Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილმა ყოფილი კოლმეურნეობის შენობა მეუფე პეტრეს ერთ ლარად გადასცა,...

სააკაშვილმა ყოფილი კოლმეურნეობის შენობა მეუფე პეტრეს ერთ ლარად გადასცა, კაციშვილისთვის არ უკითხვს!

728

ჭყონდიდის ეპისკოპოსის მეუფე პეტრეს განცახდებები  შემაშფოთებელია, საზოგადოებას ყველაფერი აინტერესებს მის შესახებ. გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც მარტვილის ერთ-ერთი მკვიდრი საუბრობს მეუფე პეტრეს საქმიანობაზე მარტვილში. გარკვეული მიზეზების გამო რესპონდენტის ვინაობა არ სახელდება. 

მარტვილის მკვიდრი

-მარტვილში, ადრე, გვყავდა მამა სერაფიმე, პიროვნება, რომელიც ხალხს უყვარდა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ თავის დროზე, ხალხს რწმენა დაუბრუნდა. ის ამჟამად მცხეთაში მოღვაწეობს.  მამა ილია, მამა გრიგოლი, იყვნენ ბერები, რომლებიც თავისი მოღვაწეობით ადამიანების დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ. შემდეგ მოვიდა ეს მეუფე პეტრე და მღვდლები, რომელთა გამოც ხალხმა ეკლესიაში სიარული დაიწყო, გაყარა.

_ რატომ გაყარა? სად წავიდნენ ეს სასულიერო პირები?

_ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფებს, ცემას, ზეწოლებს. 22 ბერი იძულებული გახდა, გარიდებოდა მეუფეს და მის მოძალადე „ამფსონებს“. ისინი სხვადასხვა მონასტრებში გადანაწილდნენ, მარტვილის ეპარქიიდან შორს. რამდენიმე მათგანმა ანაფორაც კი გაიხადა და სახლში ზის.

_ მერე, მოსახლეობას ამის გამო პრეტენზია არ ჰქონია?

_ პირადად მე, სოფელ სალხინოში ვმუშაობ. აქ იყო ხიდი, რომლის კონსტრუქცია იყო 66 ტონა. ხალხს უნდოდა, ეს ხიდი სოფელს მოხმარებოდა, მაგრამ ჩამოვიდა მეუფისგან მამაო და გამოაცხადა, მეუფემ “ჩააწყო ” ზემოთ,  ამიტომ უნდა დავჭრათ და წავიღოთო. 3 ნაჭერი ძლივს დავატოვებინეთ, დანარჩენი დაჭრეს და ჯართად ჩააბარეს სენაკში. ამის შემდეგ მეუფე მიწების წართმევაზე გადავიდა. მარტვილის შესასვლელში და სხვადასხვა ადგილებში სალხინოელებს მიწებს ართმევდა. ყველაფრის უფლება ჰქონდა მიცემული. სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, ყოფილი კოლმეურნეობის შენობა, ხალხის საკუთრება, ისე გადასცა მეუფე პეტრეს 1 ლარად, კაციშვილისთვის არ უკითხია. მაშინ, როცა  ხალხს პურის ფული ენატრებოდა. სადმე თუ მიწის ფართობი თუ  თავისუფალი, ვერ გაეკარებოდი. ჯერ მეუფესთან  უნდა შეგეთანხმებინა, თუ არ სჭირდებოდა  მერე შეიძლებოდა  მოგეთხოვა. სააკაშვილის დიდი სურათი ეკიდა მეუფეს თავის რეზიდენციაში.

_ გვითხრეს, თითქოს მეუფე ბიზნესითაც არის დაკავებული. ეს სიმართლეა?

_ არა მხოლოდ ბიზნესით. არის ასეთი პიროვნება – ალიკა ახვლედიანი, ქველმოქმედი ადამიანია, რომელსაც სკოლებში, ბაღებში ბავშვებისთვის საჩუქრები, სათამაშოები მიაქვს, გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება, ბავშვების ექსკურსიისთვის 1000 ლარი მიუცია პედაგოგისთვის და მეუფეს რომ გაუგია, უჩხუბია, მასწავლებელს რატომ მიეცი ეგ ფული, ჩემთვის უნდა მოგეცა. შენ არ უნდა გამოჩნდე, მე შეიძლება მაგ საქმეს 400 ლარიც ვაკმაროო.

ცხონებული ნაული ჯანაშია რომ გარდაიცვალა – დეპუტატი, 40 დღე რომ გავიდა, ალიკა ახვლედიანმა ჭირის სუფრისთვის მოიტანა წყალი “სნო”. მეუფე იქ რომ მისულა და დაუნახია ეს წყალი, აუღია ბოთლი და ამდენი ხალხის თვალწინ კედელზე მიუხეთქებია. როგორ გაბედე ამ წყლის მოტანა , წყალი “მარტვილი” რატომ არ მოიტანეო?

_ გინდა მითხრათ, რომმარტვილისწყალი მეუფის ბიზნესია?

