Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

749

ლიონ ფოიხტვანგერმა, როგორც ნიჭიერმა, გამოცდილმა და ადამიანის ფსიქოლოგიის კარგად მცოდნე მწერალმა, საბოლოო დასკვნები გააკეთა, როგორც ნანახსა და მოსმენილზე, აგრეთვე, მოვლენების განვითარებით გამოწვეულ შედეგებზე. იგი წერს:

“რატომ არ იცავენ ბრალდებულები თავს? ეჭვიანი ხალხი საწინააღმდეგო მოსაზრებას იმით ასაბუთებს, რომ ბრალდებულთა ქცევა სასამართლოს წინაშე ფსიქოლოგიურად აუხსნელია. რატომ ხდება, რომ ბრალდებულები, _ სვამენ კითხვას სკეპტიკოსები, _ იმის მაგივრად, რომ უარყონ ბრალდებები, ერთმანეთს არ აცლიან დანაშაულის აღიარებას? ისინი საკუთარ თავს ხატავენ ჭუჭყიან, საზიზღარ დამნაშავეებად. რატომ არ იცავენ თავს, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ ბრალდებულები სასამართლოს წინაშე? თუნდაც უკვე მხილებულნი, რატომ არ ცდილობენ შემამსუბუქებელი გარემოებების გამოყენებასა და თავის გამართლებას? არადა, პირიქით იქცევიან, მდგომარეობას სულ უფრო იმძიმებენ. თუ ტროცკის თეორიისა სჯერათ, როგორც რევოლუციონერები და იდეოლოგები, რატომ აშკარად არ უჭერენ მხარს თავიანთ ბელადსა და მის თეორიას? თუ უკანასკნელად გამოდიან ხალხის წინაშე, რატომ არ განადიდებენ იმ საქმეებს, რომლებიც, მათი აზრით, სანაქებოდ ჩაითვლებოდა? დასასრულ, შეიძლება გვეფიქრა, რომ ამ 17 კაციდან ერთი, ორი ან ოთხი შეეგუებოდა ბედს, მაგრამ ყველანი? ეს შეუძლებელია!

ბევრი საბჭოთა ადამიანის აზრით, მარტივად აიხსნება ის, რომ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს _ წინასწარი გამოძიებისას ისინი მოწმეთა ჩვენებებითა და დოკუმენტებით ისე ამხილეს, რომ დანაშაულის უარყოფა უაზრობა იქნებოდა. ის, რომ თავს ყველა აღიარებს დამნაშავედ, იმით აიხსნება, რომ სასამართლოს წინაშე შეთქმულების მონაწილე ყველა ტროცკისტი კი არ წარდგა, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ბოლომდე იქნა მხილებული.

მართალია, პროცესმა დამარწმუნა, რომ ბრალდებულები დამნაშავენი იყვნენ, მაგრამ, საბჭოთა მოქალაქეების არგუმენტების მიუხედავად, ბრალდებულთა ქცევა სასამართლოს წინაშე ჩემთვის მთლად გასაგები მაინც არ იყო. პროცესის დამთავრებიდან ცოტა ხანში ჩემი შთაბეჭდილებები საბჭოთა პრესაში მოკლედ გამოვთქვი: “ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ძირითადი მიზეზები, რაც მთავარია, სასამართლოს წინაშე მათი ქცევის ნორმები, დასავლელი ადამიანებისთვის მთლად გასაგები მაინც არ არის. მართალია, ბრალდებულთა უმრავლესობამ თავისი მოქმედებებით სიკვდილით დასჯა დაიმსახურა, მაგრამ სალანძღავი სიტყვებითა და აღშფოთებით, როგორ კარგადაც უნდა გვესმოდეს მათი, არ შეიძლება ამ ადამიანების ფსიქოლოგიის ახსნა”. მაგრამ ჩემი სიტყვები ისე არ უნდა გაიგონ, თითქოს მწადია, პროცესის მსვლელობას ან მის შედეგებს სახელი გავუტეხო. თუ შემეკითხებით, როგორია ჩემი აზრის კვინტესენცია, მაშინ მე, ბრძენი გერმანელი პუბლიცისტისა და ფილოსოფოსის _ ერნსტ ბლოხის მსგავსად, სოკრატეს სიტყვებით გიპასუხებთ, რომელმაც ზოგიერთი გაურკვევლობის გამო ჰერაკლიტეს უთხრა: “ის, რაც მე გავიგე, შესანიშნავია. აქედან ვასკვნი, რომ დანარჩენი, რაც ვერ გავიგე, ასევე შესანიშნავია”.

