“მუსლიმური მასონობა” _ ასეა დასათაურებული ჟურნალისტ გლებ პროსტაკოვის მრავალმხრივ საინტერესო ნაშრომი, რომელიც ღრმად აანალიზებს ყოფილი იმამის _ ფეთჰულა გიულენის მოძღვრებას, მსოფლიოს ქვეყნებში მისეული პრინციპებით მოქმედი იდეოლოგიზებული საგანმანათლებლო ქსელის თავისებურებებს, რომელშიც საქართველოც ჩაითრიეს მსოფლიო ჰეგემონობის პრეტენზიის მქონე უცხოურმა და ყოფილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერისა და მისი ქვეშევრდომების ანტიეროვნულმა ძალებმა. ჩვენი პუბლიკაცია ამ წიგნის ავტორისა და სხვა სპეციალისტების კვლევითი შედეგების საგაზეთო მიმოხილვის სახელდახელო მცდელობაა.
გიულენი და გიული _ ეს თურქული გვარი და სახელი უცნაური გაუგებრობით არის ერთმანეთთან დაკავშირებული საქართველოს უახლეს ისტორიაში: ფეთჰულა გიულენი და გიული ალასანია _ პირველის მიერ შექმნილი განათლების ქსელით მსოფლიო ორბიტაზე ჩვენი ქვეყნის ერთობლივად (პრეზიდენტი შვილის ხელშეწყობით) გაყვანის მცდელობით.
ქართული პრესა ამაზე თითქოს წერდა კიდეც, მაგრამ მალევე დაეკარგა ინტერესი.
ფეთჰულა გიულენი ჩვენს მედიაში 2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე პრაქტიკულად არავის უხსენებია. არც ვიცოდით, არც დავინტერესებულვართ: უიმისოდაც საკმაოდ არიან ყურადღების ღირსი მოღვაწენი, მათ შორის, იმამებიც.
თურქეთიდან აშშ-ში მისი დევნილობაც ვერ იქნებოდა ამ პიროვნებისადმი მასობრივი ცნობისმოყვარეობის გაჩენის საბაბი.
ჩვენ რა, თურქეთში ყველას პირზე ეკერაო მისი სახელი, _ ვერავინ იტყვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ სეილორსბურგში 1999 წლიდან თავშეფარებული ღვთისმეტყველი თურქეთში გაცუდებული პუტჩის ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად გამოაცხადეს, მისი სახელი და გვარი არ ჩამოსულა მსოფლიო პრესის ფურცლებიდან.
რატომ?
ვინ არის ფედჰულა გიულენი? _ ჰუმანისტი, რომელმაც ცივილიზაციების დაპირისპირების თეორიის საწინააღმდეგოდ წამოაყენა მათი დიალოგისა და ურთიერთშეღწევის იდეა; მოაზროვნე, რომლის ხედვას ისლამის არსზე მიიჩნევენ რეფორმაციად, ხოლო თვით ავტორს _ მარტინ ლუთერად? თუ ეს ადამიანი არის დასავლეთის საიდუმლო აგენტი, რომელიც მსოფლიოში აშშ–ის დომინირების იდეის მქადაგებელი და ერთგული მსახურია?
ამ შეკითხვებზე ეძებენ დასაბუთებულ პასუხს ანალიტიკოსები, რომლებიც აქტიურად დაინტერესდნენ ამ პიროვნებითა და მისი მოძღვრებით.
ურიგო არ იქნება, რომ ჩვენც, შეძლებისდაგვარად, მივყვეთ განსჯა-განხილვის მათეულ კვალს. მით უფრო, რომ თურქეთის საკითხი რჩება მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში _ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ორგანიზებული მასობრივი და საყოველთაო წმენდის მიუხედავად, ტერორისტული აქტივობა ამ ქვეყანაში არ ცხრება. 2017 წლის ათვლა ახალი წლის პირველივე ღამეს ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ კლუბში სისხლიანი ტერაქტით დაიწყო _ საახალწლო ზეიმის დროს “კალაშნიკოვებით” შეიარაღებულმა ტერორისტებმა, რომლებიც არაბულად ლაპარაკობდნენ, 39 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, 69 ჰოსპიტალიზებულია, 4 _ კრიტიკულ მდგომარეობაში.
19 დეკემბერს კი თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს…
აქ, ჩვენს ყურისძირში, გრძელდება ტერორიზმი, გრძელდება რეპრესიებიც და, მაშასადამე, დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზების ანალიზიც პრიორიტეტულ საკითხების რიგში პირველ ადგილზე რჩება.
