Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

970

თურქი იქ ვარგა, სადაც დანგრევაა საჭირო

მოახლოებულმა ზამთარმა ქართველთა ლაშქრობა შეწყვიტა, თანაც ნაალაფარის სიმძიმის გამო სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს. ჯარი უკან დაბრუნებისას ქალაქ მიანას მიადგა და სარდალმა თავისი ხუთასკაციანი გარნიზონი მოიკითხა. მიანის მელიქმა, რომელიც ძღვენით შეეგება ქართული ჯარის სარდლობას, უპასუხა: “თავრეჟს წარვიდნენ მუნ დატოვებულთა მცველთა თანა”. ძალიან გაუკვირდათ ქართველებს, ბრძანების გარეშე გარნიზონის მიერ ქალაქის მიტოვება. ამ მომენტში გამოჩნდა ერთი ჯარისკაცი მიანაში დატოვებული ხუთასი მეომრიდან, რომელმაც აუწყა ქართველთ სარდლობას საშინელი სიმართლე: როდესაც ქართული არმია შუა ხორასანში იმყოფებოდა, ვიღაცას მიანას მელიქისთვის ამბავი მიუტანიადიდი სულთნისმიერ გილანელთა დახმარებით ქართველთა განადგურების შესახებ. ეს მელიქსა და მის დიდებულებს ძალიან გახარებიათ, მომენტით უსარგებლიათ _ მოულოდნელად ვერაგულად თავს დასხმიან ქართულ გარნიზონს და დაუტყვევებიათ. მერე კი ყველა დაუხოცავთ, მათ შორის ბევრი _ წამებით. ერთი მეომარი საქმეზე გასული ყოფილა და შემთხვევით გადარჩენილა და დამალულა. სწორედ ამ გადარჩენილმა ქართველმა მეომარმა უამბო ზაქარია ამირსპასალარს, როგორ აწამებდნენ ქართველებს მიანელები _ როგორ ხოცავდნენ, როგორ სვამდნენ ძელზე, როგორ გააძრეს ცოცხლად ტყავი ზოგიერთ დატყვევებულ ქართველს. ზაქარია მხარგრძელის ბრძანებით, მაშინვე შეიპყრეს მიანას მელიქი და ქალაქის თავკაცებთან და მკვლელთა ამალასთან ერთად იქვე დახოცეს, ქალაქი კი დაარბიეს და გაანადგურეს.

 უკან მობრუნებულმა ქართულმა არმიამ ხელახლა გაიარა ადარბადაგანზე. თავრიზის მცხოვრებნი დიდძალი ძღვენით შეხვდნენ, ხოლო როდესაც გადმოიარეს რახსი, ნახიჭევანი, მდიდარი ნადავლიდან წინასწარ უძვირფასესი აარჩიეს და თამარს გაუგზავნეს. თბილისი დიდი ზეიმით შეეგება ძლევამოსილ მხედრობას. გაეგება თამარიც. შეიყარა “დარბაზისერნიც”. მეფეთმეფის ტახტის წინაშე ყველანი “დასხდეს წესისაებრ”. გამარჯვებულებმა “მოიღეს არმაღანი ურიცხვი და დადეს მეფის წინაშე”. ლაშქრობიდან მოტანილი ალაფის მეშვეობით აღმოსავლეთის საგანძურით შეივსო საქართველოს სამეფო ხაზინა და ქვეყანა უაღრესად გამდიდრდა. ქველმოქმედმა მეფემ ნადავლის ნაწილი ღარიბებსა და გლახაკებს დაურიგა, ნაწილი კი _ მეომრებს. საქართველოს სამეფო კარის საგარეოპოლიტიკური კურსი აშკარად მიუთითებდა, რომ საქართველო პრეტენზიას აცხადებდა, დასუსტებული და დაშლილი ბიზანტიის ადგილი დაეკავებინა. მაგრამ ეს პროგრესული პროცესები თამარის სიკვდილმა შეაჩერა. სამწუხაროდ, მისი მემკვიდრე ლაშაგიორგი არ აღმოჩნდა ის ხელისუფალი, რომელიც დავით აღმაშენებლის დაწყებულ საქმეს დაასრულებდა.

