Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს გაუგებრობა მხოლოდ საპატრიარქოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს გაუგებრობა მხოლოდ საპატრიარქოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს

პატრიარქის მოწამლვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი (მამალაძის) ადვოკატი მაია ზოიძე მედიასთან აცხადებს, რომ ბრალში, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენეს, საუბარია ერთი პირის მკვლელობის მომზადებაზე, რომელიც სასულიერო პირი არ არის. 

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს „გრიფით საიდუმლო“ არ ადევს, პროკურატურა არ ასახელებს პიროვნებას, რომლის მკვლელობის ორგანიზებასაც ედავება მამა გიორგი (მამალაძეს): „დღემდე არ ხდება დაკონკრეტება, თუ ვისი მკვლელობის მომზადებას ედავებიან მამა გიორგი მამალაძეს. პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მათ არ იციან, საუბარია ერთ პირზე, ორზე თუ სამზე. მინდა, გითხრათ, რომ ბრალდებაში საუბარია მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც სასულიერო პირი არ გახლავთ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დაკონკრეტდეს თუ ვისზეა საუბარი და ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს”, – განაცხადა მია ზოიძემ. 

კონკრეტულად რა ცვლილებებია ე.წ. ციანიდის საქმეში, რას ედავებიან ბრალდებულს და რას ცვლის არსებითან ის ფაქტი, იყო თუ არა მისი სავარაუდო სამიზნე სასულიერო პირი, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:- ჩემი აზრით, მთავარი მომენტი, ამ ყველაფერში არის ის, რომ თვითონ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულია სასულიერო პირი.

რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ მას ედავებიან არა სასულიერო, არამედ საერო პირის მკვლელობის მომზადებას, ცხადია, საქმეს უფრო დრამატულს ხდის, როცა საუბარია პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე, მაგრამ ახლა რატომ ხდება იმით აპელირება, რომ თურმე პატრიარქი კი არა, სხვა ვიღაც ყოფილა სამიზნე, არ მესმის. რა მნიშვნლობა აქვს, ვის მიმართ მზადდებოდა დანაშაული?!  რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი დატვირთვა, მაგრამ რა, საერო პირის მკვლელობის მომზადება დანაშაული არ არის?! ეს ერთი და მეორეც, პროკურატურაში უნდა ესმოდეთ, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება შეკითხვები პასუხგაუცემელი ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უფრო ეხსნებათ ხელ-ფეხი ეკლესიის გახლეჩვის მსურველ მტრულ ძალებს. ამიტომ არის აუცილებელი სწრაფი და ობიექტური გამოძიება, მაგრამ ამინ ნაცვლად ჩვენ ვხედავთ სრულ ქაოსს, – გამოდის პროკურორი, ამბობს ერთს, ადვოკატები სულ სხვა კომენტარებს აკეთებენ… გაუგებარია რა ხდება და ეს გაუგებრობა მხოლოდ საპატრიარქოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. ამას უნდა მიხვდნენ და საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას ყველანაირ გაუგებრობას. მითქმა-მოთქმა და რაღაც ჭორაობის მსგავსი ვერსიების კასკადი უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას შეიძლება საზოგადოების მხრიდან სერიოზული მღელვარება მოჰყვეს და საბოლოოდ ეს ხელისუფლებისთვის კარგი შედეგით არ დასრულდება… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here