გასარკვევია, დონალდ ტრამპი თავისი ჯიბიდან ჩადებს ინვესტიციას თუ ქართული კაპიტალი იქნება, რომელსაც სახელად ერქმევა დონალდ ტრამპი?- ასეთი სისულელე არც პირველია, არც უკანასკნელი,- სწორედ ასე მიპასუხა ბატონმა ნოდარ ჯავახიშვილმა, როცა სააკაშვილი-ტრამპის შეხვედრის კომენტარი ვთხოვე.- რაც გასულ პარასკევს ტელევიზიით ვნახე და მოვისმინე, ეს არის ორი გაქსუებული, გათავხედებული მილიარდერის პიარკამპანია, რომლის დროსაც ერთმანეთს დითირამბებს უმღერიან და ფეხებზე ჰკიდიათ ამერიკელი ხალხიც, ქართველი ხალხიც და მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობაც. დონალდ ტრამპი კი არის მილიარდერი, მაგრამ მისი მორალური სახეა საკითხავი.რატომ უნდა აგვიშენოს დონალდ ტრამპმა საქართველოში დუბაი ან სინგაპური?! გამაგებინეთ! რომელს ვგავართ – ორი ოკეანე გვარტყია გარშემო, თუ უდაბნო ვართ, ნავთობით მდიდარი?! ორი ოკეანე აკრავს ამერიკას, უდაბნოც არ აკლია, ააშენოს იქ გინდა დუბაი, გინდა სინგაპური, ხელს ვინ უშლის?! არავინ, მაგრამ აშშ თავის ბუნებრივ სიმდიდრეებს და მიწას მსოფლიოში ეგებ ყველაზე უფრო ეფექტიანად იყენებს.ტრამპი თავის პოლიტიკურ მისწრაფებას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ნებისმიერი ერის მომავალს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის საზოგადოებრიობა ჭკვიანია და ტრამპისმაგვარ პიროვნებას პრეზიდენტად არ აირჩევს.ერთი რამ მომეწონა ტრამპის პოზიციაში: მიშას ძალიან აქებდა. წაიყვანოს, და სანაცვლოდ 250 მილიონიან ინვესტიციას საქართველო ცოტა ხანში გადაუხდის ამერიკას. გვიღირს ამდენად და – მეტადაც.ისიც გასარკვევია, დონალდ ტრამპი თავისი ჯიბიდან ჩადებს ინვესტიციას, თუ ქართული კაპიტალი იქნება, რომელსაც სახელად ერქმევა დონალდ ტრამპი? ეს კაცი ჩვენნაირ სარისკო ქვეყნებში რომ დებდეს ფულს, ვერ გახდებოდა მილიარდერი. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ქართველი ხალხის სისხლიდან გამოწოვილი ფული, რომელიც სააკაშვილსა და მის ამფსონებს აქვთ დაგროვებული, შემოვიდეს ტრამპის აბრით.მსოფლიო ბანკის შეფასებებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ანგაჟირებული და კორუმპირებული საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიოში, იმოწმებს დონალდ ტრამპი სააკაშვილის დასახასიათებლად. დავოსში არასდროს ყოფილა? იქნებ, იქაურ შეფასებებს გაცნობოდა და გაეგო, რა დონის “პირველი რეფორმატორია” სააკაშვილი.ერთი სფერო დამანახეთ ჩვენს ქვეყანაში წინწაწეული!კორუფციის აღმოფხვრაზე რომ არის ყოველთვის ლაპარაკი, ეგებ, ვინმე დაინტერესდეს, რამდენი საქმეა აღძრული ჩვენთან კორუფციის მოტივით? ვერაფერს ნახავს, რადგან არ არის. სამაგიეროდ არის ერთი ჯგუფი, რომელიც სათავისოდ იმაზე მეტს ითლის, რაც ითლებოდა, მაშინ, როცა მთელი საქართველო კორუფციაში იყო ჩართული.