Home რუბრიკები საზოგადოება რას ფიქრობენ ექსპერტები საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე?!

რას ფიქრობენ ექსპერტები საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე?!

490

დღესდღეობით დასავლეთში მიმდინარე ძირეული პოლიტიკური გარდაქმნების ფონზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივა დღითიდღე სულ უფრო სათუო ხდება. ყოფილი თუ მოქმედი ევროპელი მაღალჩინოსნები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ვერც ნატო და ვერც ევროკავშირი, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, ღია კარის პოლიტიკას ვერ შეინარჩუნებს. პარალელურად კეთდება განცხადებები რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ინგლისის, გერმანიის საფრანგეთის და სხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამას უკვე ერთგვარ პრიორიტეტადაც ისახავენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებში კორექტივების შეტანას არ ჩქარობს. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარდაქმნებისა ამერიკასა თუ ევროპაში, ცალსახა პროდასავლური კურსი უცვლელად და განუხრელად ნარჩუნდება.

რა ელის საქართველოს ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში, რა ცვლილებებია საჭირო ქვეყანაში და რამდენად არის მზად ამისთვის არსებული ხელისუფლება, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ექსპერტებს დაუკავშირდა:

ჰამლეტ ჭიპაშვილი:- იქიდან გამომდინარე, რასაც დღეს ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი აცხადებს და არა მარტო აცხადებს, უკვე საქმეზეც გადავიდა, აშკარაა, რომ მისი დამოკიდებულება კავშირებისა და გაერთიანებებისადმი ძალიან ნეგატიურია. ყოველ შემთხვევაში, ის თვლის, რომ ამერიკას უნდა ჰქონდეს არა რამე კავშირთან ურთიერთობა, არამედ ცალკეულ ქვეყნებთან ერთი-ერთზე. ახლა ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე რაღაც კავშირებისა და გაერთიანებების დრო წარსულს ბარდება.

რაც შეეხება საქართველოს, თუ კი ევროკავშირი ევროპელებს არ სჭირდებათ და მიაჩნიათ, რომ იგი უნდა დაიშალოს, თუ კი ამერიკის პრეზიდენტის მიდგომა ნატოს მიმართ კარდინალურად იცვლება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ძირეულად აქვს პოლიტიკა შესაცვლელი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული ტრაფარეტულად რაღაც კლიშეებზე და საერთოდ, საქართველოს ხელისუფლება ახლა მაინც უნდა მიხვდეს, რომ რუსეთის ლანძღვას ჩვენთვის კარგი არაფერი მოჰყვება; ამ მხრივ სერიოზული საფიქრალი გვაქვს და სანამ გადავიდოდეთ ამ ფიქრზე, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ როგორმე თავი შევიკაოთ მოსკოვთან ღია დაპირისპირებისგან. იმ პროცესების ფონზე, რაც დღეს მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარეობს, არ არის გამორიცხული, მარტო დარჩენილ ქვეყანას ვიღაცამ კორტნა დაუწყოს და ასეთ შემთხვევაში ერთადერთი ქვეყანა, მართლმადიდებლური, რომელიც ჩვენ დაგვიცავს, რუსეთია. სხვა ასეთი ძალა, არც მეზობლებში და არც მის ფარგლებს გარეთ არ მეგულება…

გულბაათ რცხილაძე:- რომც არ მომხდარიყო პოლიტიკური ცვლილებები დასავლეთში, საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა მაინც სერიოზული კითხვისნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ დღეს ჩვენ საერთოდ ამოვარდნილი ვართ მსოფლიო პოლიტიკური კონიუქტურიდან. მით უფრო სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ის მდგომარეობა, რომ ხალხი, რომელიც ადრე ამერიკას მთავარ სტრატეგიულ პარტნორად აცხადებდა, დღეს დგას და სწორედ ამერიკას ლანძღავს. ვფირქობ, ხელისუფლება თანდათან უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, თუმცა დღევანდელ ხელძღვანელობაში მსგავსი სახელმწიფოებრივი აზროვნების ადამიანებს ნაკლებად ვხედავ. დღეს ჩვენ სათავეში გვიზის ევროპასა და ამერიკაში ორ კვირიან სემინარებზე მომზადებული ხალხი, რომელსაც არ აქვს არც სათანადო განათლება და არც გამოცდილება; ისინი ვერ უძღვებიან სახელმწიფოს ისე, როგორც უნდა გაუძღვენ და ცხადია, ეს ადამიანები უნდა მოშორდეს ხელისუფლებას. 

ზაზა შათირიშვილი:- ამერიკაში განვითარებული მოვლენების ფონზე თავისუფლების ხარისხი ძალიან გაიზარდა, არა მხოლოდ საქართველოსი, სხვა ქვეყნებისაც, თუმცა როგორ აისახება ეს პოლიტელიტაზე და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრზე, დრო გვიჩვენებს. ზოგადად, ტრამპის გამარჯვება ნიშნავს, რომ ე.წ. ლიბერალური პარადიგმა შეცვლილია და იწყება სერიოზული იდოლოგიური გარდაქმნა. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნეოლიბერალური უტოპია დამთავრდა და ახლა იწყება რაღაც სხვა. რა იქნება ეს, კონკრეტულად თქმა ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ ქრისტიანული პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალური უტოპია წავიდა, მოვიდა ადამიანი…

ვახტანგ მაისაია: – ერთი საკითხია, რომ დასავლეთში პოლიტიკური კონფიგურაცია იცვლება და ის ორიენტირები, რაც ადრე იყო, აღარ იქნება, მაგრამ არის ადგილობრივი პოლიტელიტის ფაქტორიც. რამდენად შეძლებს იგი ამ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას, დრო გვიჩვენებს, თუმცა ეს არ არის დროში ძალიან გაწელილი პროცესი, დღეს მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.

რაც შეეხება ტრამპს, მისი პოლიტიკა ბევრს მოსწონს და ეს გასაგებია, რადგან ის არის კონსერვატორი თავისი ხედვით და იდეოლოგიით. მისი ადმინისტრაციის პირობებში, რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიცვლება და ვფიქრობ, ჩვენ პირისპირ მოდგვიწევს დგომა იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც დღეს მაინც და მაინც შესაშური ურთიერთობა არ გვაქვს… აი, ამისთვის უნდა ემზადებოდეს დღეს ხელისუფლება და ეძებდეს გარკვეულ გზებს, რომ მერე არ აღმოჩნდეს დიდ გაუგებრობაში. მით უფრო, რომ აქ საუბარია ქვეყანის მომავალზე და არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე, აქ საქმე ეხება სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივას… 


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here