 თამარის გარდაცვალებისთანავე საქართველოს ყმადნაფიცები განუდგნენ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც პირველი განძა აღმოჩნდა, რომელმაც ხარკის მოცემა შეგვიწყვიტა. ქართველთა პასუხმაც არ დაახანა და ქართული ჯარი განძასთან გაჩნდა, მისი მიმდებარე ტერიტორია ააოხრა, ქალაქს კი ალყა შემოარტყა. როგორც ჩანდა, ქართველთა სარდლობას ხანგრძლივი ალყით სურდა განძელთა წინააღმდეგობის გატეხვა, მაგრამ სხვა გეგმები ჰქონდა მეფეს _ ძალიან ეჩქარებოდა განძის აღება, ვინაიდან განძის ათაბაგს სხვა ყმადნაფიცებმაც მიბაძეს და საქართველოს განუდგნენ. ლაშა-გიორგიმ 4 ათასი მეომრით მიიტანა ქალაქზე იერიში. განძელებმა, იხილეს რა მეფე მცირე ამალით, გააღეს ალაყაფის კარი და ქართველთა მხედრობას ეკვეთნენ. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, სასტიკ ბრძოლაში განძელები დამარცხდნენ და ისევ ქალაქს შეაფარეს თავი. როდესაც მეფის დასახმარებლად ქართველთა ძირითადი ლაშქარი მოვიდა, ბრძოლა უკვე დასრულებული იყო.

 თუმცა ალყა კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს მაინც გატყდა განძის ათაბაგი და მეფე გიორგის მორჩილება გამოუცხადა. განდგომილთა “ჭკუაზე მოსაყვანად” ქართველებმა ლაშქრობა განაგრძეს და ნახიჭევნამდე მოარბიეს ყველაფერი.

მეორე წელს კიდევ ერთი დიდი ლაშქრობა მოეწყო განდგომილი ხლათისა და კარნუქალაქის ისევ დასამორჩილებლად. 1219 წლისთვის ყველა განდგომილი ყმადნაფიცი მუსლიმანური ქვეყანა შემოიმტკიცეს და დაიმორჩილეს. მაგრამ საქართველოს საფრთხეს რა გამოულევდა და იგი ამჯერად ჩრდილოეთიდან დაემუქრა. მონღოლთაგან შევიწროვებულმა ყივჩაღებმა დარუბანდის კარი გადმოლახეს და შირვანის მთა-ბარს მოედვნენ, პირველად ქალაქ ყაბალას მიაშურეს და ალყაში მოაქციეს. მისმა მმართველმა ყივჩაღთა მეთაურთან მოლაპარაკება გამართა და აღუთქვა: “მე ქართველთა მეფეს ვთხოვ, ძღვნად ძვირფასი ხალათები და ფული გამოგიგზავნოთო”. ეს, რასაკვირველია, დროის მოსაგებად იყო მოგონილი, ყივჩაღები ძღვენს რომ დაელოდებოდენ, სინამდვილეში ყაბალის დასახსნელად მისულ ქართველებს გამორჩებოდენ, მაგრამ არც ყივჩაღთა ბელადი იყო მიამიტი და, მან ყაბალის მიდამოების ძარცვა-რბევა განაგრძო, მერე, რაკი ყაბალის აღება ვერ შეძლო, სამხრეთისკენ დაიძრა ახალი სოფლებისა და ქალაქების გასაძარცვავად. ამ რბევაში განძას მიადგნენ. მისი ამირა ქუშხარა სიხარულით შეეგება მძარცველებს, მან ყივჩაღები ქირქუნის მიდამოებში დაასახლა კიდეც, მათთან კავშირით, ალბათ, ქართველთა მბრძანებლობისგან თავის დაღწევას ფიქრობდა, თანაც მომთაბარე, მძარცველ ურდოს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეეძლო და ყივჩაღები საძარცვავად საქართველოსკენ გამოემართნენ. მტერს ამირსპასალარი და ათაბაგი ივანე მხარგრძელი დაუხვდა, მაგრამ დამარცხდა და უკუიქცა. ქართველთა მოულოდნელი მარცხით გათამამებულმა ყივჩაღებმა ქუშხარა განძელის გამაფრთხილებელ რჩევას არ დაუჯერეს და ხელმეორედ წამოვიდნენ საქართველოსკენ. ამჯერად ქართველები შალვა ახალციხელის ხელმძღვანელობით შეებნენ მტერს და გაიმარჯვეს.