_ ნაული ჯანაშიასია, მაგრამ მის შვილს უთხრა, მამაშენმა ჩვენ შემოგვწირაო. მე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, ახლა ვისია. უკეთესი იქნება, თავად გაარკვიოთ. იმ ხალხს დაელაპარაკოთ, ვინც ამ საკითხში უკეთ არის ჩახედული.

_ მეუფეს სააკაშვილის სურათი ისევ უკიდია რეზიდენციაში?

_ არა, მაშინვე ჩამოხსნა, როგორც კი სააკაშვილი აღარ აირჩიეს პრეზიდენტად. ახლა, ვითომ ამ ხელისუფლების მომხრეა. თუმცა ცოტა ხნის წინ თვითონვე მოიხსნა ნიღაბი და გამოაჩინა ნამდვილი სახე. მაინც წამოცდა ის, რაც გულში აქვს. ვერ გაუძლო და ვერ დამალა. არ აღმოჩნდა ნიჭიერი მსახიობი, რომ ბოლომდე დაემალა ყველაფერი.

პიროვნება, რომელიც პატრიარქს ასე ღიად დაუპირისპირდება და იტყვის, რომ ქალი მართავს  და პატრიარქი თვითონ არაფერს არ წარმოადგენსო, ის, მარტვილელების მეუფე ვერასდროს იქნება. მარტვილელებმა ყველაფერი კარგად იციან. როცა მეუფე ამბობს, მე აქ, ეკატერინე ჭავჭავაძის გვერდით უნდა დავიმარხოო, ეჭვი მეპარება, რომ ეს მარტვილელებმა ოდესმე დაუშვან. თუმცა თითოეულ ადამიანს, ვინც მის წინააღმდეგ რაიმეს ამბობს, სახლში უვარდებიან და ეუბნებიან, -ამას რომ ამბობ, უფალს რას ეუბნებიო… ეს მეც რომ მითხრეს, ვუპასუხე: უფალი მე გამომეკიდება სიმართლისთვის თქო? თქვენ უფალსაც შეურაცხყოფას აყენებთ როცა ამბობთ, რომ სიმართლის თქმისთვის უფალი დამსჯის მეთქი. დედაომ უთხრა ჩემს მეუღლეს, თქვენი შვილებით აღკვეთილი ხართ ეკლესიიდანო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის ვლოცულობთ, ჩვენი წინაპრებისთვის და თქვენ ვინ გკითხავთო. გესმით? ჯანსაღ კრიტიკას აიგივებენ ეკლესიასთან ბრძოლასთან. მე ქრისტიანი კაცი ვარ, ეკლესიისთვის ვცხოვრობ და სარწმუნოებით მოვაღწიე აქამდე. კონკრეტულ პიროვნებაზე ვლაპარაკობ, ეკლესიას და სარწმუნოებას კი არ ვებრძვი. შვილები მყავს და მეც მინდა ამ ქვეყნის საქმეებში ჩემი პატარა, სასიკეთო წვლილი შევიტანო.

_ გამოდის, რომ ხალხს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებიან. კიდევ რა ფორმით აშინებენ ხალხს?

_ სიმართლეს თუ იტყვი, ან ვინმეს თუ ამხელ ცუდ, არაეკლესიურ და უფლისთვის მიუღებელ საქციელში, გეუბნებიან, უფლის არ გეშინიაო? ეს ახლა, თორემ ადრე ყველაფერი შეეძლოთ. ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარს, მეუფემ, სპეცრაზმი შეუგზავნა და ისე გააგდო. ბასილაია, მამა სპირიდონი, მამა ილია, მამა გრიგოლი, ყველა იძულებული გახადა წასულიყვნენ, ფაქტიურად, ეპარქია არის დაცლილი , მარტო მორჩილებაში მყოფები დადიან. თუ იქ ყოფნა გინდა, უნდა იყო გაჩუმებული და ყველაფერს შეგუებული. თვითონ კი არის გალაღებული- იქ ტრაქტორებიო, მიწებიო… ბიზნესცენტრია გახსნილი და არანაირი სხვა დანიშნულება მარტვილის ეპარქიას აღარ აქვს.

მეუფე პეტრე ბოღმით სავსე პიროვნებაა. სალხინოს ცენტრში, ერთმა მაგარმა კაცმა, ბიზნესმენმა , დიდი ჯვარი დადგა. მეუფემ ვერ აიტანა და რომ გადაეფარა ეს ჯვარი, იქვე ახლოს, ოღონ შუა გზაზე, თვითონ დადგა მეორე, დიდი ჯვარი. ერთ-ერთ ფოთელს გააკეთებინა, ის კაცი ამბობდა, ამის დრო მაქვს ახლა მეო?

წაჩხურუს  ეკლესია რომ იყო, ძველი, სადაც წაჩხურობა იმართებოდა , ყოველწლიურად 80 ათასამდე კაცი ადიოდა სალოცავად, თვითნებურად გადააკეთეს და შიგნით, კომფორტი რომ შეექმნათ, ისტორიულ ძეგლს იერსახე დაუკარგეს. 2 სართულიანი სასახლე ააშენეს სასაფლაოზე, ეს ბერების საცხოვრებელი იქნებაო. ცხოვრობენ ეს ბერები და უნდა ნახოთ ერთი მაგათი ლოცვა:  “მეუფე პეტრესთვის ვილოცოოოთ”  მღერიან მთელი დღე. მეუფეც დადის – კარგი მანქანა, ცხენები, რა გინდა სულო და გულო… და ამას უყურებს მშიერი ხალხი.

