Home რუბრიკები პოლიტიკა ვის დარჩება უკრაინა?

ვის დარჩება უკრაინა?

485

გასულ კვირას მკვეთრად დაიძაბა ვითარება უკრაინაშიომმა ახალი ძალით იფეთქა. პარალელურად ღრმავდება სოციალურეკონომიკური კრიზისი, სწრაფად იზრდება უნდობლობა ხელისუფლების მიმართ, ხოლო ექსპერტების პროგნოზები სულ უფრო პესიმისტური ხდება.

დღეს უკრაინელები ყურადღებით ადევნებენ თვალს ახალ ამბებს ვაშინგტონიდან. ბევრი ფიქრობს, რომ, აშშ-რუსეთის მორიგი “დიდი გარიგების” ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება მათი ქვეყნის მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნებას დათანხმდეს. კომენტატორები მკითხაობენ თემაზე “რა მოხდება?”, თუმცა, შესაძლოა, გაცილებით იოლია იმის დადგენა, “რა არ მოხდება”. უკრაინა დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, სავარაუდოდ, არ იქნება. მისი მიდგომა საგარეო პოლიტიკის მიმართ აშშ-ის მოკავშირეებზე პასუხისმგებლობისა და ხარჯების გადანაწილებას ითვალისწინებს, ხოლო უკრაინა ევროკავშირის მეზობელია, შესაბამისად, ტრამპის ძირითადი იდეის თანახმად, დასავლეთის ინტერესებზე იქ, უპირველესად, ევროპელებმა უნდა იზრუნონ.

ამასთანავე, ტრამპი ბევრ ახალ “ფრონტს” ხსნის _ მალე დაიწყება აშშ-ის სავაჭრო ომი ჩინეთთან, აქტიური ბრძოლა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ და ა.შ., ამიტომ ახალი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, შეეცდება, არ ჩაებას მწვავე დაპირისპირებაში რუსეთთან უკრაინის გამო. მან შეიძლება უარი თქვას ნატოში უკრაინის შეყვანის ლობირებასა და მისი არმიის შეიარაღების მასშტაბურ პროგრამებზე, სამშვიდობო პროცესზე ზრუნვაკი ევროპელებს დაუთმოს.

ამ ფართოდ გავრცელებული მოლოდინების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტი აპირებს, ნატოში შესვლის თემა უფრო აქტუალური გახადოს. “ოთხი წლის წინათ ნატოში უკრაინის გაერთიანებას მოსახლეობის 16% უჭერდა მხარს. ახლა ეს მაჩვენებელი 54%-ს შეადგენს. როგორც პრეზიდენტი, მე გავიგებ ჩემი ხალხის აზრს და ჩავატარებ რეფერენდუმს ნატოში გაწევრებაზე და, თუ უკრაინელები მხარს დაუჭერენ ამას, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მივაღწიო უკრაინის წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში”, _ განაცხადა პეტრე პოროშენკომ “ბერლინერ მორგენპოსტთან” საუბარში (“ინტერპრესნიუსი”).

ცხადია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კორექტირება არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპი, უბრალოდ, დათმობს იმ პოზიციებს, რომლებიც წინა ადმინისტრაციამ მოიპოვა _ ის, დიდი ალბათობით, ივაჭრებს, როგორც ბიზნესმენებს სჩვევიათ, რათა უკრაინაში (და, საზოგადოდ, პოსტსაბჭოთა სივრცეში) დათმობების სანაცვლოდ მიიღოს კრემლის მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში და სხვა მისთვის გაცილებით მნიშვნელოვან ზონებში. ვაჭრობის პროცესი, სულ ცოტა, რამდენიმე თვეს გაგრძლდება და ამ პერიოდში უკრაინულ ელიტას ბევრი ნერვიულობა მოუწევს.

უკრაინელი პოლიტიკოსები, ქართველი კოლეგების მსგავსად, ცდილობენ, მიაჩვიონ მოსახლეობა იმ აზრს, რომ ქვეყნის ბედი სადღაც შორს, ვაშინგტონში, წყდება და ამიტომ მათ მიმდინარე პროცესებზე ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თუმცა მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ მაინც დიდია. სოციოლოგიური ჯგუფის _ “რეიტინგის” მიერ გამოკითხულთა 46% მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის გადადგომას, 45% კი _ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ამას (ყოველ შემთხვევაში _ ობამას მმართველობის პერიოდში) კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკელები და უკრაინის ხელისუფლებაც ეთანხმებოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ 2019 წელს უნდა გაიმართოს.

