პოლიტიკიდან შორს ვერსად წასულმა და აქვე, შორიახლოს მიმალულმა ყოფილმა პირველმა რესპუბლიკელმა, ასევე საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მაგრამ ჯერ ისევ დავით უსუფაშვილმა, კიდევ ერთელ შეახსენა თავი ქართველ საზოგადოებას. როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიისა თუ კოალიციისთვის საჭირო შეიქნა, რომ უსუფაშვილის სახელი ისევ ამოტივტივებულიყო ქართულ მედიაში. საამისოდ კი უკეთესი თემა ვერ მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ კვლავ საქართველოს კონსტიტუციაში ჩასაწერ სისულელეზე დაეწყოთ საუბარი.
პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. აბა, სხვა რით შეიძლება შეახსენოს თავი საზოგადოებას დავით უსუფაშვილის მსგავსმა, “არც თევზი და არც ხორცი” რომ არის, ისეთმა პოლიტიკოსმა? მარიხუანის საჯაროდ დათესვა არც მის ხასიათს უხდება და არც იმიჯს. უეცრად ვერც წივილ-კივილს ატეხს პოლიტიკოსი, რომელსაც თვით დიადმა ბიძინამაც კი “ყველაზე დინჯის” სტატუსი უწყალობა. რაღა დარჩა? _ სწორედ “უდინჯესი” სპეკულაცია ქვეყნის საგარეო კურსით, აქაოდა, ჩემს მეტს არავის ენაღვლება ჩვენი სახელმწიფოს ძალიან თავისუფალი და დემოკრატიული ბედ-იღბალიო. აი, სწორედ ასეთი “სოუსით” დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ მოითხოვა, საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწეროთ ფრაზა: “საქართველოს არის სახელმწიფო, რომელიც მუდამ მიისწრაფვის ევროალტანტიკური სივრცისკენ”. შესაძლოა სხვა ფორმულირებაც, მაგრამ მთავარია, ძირითადი აზრი ეს იყოსო, _ დაგვარიგა ყოფილმა რესპუბლიკელმა.
ალბათ, წამოცდენა იყო, მაგრამ მაინც საგულისხმოა ამ ფრაზიდან ამოკრეფილი სიტყვები: “მუდამ” და “მიისწრაფვის”. თუ კარგად ჩავუღრმავდებით, საქართველო გამოდის სახელმწიფო, რომელიც მუდამ მხოლოდ მიისწრაფვის ევროატლანტკური სივრცისკენ, მაგრამ იქ ვერასოდეს მოხვდება. თუ უსუფაშვილის წინადადებას ასე შევხედავთ, მაშინ შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა!
თუკი საქართველოს ეგ ბედი უწერია, რომ მას ამიერიდან ქვეყნიერების აღსასრულის დღემდე სულ ასეთი შტერები უნდა მართავდნენ და სულ ამერიკის ელჩის წარბის აწევაზე დამოკიდებული ხელისუფლება უნდა გვყავდეს, ფაქტია, მართლაც რეალურად ვიქნებით ქვეყანა, რომელიც “მუდამ მიისწრაფვის” ევროატლანტიკური სივრცისკენ და მას არასოდეს იღებენ იქ.
ასეთი მდგომარეობა უკვე იმდენი ხანია, გრძელდება, რომ კიდევ რამდენიმე წელიც და ჩვენთვის ეს სავსებით ბუნებრივი მდგომარეობა გახდება. აი ამ “მუდმივი სწრაფვის” გარეშე აშკარად ცუდად გავხდებით და თავბრუსხვევა და გულყრები დაგვეწყება.
მართალია, გასულ კვირაში, ცოტა არ იყოს, შეგვაშინა ყოფილმა “თავისუფალმა დემოკრატმა”, მაგრამ საბოლოოდ ბიძინას ფულით “შებოჭილმა” ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ როცა განაცხადა, _ დარწმუნებით გეუბნებით, რომ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის უფლებას გაზაფხულზე მიიღებსო! _ თითქოს “საშიშროება” შეიქმნა იმისა, რომ ჩვენთვის ჩვეული მუდმივი სწრაფვის რეჟიმი დაირღვეოდა, მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდებით ბატონი მინისტრის განცხადებას, აშკარად შევამჩნევთ, რომ მას სულაც არ დაუკონკრეტებია, რომელი წლის გაზაფხულზე დავიწყებთ სარგებლობას ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით. ასე რომ, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, წინ კიდევ ბევრი გაზაფხულია და მუდმივი სწრაფვაც თუნდაც 2097 წლის გაზაფხულამდე შეგვიძლია განვაგრძოთ.
