Home რუბრიკები საზოგადოება სამაგალითო პიროვნება – მეუფე იოანე

სამაგალითო პიროვნება – მეუფე იოანე

ხუცესი უნდა მამაცი, არ თუ ჯაბანი, მხრდალია. ხუცეს[ს] არ ეთქმის: “ჭირშიგან ვერ შევალ, სარიდალია”.

დავით გურამიშვილი

დღეს, როდესაც ჩვენი ეკლესიისა და მთლიანად ქრისტიანობის მტრებმა ნიღაბი ჩამოიხსნეს და ისე მიიტანეს იერიში პატრიარქზე, როდესაც ყველაფერი კეთდება ბოროტი ძალების მიერ, რათა ისედაც „ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულმა“ ხალხმა ზურგი აქციოს ეკლესიასა და რწმენას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქცენტი გავაკეთოთ ყოველივე დადებითზე, რაც კი ასოცირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მართალია, ეკლესიაში ძალზე მომრავლდნენ უღირსი სასულიერო პირები, მაგრამ დადებით მოვლენას, პირველ რიგში, ისევ და ისევ ადამიანები – ეკლესიის მსახურნი წარმოადგენენ. მადლობა ღმერთს, ეს უმრავლესობაზე ითქმის. თუმცა ამ უმრავლესობაშიც არიან გამორჩეულად ღვაწლმოსილნი. ასეთ პიროვნებათა მცირე ჯგუფს მივაკუთვნებ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რუსთველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს.

მეუფე იოანე ჩემი უფროსი მეგობრის, გერმანისტის, უწინ, ერისკაცობაში პრეზიდენტ შევარდნაძის თარჯიმნის, ახლა კი მღვდლის, ნოე (ნოდარ) გუგუციძის საშუალებით გავიცანი. ვიცოდი, რომ ჩემი კოლეგა ნოდარი სიონის საკათედრო ტაძარში დადიოდა მოძღვართან, მამა გიორგისთან. ეს იყო მეუფე იოანეს საეკლესიო სახელი, სანამ იგი ეპისკოპოსი გახდებოდა. ერთხელ შორიდან დავინახე ტაძარში მამა გიორგი – გამხდარი, ფერმკრთალი, საოცარი სულიერებით აღბეჭდილი სახე დამამახსოვრდა. მამაჩემისგან ვიცი და მთლიანად ვეთანხმები, რომ სასულიერო პირს სახეზე უნდა ეტყობოდეს ლოცვა და მარხვა, სწორედ მუდმივი ლოცვა და ხშირი მარხვა ტოვებს ასეთ კვალს – სიფერმკრთალესა და სიგამხდრეს. 1993 წლიდან მოყოლებული, მამა გიორგი საპატრიარქოს საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი გახდა (და ამ ფუნქციას დღემდე წარმატებით ასრულებს). მან პრინციპულობა არაერთხელ გამოიჩინა და „მიშიზმის“ ზენიტში არ მოერიდა, დაპირისპირებოდა მაშინდელ მეტად გავლენიან პოლიტიკოსს, პირწავარდნილ „სოროსისტ“ კახა ლომაიას.

მამა გიორგი გამრეკელი 2007 წლის 21 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. 2008 წლის 27 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით გამორჩეულ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად. 11 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იოანე. 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.

მეუფე იოანე სულიერების, უანგარობის, ინტელექტის, განათლების და გამბედაობის იშვიათი სინთეზია. გავიხსენებ ერთ საინტერესო ფაქტს. 2014 წლის მარტში ჩვენმა ინსტიტუტმა „კინოს სახლში“ მოაწყო სერბეთის ტრაგედიასთან დაკავშირებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დაახლოებით 300 კაცი შეიკრიბა, ბევრი იყო რეგიონებიდან ჩამოსული ჩვენი თანამემამულე. ჩვენებაზე მოვიწვიე მეუფე იოანე მამა ნოე გუგუციძესთან ერთად. მაგრამ გარეთ, შესასვლელთან, ორი-სამი ათეული დაუპატიჟებელი სტუმარიც დაგვხდა. ესენი იყვნენ 30 ვერცხლად გაყიდული ტვინნაღრძობი „მიშისტები“, რომლებმაც ვერ აიტანეს, რომ ჩვენ 15 წლის თავზე გავიხსენეთ ნატოს აგრესია ყოფილი იუგოსლავიის მიმართ, როგორ დაბომბეს და გაანადგურეს უხეში ძალით სუვერენული სახელმწიფო, გაწყვიტეს მშვიდობიანი ხალხი, დაანგრიეს მართლმადიდებელთა ისტორიული სალოცავები და, საბოლოოდ, კოსოვო ჩამოაცილეს სერბეთს. აი ამიტომ, ეს მყვირალა, ერთი მუჭა ანტიმართლმადიდებელი „სოროსისტი“ აქტივისტები დაგვიპირისპირდნენ. პოლიციამ საშუალება არ მოგვცა, რომ თავად გავსწორებოდით მათ და გაგვეწმინდა „კინოს სახლის“ მიმდებარე ტერიტორია. ბევრ თქვენგანს ალბათ ახსოვს, ამ გაუგებრობაში შემთხვევით „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილიც მოჰყვა, რომელიც სამსახურში მიდიოდა და „კინოს სახლთან“ შეკრებილ „მიშისტებს“ გადაეყარა.