ყივჩაყთა ბელადი სიკვდილს ძლივს გადაურჩა და ქირქუნის ბანაკში შეიხიზნა. მან ქუშხარა განძელს კაცი მიუგზავნა, შეხვედრა და ქართველთა წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გამოსვლა სთხოვა, მაგრამ განძელმა თავი შორს დაიჭირა,_ ჩემი რჩევა არ დაიჯერეთ და, რაც დაგემართათ, თქვენს თავს დააბრალეთო. ისევ განაახლეს ყივჩაღებმა მუსლიმანი მოსახლეობის ძარცვა, მუსლიმებმაც იარაღი აიღეს ხელში, კვლავ გამოჩნდა შალვა ახალციხელი, ისევ დამარცხდენ ყივჩაღნი და უკუიქცნენ ჩრდილოეთისკენ. შალვამ მათ კვალში ჩაუყენა ქართველები და შირვანელები. აუარება ყივჩაღი გაწყვიტეს ან დაატყვევეს, შირვანისა და დარუბანდის ბაზრებზე ტყვე ყივჩაღი ჩალის ფასად იყიდებოდა.

1222 წლის სექტემბერში ქართველთა ჯარი შალვა ახალციხელის წინამძღოლობით თავს დაესხა ქალაქ ბაილაყანს, რომელსაც საქართველოს ტახტისაგან განდგომა განეზრახა. იმ პერიოდში მუსლიმანები ქართველებს ყველაზე კეთილ და შემწყნარებელ მტრებად თვლიდნენ, რაკი გამარჯვების შემდეგ მოსახლეობისგან მხოლოდ ხარკს იღებდნენ და ძარცვარბევისგან თავს იკავებდნენ. ამას ბოროტად იყენებდნენ ჩვენი მეზობლები. ისინი ფიქრობდნენ, თუ გავიმარჯვეთ, თავს დავიხსნითურჯულოქართველებისგან, დამარცხების შემთხვევაში კი ფულით გამოვისყიდით ღალატსო.

მაგრამ ქართველთა მოთმინებასაც ჰქონდა საზღვარი. ჩვენმა მეომრებმა ბაილაყანი კიდეც აიღეს, კიდეც გაძარცვეს და მოსახლეობაც სასტიკად ააწიოკეს, ქალაქში კი ძლიერი გარნიზონი ჩააყენეს.

1225 წელს რუსუდან მეფე ადრიან გაზაფხულზე ჯარს ამზადებდა ადარბადაგანის დასალაშქრავად და დასაპყრობად, მაგრამ მოულოდნელად სრულიად ახალმა და საშიშმა მეტოქემ დაასწრო. ეს იყო ჯალალ ად-დინი, ხორეზმის შაჰის _ მუჰამედის ძე, მამაცი და თავზეხელაღებული თურქმანი. ხორეზმის შაჰი მუჰამედი დევნილი იყო, როცა გარდაიცვალა, ჯალალ ად-დინმა კი მცირე ხნით ინდოეთს შეაფარა თავი, ხოლო როცა მონღოლთა დიდი მბრძანებელი, ჩინგის ყაენი, მონღოლეთს გაბრუნდა, ჯალალ ად-დინი ირანში გამოჩნდა, აღმოსავლეთ ირანი სრულად დაიპყრო და კასპიისპირეთის გავლით ადარბადაგანისკენ გაემართა.

