Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერებმა ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

1275

ადამიანის სხეული მეცნიერებს ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. აქამდე იმის წარმოდგენაც კი არავის შეეძლო, რომ მედიცინის დაარსებიდან ასეულობით წლების შემდეგ მკვლევარები ჩვენს ორგანიზმში ახალ ორგანოს აღმოაჩენდნენ. თუმცა, კარგად თუ დავფიქრდებით, სულაც არ არის ის ახალი, უბრალოდ, ის სრულფასოვან ორგანოდ მხოლოდ ახლა მიიჩნიეს. საუბარია ჯორჯალზე _ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილზე, რომელიც  მუცლის ღრუში მდებარეობს. 

ჯორჯალი (იგივე მეზენტერიუმი) _ ამ ტერმინით აღნიშნავენ პერიტონეუმის ორ ფურცელს, რომელთა თავისუფალ წინა კიდეში მდებარეობს წვრილი ნაწლავის ორი ნაწილი – მლივი და თეძოს ნაწლავები. უფრო მოკლე უკანა კიდე, ე.წ. ჯორჯლის ფესვი კი მიმაგრებულია ხერხემალთან. ჯორჯლის ფურცლებს შორის მდებარეობს ჯორჯლის არტერიები, ვენები და მათი მრავალი ტოტი, ლიმფური კვანძები და ლიმფური სადინარები, ნერვები, ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი.

ადრე მედიცინა მიიჩნევდა, რომ ჯორჯალი პერიტონეუმის მხოლოდ დუბლიკატურას წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ღრუიანი ორგანოები მუცლის უკანა კედელზე არის მიმაგრებული, მაგრამ უკვე ჯორჯალი  სრულფასოვან ორგანოდ ითვლება ადამიანის სხეულში. აღმოჩენის ავტორები არიან ლიმერიკის ირლანდიული უნივერსიტეტის მკვლევარები. მათ  თავიანთი კვლევის შედეგები გამოცემა Science Alert -ში გამოაქვეყნეს.

ჯორჯალზე თავის დროზე წერდა ლეონარდო და ვინჩიც, მაგრამ მაშინ მიაჩნდათ, რომ ეს ორგანო არ იყო სრულფასოვანი. და როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე, მეცნიერება ცოტათი შეცდა. ჯორჯალი აღმოჩნდა არა დანაწევრებული, არამედ  მთლიანი სტრუქტურის. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ორგანოს ახალი კლასიფიკაცია ექიმებს საშუალებას მისცემს, ახლებურად შეხედონ ზოგიერთ ნაწლავურ დაავადებას.

პროფესორ კელვინ კოფის, რომელიც ლიმერიკის უნივერსიტეტში კვლევებს ხელმძღვანელობს, მიაჩნია, რომ ახალი ორგანოს შესწავლა მედიცინის ახალ სფეროდ უნდა იქცეს. ამასთანავე, იტყობინებიან, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი ცვლილებები შეტანილი იქნება ჯერ აშშ-ის, ხოლო შემდეგ სხვა ქვეყნების სამედიცინო სასწავლებლების სასწავლო პროგრამებში. ჯორჯალის ახალი კლასიფიკაცია შეტანილი იქნება ასევე ანატომიის ყველაზე ავტორიტეტულ სახელმძღვანელოში _ “გრეის ანატომიაში”, რომელიც 1858 წელს გამოსცა ბრიტანელმა ქირურგმა ჰენრი გრეიმ და რომელიც დღეს კლასიკად ითვლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here