თურქეთი გარკვეულწილად კურსს იცვლის და ეს მომენტი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი არ უნდა იყოს. თურქეთის პარლამენტში შეიტანეს ახალი კონსტიტუციის პროექტი და წლეულსვე მოაწყობენ საკონსტიტუციო რეფერენდუმს. შედეგად თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდება. ეს კი ნიშნავს, _ ერთხმად აღნიშნავენ ექსპერტები, _ რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ხელისუფლების სათავეში უმეტესად ისლამისტების მხარდაჭერით მივიდა, ბოლოს მოუღებს სამოქალაქო თურქეთის თითქმის საუკუნოვან ისტორიას, რომელსაც საფუძველი მუსტაფა ქემალ ათათურქმა ჩაუყარა…
გლებ პროსტაკოვი, ავტორი ნაშრომის “მუსლიმური მასონობა”, მიიჩნევს, რომ გიულენის მოძღვრებამ “შეიძლება დაშალოს მსოფლიო, ან თავიდან ააწყოს იგი”, ხოლო თურქეთისა და საერთაშორისო პოლიტიკის “ტექტონიკური ძვრების მაპროვოცირებელი არის ერთადერთი კაცი” _ ფეთჰულა გიულენი, თურქეთის 2016 წლის 16 ივლისის ამბოხის ბელადი, რუხი კარდინალი, რომელსაც ლამის მთელ მუსლიმურ სამყაროზე აქვს გავლენა.
ამას თითქმის ყველა აღიარებს, მაგრამ დღემდე ვერ გაურკვევიათ, ვისი ინტერესების განსახორციელებლად იღვწის ეს მოქალაქე _ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსი, მსოფლიო ისლამისა თუ საკუთარი.
სამაგიეროდ, ნათელია, რომ შეუმდგარმა პუტჩმა ერდოღანს მისცა კარტბლანში ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ღონისძიებების დასაწყებად.
პუტჩისტებზე გამარჯვებით ერდოღანმა “კოლოსალური მორალური უპირატესობა მოიპოვა თავის მოწინააღმდეგეებზე შინ თუ გარეთ. მან დემონსტრაციულად შეწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესი და უარი თქვა თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების მოთხოვნაზე, სათანამშრომლოდ ხელი გაუწოდა შანხაის ორგანიზაციას, რომლის წევრები არიან რუსეთი და ჩინეთი. შეურიგდა რუსეთს და ჩაერთო “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სირიაში მიმდინარე საომარ კამპანიაში”.
თურქეთის წინააღმდეგ მიმართული ტაქტიკა, როგორც ექსპერტები წერენ, “მაქსიმალურად პერსონიფიცირებულია და მისი სახელია ფეთჰულა გიულენი. ერდოღანმა საჯაროდ და ოფიციალურად მოსთხოვა ვაშინგტონს გიულენის თურქეთისთვის გადაცემა. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ფეხს ითრევს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას დადებული აქვს ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიციას დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლის, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია.
აქ ერთი მომენტის ხაზგასმაა, მგონი, აუცილებელი: ერდოღანმა ისიც კი განაცხადა, რომ გიულენის სტრუქტურები ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდნენო.
ესეც ერთ რამედ ღირს!..
თურქეთში გადატრიალების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებები ერთ შემთხვევაში განსაკუთრებულ სპეციფიკურ ვითარებას აწყდება. ერდოღანი იურიდიულად ვერ ახერხებს გიულენის მიერ დაარსებული მოძრაობის _ “ჰიზმეთის” (“მსახურების”) აკრძალვას. საქმე ის არის, რომ ამ მოძრაობას არ აქვს ფორმალური სტრუქტურა, უჯრედები, დაწერილი კოდექსი და მავანის მიკუთვნება ამ ორგანიზაციისთვის პრაქტიკულად გამოკვეთილი არ არის. “იგი (ეს მოძრაობა) შექმნილია განათლების, სამეცნიერო და რელიგიური დოქტრინის შეპირაპირებაზე”. მისი წევრებისა და აგენტების შემაკავშირებელი ქვეყანაში თუ მის საზღვრებს მიღმა არის ადამიანური ერთგულება და მადლიერების განცდა.
გიულენის მიერ შექმნილი ქსელი სახელმწიფო ქსოვილში არის ჩაწნული, ამასთანავე, ისეთი დახვეწილი და მტკიცეა, რომ მისი ერთი დარტყმით მოშლა შეუძლებელია.
გიულენი საიდ ნურსის მიმდევარია _ ათათურქის თანამედროვისა და მისი მთავარი ოპონენტის. როგორც ცნობილია, მუსტაფა ქემალ ათათურქმა თურქეთის განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემები გაწმინდა “ისლამის მონობისგან”, რითაც უამრავი მომხრე შეიძინა, მაგრამ _ არც ნაკლები მოწინააღმდეგე, რომლებიც ნურსის გარშემო გაერთიანდნენ.
ისლამის მოდერნისტული მიმდინარეობა _ ასე შეიძლება დავახასიათოთ ნურსის მიერ შექმნილი მოძრაობა, რომელიც სალაფიტების კონსერვატიზმს, ალავიტებსა და ვაჰაბიტებს უპირისპირდება. ნურსიზმი გულისხმობს განათლებულობას, მისთვის უცხო არ არის პროგრესი და რელიგიური შემწყნარებლობა.
