ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ -მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გარკვეული ფარული ჩანაწერები არსებობს. მისი თქმით, ეს ჩანაწერები ერევანში ინახება და აღნიშნულ ფაილებს მას რამდენიმე მილიონად სთავაზობდნენ: „როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვალა, მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით, ე.წ Z მასალებით. ძალოვანი ორგანოს თანამშრომლებმა იციან, ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს მასალებს, რომელიც უკანონო მოსმენებია და გასაიდუმლოებულად ინახება.
მას ეს მასალები აქვს შენახული დღემდე ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა. მე ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი.
მე ვუთხარი, რომ ჩემს ინტერესში არ შედის, თუმცა, როგორც მედიის ინტერესში, ეს შედიოდა, მაგრამ არ მქონდა ფული. მან მთხოვა, რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ ”ნაციონალების” ლიდერებთან და ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რა ჩანაწერები შეიძლება არსებობდეს ბიძინა ივანიშვილზე, რა გზით შეიძლება მომხდარიყო მათი მოპოვება და მოახდენს თუ არა ეს ყველაფერი გავლენას ხელისუფლებაზე, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის პარტია „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერს ვალერი კვარაცხელიას დაუკავშირდა.
ვალერი კვარაცხელია: კონკრეტულად რა სახის ჩანაწერი ან რამე სხვა კომპრომატი შეიძლება არსებობდეს ივანიშვილზე, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ იმთავითვე ცხადი იყო, – მან ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა თავის დროზე, როცა ქართველი ხალხის მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გამოტანილი განაჩენი სისრულეში არ მოიყვანა და იმის ნაცვლად, რომ ეს დანაშაულებრივი პარტია საბოლოოდ მოეკვეთა პოლიტიკური ველიდან, მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩინა. ის ალბათ ფიქრობდა, რომ „ნაცმოძრაობის“ მესვეურები ამას ადრე თუ გვიან დაუფასებდნენ, მაგრამ სააკაშვილს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. საერთოდ სააკაშვილისნაირ ადამიანებთან შერიგება შეუძლებელია და მით უმეტეს, როცა შენ ხარ გამარჯვებული. ის ძალიან ბოღმიანი ადამიანია და რაც არ უნდა ღირსეულად მოექცე, თვითონ ყველაფერს იკადრებს; სააკაშვილს არ აქვს პოლიტიკური ღირსება, ის ძალაუფლებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.
რაც შეეხება გვარამიას განცხადებას და მის „რუსთავი ორს“, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები. ეს არ არის ტელევიზია, ეს არის სიბინძურის მანქანა, საიდანაც 24 საათიან რეჟიმში მოედინება დეზინფორმაციის ნიაღვარი. ზოგადად ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ამ ხალხისგან დანდობა არ იქნება. თვითონ რომ გაანადგურა ფარული ჩანაწერები, იმათ შენახული აქვთ და კაცმა არ იცის, სად რას შემოაგდებენ და გამოაქვეყნებენ…
და რომელი ღირსება გააჩნია ნეტა?