Home რუბრიკები პოლიტიკა ფიქრები ნარიყალაზე

ფიქრები ნარიყალაზე

496

ქართული ოცნებისთვისგაწნული სილა და 8 ათას ლარად ნაყიდი გარმონი

2012 წელს ვერც კი წარმოვიდგენდი, ნარიყალადან დანახული თბილისი ასეთი თუ იქნებოდა. სწორედ თბილისი, რადგან საქართველო ერთ დიდ თავკომბალას დაემსგავსა. აგერ, ქუთაისიდან პარლამენტს რომ გადმოიტანენ (და დამიჯერეთ, გადმოიტანენ), ქუთაისიც დაკარგავს იმ ფუნქციას, რომელიც თითქოს შეიძინა. მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი ას მილიონზე მეტს დაზოგავს და ეს კარგია, მაგრამ ცუდი ის არის, მხოლოდ თბილისში რომ იშოვება გაუფასურებული ლარი და თბილისი არჩენს დანარჩენ საქართველოს.

იმას გეუბნებოდით, არ მეგონა, 2012 წელს თუ ამას წარმოვიდგენდი-მეთქი და მინდა ფეხზე ადგომით, ნარიყალადან ტაში დავუკრა ჯერ ნაციონალების, ახლა კი მათი ნასხლეტის, “ევროპული საქართველოს” წევრს _ ირაკლი აბესაძეს. როცა ბატონი ირაკლი ეკა ბესელიას შეეკამათა, ქალბატონმა ეკამ, _ ნაციონალების ზეობის პერიოდში რას აკეთებდით, ის გაიხსენეთ და მერე გვეკამათეთო. ჰოდა, ირაკლიმაც ისეთი პასუხი გასცა, რომ ტაში დამაკვრევინა.

ქალბატონო ეკა, მეხუთე წელი დაიწყო, რაც ხელისუფლებაში ხართ და მუდმივად საუბრობთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რაღაც დააშავა, რომ მკვლელები და მწვალებლები ვართ. საკონსტიტუციო უმრავლესობა თქვენს ხელშია, წინა მოწვევის პარლამენტშიც თქვენს ხელში იყო, მთავრობა თქვენ ხართ. ან შექმენით შესაბამისი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ და პასუხი აგებინეთ ნებისმიერ დანაშაულზე, ან დაასრულეთ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გავაფუჭეთ. მეხუთე წელია, გვესმის, რომ ჩვენ გავაფუჭეთ და გეკითხებით _ რატომ არ გვთხოვთ პასუხს?!” _ ასეთი იყო აბესაძის განცხადების შინაარსი.

რეალურად, აბესაძემ მმართველ გუნდს სილა გააწნა და მოითხოვა ის, რასაც, აგერ მეხუთე წელია, უშედეგოდ ითხოვს ერი. ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა ხომ ის იყო, რომ სამართლიანობას ეზეიმა, დამნაშავე რეჟიმი დასჯილიყო და არა ის, რომ თუნდაც მანანა კობახიძეს თბილი ადგილი ეშოვა 10 წლით ან ვიღაცები, ცხოვრებაში რომ არაფერი უკეთებიათ, პარლამენტში მოკალათებულიყვნენ და ჩვენს ხარჯზე ევლოთ თბილისი-ქუთაისის ავტობანზე. ეგებ ახლა მაინც, როცა უკვე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პრაქტიკულად დასცინიან მმართველ გუნდს, გამოიძიეთ საქმე ან მუცელში (კარგ ვარიანტში) ჩაიგდეთ ენაო, ვინმემ მოიფიქროს, შექმნას კომისია, ან იმ საჩივრებზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება, რომლებიც დაზარალებულებს აქვთ შეტანილი, თორემ… რაღა თორემ, დღე არ გავა, აქცია არ გაიმართოს და ეჭვი მაქვს, დათბობასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურაც აიწევს და ხალხის მოთმინების ფიალაც უკვე მერამდენედ აივსება.

მანანა კობახიძე ვახსენეთ და იმ ყოფილ დეპუტატებზეც ვთქვათ, რომლებმაც თბილი ადგილები მიიღეს. 2004 წელს, ალბათ, მთელი საქართველო აატირა ზურაბ ზვიადაურის მიერ მოგებულმა ოლიმპიურმა ოქროს მედალმა. ბოლო წლებში, ჩვენ კი არა, მსოფლიო ექსპერტები ვერ იხსენებენ ამ დონის ტექნიკურ მოჭიდავეს, მაგრამ ძალიან, ძალიან მეეჭვება, ზურა გაზის ტრანსპორტირების საკითხებში ერკვეოდეს. არადა, სწორედ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში დაინიშნა კონსულტანტად. გვესმის, რომ სამსახური ყველას სჭირდება, მაგრამ რიგითმა მოქალაქეებმა რა დააშავეს, იმ რიგითებმა, ოცნების ლიდერები ჯარისკაცებს რომ ეძახიან და გენერლობაზე კი არა, სერჟანტობაზე ოცნების უფლებაც აქვთ წართმეული?!

პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, კარგი იქნება, თუ ნდობის ჯგუფში შემავალი პარლამენტის წევრები სიცრუის დეტექტორს გაივლიანო. ამ განცხადებას ჯერ ქილიკი, შემდეგ კი უარყოფა მოჰყვა. არადა, მეეჭვება, პარლამენტარებს ხალხთან ერთად, სიცრუის დეტექტორის მოტყუების უნარიც ჰქონდეთ და ინაშვილის ინიციატივა რომ განხორციელდეს, ეგებ ვიღაცას ან რაღაცას თავის სახელი მართლა დაერქვას?! თუ ის სჯობს, რომან გოცირიძე რომ ქილიკობს ხოლმე პარლამენტის ტრიბუნიდან, უსუსურები ხართო?! ან ოთო კახიძის გაცოფებული სახე, მოსმენებს როგორ ბედავთ, გასაღები სუს-ის ხელში არ უნდა იყოსო. ეს ის კახიძეა, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე რომ იყო და სრულიად საქართველოს რომ უსმენდა. ახლა კი… პრინციპში, რაღა ახლა, მახსენდება აბესაძის ნათქვამი მწარე სიმართლე და ვჩუმდები…

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვასილ მაღლაფერიძის იდეების განხორციელების პოლიგონად იქცა. იდეა მარტივია: გაჩერდეს ყველაფერი და შემდეგ… რაღაც ისეთი განცდა მაქვს, მარკიზა დე პომპადური რომ ამბობდა, ჩემ შემდეგ თუნდაც წარღვნაო. წარღვნის რა მოგახსენოთ, მაგრამ საზმაუს დასაცავად ოპოზიციასთან ერთად სტუდენტებიც ადგნენ ფეხზე, ხოლო სტუდენტური მოძრაობა თუ დაიქოქა… ქვეყნის ბედი შეუცვლიათ ხოლმე ახალგაზრდებს. პარალელურად, “რუსთავი 2”-ის “დასაცავად” აღდგნენ პოლიტიკოსები და, სულო ცოდვილო, ლეიბორისტებმა თქვეს, ყველაზე ობიექტურ ტელეკომპანიას ებრძვის ივანიშვილიო. ყველაზე ობიექტური როდის გახდა “რუსთავი-2”, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სულის მიყიდვა ეშმაკისთვისაც კი შეიძლება და ასეც იქცევა შალვა ნათელაშვილი და მისი გუნდი. ტელეკომპანიების დაცვის მიზნით, ოპოზიციამ პარლამენტში ბანერიც კი გამოფინა და ამ ამბავს გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ გაწევ-გამოწევაში ელენე ხოშტარიამ მთვრალი მიხეილ ყაველაშვილი დაინახა. ვერ გეტყვით, ნასვამი იყო თუ არა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინათ ყაველაშვილს უდიპლომობის გამო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში არ მისცეს მონაწილეობის უფლება, _ რეგლამენტი არ გვაძლევს ნებასო და… საქართველოს სპორტი და ახალგაზრდობა მიანდეს. ესეც კიდევ ერთი “ნოუ-ჰაუა”, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტმა შემოგვთავაზა. “ნოუ-ჰაუა” ისიც, რომ ამავე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პრეზიდენტის შენიშვნებში რამდენიმე აშკარად ყურადსაღები იყო, მაგრამ კანონს ხელახლა ვერ დავატრიალებდით და ამიტომ, ვერ გავითვალისწინეთო. ანუ, რა გამოდის? პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, პრეზიდენტმა კანონში ხარვეზები გვიპოვა, გამოსასწორებელი იყო, მაგრამ არ გამოვასწორეთო, ანუ, ცუდი კანონი მივიღეთო.

გურჯაანის კულტურის ცენტრმა რვა ათას ლარად იყიდა გარმონი. საზოგადოდ, ფოლკლორი და ხელოვნება ცუდი არ არის, მით უმეტეს რეგიონებში უნდა განვითარდეს, მაგრამ… იმავე გურჯაანში ჩემს ახლობელს დავურეკე და, მთელი დღით დოლ-გარმონ-დუდუკის ქირაობა 400 ლარი ჯდებაო. გურჯაანის კულტურის ცენტრი კი წელიწადში 3-4 კონცერტს მართავს. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ? ერთი გარმონის ფასად, მცირე ანსამბლს იქირავებდნენ რამდენიმე წლით, მაგრამ… თუ გემღერებათ, იმღერეთ, ბატონებო, გარმონიც გაწელეთ… მაინც ყველა წელავს და თქვენ რა დააშავეთ?!

ვიზალიბერალიზებული ქართველი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here