საბჭოთა ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ ასეთი გაუგებრობა. პროცესის დამთავრების შემდეგ ერთერთ კრებაზე ერთი მოსკოველი მწერალი პრესაში ჩემი შენიშვნების თაობაზე ცხარედ გამოვიდა. მან თქვა: “ფოიხტვანგერს არ ესმის, რა მოტივებით ხელმძღვანელობენ ბრალდებულები აღიარებისას. წითელ მოედანზე ამჟამად დემონსტრაციაზე გამოსულ ასი ათას კაცს კი ეს ესმის”.

მაინც მგონია, რომ მოსკოვში გამართული პროცესის ასახსნელად მე უფრო მეტი მონდომება გამოვიჩინე, ვიდრე დასავლელი კრიტიკოსების უმრავლესობამ, რადგან ჯერ არ გამოჩენილა ისეთი საბჭოთა მწერალი, რომელიც შუქს მოჰფენს დანაშაულების აღიარების მიზეზს, შევეცდები მოგითხროთ, როგორ წარმომიდგენია დანაშაულების აღიარების სურათი.

სასამართლო პროცესი, მისი მსვლელობის ხასიათიდან გამომდინარე, თავისებურ პარტიულ სასამართლოდ უნდა მივიჩნიოთ. ბრალდებულები პარტიას ჭაბუკობის წლებიდან ეკუთვნოდნენ, ზოგიერთი მის ხელმძღვანელადაც ითვლებოდა. შეცდომა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ საბჭოთა პარტიული სასამართლოს წინაშე წარმდგარი ადამიანი თავს ისე დაიჭერდა, როგორც ჩვეულებრივი სასამართლოს წინაშე დასავლეთში. იფიქრებდით, რომ რადეკის უბრალო მიმართვას _ “ამხანაგო მოსამართლევ” _ და თავმჯდომარის მიერ შესწორებულ ფრაზას _ “თქვით, მოქალაქე მოსამართლევ” _ რაღაც აზრი ჰქონდა? ბრალდებული ჯერ კიდევ მიიჩნევდა თავს პარტიის განუყოფელ ნაწილად, ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ პროცესი თავიდანვე უცხოელთათვის უჩვეულო დისკუსიურ ხასიათს ატარებდა. მოსამართლეები, პროკურორი, ბრალდებულები _ ყველაფერი ეს მოჩვენებითი კი არ იყო, არამედ ერთმანეთს საერთო მიზნის მქონე ძაფებით უკავშირდებოდა. ისინი იმ ინჟინრებს ჰგავდნენ, რომლებიც ახალ, რთულ მანქანას ცდიდნენ. ზოგიერთმა ამ მანქანას რაღაც გაუფუჭა, მაგრამ არა ბოროტი განზრახვით, არამედ იმიტომ, რომ ამ მანქანის მუშაობის გასაუმჯობესებლად საკუთარი თეორიების თვითნებურად გამოყენება სურდა. მათმა მეთოდებმა არ გაამართლა, მაგრამ ეს მანქანა მათ გულებთან არანაკლებ ახლოს არის, ვიდრე სხვა ნებისმიერის გულთან, ამიტომაცაა, რომ ისინი თავიანთ შეცდომებზე სხვებთან ერთად გულახდილად ლაპარაკობენ. მანქანისადმი მათ ყველას უსაზღვრო ინტერესი და სიყვარული აერთიანებთ. სწორედ ეს აკავშირებს მოსამართლეებსა და ბრალდებულებს. ეს ის განცდაა, რომელიც ინგლისში მთავრობას ისე მტკიცედ აკავშირებს ოპოზიციასთან, რომ ოპოზიციის ლიდერი სახელმწიფოსგან 2 ათას გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯამაგირს იღებს.