ერთმა მუჭა, მაგრამ ძალზე ხმაურიანმა და აგრესიულმა ბრბომ ჩვენთან მოსული მეუფე იოანეც არ დაინდო და დარბაზში შესვლის მომენტში მას შეურაცხყოფა მიაყენეს, „იუდა“ უწოდეს. მეუფემ მათ სიმშვიდით უპასუხა, ხოლო ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იუდამ ქრისტე გაჰყიდა, მას კი ქრისტესთვის არ უღალატია. მეუფე დარწმუნებული იყო, რომ მართალ საქმეზე მოდიოდა და ასეც იყო, მან „კინოს სახლში“ შესანიშნავი სიტყვაც წარმოსთქვა სერბეთის ტრაგედიასთან დაკავშირებით. როდესაც ფილმის ჩვენება დასრულდა, დარბაზში შემოპარული ნარკოტიკებით გაჟღენთილი ახალგაზრდის პროვოკაცია მოჰყვა, რომელსაც დარბაზში მყოფებმა მსუბუქად „უთაქეს“. მაგრამ გარეთ, პოლიციის კორდონს ამოფარებული „მიშისტები“ წიოდნენ და კიოდნენ. ჩვენი გეგმა იყო, ფეხით მსვლელობა გაგვემართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაბუდებული „ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ ოფისის მიმართულებით, რათა გამოგვეხატა მშვიდობიანი პროტესტი, იუგოსლავიის მოვლენების 15-ე წლისთავთან დაკავშირებით. მეუფე იოანე და მამა ნოეც უნდა გამოგვყოლოდნენ, ასე იყო დაგეგმილი. მაგრამ შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, მე ვთხოვე მეუფეს, არ წამოსულიყო, თუმცა მეუფისაგან მტკიცე უარი მივიღე – როგორ გეკადრება, რას მიქვია, ვიღაცის გამო ამ მართალ საქმეში მიგატოვოთო. მეუფე იოანემ მართლაც მთელი გზა ფეხით განვლო ჩვენთან ერთად, „კინოს სახლიდან“ ეროვნულ ბიბლიოთეკამდე, მიუხედავად იმისა, რომ გზად ბანდერლოგების მსგავსი მიშისტური ჯოგიც მოგვყვებოდა, ხმაურითა და შეურაცხმყოფელი ლოზუნგებით.

ბევრი, მეუფე იოანეს ადგილზე, შედრკებოდა ან საერთოდ არ მოვიდოდა ამ აყალ-მაყალში. მაგრამ შემთხვევით არ გამოვიტანე სტატიის დასაწყისში დავით გურამიშვილის სიტყვები – სასულიერო პირი მამაცი უნდა იყოს, უშიშარი. მეუფე იოანეს საქციელი, სიმამაცესთან ერთად, მის მაღალ ინტელექტსა და სულიერებაზეც მეტყველებს, რადგან ვის უნდა გამოუხატოს სოლიდარობა მართლმადიდებელმა მოძღვარმა, თუ არა მართლმადიდებელ (ჩვენს შემთხვევაში – სერბ) ძმებს?!

გასული წლის 28 ოქტომბერს მეუფეს 70 წელი შეუსრულდა. ეკლესიამ და მრევლმა ჯეროვნად შეაფასეს მეუფის ღვაწლი. დაე მაღალმა ღმერთმა კიდევ მრავალი წელი მისცეს მეუფე იოანე გამრეკელს ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისათვის!

გულბაათ რცხილაძე

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here