Home რუბრიკები პოლიტიკა ბაკურ სვანიძე: ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში პინგვინით და ვეფხვით მისულა

ბაკურ სვანიძე: ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში პინგვინით და ვეფხვით მისულა

721

ბიძინა შეჩერებულა, მანქანიდან გადმომხტარი ცანცარა ძაღლისთვის ყურადღება არ მიუქცევია და თავისი საყვარელი დინჯი პინგვინისთვის შეკითხვის თვალებით შეუხედავს – შენც წამოხვალ პატრიარქთან შეხვედრაზე თუ არაო?

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოს საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის ამსახველმა იმ კადრმა, სადაც მილიარდერის ავტომობილიდან თავგადმოყოფილი ძაღლი მოჩანს. სავარაუდოდ, ეს კადრი საპატრიარქოს სათვალათავლო კამერითაა დაფიქსირებული და მედია-ინტრიგანებსაც სწორედ აქედან ჩაუვარდათ ხელში.

მაგრამ მათ მაინც ვერ ჩაიგდეს ხელში ის, რაც ჩვენმა კიდევ უფრო ინტრიგანმა კორესპონდენტმა მოიპოვა. ამიტომ, ის ხმაური, რომ არიქა, ბიძინა პატრიარქთან ძაღლით მივიდაო, ჩვენთვის სასაცილოც კია.

როგორც ჩვენი უფრო ინტრიგანი კორესპონდენტი გვატყობინებს, ძაღლი უბრალოდ, ცანცარაა და თავი გამოჰყო მანქანიდან, თორემ სინადვილეში, ბიძინას ავტომობილის უკანა სავარძელზე ძაღლის გარდა, ასევე თავისთვის წყნარად იჯდა დინჯი პინგვინი და ხმას არ იღებდა.

ეს კარგად გამოჩნდა იმ მომენტში, როდესაც ივანიშვილის მანქანა საპატრიარქოს ეზოში გაჩერდა და იგი მანქანიდან გადავიდა. სწორედ ამ მომენტში ბიძინა შეჩერებულა, მანქანიდან გადმომხტარი ცანცარა ძაღლისთვის ყურადღება არ მიუქცევია და თავისი საყვარელი დინჯი პინგვინისთვის შეკითხვის თვალებით შეუხედავს – შენც წამოხვალ პატრიარქთან შეხვედრაზე თუ არაო?

ამაზე პინგვინს ამოუოხრია – მე ანტარქტიდაზე დავიბადე და გავიზარდე, არ ვარ მართლმადიდებელი, მირჩევნია აქ დაგელოდოო…

ამ მომენტში ჩვენი უფრო ინტრიგანი კორესპონდენტი სწორედ საპატრიარქოდან გამოდიოდა და ყოველივე ამას თვალი მოჰკრა. მას დააინტერესა პინგვინი ასე მარტო, ეულად ხომ არ დარჩებოდა მანქანშიო და ბიძინას გაჩერებულ ავტომობილთან ჩუმად მიიპარა. არც შემცდარა, მანქანაში ასევე ისხდნენ ზებრა, ანტილოპა და სელაპი და ბიძინას მოსვლამდე ჯოკერს უბერავდნენ. იქვე ახლოს დაძრწოდა ასევე ვეფხვი, რომელიც საბარგულს ისე უღრენდა, რომ სავარაუდოდ, იქ ბიძინას მოყმეც ჰყავდა ჩაკეტილიო – განაცხადა ჩვენმა უფრო ინტრიგანმა კორესპონდენტმა.

ასე რომ, ისედაც ვერაფრით გავიგეთ, რატომ ატყდა ასეთი ხმაური იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში ძაღლით მივიდა და რა იყო ამაში ასეთი გასაგიჟებელი, მაგრამ, ვინც ამაზე გაგიჟდა და გადაირია ამ ფაქტის გამო, მათ გვინდა ვუთხრათ, რომ ბევრი რამ გამორჩათ და მომავალში უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here