ბრალდებული მურალოვი დანაშაულს რვა თვე უარყოფდა და მხოლოდ 5 დეკემბერს აღიარა. “თუმცა მე, _ განაცხადა მან პროცესზე, _ ტროცკის დირექტივას ტერორსა და მავნებლობაზე სწორად არ მივიჩნევდი, მაგრამ მორალურად დაუშვებლად მიმაჩნდა, მისთვის მეღალატა. ბოლოს, როდესაც სხვებმა მისგან განდგომა დაიწყეს _ ზოგმა პატიოსნად, ზოგმაც _ უპატიოსნოდ, საკუთარ თავს ვუთხარი: საბჭოთა კავშირისთვის სამ რევოლუციაში აქტიურად ვიბრძოდი, ჩემი სიცოცხლე ბევრჯერ ეკიდა ბეწვზე. ნუთუ მის ინტერესებს არ უნდა დავემორჩილო თუ ტროცკისთან დავრჩე და მისი უსამართლო საქმეები განვაგრძო? მაგრამ მაშინ ჩემი სახელი დროშად გამოადგება მათ, ვინც ჯერ კიდევ არის კონტრრევოლუციის რიგებში. ტროცკისგან პატიოსნად თუ უპატიოსნოდ განდგომის მიუხედავად, სხვები, ყოველ შემთხვევაში, კონტრრევოლუციის დროშის ქვეშ არ დგანან. განა წმინდანად უნდა დავრჩე? ჩემთვის ეს გადამწყვეტი გამოდგა და ვთქვი კიდეც: “კეთილი, მივდივარ და ვაღიარებ სიმართლეს”. რადეკის ფორმით უფრო დახვეწილი ჩვენებები ამ პუნქტზე, ძირითადად, იმავე აზრს იმეორებს. პროცესს ყურადღება რომ არ მივაქციოთ, ამ ორი ადამიანის სიტყვა ფსიქოლოგიური კუთხით ძალზე საინტერესოდ მომეჩვენა. ყოველივე ეს წარმოაჩენს, სადამდე შეიძლება გაჰყვნენ ადამიანები კაცს, რომლის ხელმძღვანელობის უნარსა და კონცეფციის გენიალურობაში დარწმუნებული არიან და სად ჩნდება ტეხილი, რომელზეც ისინი მას ტოვებენ. როცა გაირკვა ტროცკის კონცეფციის მცდარობა, მის ავანტურისტულ და უკიდურეს საშუალებებს უნდა დაეფრთხო თანამოაზრეები. მათ ტროცკის მეთოდები უგუნურად მიიჩნიეს. მანამდე აშკარად იმიტომ ვერ განუდგნენ, რომ არ იცოდნენ, როგორ ემოქმედათ. “მილიციაში თვითონ წავიდოდით, _ განაცხადა რადეკმა, _ მანამდე რომ არ მოსულიყო იგი ჩვენთან”, და ეს მართლაც შეიძლება მომხდარიყო. ზოგიერთი თანამზრახველი ხომ მანამდე წავიდა მილიციაში და შეთქმულება ასე გამოაშკარავდა.

როგორ უნდა დაეჭირათ ბრალდებულებს თავი მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით იხილეს ჩადენილი დანაშაულების მამხილებელი ერთობ დამაჯერებელი საგამოძიებო მასალები? ისინი განწირულნი იყვნენ, მიუხედავად იმისა, აღიარებდნენ თუ არა დანაშაულს. თუ აღიარებდნენ, შეიძლება შეწყალების იმედის ნაპერწკალი გასჩენოდათ. უხეშად რომ ვთქვათ დანაშაულის არ აღიარების შემთხვევაში ისინი ასი პროცენტით იყვნენ განწირულნი სასიკვდილოდ, აღიარების შემთხვევაში კი _ 99 პროცენტით, ისინი შინაგანი მრწამსით არ ეწინააღმდეგებოდნენ აღიარებას, მაშ, რატომ არ უნდა გამომტყდარიყვნენ დანაშაულში? მათი უკანასკნელი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ნამდვილად ჰქონდათ ასეთი მოსაზრება. 17 ბრალდებულიდან 12-მა სასამართლოს სთხოვა, განაჩენის გამოტანისას დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად გაეთვალისწინებინათ მათი აღიარება.

მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, ამის მიზეზი უნდა მოიძებნოს სტალინის გამანადგურებელ დესპოტიზმსა და ტერორისგან განცდილ სიხარულშიო. არასრულფასოვნებით, ძალაუფლების სიყვარულითა და შურისძიებით შეპყრობილი სტალინი ანადგურებს ყველას, ვისაც კი ოდესმე შეურაცხუყვია და გზიდან იცილებს მათ, ვინც მისთვის სახიფათო ხდებაო.

მსგავსი ლაპარაკი მოწმობს სწორი განსჯის უქონლობას. საკმარისია, წაიკითხოთ სტალინის ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი სიტყვა, გაიხსენოთ აღმშენებლობისთვის განხორციელებული მისი ნებისმიერი ღონისძიება და მაშინვე ნათელი გახდება, რომ ამ ჭკვიან, წინდახედულ ადამიანს არ შეეძლო ჩაედინა შემზარავი სისულელე _ მრავალი თანამონაწილის დახმარებით დაედგა ასეთი უხეში კომედია ერთადერთი მიზნით _ თავისი გამარჯვება წაქცეულ მოწინააღმდეგეზე ბენგალიური მაშხალების შუქზე აღენიშნა.

მზარდ დემოკრატიზაციას, კერძოდ, ახალი კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებას ტროცკისტებში უნდა გამოეწვია აქტიურობის ახალი აღმავლობა და მოქმედებისა და აგიტაციის დიდი თავისუფლების იმედი აღეძრა. მთავრობამ დროულად გამოაცხადა მტკიცე გადაწყვეტილება _ ჩანასახშივე მოესპო ტროცკისტული მოძრაობის ყოველგვარი გამოვლინება, მაგრამ მთავარი მიზეზი, რომელმაც უბიძგა საბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელებს, სასამართლო პროცესი ჩაეტარებინათ მასმედიის თვალწინ, ეს იყო მოსალოდნელი ომის საფრთხე. ადრე ტროცკისტები ნაკლებ სახიფათონი იყვნენ, მათთვის შეიძლებოდა ეპატიებინათ, უარეს შემთხვევაში _ გადაასახლებდნენ, მაგრამ გადასახლება მაინც არ იყო ძალიან ქმედითი საშუალება. სტალინმა, რომელიც შვიდჯერ იყო გადასახლებული და იქიდან ექვსჯერ გამოქცეული, ეს კარგად იცოდა. ახლა, უშუალოდ ომის წინ, არ შეიძლებოდა გულჩვილობის გამოჩენა. განხეთქილებას და ფრაქციულობას, რომლებსაც არ ჰქონდა სერიოზული მნიშვნელობა მშვიდობიანობის პერიოდში, ომის პირობებში შეიძლება უდიდესი საფრთხე შეექმნა. კიროვის მკვლელობის შემდეგ, ტროცკისტების საქმეებს საბჭოთა კავშირში არჩევენ სამხედრო სასამართლოები. საბჭოთა კავშირში ეს პროცესები არავის გაჰკვირვებია. ზინოვიევის პროცესით გამოწვეულ შთაბეჭდილებას არ შეუშინებია საბჭოთა იუსტიცია. მას ასევე არ შეშინებია მეორე ტროცკისტული პროცესის დანიშვნის. ომის წინ საკუთარი სახლის ამ საჯარო წმენდით შინაპოლიტიკურ ცხოვრებაში მოტანილი სარგებელი გაცილებით აანაზღაურებდა უცხოელი უავტორიტეტო კრიტიკოსების თვალში საბჭოთა კავშირის პრესტიჟის შესაძლო დაცემას.

