Home რუბრიკები პოლიტიკა ლიბერალები პანიკამ მოიცვა: 6 მიზეზი, _ რატომ უნდა ეშინოდეთ აშშ-ის ახალი გენერალური...

ლიბერალები პანიკამ მოიცვა: 6 მიზეზი, _ რატომ უნდა ეშინოდეთ აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორის

476

ჯეფ სეშნსი, რომელსაც ტრამპის კაბინეტში ერთერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნისას ყველაზე მეტი წინააღმდეგობა შეხვდა, აშშის სენატმა მაინც გაამწესა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

დონალდ ტრამპის წარდგენილი კანდიდატების დანიშვნა გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე წინა პრეზიდენტების მიერ წარდგენილი კანდიდატებისა, კონგრესში გამართული მოსმენები კი ბრძოლის ველს ჰგავს.

სეშნსის შემთხვევაშიც დემოკრატები მისი მსოფლმხედველობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი შიშობენ, რომ წარმატებები, რომელსაც ობამას ადმინისტრაციამ მიაღწია რიგ საკითხებში _ იმიგრაციიდან სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმებამდე, ფუჭად ჩაივლის, თუ სეშნსი აშშ-ის გენერალური პროკურორის პოსტს დაიკავებს.

აი რამდენიმე საკითხი, რომლებიც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს:

იმიგრაცია

სეშნსი ცნობილია, როგორც აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიმდევარი. როდესაც სენატორი იყო, იმ კანონპროექტების წინააღმდეგ გამოდიოდა, რომლებიც არალეგალ მიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მიღების უფლებას აძლევდა. ამასთანავე, სეშნსი ლეგალური იმიგრაციის წინააღმდეგიცაა. წერილში, რომელიც 2015 წელს The Washington Post-ში გამოაქვეყნა, სეშნსმა დაწერა, რომ ლეგალურად შემოსული დაბალკვალიფიციური მიგრანტები “მუშაობენ, იღებენ შეღავათებს, ხდებიან ამომრჩევლები” და “ცვლიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ამერიკელებს”.

დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, კერძოდ, კალიფორნიის შტატის სენატორმა დაიან ფეინსტეინმა სეშნსი იმაში დაადანაშაულა, რომ გავლენა იქონია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, როდესაც მან ხელი მოაწერა განკარგულებას ლტოლვილების დახმარების პროგრამის დროებით შეჩერებასა და ქვეყანაში 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების შესვლის შესახებ. სეშნსმა უარყო ამ საკითხზე თავისი გავლენა, თუმცა დასძინა, რომ, ტრამპის განმარტებით, ეს შეზღუდვები ეხება იმიგრანტებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს.

სასამართლო გადაწყვეტილებები

მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურ რეფორმას სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკებთან, მხარი ორივე პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, სეშნსი, დიდი ხანია, გამოდის ასეთი ბოროტმოქმედების მსუბუქად დასჯის წინააღმდეგ. მისი აზრით, ნარკომოვაჭრეებისთვის სასჯელის შემსუბუქება უფრო “სასტიკ დამნაშავეებს” წარმოშობს.

მართლწესრიგის დაცვა

სეშნსს გენერალური პროკურორის პოსტზე მხარს უჭერს ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურების თითქმის ყველა საკვანძო ფიგურა.

სენატში გამართულ მოსმენებზე სეშნსმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში პოლიციას უსამართლოდ “აშავებდნენ” და ახლა ის მხარს დაუჭერს პოლიციელებს. მისი პოზიცია გარკვეული წრეების შეშფოთებას იწვევს, რადგან, დიდი ალბათობით, გადაიხედება რეფორმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ პოლიციაში განახორციელა.

სეშნსმა არაერთხელ გამოხატა სკეპტიკური დამოკიდებულება იმ ზომების მიმართ, რომლებიც ობამას ადმინისტრაციამ გაატარა, როდესაც პოლიცია დისკრიმინაციულ და არაკონსტიტუციურ ქმედებებში დაადანაშაულეს.

სამოქალაქო და საარჩევნო უფლებები

სეშნსმა განაცხადა, რომ მას აღელვებს სამოქალაქო და საარჩევნო უფლებები და ხაზი გაუსვა თავის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პროკურორის რანგში მიიღებს დესეგრეგაციის საქმეში. მიუხედავად ამისა ბევრს მიაჩნია, რომ სეშნსს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს თავის როლზე დესეგრეგაციის საქმეში.

სეშნსი, აგრეთვე, მიესალმა ხმის მიცემის აქტის შემსუბუქებას. ის ამტკიცებს, რომ არ არსებობს დისკრიმინაცია საარჩევნო უფლებებში, მაგრამ ხდება კენჭისყრის შედეგების ფალსიფიცირება, ამიტომ ამომრჩევლების იდენტიფიცირების პროცესი უნდა გამკაცრდეს.

იარაღი

სეშნსი, დიდი ხანია, მოუწოდებს, გამკაცრდეს სასჯელი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინეს. კონგრესში გამართული მოსმენებისას სეშნსმა დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერს ასეთი დამნაშავეებისთვის სასჯელის გამკაცრებას.

ლიბერალები აკრიტიკებდნენ სეშნსს და ამბობდნენ, რომ მისი პროგრამა, რომელიც სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ვერ შეამცირებს დანაშაულის დონეს.

მარიხუანა

სეშნსი მარიხუანის მოხმარების წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება პირდაპირი გზაა ნარკოტიკებისკენ.

2016 წელს სეშნსმა განაცხადა, რომ “კარგი ადამიანები არ ეწევიან მარიხუანას” და “მარიხუანა რეალური საფრთხეა”.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here