Home რუბრიკები საზოგადოება აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა: აფხაზები არ ისარგებლებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა: აფხაზები არ ისარგებლებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით

ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროპარლამენტის დღევანდელ, 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებას და ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეებისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც „ნეტგაზეთი” ავრცელებს.

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრი საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არ შეეხება”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში, აფხაზური მხარე, კერძოდ, საგარეო უწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას აფხაზეთის მოქალაქეების საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართვის თბილისის მორიგ მცდელობად აფასებს.

„ე.წ. ნეიტრალური პასპორტების გეგმის ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სატყუარა გამოიყენოს ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სახით. უდაოდ, თბილისის ეს ახალი მცდელობა განწირულია ჩასავარდნად. თუკი საქართველოს ხელმძღვანელობა გულწრფელად ღელავს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების საკითხზე, უარი უნდა თქვას საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკისგან, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ეუბნებიან”.

აფხაზური მხარე აქვე, ევროპულ სტუქტურებსაც მოუწოდებს, უარი თქვან ქართული მხარის პოლიტიკის მხარდაჭერისგან და დეიზოლაციის მიმართულებით რეალური ზომები მიიღონ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხმა მისცა 553-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 66, ხოლო თავი შეიკავა 28 დეპუტატმა.

აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის გამოყენებაზე დღესვე განცახდებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here