საზღვარგარეთის გუნება-განწყობილებაზე საბჭოთა კავშირი ილუზიებს არ იქმნის. საბჭოთა ადამიანები ამტკიცებენ, მხოლოდ წითელმა არმიამ დაიცვა მსოფლიო დიდი ფაშისტური ომის აფეთქებისგან, რომლითაც ცივილიზაცია იხსნა ბარბაროსებისგანო; მხოლოდ საბჭოური შეიარაღების, მხოლოდ წითელი არმიის არსებობის ფასად და ეს შესანიშნავად იციან საბჭოთა ადამიანებმა. ეგრეთ წოდებულმა დასავლელმა დემოკრატებმა კონტაქტი საბჭოთა კავშირთან მხოლოდ თავიანთი სისუსტის გამო დაამყარეს. მათ ეს ურთიერთობა უხალისოდ წამოიწყეს და ახლა, როდესაც დასავლეთის დემოკრატიის ხელმძღვანელებმა, ბოლოს და ბოლოს, თავიანთი გაუთავებელი ლაპარაკით შეძლეს დაერწმუნებინათ პარლამენტი და საზოგადოებრივი აზრი საკუთარი შეიარაღების აუცილებლობაში, უფრო ნაკლებად, ვიდრე წინათ, მალავენ თავიანთ ანტიპათიას საბჭოთა სახელმწიფოსადმი. საბჭოთა მოქალაქეები ის რეალური პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც არ გაჰკვირვებიათ ტროცკისტულ პროცესებზე უცხოეთის რეაქცია.

თავის ბოლო სიტყვაში რადეკი იმაზე ლაპარაკობდა, ორთვე-ნახევრის განმავლობაში როგორ აიძულებდა გამომძიებელს, მისგან ამოეძრო აღიარების თითოეული სიტყვა და როგორ უჭირდათ მასთან ურთიერთობა დაკითხვებისას. “მე კი არ მაწამებდა გამომძიებელი, _ თქვა მან, _ არამედ მე ვაწამებდი მას”. ზოგიერთმა ინგლისურმა გაზეთმა რადეკის ეს განცხადება პირველ გვერდზე მოათავსა სათაურით “რადეკი წამებაში”. მგონი, მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი მოსკოვში, რომელიც გააოცა ამ წერილმა. ბევრი დასავლელი ინტელიგენტის დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის მიმართ მე ვთვლი სიბეცედ და უკადრისობად. ისინი ვერ ხედავენ საბჭოთა კავშირის მიერ მიღწეულ ისტორიულ წარმატებებს. არ სურთ, შეიგნონ, რომ ისტორიას ვერ შექმნი სუფთა ხელებით. მოწინააღმდეგეებს მილიმეტრის სიზუსტით სურთ, გაზომონ საბჭოთა კავშირში არსებული თავისუფლება და დემოკრატია. როგორი გონივრული და ჰუმანურიც უნდა იყოს საბჭოთა ქვეყნის მიზნები, საბჭოთა კავშირის მიერ გამოყენებული საშუალებების კრიტიკისას დასავლელი ინტელიგენტები უკიდურესად მკაცრნი არიან. მათთვის ამ შემთხვევაში მიზანი კი არ აკეთილშობილებს საშუალებებს, არამედ საშუალებები ბღალავენ მიზნებს.

პასუხისმგებლობის მქონე თითოეული მწერლის წინაშე ამჟამად ეს პრობლემა შემდეგნაირად დგას: რადგან დროებითი ცვლილებების შეტანის გარეშე იმაში, რასაც დღეს დემოკრატიას უწოდებენ, სოციალისტური მეურნეობა ვერ აშენდება, გადაწყვიტე, რას აირჩევ _ იმას, რომ ხალხს ჰქონდეს ნაკლები ხორცი, პური და კარაქი, სამაგიეროდ, იყოს სიტყვის დიდი თავისუფლება; თუ იმას, რომ იყოს სიტყვის ნაკლები თავისუფლება, სამაგიეროდ, ხალხს ჰქონდეს მეტი პური, ხორცი და კარაქი? პასუხისმგებლობის მქონე მწერლისთვის ეს იოლად მოსაგვარებელი პრობლემა არ არის.