მაგრამ პრობლემა არის ის, რომ იმ პარტიების რეიტინგი, რომლებმაც 2014-ში არჩევნები მოიგეს, მკვეთრად დაეცა. პეტრე პოროშენკოს ბლოკი 21,8%-დან 12,6%-მდე ჩამოვიდა; ხოლო რეიტინგი ყოფილი პრემიერის _ არსენი იაცენიუკის “სახალხო ფრონტისა” , რომელმაც არჩევნებში ხმების 22,1% დააგროვა, ახლა მხოლოდ 1%-ია.

ამ ფონზე უმჯობესდება ოპოზიციის მდგომარეობა; გამოკითხულთა 17,4% მზადაა, მხარი დაუჭიროს იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინას”, მაშინ, როდესაც 2014 წლის არჩევნებში მან მხოლოდ ხმების 5,7% მიიღო. იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიის” ყოფილ წევრებს “ოპოზოციური ბლოკიდან” (შედეგი 2014 წლის არჩევნებში _ 9,4%), გამოკითხვის თანახმად, შეიძლება 11,1%-ის იმედი ჰქონდეთ. ეს არ არის მკვეთრი მატება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ძველი “რეგიონების პარტიის” ელექტორატის ნაწილი აპირებს, ხმა ახალ პარტიას _ “ზა ჟიტიას” მისცეს, რომელიც ყოფილმა “რეგიონალმა” ვადიმ რაბინოვიჩმა ჩამოაყალიბა. ამ პარტიას მხარს გამოკითხულთა 6,2% უჭერს.

როგორც ჩანს, ტიმოშენკომაც და “რეგიონალებმაც” შეინარჩუნეს მხარდამჭერების ბირთვი და ახალი ამომრჩევლებიც მიიზიდეს, არადა, ორიოდე წლის წინათ ბევრი კომენტატორი თვლიდა, რომ მათ სერიოზული პერსპექტივა აღარ ჰქონდათ.      

მიხეილ სააკაშვილის პარტიის რეიტინგი, ამ გამოკითხვის თანახმად, 3,1%-ია და ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, მაგრამ ის მაინც მოითხოვს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ამას, სავარაუდოდ, ორი მიზეზი განაპირობებს: მას შემდეგ, რაც გუბერნატორის პოსტი დატოვა, სააკაშვილმა “ტრიბუნა დაკარგა” და აუდიტორიის დიდი ნაწილისთვის ნაკლებად აქტუალურია. დროთა განმავლობაში ეს რეიტინგის პრობლემებს შეუქმნის. ამასთანავე, გადამწყვეტ ფაზაში შედის ორი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება, რომლებიც ოდესაში მისი გუბერნატორობის პერიოდს ეხება, საუბარია ოდესის პორტისპირა ქარხნის პრივატიზებასა და საბაჟოზე მომხადარი მაქინაციებზე. გამოძიების დასრულების შემდეგ სააკაშვილი შეიძლება ჩვეულებრივ კორუფციონერად წარმოჩნდეს, ამიტომ ის ჩქარობს, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი შედარებით მსხვილი საპარლამენტო პარტიის _ “სამოპომოჩის” (ის ადრე მმართველ კოალიციაში შედიოდა) ლიდერი, ლვოვის მერი _ ანდრეი სადოვი მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს. “სამოპომოჩმა” არჩევნებში 11% მიიღო, ახლა მისი რეიტინგია 7,4%-ია. ის უკვე ჩამორჩება თავის უშუალო კონკურენტ (ადრე სახელისუფლო კოალიციაში ისიც შედიოდა) ოლეგ ლიაშკოს “რადიკალურ პარტიას” _ მას 8,4% აქვს, მაშინ, როდესაც არჩევნებშიც და წინა გამოკითხვებშიც “სამოპომოჩზე” უარესი შედეგი ჰქონდა.