ასე რომ, ქართველთა “სტრატეგიული მოკავშირეობის” მცდელობა შუა აზიელ სელჩუკებთან კრახით დასრულთა. ისტორიული კანონზომიერება მიგვითითებს, რომ არც ერთ ეტაპზე არ ყოფილან ქართველები და თურქები სტრატეგიული მოკავშირეები. ამის კლასიკური მაგალითია ჯალალ ადდინი. ნაცვლად იმისა, რომ შეექმნა ანტიმონღოლური კოალიცია და მონღოლებთან ბრძოლაში გვერდით დაეყენებინა ქართველები, სარწმუნოებრივი ფანატიზმით დაბრმავებულმა, მონღოლებთან ბრძოლას თავი მიანება და საქართველო ამოიღო მიზანში. რატომ?! სულხანსაბას არაკის _ “კუ და მორიელისაარ იყოს, თურქი ჯალალ ადდინიც იმ გვარის გახლდათ, მტერსაც და მოყვარესაც ერთნაირად რომ კბენს. ტყულიად როდი წერდნენ იმ ეპოქის სპარსელები: “თურქი იქ ვარგა, სადაც დანგრევაა საჭირო”.

ხორეზმის შაჰის მოწოდებას _ “ქართველთა წინააღმდეგ საღვთო ომს ვიწყებ და მუსლიმებმა იარაღი აიღეთო”, აქტიურად გამოეხმაურნენ მუსლიმანური სამყაროს ამირები და სულთნები. ჯალალ ად-დინს მიემხრნენ დასავლეთ ირანის ქალაქები. მას გამოჩენისთანავე ეყმო ქართველთაგან ზარდაცემული ადარბადაგანის ათაბაგი უზბეგიც. ჯალალ ად-დინმა იკონიის, რუმისა და შამის სულთნებთანაც აფრინა ელჩები და შეუთვალა: მთელი ირანი და ადარბადაგანი ქართველების ბრჭყალებს გამოვგლიჯე, ახლა საქართველოსკენ მივეშურები და სისხლსა და ხანძარში უნდა ჩავახშო ეს მუსლიმანთა დამანგრეველი ქვეყანა, ხოლო თქვენგან ოდენ კავშირი და მეგობრობა მწადიაო.

თბილისშიც მოვიდა თურქის მოციქული ომის ქადილით, რუსუდან მეფის კარმაც ასეთი პასუხი გაატანა იმ ელჩს თავის მეფესთან: “მამაშენი მუჰამედი შენზე ძლიერიც იყო, შენზე მამაციც, მაგრამ მოგეხსენება, რა დღე დამართეს მას თათარ-მონღოლთა. ახლა ისიც გეცოდინება, იგივე თათრები ჩვენც რომ მოგვადგნენ, მაგრამ სულ კუდით ქვა ვასროლინეთ”.

სანამ რუსუდანი ბაქიბუქობდა, ხორეზმშაჰმა 200 000 მუსლიმით მდინარე არაქსის ხეობაში გადმოლახა საქართველოს საზღვარი და სომხეთში შეიჭრა. სასტიკი მტერი დვინის მისადგომებს შეესია და სისხლის მდინარეები დააყენა: “ესრეთ უწყალოდ მოსვრიდეს, რომელ არს თუ დედათა და ჩვილთა ყრმათა რიდებდეს”.