_ თუ ასეა, არავინ ეუბნება, ნუ აკეთებ ამასო?

_ რა თქმა უნდა, ეუბნებიან და პირადად მეც დაპირისპირებული ვარ მასთან, მაგრამ ისეთი ხალხი ჰყავს, შეიძლება რამე დამიშავონ. შეიძლება, მეც მომწამლონ, რა ვიცი… ეს იქ დიდი კაცია და მოსახლეობაც იქით იხრება, საითაც ძალას ხედავს, ყველა გატრუნულია, თუმცა ზურგსუკან სიმართლეს ლაპარაკობენ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, მეუფე პეტრე მაინც ძალაა და ფიქრობენ, რამეში დაგვეხმარება, დაგვაწინაურებსო. მეტი არაა ჩვენი დამაწყევარი, როგორც ეგ დაეხმარება ვინმეს… აი, ასე ჰყავს ხალხი კლანჭებში მოქცეული. თუ ვინმე რამეს გაბედავს და იტყვის, იქით დაუწყებს ადამიანს დაკნინებას და ბანდიტის ძახილს… თუ ვინმე ბანდიტია, ამისთვის არსებობს კანონი და გამოძიება.

ხალხი უკვე ძალიან გაბრაზებულია . ფაქტიურად მარტვილის რაიონი ამ კაცს აქვს შემოკავებული. ერთ ქალბატონს ვიცნობ, რომელსაც საჩივარი აქვს შეტანილი, მიწა წამართვაო. კიდევ, მებონიაა… ბევრია ასეთი.

_ ამ ყველაფერში მეუფეს ვინ უწყობს ხელს? მარტო ამას ხომ ვერ შეძლებდა?

_ ამჟამინდელი ხელისუფლება ხელს არ უწყობს. ეს არის ძველი ხელისუფლების გადმონაშთი, ძველი ნაციონალი და დღეს რამენაირად უნდა, რომ ახალ მთავრობაშიც შეყოს თავი. თავს ისე აჩვენებს, თითქოს რაღაცას აკეთებს მარტვილისთვის. არადა აქ რაც გვაქვს თავის მოსაწონებლად, დადიანების საზაფხულო სასახლე და ა.შ. საუკენეებისაა და ხალხმა შექმნა. აბა სხვაგან გააკეთოს კარგი საქმეები, სადაც ასეთი რამ არ არის.

ახალაიების დროს ვიღაცას დაიჭერდნენ და ძალდატანებით აკეთებინებდნენ რაღაცეებს, ახლა ამოვისუნთქეთ და დღეს მე ამას რომ გეუბნებით, იმის დამსახურებაა, რომ ეგენი აღარ არიან. მაგათ დროს რომ ამდენი მელაპარაკა, შეიძლება დავეხვრიტე. დაჭერით კი აუცილებლად დამიჭერდნენ. აი, ესაა განსხვავება. იმ დროს მათ მიერ მოპოვებული ქონება დღესაც თვალს მოგჭრით.

_ რისთვის სჭირდება, როგორც ამბობთ, ამხელა ქონება სასულიერო პირს?

_ საინტერესო კითხვაა. აბა რა ვიცი. სწორედ ამ ქონების გულისთვის მიდის ბრძოლა და ხალხის მოწამვლა. ვითომ, გზები უნდა რომ დააგოს მარტვილში. მეუფემ უფლის გზა უნდა დაგვიგოს და ასფალტს ინჟინრები და გუბერნატორები მიხედავენ. ხალხი რომ ეკლესიიდან გარბის, ისინი მოიზიდოს და ა.შ. პოლიტიკოსობა თუ უნდა, წვერი მოიპარსოს და პოლიტიკაში ჩაერთოს. თავშესაფარივით არ უნდა გაიხადონ ეკლესია. პოლიტიკაში რა უნდა მეუფეს? ილოცე შე დალოცვილო, შენ გაყევი ამ გზას და ჩვენ შემოგიერთდებით, ყველანაირად დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით ხალხის, ერის და შენს სასიკეთოდ.

1 COMMENT

  1. უკაცრავად, მაგრამ მარტვილამდე ხევში მოღვაწეობდა მამა პეტრე სადაც უამრავი ადამიანი ,მათ შორის უცხოელი ათეისტებიც კი მოაქცია და აზიარა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მამა პეტრე რომ ეკლესიაში შევიდოდა ეზოც კი ხალხით ივსებოდა არა თუ თვითონ ეკლესია ისე უყვარდა ყველას. რაღაც არ მჯერა მე ამ \\\”მარტვილის მკვიდრის\\\”

  2. faqti saxezea ,yoveli gancxadeba petresi fiskreditacias iwvevs eklesiis,tv varskvlavi gaxda,gaparset da moashoret petrec da misi tanamoazreebic dedaeklesias!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here