ბრიტანელი საზოგადოება ორად გაიყო _ ტერეზა მეის კაბინეტის პოლიტიკას, რომელიც აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოებას ითვალისწინებს, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. თუმცა პრემიერს საკმაო რაოდენობის მხარდამჭერებიც ჰყავს; ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანა გაცილებით იოლად შეძლებს “ბრექსიტით” დამძიმებული კრიზისის დაძლევას თუ აშშ–თან განსაკუთრებულ ურთიერთობებს დაამყარებს.
ტერმინი “განსაკუთრებული ურთიერთობები” პირველად უინსტონ ჩერჩილმა ფულტონში (აშშ) ნათქვამ ცნობილ სიტყვაში 1946 წლის 5 მარტს გამოიყენა. თუმცა ყველაზე კარგად ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულებას, შესაძლოა, სხვა, ერთობ პარადოქსული ტერმინი “ფრენემი” აღწერს, რომელიც ორი ინგლისური სიტყვის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა (“ფრენდ” _ მეგობარი და “ენემი” _ მტერი). შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ “მეგობრობაში შეფუთულ მტრობაზე” ვსაუბრობთ. ერთი მხრივ, ორივე ქვეყანა თავის ექსპანსიაში საზღვაო ძლიერებისა და საოკეანო სავაჭრო მარშრუტების კონტროლის იდეას ეყრდნობოდა და ეს მათ ბუნებრივ მოწინააღმდეგეებად აქცევდა, მაგრამ, მეორე მხრივ, კულტურულ-ცივილიზაციური სიახლოვე მუდამ უბიძგებდა, სხვა კონკურენტების წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთად აწარმოებდნენ ომს გერმანიისა (ორჯერ) და იაპონიის წინააღმდეგ, მაგრამ ამერიკელები, ამასთანავე, ხელს უწყობდნენ იმას, რომ მოკავშირე მათ ფულსა და სამხედრო ძლიერებაზე დამოკიდებული გამხდარიყო. ბოლო წერტილი ბრიტანელების იმპერიულ ამბიციებს 1956 წლის სუეცის კრიზისმა დაუსვა, როდესაც აშშ-მა საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით(!) აიძულა ბრიტანელები და ფრანგები, ეგვიპტიდან ჯარები გაეყვანა. ყველასათვის საბოლოოდ ცხადი შეიქნა, რომ ბრძოლაში გლობალური დომინირებისთვის დიდ ბრიტანეთს აღარ შეუძლია უზომოდ გაძლიერებულ აშშ-ს სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს. მაშინ პრემიერმინისტრმა ენტონი იდენმა თქვა: “ჩვენ მათი რომის ათენი უნდა გავხდეთ”. ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა ახალი სტრატეგია; გაჩნდა იმედი, რომ ბრიტანულ პოლიტიკასა და კულტურაში კონცენტრირებული დიდი ინტელექტუალური პოტენციალი შესაძლებლობას მისცემდა ლონდონს, გამოეყენებინა “ძლიერი, მაგრამ სულელი” ძია სემი ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა.
ორი ქვეყნის “განსაკუთრებულ ურთიერთობებში” კომუნიკაცია ლიდერებს შორის ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა. რეიგანმა და ტეტჩერმა ყველა უთანხმოების დაძლევა მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ფოკლენდისა და გრენადის კრიზისების დასაწყისში მათი ქვეყნების პოზიცია დიამეტრულად განსხვავებული იყო. სამაგიეროდ, ძალიან რთული ურთიერთობა ჰქონდა დუაიტ ეიზენჰაუერსა და ენტონი იდენს, ლინდონ ჯონსონსა და ჰაროლდ მაკმილანს და ამას ნეგატიური შედეგები მოჰყვა. უმცროსი ბუში და ტონი ბლერი ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ, მაგრამ, ვინაიდან ამ წყვილში ბლერი აშკარად “უმცროსი ძმის” როლს ასრულებდა და მას “ბუშის პუდელსაც” კი უწოდებდნენ, ბევრი ბრიტანელი იმ პერიოდში თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.
პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ძალიან ზუსტად შეარჩია მომენტი და დონალდ ტრამპს მეგობრობის ხელი პირველმა გაუწოდა, სწორედ მაშინ, როდესაც ამერიკული ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი ახალ პრეზიდენტს აუჯანყდა, ხოლო სხვა ქვეყნების ლიდერების დიდი ნაწილი მისი მისამართით საკმაოდ სკეპტიკურ განცხადებებს აკეთებდა. ეს, სავარაუდოდ, მოეწონა ტრამპს, რომელიც ისედაც საკმაოდ “პრობრიტანულ” პოზიციას იკავებდა.
