Home რუბრიკები საზოგადოება ხალხმა უნდა ჩაატაროს რუის-ურბნისის კიდევ ერთი კრება და გაიწმინდება საქართველოს ეკლესიის ავგიას...

ხალხმა უნდა ჩაატაროს რუის-ურბნისის კიდევ ერთი კრება და გაიწმინდება საქართველოს ეკლესიის ავგიას თავლა

ქართველი საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს. ვერც მე დავრჩი გულგრილი და ამ წერილით შევეცადე, გამოვხმაურებოდი .. ციანიდის საქმეს და ჩემი შეფასებები გამეზიარებინასაქართველო და მსოფლიოსმკითხველისთვის.

ჩემმა საგაზეთო სტატიებმა, რომლებშიც ფაქტების დემონსტრირებით ვცადე სიცრუეზე აგებული ე.წ. დიდი ტერორის გამომწვევი მიზეზებისა და მისი უკიდურესად მძიმე შედეგების გამომზეურება, მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ გამოქვეყნებული მასალა მომავალი დიქტატურისა და რეპრესიების სრულფასოვანი სცენარია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდ ქაოსს დიდი ტერორი მოჰყვება. თანამედროვე მკვლევარები და ისტორიკოსები უკვე იმაზე კი არ დავობენ, რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი 1937-იან წლებში, არამედ იმაზე, _ რამ მიიყვანა საზოგადოება ასეთ შურისძიებამდე.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, 37 წელი სტალინის ლიბერალიზმით არის გამოწვეული და ამის დამადასტურებლად ხშირად იმოწმებენ სსრკ-ის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ ბენედიქტოვს, რომელმაც პოლიტბიუროს სხდომაზე განაცხადა: “ლენინის მთავრობაში ყველაზე დიდი ლიბერალი სტალინი იყო”.

ათას დანაშაულზე ნაცარგადამყრელი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ფაქტის წინაშე დადგა და ამ აგიზგიზებულ ხანძარს ნაცარს ვეღარ გადააყრის _ სურთ თუ არა, დანაშაულს ნათელი უნდა მოეფინოს. დანაშაული კი ისეთი მასშტაბურია, რომ მისი სრული გამოძიება, ფაქტობრივად, 1937 წლის განმეორება იქნება საქართველოში.

დანაშაულში ჩართულია სამი სუბიექტი: ხელისუფლება, ყოფილი ხელისუფლება და თავის ნებაზე მიშვებული საქართველოს ეკლესია.

პირველი. ხელისუფლება თავიდან იშორებს ყველაზე დიდ საფრთხეს და სურვილი აქვს, ჩამოხსნას დამოკლეს მახვილი _ მოიშოროს პატრიარქი.

მეორე. ყოფილ ხელისუფლებას _ საუკუნის ტერორისტული აქტით სურდა, გზა გადაეღობა საქართველოსთვის ევროკავშირის არათუ წევრობისკენ მიმავალ გზაზე, არამედ ე.წ. ვიზალიბერალიზაციის სინამდვილედ, ქცევაშიც კი. ქვეყანა ჩამოეშორებინათ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის და ეს ექციათ გადაულახავ ზღუდედ ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, რაც ქვეყნის სათავეში მათი დაბრუნების უალტერნატივო გზა იქნებოდა.

მესამე. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მისი ძირითადი ბირთვი ყველა ჯურის დამნაშავეს საპროცესო გარიგებას უფორმებს ღმერთთან. მათ მიერ ეკლესიების მსგავსი ნაგებობების აშენებით გარკვეულ კაპიტალს უმატებენ თავიანთ კაპიტალს და თავიანთი დაბალი ცოდნითა და კულტურით თავს ულაყებენ ისედაც თავგამოლაყებული მრევლის უმრავლესობას.

კლერიკალიზმის საფუძველზე აშენებულ ახალგაზრდა და ვითომ დემოკრატიულ რესპუბლიკას სწორედ ნარკომანი ან ყოფილი ნარკომანი მღვდლები, ქურდები ან ყოფილი ქურდები, ნაძირალები ჰყავს მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში და სოფლებში დასაყრდენ ძალად და სწორედ მათი შერჩეული და მათგან მხარდაჭერილი უღირსი ადამიანები ავსებენ სახელმწიფო სტრუქტურებს. პარლამენტსა და მთავრობის გარეთ კი რჩებიან ქართველი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს დაამშვენებდნენ.