შეიყარა ქართველთა ჯარიც. რუსუდანმა სეფე-დროშა გადასცა სიბერემორეულ სარდალ ივანე მხარგრძელს. ივანე ფარულად მონაზვნობასაც შესდგომოდა, მეომრული იღბალიც აღარ მოსდევდა ძველებურად. თანაც, რაც ხანში შევიდა, ეჭვიანი და შურიანი გახდა, განსაკუთრებით ძმები ახალციხელების წარმატებები აცოფებდა. ჯარშიც სარდალზე უფრო დიდ პატივს ახალციხელებს სცემდნენ, ამიტომ ამ ნიუანსების გათვალისწინებით, მხარგრძელის მთავარსარდლობა დიდი შეცდომა იყო.

1225 წლის აგვისტოს მიწურულს სომხეთში, დვინის ჩრდილოეთით, ციხესიმაგრე გარნისთან პირისპირ დადგნენ 200 000 მუსლიმანი და 60 000 ქართველი. ქართველები მთაზე დაბანაკდნენ, ხოლო გაშლილი ველი ჯალალ ადდინის მეომრებით გაივსო. მან საომრად გააწყო ჯარები. ცენტრში მძიმედ შეჭურვილი მხედრობა დააყენა, მარჯვენივ _ მშვილდმოისარნი, ხოლო მარცხენაზე ფლანგზე ქვეითი ჯარი განათავსა, მისი ძმის _ ღიას ადდინის სარდლობით.

ორი დღე ასე პირისპირ გაატარეს მტრებმა, ორთავე მხარემ იცოდა თავისი საომარი სადგომის უპირატესობა და ორივე ამიტომაც ერიდებოდა პირველ გამოსვლასა და შეტევას. მუსლიმანებს რიცხობრივი და ცხენოსან ძალთა უპირატესობის გამოყენება სწორედ იმ გაშლილ ველზე შეეძლოთ და არა იმ მაღალ მთაზე, რომელზეც ქართველები დაბანაკებულიყვნენ. ქართველ სარდლობას კი სახიფათოდ მიაჩნდა მთის დატოვება და ფართო ველზე ჩასვლა, რომელზეც მას ურიცხვ მტერთაგან გარშემორტყმა და განადგურება ელოდა. ბოლოს ჯალალს უმტყუნა მოთმინებამ და თავისი კარავი მთის ძირამდის გადააწევინა, თანაშემწე სარანგებს, ხანებსა და ემირებს უხმო და დიდი ბჭობა გამართა. რადგან ქართველებს მთაზე დარჩენა ჰქონდათ გადაწყვეტილი, ხორეზმშაჰმა მთელი ძალებით შეტევაზე გადასვლა ბრძანა, ისიც გაითვალისწინა, _ გამთენიისას თუ მხარგრძელი დაასწრებდა შეტევაზე გადასვლას, მაშინ, სანამ საომრად დაეწყობოდნენ, ქართველები ისრების მერეხით უნდა შეეკავებინათ.

ჭკვიანი სარდალი მიუვალ მთებში გაუმართავდა მტერს ბრძოლას, ვინაიდან მტერთან შედარებით მცირერიცხოვანი ქართველებისთვის გაშლილ ველზე ჩასვლა და ბრძოლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. სამწუხაროდ, მხარგრძელის ბანაკში ერთიანობა არ იყო და ქართველებმა შეცდომა დაუშვეს. როგორც კი ჯალალ ადდინის მარცხენა ფლანგი იერიშზე გადავიდა, ივანე მხარგრძელმაც უბრძანა მეწინავე ჯარს, თორჯავახელებს ჩაგებებოდნენ მტერს. შალვა და ივანე ახალციხელების სარდლობით თორელებიც სწრაფად დაეშვნენ. როცა მოიერიშე მტერს მიეჭრნენ, შალვამ მაშინვე ამირსპასალართან შიკრიკი აფრინა და შეუთვალა: “მტერი უთვალავად და ულევად მოედინება და ჩვენ კი შეუდარებლად ვართ მცირენი მხოლოდ, ამიტომ იჩქარეთ და ჩამოგვეშველეთ მთავარი ძალებით”. პასუხისთვის დაცდა არც უფიქრიათ ახალციხელებს, ისე ჩაებნენ ომში. როდესაც მხარგრძელისგან გამოგზავნილი მაშველი ჯარი არ გამოჩნდა და პასუხმაც დაიგვიანა, შალვამ ისევ გაგზავნა შიკრიკი და კვლავ შეუტია მტერს. გაჭიანურდა ომი, ზემოდან თავგანწირული დაწოლით ძლივს აკავებდა ერთი მუჭა ჯარი უწყვეტად მომდინარე ხორეზმელთა ლაშქარს. ისევ არ ჩანდა მაშველი ჯარი. მესამედ აფრინა შიკრიკი შალვამ, შეთხელდა თორელთა რიგები. ცხენები დაეხოცათ შალვას და ივანეს, ქვეითად განაგრძეს ბრძოლა.