საბჭოთა კავშირის გაკრიტიკება ძნელი არ არის. საბჭოთა კავშირში არის სხვადასხვა სახის უწესრიგობა. მათ ადვილად აღმოაჩენთ, თუმცა ამას თვითონაც არ მალავენ. მართალია, ევროპიდან ჩამოსული უცხოელისთვის მოსკოვში ცხოვრება სულაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ ის, ვინც ხაზს უსვამს საბჭოთა კავშირის ხარვეზებს და ვერ ხედავს იმ უზარმაზარ საქმეებს, რომლებიც აქ შეიძლება იხილოს, უფრო საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, ვიდრე საბჭოთა კავშირს. იგი იმ კრიტიკოსს ჰგავს, რომელიც გენიალურ პოემაში, უწინარესად, არასწორად დასმულ სასვენ ნიშნებს ამჩნევს. შექსპირის წაკითხვის შემდეგ გერმანელებმა მასზე თქვეს: “სუსტად სცოდნია ლათინური, ხოლო ბერძნულისა არაფერი გაეგება”.

საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ აქვს გადაუჭრელი პრობლემები, მაგრამ, რაც თქვა გოეთემ ადამიანზე, შეიძლება მიესადაგოს სახელმწიფო ორგანიზმსაც: “დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა ჩვენ ყოველთვის გვატყვევებს; ჩავწვდებით რა მის ღირსებას, ყურადღების მიღმა ვტოვებთ იმას, რაც მასში საეჭვოდ მიგვაჩნია”.

ჰაერი, რომლითაც დასავლეთში სუნთქავენ, მოწამლულია. დასავლეთის ცივილიზაციას აღარ შერჩა სინათლე და გამბედაობა. იქ ვერ ბედავენ მოძალებული ბარბაროსებისგან თავდაცვას მუშტით ან და მჭექარე სიტყვით. ამას აკეთებენ გაუბედავად, გაურკვეველი ჟესტებით; ცნობილი მოღვაწეები ფაშიზმის წინააღმდეგ დათაფლული სიტყვებით გამოდიან. ზიზღი ეუფლება კაცს იმის ხილვაზე, როდესაც პასუხისმგებელი პირები, მტკიცე გამოსვლების მაგივრად, პირმოთნეობენ და შიშით რეაგირებენ ესპანეთის რესპუბლიკაზე ფაშისტების თავდასხმების გამო.

როდესაც ამ ყალბი დემოკრატიისა და ჰუმანურობის დამთრგუნველი პირმოთნეობის ატმოსფეროდან ადამიანი საბჭოთა ქვეყნის სუფთა ჰაერზე ხვდება, სუნთქვა უადვილდება. აქ თავს არ აფარებენ მისტიკურ-გაფუყულ ფრაზებს, აქ ბატონობს გონივრული ეთიკა. მხოლოდ ამ ეთიკური საზრიანობით განისაზღვრება გეგმა, რომლითაც შენდება საბჭოთა კავშირი. მეთოდიც, რომლის მიხედვითაც ისინი იქ აშენებენ, და მასალაც, რომელსაც ამ მშენებლობისთვის იყენებენ, აბსოლუტურად ახალია, მაგრამ ექსპერიმენტების დრო მათ უკვე გაიარეს. ირგვლივ კვლავ მიმობნეულია ნაგავი, ჭუჭყი, მაგრამ უკვე ნათლად იკვეთება მძლავრი შენობის კონტურები. ეს ნამდვილი ბაბილონის გოდოლია, მაგრამ გოდოლი, რომელიც ადამიანებს კი არ აახლოებს ზეცასთან, არამედ ზეცას _ ადამიანებთან. ბედნიერება ხელს უმართავს მათ მუშაობაში; მისმა მშენებლებმა ერთმანეთში არ აურიეს თავიანთი ენები. ერთმანეთისა მათ კარგად ესმით.

ერთი სიამოვნებაა, როდესაც დასავლური არასრულყოფილების შემდეგ ისეთ ქმნილებას იხილავთ, რომელზეც მთელი სულითა და გულით იტყვით: დიახ, დიახ, დიახ! და ვინაიდან უწესობად მიმაჩნდა, დამემალა ეს “დიახ” ჩემს გულში, ამიტომაც დავწერე ეს წიგნი”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here