ყველაფერი ჩვენ უნდა ვჭამოთო…ჩვენ რომ ამის თავი გვქონდეს, თეთრ სახლთან უნდა მოვუწყოთ მიტინგი ამერიკელებს და ვაჩვენოთ ამერიკის საზოგადოებრიობას, ვინა ჰყავთ ეს დონალდ ტრამპი და მასთან ერთად – მიხეილ სააკაშვილი. ამერიკული დახმარების 80 პროცენტზე მეტი ამ უკანასკნელმა თავისი სასახლის მშენებლობაზე დახარჯა და თეთრ სახლზე გაცილებით მდიდრული რეზიდენცია აიშენა.ეს არის დიდი რეფორმატორი?- ტრამპთან პირველი შეხვედრა რომ გაიხსენა სააკაშვილმა…- საშხაპეები?- დიახ.- ეგ არის, ზუსტად ეგ არის! საქართველოში საშხაპეების აშენებაზეა ორიენტირებული. 250-მილიონიან ტაუერს რომ ააშენებენ, რომელი ქართველი შესუნავს ამათ აგებულ ცათამბჯენებში, მიხეილ სააკაშვილის კორუმპირებული გარემოს გარდა?!- სასტუმროებიც იქნებაო, ანუ ისევ ტურიზმისკენაა მიმართული მთავარი ვექტორი ჩვენი ეკონომიკური განვითარების? ერთი კვირის წინათა აკი გვითხრეს, რომ მთავრობა…- სოფლის მეურნეობაზე უნდა იქნეს ორიენტირებულიო?- დიახ.- კაცი წავიდა ამერიკაში და სასტუმროების აშენებაზე გააფორმა ხელშეკრულება. სოფლის მეურნეობის აღორძინებაში დამეხმარეო კი არ უთხრა.- რომელ მიწაზე, ბატონო ნოდარ? საქართველო ხომ ტრამპის მიღწევათა ადგილად გამოაცხადა.- რაში ენაღვლება? ხან ჩინელებს აჩუქებს ამ მიწას, ხან – ბურებს, ხან – ტრამპებს. რა, მაგის სამშობლოა?! რამე სტკივა?! ვინმე უყვარს თუ რამე უყვარს?! თუ მივცემთ უფლებას, ვისაც გაეხარდება, იმას აჩუქებს ამ ქვეყანას, ოღონდ თვითონ შეინარჩუნოს ან პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობები.თქვენმა მკითხველმა, ალბათ, მიაქცია ყურადღება, რომ მთელი ეს შეხვედრა აშშ მოქმედი ადმინისტრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაიწურა ობამას მხარდაჭერის იმედი და ტრამპზე აიღო ორიენტაცია. ჯერ ერთი, რა გარანტია აქვს, რომ ტრამპი გახდება პრეზიდენტი და, მეორე, სანამ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ეს აქ დაჯდება და დაელოდება?!- ამის უფლებას ჩვენ ვაძლევთ, აქ დალოდების უფლებას.- იმედია, რომ ამის უფლებას არც ჩვენ მივცემთ და არც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია. – ესე იგი, ფიასკო?- ყოველმხრივი! პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც – დარწმუნებული ვარ ტრამპი კაპიკს არ ჩადებს საქართველოს ეკონომიკაში. თუნდაც ის 250 დანაპირები მილიონი დოლარი მართლაც რომ განახორციელოს, ქართულ ეკონომიკას ძალიან ცოტა სიკეთეს მისცემს. ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაზეც სააკაშვილმა ბოლო კვირეების განმავლობაში ილაპარაკა, ბლეფია. რა, ინფლაციას ჩააქრობს ტრამპ ტაუერი თუ სოფლის მეურნეობას ააღორძინებს?!
ესაუბრაარმაზ სანებლიძე
Home რუბრიკები პოლიტიკა ნოდარ ჯავახიშვილი: წაიყვანოს ტრამპმა სააკაშვილი და 250 მილიონს საქართველო იქით გადაუხდის