Home რუბრიკები საზოგადოება უმადურობისა და დაუფასებლობის სენი

უმადურობისა და დაუფასებლობის სენი

მე, როგორც საქართველოდან გადახვეწილი კაცი, “საქართველო და მსოფლიოსინტერნეტსაიტით ვეცნობი და არ დაგიმალავთ, რომ ეს გაზეთი ქართულ მედიაში გამორჩეულ გამოცემად მიმაჩნია. ამიტომ მინდა გთხოვოთ, მომცეთ საშუალება, თქვენს გაზეთში გამოვაქვეყნო წერილი ერთ პრობლემაზე, რომელიც, ჩემი აზრით, ისე ედება საქართველოს, როგორც ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები ადამიანის სხეულს. სენი უმადურობის, დაუფასებლობის. საოცარი და ძნელად ასახსნელია, ჩემთვის კი სრულიად მოულოდნელი, რომ ამ მოდურ კამპანიაში ჩათრეული აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც იციან ფასი სამშობლოს მსახურების, თავის დროზე იტვირთეს და ზიდეს სუვერენული, თავისუფალი საქართველოს მშენებლობის პირველი დღეების არნახული სიმძიმე. ამ მიმართულებით გადადგმული პირველი წარმატებებიც მათი დამსახურებაა. საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ზოგიერთ მოღვაწეზე ვლაპარაკობ.

ილია, ზვიადი. მესამე _ ბიძინა ივანიშვილი?

ის, რაც დღეს ხდება საქართველოში _ შუღლი და გაუტანლობა, ცილისწამება, დაპირისპირება, ჩასაფრება, ე.წ. კომპრომატების ფრიალი და ა.შ., აბსოლუტურად უცხო და მიუღებელი იყო ეროვნული ხელისუფლებისთვის, რომელსაც სათავეში ედგა დიდი ერისკაცი და ჭეშმარიტი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, თავად დიდბუნებოვნების მაგალითის მიმცემი და კეთილშობილების განსახიერება.

გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთმა, ვინც მის ხელისუფლებაში წამყვან სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობაში, ამჟამად დაივიწყა სიმართლის, მაღალი ზნეობრიობის, ერთგულების ის პრინციპები, რომელთაც ბატონი ზვიადი, როგორც ქვეყნის მეთაური, შეურყევლად იცავდა.

ამ პიროვნებების გამოსვლებსა და პუბლიკაციებს რომ ვისმენ და ვკითხულობ, ვერ გამირკვევია, რამ და ვინ შეცვალა ეს ადამიანები, საიდან გაჩნდა ის ბოღმა, რომელიც ვაი, რომ მათი არსებობის მამოძრავებელი ძალა გახდა. ნუთუ იმ დაწყევლილმა ცხრა წელიწადმა, სამშობლოს მოძულეობის სააკაშვილისეულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ისეთ დოლაბებში გაატარა და დაფქვა მათი ზნეობრივი მრწამსი, რომ იძულებული შეიქნენ, დაეთმოთ მამულიშვილური პრინციპები და ავანტიურისტულ, ანტიქართულ რეჟიმს დამორჩილებოდნენ?!

სხვა რით შეიძლება აიხსნას, რომ ისინი, ეს კეთილშობილი და ერთ დროს პატრიოტი მოღვაწენი, ისე დაირაზმნენ მოფაშისტო ხელისუფლებისგან საქართველოს მხსნელის (რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მონაწილეობით), ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ, რომ ნაციონალების მიერ აგორებულ ბილწ კამპანიას ფეხქვეშ გაეგენ, თელავენ ყველა ეთიკურ ნორმას. სურთ, დაგვარწმუნონ, რომ ქვეყანას “ერთადერთი კაცის პრობლემა უდგას”, და ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია. “როგორღაც უნდა მოვახერხოთ და ეს ხელისუფლება… ქვეყანას მოვაშოროთ”, _კვერს უკრავენ ნაციონალების ნარჩენებს პარლამენტსა და მის გარეთ _ სახელწოდება გადარქმეულებს თუ კვლავაც ძველი მანტიით მოსილებს.

უფრო მეტიც, თავიანთ კერძო მოსაზრებას ჭეშმარიტებად გვასაღებენ, გვეუბნებიან, რომ “ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა”(!).

ერთ ადგილას ასეთი რამ წავიკითხე, რომ შეცდომაა, როცა ვთვლით, თუ “ვიღაცამ ეკლესია ააშენა, ის ყველაზე მაგარი კაცია”, გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ “არ ვიცით, ეკლესიის შესასვლელთან მათხოვარი რომ ზის, ის არის უმთავრესი და არა ის, ვინც აშენებაში ფული გადაიხადა”.

ჯერ ერთი, ეკლესიის აღმშენებელსა და მათხოვარს შორის უმთავრესის დადგენა ნონსენსია, შეუდარებლის შედარების უაზრო მცდელობაა, ყოველ შემთხვევაში, მე საეჭვოდ მეჩვენება, რადგან სრულიად განსხვავებული მოცემულობებია.

და მეორე _ თუ ფულის შემწირველი (და არა გადამხდელი!) წლების განმავლობაში, რეგულარულად უამრავი ქართული ეკლესია-მონასტრის აღდგენა-რესტავრაციაში, მათ შორის, წმინდა სამების კათედრალის მშენებლობისთვის ასეულ მილიონობით ლარს გაიღებს, რატომ არ არის იგი მაგარი კაცი?!

ახლა ერთ ციტატას შემოგთავაზებთ ბიბლიიდან და პარალელები თქვენ გაავლეთ. მინიშნება გაშიფრეთ.

ზაქარია წინასწარმეტყველი შეგვაგონებსუთხარი: ასე ამბობსთქო ცაბაოთ უფალი: აჰა კაცითავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს.

ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე…” (ზაქ. 6,12-13).

და იქვე:

შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარსეს მოხდება, თუ გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას (ზაქ. 6, 15).

ისმინეთ უფლისა, ბატონებო.

გაკვირვებული ვარ, რომ ჩვენი დეპუტატები _ პარლამენტის უმრავლესობის წევრები (რამდენიმეს გამოკლებით) მშვიდად და აუღელვებლად ისმენენ ნაციონალების შტატიანი ორატორების გესლიან გამოსვლებს ტელეეკრანებიდან, პარლამენტში თუ პრესაში და არ ამხელენ მათ, არ ებრძვიან მათივე იარაღით: ბოლოს არ უღებენ ფარისეველთა ამ თავაწყვეტილ უტიფრობასა და უზრდელურ გამოხდომებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ერის მამა ილია ჭავჭავაძე, წმინდა ილია მართალი, იმსხვერპლა ქართველის ტყვიამ.

საუკუნის დასასრულს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს.

ორივე შემთხვევაში მიზეზი პოლიტიკური დაპირისპირება იყო.

მივმართავ ზვიად გამსახურდიას ყველა თანამებრძოლსა და თანამოაზრეს: მეგობრებო, კოლეგებო, ძვირფასო ადამიანებო, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, გავიაზროთ, ვის აძლევს ხელს ქართველთა შინააშლილობა, დაპირისპირება, მტრობა და ნუ ვიქმთ იმას, რომ ჩვენი ხალხი მესამე ტრაგედიის მომსწრე გახდეს!

მურმან ომანიძე,

ეროვნულ ხელისუფლებაში საქართველოს

პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე,

საგარეო საქმეთა მინისტრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here