აკი, აგერ უკვე ჩვენი თანამშრომლობაც ნატოსთან ისეთი “ღრმა და ყოვლისმომცველია”, რომ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის უახლოეს სამიტზე, უბრალოდ, დასწრების უფლებასაც კი აღარ გვაძლევენ.
არ გვიყვარს ქართველებს ეს ვადების დათქმა და დროის დაზუსტება. ალბათ, ამიტომ არც ჭეშმარიტ ქართველს, დავით უსუფაშვილს, დაუზუსტებია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილმა იმ ფრაზამ, რომ საქართველო მუდამ უნდა ისწრაფვოდეს ევროატლანტიკური სივრცისკენ, როდემდე, რომელ წლამდე, რა ვითარებამდე უნდა იმოქმედოს.
მსოფლიო პოლიტიკა, მით უფრო, ოცდამეერთე საუკუნეში, ლამის ყოველ საათში იცვლება და სულაც არ არის მოულოდნელი, ასე, 80 ან 120 წელიწადში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რომ დაიშალოს ან მასში შემავალი 26 ქვეყნიდან თუნდაც ნახევარმა უარი თქვას იქ დარჩენაზე და ამ ალიანსიდან გავიდეს.
ან კიდევ უარესი: დავუშვათ, ევროპაში ისეთი საშინელება მოხდა, როგორიც აგერ, ამ სამი მეოთხედი საუკუნის წინათ _ როცა ევროპის ქვეყნების ხელისუფლებაში დიქტატორი, ფაშისტი, რასისტი, კაციჭამია მოვიდა და ევროპა მთლიანად ან მისი დიდი ნაწილი შავ-ბნელი ძალების თავშესაფრად იქცა.
მერე?
ჩვენ, გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციიდან, მაინც “ევროატლანტიკური” გვიჭირავს?
კიდევ უფრო შორს წავიდეთ: მოხდა სასწაული და აღმოჩნდა, რომ რომელიმე უცხო პლანეტაზე არის სიცოცხლე და ისინი თავს დაგვესხნენ და დაიპყრეს დედამიწა! აღარ არსებობს არც ნატო, არც ევროკავშირი და არაფერი საერთოდ. რას ვაკეთებთ? ვერც ვერაფერს _ ჩვენ ხომ კონსტიუტუციაში გვიწერია, _ მაინც ევროატლანტიკური სივრცისკენ უნდა განვაგრძოთ სწრაფვა.
თუ დავაკვირდებით, აქ ერთგვარი “ქართული ხასიათის” შტრიხი კიდევ არის ჩადებული. ესაა სიზარმაცე!
დავანებოთ თავი ფანტასტიკას და რეალურად ვთქვათ: ნუთუ არ გვეზარება მსოფლიო პოლიტიკის ყოველი ცვლილებისას ახალ–ახალი საგარეო ვექტორების მოფიქრება, ახალი მსოფლიო რეალობის შესაბამისი ლავირება? აგერ, ძმაო, გვეწერება კონსტიტუციაში პირდაპირ: ჩვენ მივისწრაფვით ევროატლანტიკური სივრცისკენო და მორჩა! წამოწექი მხართეძოზე და გადაბრუნდი კედლისკენ! თავი იმ ქვეყნებმა იმტვრიონ, რომლებსაც ეს ასე გარკვევით არ უწერიათ კონსტიტუციაში და ნებისმიერ ახალ მსოფლიო გამოწვევას უნდა შეუთანხმონ, შეუწყონ, შეუსაბამონ თავიანთი საგარეო კურსი და ცვალონ და ცვალონ ვექტორების მიმართულება თუნდაც სულ მცირე გრადუსებით. აუ, მეტი საქმე არ გვაქვს! ამდენ ხათაბალას არ ჯობია, ჩაწერე ამ დალოცვილ კონსტიტუციაში და ეგაა?! დაისვენე რა!
აბა, კარგად დაუკვირდით, მართლაც არ არის ურიგო. ეგ კი არა, ჩემი ნება რომ იყოს, კიდევ ბევრ რაღაცას ჩავწერდი საქართველოს კონსტიტუციაში ისეთს, რის გამოც თავ-პირს ვალეწავთ ერთმანეთს საშინაო და საგარეო მიმართულებითაც.
