Home ახალი ამბები საქართველო 96 წლისა გარდაიცვალა დიდი სამამულო ომის ვეტერანი შოთა ბუაძე

96 წლისა გარდაიცვალა დიდი სამამულო ომის ვეტერანი შოთა ბუაძე

149

გემშვიდობები, ჩემო სამშობლოვ. შესაძლოა, ვეღარ დავბრუნდე, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ამ მიწაზე ფაშისტები ვერ შემოვლენ”, _ ასე დაემშვიდობა ოჯახსა და სამშობლოს პირტიტველა ახალგაზრდა, როდესაც დიდ სამამულო ომში გაიწვიეს.

“ყველაფერი მახსოვს ან რა დამავიწყებს ომის ქარცეცხლს?! 1942 წელს საშუალო სკოლა დავასრულე, იმავე წელს გამიწვიეს ჯარში. სოჭთან ახლოს, ლაზარევსკაიაში აღმოვჩნდი. საზენიტო არტილერიაში მოვხვდი, აეროდრომს ვიცავდით. დიდი, ძალიან დიდი ბრძოლები იყო. გერმანელები ყოველ წუთს, ყოველ წამს გვესხმოდნენ თავს თვითმფრინავებით. რამდენიმე თვეს დავრჩით იქ, შემდეგ კრასნოდარში გადავედით, რადგან ის ერთ-ერთი საკვანძო სარკინიგზო ადგილი იყო. იქიდან მარაგდებოდა კავკასიის ფრონტი საკვებით, იარაღით. კრასნოდარი გერმანელების თავდასხმის ობიექტი იყო. ასე რომ, მძიმე ბრძოლები გადავიტანეთ, ისეთი მძიმე ვითარება იყო, მიწურების გათხრასაც ვერ ვასწრებდით.

როდესაც ფრონტმა სხვა მიმართულებით გადაინაცვლა, ჩვენი ბატალიონი უკრაინაში მე-20 სატანკო კორპუსს შეუერთდა. უკრაინაში დავრჩით ომის დასრულებამდე.

ყველაზე მძიმე წუთები კრასნოდარში გადავიტანე, ფრონტის ხაზზე ისე მოვხვდი, იარაღი ხელში არასოდეს მჭერია, ასე ვთქვათ, პირტიტველა ბიჭები ვიყავით. მართალია, არტილერია ფრონტის წინა ხაზზე არ მოქმედებს, მაგრამ მტრის მოგერიება ყველასთვის ერთნაირად საშიშია, განსაკუთრებით კბილებამდე შეიარაღებული ფაშისტური გერმანიის თავდასხმისას”, _ იხსენებდა ჟურნალისტებთან საუბარში ბატონი შოთა და ცრემლიანი, სიმაყით სავსე თვალებით გვიყურებდა ახალგაზრდა ჟურნალისტებს.

გაზეთისაქართველო და მსოფლიოღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი სამამულო ომის ვეტარანის, შოთა ბუაძის, გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს, სრულიად საქართველოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here