პრიზი ლონდონისთვის ახალი სავაჭრო ხელშეკრულებაა “ბრექსიტის” პერიოდში, პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი ბოლო იქნება იმ ქვეყნების რიგში, რომლებთანაც აშშ სავაჭრო ხელშეკრულებას დადებს. ტერეზა მეის ამოცანაა, შეცვალოს ეს დამოკიდებულება ვაშინგტონში, მეტიც, ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი, რომელმაც უკვე თქვა უარი “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” ხელშეკრულებაზე, “ნაფტა”-საც დაანგრევს ან საფუძვლიანად გარდაქმნის, ლონდონს შეიძლება გაუჩნდეს ამბიცია, აშშ-თან და კიდევ ერთ ყოფილ კოლონიასთან _ კანადასთან ერთად, ახალი ეკონომიკური კავშირის ბირთვი შექმნას და ამით ძალთა გლობალური ბალანსი შეცვალოს.
ვიზიტის დასასრულს ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში მიიწვია. აშშ-ის არც ერთი პრეზიდენტი არ ჩასულა დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით (და, შესაბამისად, არ შეხვედრია დედოფალს) არჩევიდან პირველივე წელს და, ამასთანავე, არ მისცემია შესაძლებლობა, ვესტმინსტერ-ჰოლში ორივე პალატის დეპუტატებისთვის სიტყვით მიემართა. სიმბოლიზმით გაჟღენთილი ბრიტანული პოლიტიკის ენაზე ეს უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებას ნიშნავს. დებატებმა იმის თაობაზე, იმსახურებს თუ არა ასეთ ნდობას დონალდ ტრამპი, რომელსაც ბრიტანელი ლიბერალები რასისტს, ქსენოფობს (და ა.შ.) უწოდებენ, პარლამენტი და საზოგადოება ორად გახლიჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტი საშინაო პოლიტიკაა, მას, ისევე, როგორც აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტს, სჭირდება წარმატებები საგარეო პოლიტიკაში და, რაც მალე, მით უკეთესი. ის მოწადინებულია, მოიგერიოს ოპონენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის მხოლოდ ძაბავს ურთიერთობას უცხო ქვეყნებთან და არცხვენს ამერიკას საგარეო არენაზე; ურთიერთმომგებიანი “განსაკუთრებული ურთიერთობების” ჩამოყალიბება ლონდონთან ამ კონტესტში შეიძლება “კარგ სტარტად” იქცეს.
ტრამპის სიმპათიას დიდი ბრიტანეთის მიმართ, სხვა ყველაფერთან ერთად, ისიც აძლიერებს, რომ მისი გამარჯვება არჩევნებში მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბრიტანეთში, კერძოდ კი, კემბრიჯის უნივერსიტეტში, შექმნილმა ტექნოლოგიამ. სწორედ იქ პროფესორმა მიხალ კოსინსკიმ მიაღწია რევოლუციურ გარღვევას სოციალურ ქსელებში მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების საქმეში, რამაც შესაძლებელი გახადა თითოეული ამომრჩევლის “ფსიქოგრამის” შექმნა, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლებლობას აძლევს პოლიტტექნოლოგებს მისი ინტერესებისა და თვალსაზრისის მიმართ ადაპტირებული წინასაარჩევნი მესიჯები მიაწოდონ. როდესაც საქმე კოსინსკის იდეების პრაქტიკულ გამოყენებამდე მივიდა, ის, რომ იტყვიან, “განზე გაწიეს”; ახალი ტექნოლოგია კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკა”-ს სახელს დაუკავშირდა.