შეიცვლება თუ არა რამე “შესაკრებთა გადანაცვლებით”? _ეს მხოლოდ პარტიების რეიტინგზე როდია დამოკიდებული, რადგან უკრაინაში მთავარ როლს არა პოლიტიკოსები, არამედ ოლიგარქები ასრულებენ. სწორედ მათ განიხილავს ამომრჩევლების უდიდესი ნაწილი ქვეყნის მთავარ მტრებად. მათ წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგმა “მაიდანის” პერიოდში უამრავი მოქალაქე გააერთიანა, თუმცა ამის შემდეგ ოლიგარქების პოზიციები ნამდვილად არ გაუარესებულა. მათ, უბრალოდ, ჩამოიცილეს ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც ცდილობდა, აქტივები საკუთარი კლანის სასარგებლოდ გადაენაწილებინა, ხელთ იგდეს არაერთი სახელმწიფო კომპანია, პრივატიზაციაზე სასწრაფოდ გატანილი საწარმოები და ა.შ. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ “ავრორამ” სწორედ მათთვის გაისროლა.

უკრაინელი ოლიგარქების ძლევამოსილების მთავარი წყარო სახელმწიფოს სისუსტეა, ხოლო მისი გარდაქმნა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება ომისა და ეკონომიკური კოლაფსის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაცია რომც დააპიროს, საინფორმაციო ბრძოლის მოგება ძალიან გაუჭირდება, რადგან სატელევიზიო ბაზრის სამ მეოთხედს ოთხი ოლიგარქი _ კოლომოისკი, ფირტაში, პინჩუკი და ახმეტოვი აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ხშირად მტრობენ, ისინი მშვენივრად აცნობიერებენ, რომ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში საერთო ინტერესები აქვთ.

პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ოლიგარქები აკონტროლებენ ათეულობით კორუფცირებულ სახელმწიფო მოხელესა თუ დეპუტატს, არამედ ისიც, რომ უკრაინის ეკონომიკას კონკურენტუუნაროს ხდიან. ბოლო ათწლეულების გამოცდილება ცხადყოფს, რომ უკრაინელი ოლიგარქები ორიენტირებულნი არიან მოკლევადიან პერსპექტივაზე და, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ აინტერესებთ საწარმოთა მოდერნიზება და გაფართოება. ოლიგარქებს ხელს აძლევთ, რომ უკრაინული სახელმწიფო კვლავინდებურად სუსტი იყოს, რადგან მათ მიერ შექმნილი პარაზიტული ეკონომიკური მოდელი მხოლოდ ასეთ პირობებში მუშაობს და ეს “მართული ქაოსის” გაგრძელებაში მათ დაინტერესებულს ხდის.

1 თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასი უკრაინული საწარმოებისთვის 22%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიისა კი _ 2-3%-ით. და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ შარშან პროდუქციის თვითღირებულება სამჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მისი რეალიზაციის ფასი (სიღარიბით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნის პირობებში). ამ გზას უკრაინა ინდუსტრიული პოტენციალის განადგურებამდე მიჰყავს.

“ევრომაიდანის” შემდეგ მიმდინარეობს კომუნალური გადასახადების მუდმივი მატება. გათბობის ტარიფი 71,5%-ით გაიზარდა, ცხელი წყლის _ 57%-ით, ბუნებრივი აირის ფასი კი პრაქტიკულად გასამმაგდა, ელექტროენერგია 70%-ით გაძვირდა და 1 მარტიდან ტარიფის მორიგი გაზრდა იგეგმება. კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა 6 მილიონ მოქალაქეს ეხება, ექსპერტების ვარაუდით, ელექტროენერგიის მორიგი გაძვირების შემდეგ, მათი რაოდენობა კიდევ ერთი მილიონით გაიზრდება და მთავრობა შესაბამის ხარჯებს, უბრალოდ, ვეღარ გაწევს. მოსახლეობის დავალიანებამ კომუნალურ გადასახადებზე 350 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო “რისერჩ & ბრენდინგ გრუპის” გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 34% მზადაა, უკრაინა სამუდამოდ დატოვოს.

უკრაინის ხელისუფლება გაღიზიანებული ხალხის შეკავებას დღეს მხოლოდ პატრიოტული გრძნობების აპელირებით ახერხებს და ცდილობს, ამომრჩევლების ყურადღება განახლებულ საბრძოლო მოქმედებებზე გადაიტანოს. ის, სავარაუდოდ, ასევე შეეცდება, ახალი ესკალაცია აშშ-რუსეთის “დიდი გარიგების” ტორპედირებისთვის გამოიყენოს ან, სულ ცოტა, ტრამპის ადმინისტრაციის რეაქცია დატესტოს. ცხადია, ეს თამაში უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და უკრაინელები ოლიგარქებსა და კორუფცირებულ პოლიტიკურ ელიტას აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს ქვეყნის სისხლიან ქაოსსა და სიღარიბეში ჩაძირვის გამო.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here