მართლაც და, მაგის დედაც არ ვატირე?! ავიღოთ და, საერთოდ, ყველაფერი ჩავწეროთ ამ დალოცვილ კონსტიტუციაში, ყველაფერი რაც “გაგვისწორდება” და დავისვენოთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ!
აი, მაგალითად, ხომ ცნობილია, რომ დიდი ხანია, საზოგადოების ნაწილი ითხოვს, კონსტიტუციაში “ოჯახის სტატუსიც” განისაზღვროს, ანუ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ “ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და არანაირ სხვა კავშირს ოჯახი არ დაერქმევა”.
თუმცა, როგორც უსუფაშვილის ინიციატივას, ისე ამ უკანასკნელსაც ჰყავს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ამასთანავე, ამის კონსტიტუციაში ჩაწერას კიდევ საპარლამენტო განხილვები სჭირდება და ათასი უბედურება. მე თუ დამიჯერებთ, მთელი ეს აჟიოტაჟი საჭირო არ არის. კონსტიტუცია უნდა ვაქციოთ საერთო–სახალხო დოკუმენტად და მასში ყველამ ის ჩაწეროს, რაც გაუხარდება. ბოლოს კი ავიღოთ ეს ჩვენი კონსტიტუცია და, ვისაც არ დაგვეზარება, წავიკითხოთ! ეგაა სულ.
თუ გახსოვთ, საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დაწესებულებაში იდო “შთაბეჭდილებების წიგნი”. ნებისმიერ სტუმარს შეეძლო ჩაეწერა მასში თავისი სურვილები, აზრები, შთაბეჭდილებები ამ დაწესებულების შესახებ. აი, ზუსტად ეგრე უნდა გავაკეთოთ _ დავდოთ ეს ჩვენი კონსტიტუცია სადმე, ყველასთვის გამოსაჩენ და ხელმისაწვდომ ადგილას და, ვისაც მოუნდება, მივიდეს იქ, ჩაწეროს, რაც უნდა. აღარც ჩხუბი იქნება მერე, აღარც _ კამათი და აღარც _ ერთმანეთის დაჭმა.
გასაგებია, რომ ვიღაც იკითხავს _ მერე კანონიო? მერე სახელმწიფოებრიობაო? მერე სერიოზულობაო?
კი, მაგრამ, უამისოდ ხედავთ სადმე კანონს, სახელმწიფოებრიობასა და სერიოზულობას? რომელ ხელისუფლებასაც როგორც მოეპრიანება, ამ ჩვენს კონსტიტუციას ისედაც ისე ცვლის. უკვე იმდენი ცვლილებაა შეტანილი, ალბათ, საწყალი კონსტიტუცია, სარკეში რომ ჩაიხედოს, საკუთარ თავს ვეღარც იცნობს.
მაშ, რაღა აზრი აქვს იმას, რომ ამ დოკუმენტს ქვეყნის მთავარი კანონი _ კონსტიტუცია ჰქვია?!
და, თუ მაინცდამაინც გვინდა, როგორმე მოვუფრთხილდეთ ჩვენს მრავალტანჯულ კონსტიტუციას, გადავარჩინოთ “გაუპატიურებებისგან”, ცვლილებებისგან, გაგლეჯვისა და გამოგლეჯვისგან, საამისოდ არსებობს ერთადერთი გზა (ისევ და ისევ ქართული ხასიათის გათვალისწინებით), საჭიროა სულ მარტივი რამ: ნაცვლად იმ ფრაზებისა, რომელთა კონსტიტუციაში ჩაწერასაც ითხოვს დავით უსუფაშვილი ან კიდევ ვინმე სხვა, კონსტიტუციას ბოლოში მივაწეროთ ფრაზა: “ვინც აწი ეს შეცვალოს, იმის დედაც…”
ბაკურ სვანიძე
ჩემი სათქმელი თქვი ძალიან ლამაზად და მოსწრებულად
ერთი ამ მსუქან უსუფაშვილს ჰკითხეთ, ევროკავშირს რომ შეეშალოს და მიგვიღოს თავის წევრად, მაშინ სიტყვას \\\”მიისწრაფის\\\” ვეღარ დავტოვებთ და კონსტიტუცია ისევ შესაცვლელი გახდება. დავითი და თინა ქართველების \\\” საამაყო\\\” და \\\”დიდი\\\” პიროვნებებია, რომლებმაც უნდა \\\”გადაარჩინონ\\\” საქართველო.