“ლაიქები” სოციალურ ქსელებში, იქ გამოქვეყნებული ფოტოები თუ შევსებული ტესტები (ისინი განსაკუთრებით აიოლებენ ფსიქოგრამების შექმნას და, შესაძლოა, ამიტომ მოიცვა სოცქსელები რამდენიმე წლის წინათ გამოკითხვების ბუმმა), შესაძლებლობას აძლევს დამკვეთს, ამომრჩევლის პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს. ახალი მეთოდის უპირატესობა დადასტურდა “ბრექსიტის” დროს, როდესაც ევროკავშირში დარჩენის მოწინააღმდეგეებმა, ერთი შეხედვით, მოულოდნელი წარმატება მოიპოვეს. შემდეგ “კემბრიჯ ანალიტიკა” მუშაობდა სენატორ ტედ კრუზთან აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პერიოდში. მართალია, კრუზმა ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მისი რეიტინგის ძალიან შთამბეჭდავმა მატებამ დაარწმუნა ტრამპის შტაბი, რომ ახალი ტექნოლოგია თავის საარჩევნო კამპანიაში უნდა გამოიყენოს. “კემბრიჯ ანალიტიკას” პრეზიდენტი ალექსანდრე ნიქსი არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე ამბობდა: “ჩვენ გვაქვს ყველა სრულწლოვანი ამერიკელის ფსიქოგრამა, ეს 220 მილიონი ადამიანია”. საჯარო გამოსვლაში, რომელიც ხელმისაწვდომია “იუთუბზე”, მან ახსნა (დეტალებში ჩაღრმავების გარეშე), როგორ მოიპოვებს მისი კომპანია ამ მონაცემებს, აანალიზებს ამომრჩეველთა ქცევას და მათთვის პერსონალიზებული სარეკლამო მესიჯების მომზადების შესაძლებლობას ქმნის (ვრცლად ეს თემა გაშლილია შვეიცარიული ჟურნალის _ “დას მაგაზინის” სტატიაში, რომელსაც ხშირად “2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ჟურნალისტურ ტექსტს” უწოდებენ; ის, აგრეთვე, ხელმისაწვდომია ინტერნეტში).
ეს ტექნოლოგია არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც “ჯადოსნური ჯოხი”, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მან თავისი ეფექტიანობა დაამტკიცა. დღეს ბევრს წერენ იმაზე, რომ “კემბრიჯ ანალიტიკას” მორიგი კლიენტი შეიძლება მარინ ლე პენი გახდეს. ახალ ტექნოლოგიას სხვა ლიდერებიც გამოიყენებენ და ეს გარემოება საკმაოდ მნიშვნელოვან დასკვნასთან გვაახლოვებს.
ბრიტანელებს არ აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მოუგონ ტექნოლოგიური რბოლა ან ნებისმიერი სიმეტრიული ხასიათის დაპირისპირება გიგანტ სახელმწიფოებს. მაგრამ მათ ნამდვილად შესწევთ უნარი, ზუსტად აირჩიონ პერსპექტიული მიმართულება, წინასწარ ამოიცნონ რევოლუციური ტექნოლოგიის გაჩენის ნიშნები და არცთუ დიდი რესურსები მისი სრულყოფისთვის გამოიყენონ. შედეგი აშკარაა _ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრიტანელებმა გაუსწრეს ამერიკელებს, მიუხედავად იმისა, რომ პირველებმა მუშაობა ამ მიმართულებით ამერიკელებმა დაიწყეს. დღეს ბრიტანელი კონსულტანტები (და მათ უკან მდგომი პოლიტიკოსები) სხვა ქვეყნების კანდიდატებთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობენ, რომლის შედეგადაც მათზე სერიოზული გავლენის შესაძლებლობა ეძლევათ. ცხადია, ეს უპირატესობა მალევე გაქრება, ამ მეთოდებს სხვებიც დაეუფლებიან, მაგრამ იმ მომენტისთვის კემბრიჯში ან ოქსფორდში შეიძლება სხვა გარღვევა მოხდეს.
ეს, შესაძლოა, სწორედ ის შემთხვევაა, რომელზეც დუაიტ ეიზენჰაუერისგან დამცირებული სერ ენტონი იდენი მიანიშნებდა, როდესაც ახალ რომსა და ათენზე საუბრობდა. ახალი იდეების მუდმივი გენერირება და მათ ტყვეობაში გაცილებით ძლიერი პარტნიორის მოქცევა (სხვა რა გააკეთა უინსტონ ჩერჩილმა “ფულტონის სიტყვით”?) აძლევს დიდ ბრიტანეთს ისტორიულ შანსს, დარჩეს გლობალური მნიშვნელობის ძალად, მაშინ, როდესაც ობიექტური წინაპირობები ამისთვის აღარ არსებობს. როგორც ჩანს, ტერეზა მეი ამ სტრატეგიის ერთგულებას შეინარჩუნებს. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, მიიღებს თუ არა თამაშის ასეთ წესებს დონალდ ტრამპი.
ლუკა ნემსაძე