თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ფეისბუქის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში თავის მცირეწლოვან შვილს მოძღვრავს, რომ ზედმეტი ნივთები უნდა მოიშოროს და გაჭირვებულებს დაურიგოს. მას მაგალითად მოჰყავს ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე, რომელსაც კასრში ეძინა და არაფერი გააჩნდა წყლის სასმელი ჭიქის გარდა…
ძნელი სათქმელია, რა მორალით ხელმძღვანელობდა თავად ყოფილი მერი წლების წინ, როცა ბიზნესმენებს კაბინეტში იბარებდა და „შესაბამისი ზონდერსამსახურების“ ჩარევის შემდეგ ამა თუ იმ ფინანსურ დოკუმენტზე უყოყმანოდ აწერინებდა ხელს, მაგრამ ერთი კი ფაქტია, ხელისუფლების შეცვლისთანავე პროკურატურასთან ქონებაწართმეული ბიზნესმენების რიგი დადგა და მათი დიდი ნაწილი ხელს სწორედ უგულავასკენ იშვერდა. ცნობები იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელს მაშინ დიოგენეს იდეები შეესრუტა და დიდი შოთას ბრძნული შეგონების პრინციპით – „რასაცა გასცენ, შენია“, გაჭირვებულთათვის რამე დაერიგებინა, არ არსებობს. არც ის ვიცით, თუ როდის შეიპყრო იგი ესოდენ ძალუმმა სინანულმა და რამ აიძულა ან შთააგონა, წართმევის რეჟიმიდან გაცემაზე გადასულიყო.