გიულენმა, _ გვეუბნებიან ექსპერტები, _ საიდ ნურსის მოძღვრება თავისი მსოფლმხედველობის ჭრილში გაატარა, გაათანამედროვა და უფრო მოქნილი და გამოყენებითი გახადა.
ასე შეიქმნა გიულენიზმი.
ყოფილი იმამი გიულენი 2016 წლის 16 ივლისის გადატრიალების არც წინ, არც პუტჩის დროს არსად გამოჩენილა, მაგრამ ყველამ, ვინც კი ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ მოვლენას, მოისმინა, რომ მაინცდამაინც იგი დაასახელა თურქეთის პრეზიდენტმა პუტჩის ორგანიზატორად. არმია კი მხოლოდ იარაღი აღმოჩნდა გიულენისტების ხელში, რომლებმაც მოახერხეს ამ მაქსიმალურად დაცულ სტრუქტურაში შეღწევა.
თურქეთის საზოგადოებრივი აზროვნების თავისებურებაში გარკვეული მეცნიერების დაკვირვებით, სამხედროები არიან ქვეყნის საერო მოწყობის დამცველები, მაგრამ, მათივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში “საეროობის იდეა, ისევე, როგორც ათათურქის ხატება, თანდათან იცრიცება და ამ რეალობას სამხედროებიც კი შეურიგდნენ” (ილგარ ველიზადე, აზერბაიჯანელი მეცნიერი).
ერდოღანის საშინაო პოლიტიკა სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული და მას (ერდოღანს) ხელი გიულენმა შეუწყო: “იმამ გიულენის მიერ ტელეეკრანებიდან ერთხელ წარმოთქმულმა სიტყვამ, იმამისა, რომელსაც ხელეწიფებოდა შეუერთებლის შეერთება, შეძლო ერთდროულად საერო ხელისუფალთა და ისლამისტთა მხარდაჭერის მოპოვება”.
პუტჩის წინა ხაზზე არმია გამოვიდა, მაგრამ, როგორც ვთქვით, ამბოხის ორგანიზატორად დასახელდა გიულენი და არა შეიარაღებული ძალების სარდლობა.
რატომ?
ამ შეკითხვას ექსპერტები ასე უპასუხებენ: არმიას შეუძლია ძალაუფლების ხელში აღება, მაგრამ ქვეყნის მენეჯერული მართვის რესურსი არ აქვს, ამიტომ სავარაუდოა, რომ ერდოღანის დამხობის შემდეგ სამხედროებთან შეთანხმებულ გიულენისტებს უნდა მიეტაცებინათ ძალაუფლება და ამ თვალსაზრისით 15-16 ივლისის მოვლენები თურქეთის ისტორიაში საბოლოო გადატრიალებად უნდა ასახულიყო.
“გიულენის დემონიზაცია ერდოღანის კიდევ ერთი გათვლილი ტაქტიკური სვლაა: გენერლებს რომ აპატიმრებს, იგი არმიის წინააღმდეგ კი არ გამოდის, რომელიც ჯერ კიდევ გავლენიან და საშიშ ძალად რჩება, არამედ ებრძვის გიულენისტებს არმიის რიგებში. მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის ლექტორების დაპატიმრებით იგი განსხვავებულად მოაზროვნეებს კი არ უპირისპირდება, არამედ გიულენიზმის კიბოს, რომელიც თურქეთს მეტასტაზებად მოედო”.
რატომ მიიჩნევს თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის უპირველეს მტრად მაინცდამაინც ერთ, ცალკე აღებულ მქადაგებელს და არა არმიას, რომელმაც გადატრიალების მოწყობა სცადა?
მიმომხილველები ამის მიზეზს გიულენის პიროვნულ თავისებურებაში ხედავენ. ღვთისმეტყველმა, რომელიც თავის დროზე სტამბოლის ქუჩებში უამრავ მსმენელს აგროვებდა, სახელი გაითქვა, როგორც შესანიშნავმა ორატორმა. მისი ემოციური გამოსვლები ქადაგებისა და არაჩვეულებრივი მსახიობური ნიჭის შერწყმით გამოირჩეოდა, ატყვევებდა უზარმაზარ აუდიტორიას. თურქეთში იგი სიბრძნის განსახიერებად, ხატად ჰყავდათ წარმოდგენილი.
“ერთხელ იგი თავისი მომხრეების წინაშე გამოდიოდა და ფორთოხალს მიირთმევდა, _ წერს აზერბაიჯანის ანალიტიკური ცენტრის _ “ატლასის” ხელმძღვანელი ელხან შაჰინოღლუ, _ ლაპარაკობდა და ფორთოხლის კანს ხალხში ისროდა. ადამიანები აგროვებდნენ მათ, შინ მიჰქონდათ და ინახავდნენ”, როგორც სიწმინდეს.
ყვებიან, რომ ამგვარი ამბები იშვიათი არ იყო.
მიმოხილვა მოამზადა არმაზ სანებლიძემ