გლობალურ უსაფრთხოებაზე ზრუნვის კონტექსტში, ვიღაცამ კი – როგორც მოწოდება მონაწილეობისკენ მსოფლიოს ახალ განაწილებაში შეერთებული შტატების გვერდით. თუმცა ის ევრაზიული სახელმწიფო, რომელიც ვაშინგტონის მოკავშირეობას დათანხმდება “G-2”-ის ან სხვა მსგავსი ფორმატის ფარგლებში, ალბათ, უნდა ითვალისწინებდეს, რომ “ბოლო მსხვერპლი” სწორედ ის გახდება მას შემდეგ, რაც დანარჩენი მსოფლიო დამორჩილებული იქნება.სავარაუდოდ, ამაშია იმ მტკიცე უარის მიზეზი, რომლითაც პეკინმა ვაშინგტონის მაცდურ წინადადებებს უპასუხა და ეს მშვენივრად ესმის რუსეთის ხელისუფლებასაც. თუმცა, ამავე დროს ის, როგორც ჩანს, აპირებს, ვაშინგტონის სურვილიდან პეკინთან ჭიდილში ძლიერი მოკავშირე ჰყავდეს, მაქსიმალური მოგება ნახოს. დღეისთვის შექმნილმა მდგომარეობამ, რუსეთს საკმაო დივიდენდები მოუტანა: კრიზისმა არაბულ სამყაროში გაზარდა ფასი ნავთობზე, რაც რუსეთისთვის ცუდი ნამდვილად არ არის. ამასთანავე, იმ დროს, როდესაც ფრანგები ჩაებნენ მძიმე ბრძოლაში “საკუთარი ბენზინგასამართი სადგურისთვის მაღრიბში” და ამით ირიბად გაზარდეს თავისი დამოკიდებულება ვაშინგტონზე, გერმანია რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მეგობრული გახდა, რადგან რუსული ენერგომატარებლები მას მოსალოდნელ კრიზისს შედარებით იოლად გადაატანინებენ. ორშაბათს გერმანულმა “BASF”-მა “გაზპრომთან” შეთანხმება დადო და რუსულ “სამხრეთ ნაკადის” გაზსადენში 2 მილიარდ ევროს ჩადებს. ამასთანავე, კრემლს აინტერესებს საკუთარი პოზიციების განმტკიცება პოსტსაბჭოთა სივრცეში და მიანიშნებს ვაშინგტონს, რომ სწორედ ეს თემა გახდება “სასინჯი ქვა” იმისათვის, რომ მისი სტრატეგიულ პარტნიორობაზე ორიენტირებული განზრახვების სერიოზულობა შეაფასოს.სააკაშვილს რაღა ვუყოთ?და აი, ამ კულმინაციურ მომენტში, როდესაც ჩვენ თვალწინ გლობალური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები იკვეთება, ავანსცენაზე უცებ გამოდის მიხეილ სააკაშვილი უცნაური ღიმილით, ძველი პატეფონითა და არანაკლებ ძველი “პლასტინკით” რუსეთის წინააღმდეგ პროგრესული კაცობრიობის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ. დღეს ეს იმდენად უადგილოა, რომ ნამდვილად გაუმართლებს, თუ შტატების ხელისუფალნი აღნიშნულ პატეფონს თავზე არ გადაამტვრევენ. ალბათ, აჯობებს, ყველაფერი მაქსიმალურად გავამარტივოთ; აღარ გვინდა ამდენი გეოეკონომიკა და პეტროპოლიტიკა, კისინჯერი და შლესინჯერი. ფაქტია, მსოფლიო ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი ახალ სტადიაში შედის, რომელსაც, შესაძლოა, გაცილებით ძლიერი რყევები მოჰყვება, ვიდრე ოდესმე გვინახავს. ასეთ დროს ქვეყანას შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური ხელისუფლება უნდა ჰყავდეს. ამასთან დაკავშირებით ერი, ალბათ, გარკვეულ პრაგმატულ კონსესუსამდე უნდა მივიდეს. შეიძლება თუ არა შექმნილ მდგომარეობაში სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ხელისუფლებაში დატოვება? პოლიტიკურ სიმპათიებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და არც უცხო ქვეყნების პოზიციაა განმსაზღვრელი (არადა, ამ მხრივ ახლახან საინტერესო რამ მოხდა – საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ სააკაშვილის ხელისუფლება ისე მწვავედ გააკრიტიკა, გეგონება, ბულდოზერით გადაუარა). მთავარია, ქვეყნის უსაფრთხოების, თუ გნებავთ, მისი ყოფნა-არყოფნის პრობლემა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი, ალბათ, შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: თუ სააკაშვილი ახალი გამოწვევების ადეკვატურია, ის უნდა დარჩეს, ხოლო თუ ადეკვატური აღარ არის, ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უნდა დაემშვიდობოს, რადგან ამ გამოწვევებზე რეაგირებისთვის მოსამზადებელი დრო ქვეყანას პრაქტიკულად აღარ აქვს.
დიმიტრი მონიავა