საქმიანობა ბრალდებულთა სამი შტოსი, რომლებსაც თანაბარი წვლილი შეაქვთ ამ უბინძურესი საქმის განხორციელებაში, უფრო ნათელი იქნება ათეული წლების შემდეგ, როგორც 1937 წლის მოვლენები, მაგრამ დღესაც შეიძლება ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემა, რომ:

უდიდესი დანაშაული, რომელიც მოხდა, მიუხედავად იმისა, დასრულდა თუ არა იგი უბედური შემთხვევით, ხელისუფლებამ უნდა დაიყვანოს ერთ სუბიექტამდე და, თუ ის იქნება დეკანოზი მამალაძე, თუ მას დაუმტკიცდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მცდელობა, მას უნდა განესაზღვროს სასჯელის უმაღლესი ზომა და, რადგან ეს ზომა დღევანდელი კონსტიტუციით არ მოქმედებს, სამუდამოდ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება.

როცა უცხო ქვეყანაში სარეცელზე მწოლ 80 წელს გადაცილებულ ავადმყოფ პატრიარქთან მისასვლელად ემზადება უახლოესი თანამებრძოლი საწამლავით ხელში, ამისთვის ეს “თანამებრძოლი” სათანადოდ უნდა დაისაჯოს.

და, თუ ხელისუფლება შეეცდება, დანაშაული სრული სახით წარუდგინოს საზოგადოებას, საზოგადოების წარმომადგენელთაგან უნდა შეიქმნას ნაფიც მსაჯულთა საბჭო, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლს როგორც ხალხის მიერ “არჩეული” ხელისუფლების გამოძიების მიმდინარეობა, აგრეთვე, ოკეანისგაღმელთა მიერ ხელდასხმული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებრივი კვალის შეგნებულად გადაფარვის მცდელობა, რადგან ეს კვალი შეიძლება მართლმადიდებლობის მოძულე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესამდე მიდიოდეს.

ბოლო პერიოდში ხშირად გაისმოდა მოწოდება, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა მოუწყოს სამსჯავრო, მაგრამ ხალხმა ამ მიზნის განხორციელება ამერიკის აქტიურად ჩარევის გამო ვერ შეძლო.

ახლა კი დროა, საზოგადოებამ მოუწყოს ხალხის სამსჯავრო ძველი და ახალი ხელისუფლების, აგრეთვე, საქართველოს ეკლესიის უღირს წარმომადგენლებს. სწორედ ხალხმა უნდა ჩაატაროს რუისურბნისის კიდევ ერთი კრება და გაიწმინდება ქართული ეკლესიის ავგიის თავლა იმ ბინძური ადამიანებისგან, რომლებიც წამლავენ საზოგადოებას თავიანთი ყალბი ავტორიტეტით და ბოროტად იყენებენ ნახევრად ღმერთკაცის, მართლმადიდებლობის ერთერთი გადამრჩენისა და ამღორძინებლის, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის სახელს.

მეუფეები შავი ჯიპებიდან ჯორებზე უნდა გადავსხათ, ხოლო მრევლის უმრავლესობას, სანთელთან ერთად, ხელში ბარი, თოხი, ურო და ჩაქუჩი უნდა დავაკავებინოთ და შევუდგეთ ახალი ქვეყნის მშენებლობას.

კონსტიტუციით, ეკლესია გამიჯნულია სახელმწიფოსგან და ამიტომ ღვთისმსახურებს კატეგორიულად უნდა აეკრძალოთ საერო საქმეებში ჩარევა და მრევლისთვის თავიანთი აზრის თავსმოხვევა ქრისტეს სახელით. მღვდელმა მრევლს ათი მცნება უნდა ასწავლოს და არა ის, ვის მისცეს ხმა არჩევნებში.

ამდენი ღვთისმსახური არ გვჭირდება, არც ამდენი ეკლესია. ქართული ეკლესია უნდა განაგებდეს ერთ სასულიერო აკადემიას და ორ-სამ სემინარიას. ბავშვთა ძირითადი აღზრდა უნდა მივანდოთ სკოლამდელი ასაკის საბავშვო დაწესებულებებს და სკოლებს, რომლებშიც მათ აღზრდას უნდა ემსახურებოდეს ეროვნულ პრინციპებზე და არა “ზოგად უნარ-ჩვევებზე” აღზრდილი და ცოდნამიღებული მასწავლებელი.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიდი ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, ანდრია რაზმაძის, ივანე ბერიტაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, დიმიტრი უზნაძის, კოტე მარჯანიშვილის, აკაკი ხორავას, ლადო გუდიაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ხერგიანისა და სხვათა მსოფლიო მნიშვნელობის სკოლები.

საქართველოში უნდა აღორძინდეს პატრიოტიზმი, მეგობრობა, მეზობლობა, მრავალშვილიანობა, შრომისა და სწავლისადმი სიყვარული. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის დიდება, რომელიც გვქონდა წარსულში, გვქონდა ორმოცდაათიოდე წლის წინათ.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here