ბრძოლა შენივთდა და უსულოდ დაეცნენ სისხლისაგან დაცლილი უკანასკნელი თორელნი, ჯავახელნი, სამცხელნი. ვინც გადაურჩა, მახლობელ კლდისკენ დაიხიეს თავშესაფარად. ივანე ახალციხელმა ვეღარ გაუძლო და ისიც უკუიქცა გაქცეულთა კვალდაკვალ, მაგრამ უეცრად უზარმაზარი ქვა მოსწყდა, დაეშვა კლდიდან, დაეტაკა და გაიტანა ივანე. შალვამ კი ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ბოლოს მხოლოდ ხმლის ვადა შერჩა ხელში: “მითვე ვადითა მკერდი შეუნგრია უახლოეს თურქმანს, მერე ვადა შორს გატყორცნა და უმალვე დაცემულ მტერს სისხლამონახეთქ მკერდზე დააფრინდა, პეშვით სისხლი აართვა და სახეზე შეიქცია, ასე ინება გმირმა, რათა სახე მისი გაფითრებული არ ეხილა მტერს”. მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და შეიპყრეს შალვა ახალციხელი, “რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი მეომარი”.

გარნისის ომს 4000 ქართველი შეეწირა. ოთხჯერ უფრო მეტი დანაკარგი მტერს ჰქონდა, მაგრამ ხორეზმელთა ურიცხვ ჯარს ამით არაფერი დატყობია.

დატყვევებული შალვა ახალციხელი წარუდგინეს გამარჯვებით აღტაცებულ ჯალალს. იქ მდგარმა ყოველმა ადარბადაგანელმა და ნახჭევნელმა მუსლიმანმა იცნო წინა აზიაში სიმამაცით განთქმული ქართველი გმირი. დაწვრილებით აუწყეს ხორეზმშაჰს მისი ვინაობა, თუმცა იმდღევანდელი გმირობაც კმაროდა შალვას გასაცნობად. აღტაცებული მდუმარებით დიდხანს ათვალიერებდა ჯალალი უმშვენიერეს ვაჟკაცს. გაახსენდა ხორეზმშაჰს შალვა ახალციხელის დანაქადნები: “ნეტავ, ჩემს დროს ყოფილიყო და სადმე შემომყროდა ისლამისტთა ყველაზე მამაცი ხალიფა ალი იბნ აბუ თალიბი და ვაჩვენებდი ჩემი მკლავის ძალასო, მის სახელგანთქმულ ზულყაფარსაც ხერხემლის მკვეთელი ჩემი ფოლადის ხმლით ჩალასავით მივულეწავდი და მის მონა-სპასაც ჩემს ცეცხლისმფრქვეველ შუბზე ავაგებდიო”. ბოლოს ჰკითხა:

“მაშ, შენ ხარ შალვა ახალციხელი?! სად არის შენი ვაჟკაცობა, შალვა ახალციხელო?! სად არის შენი ხმალი, რომლითაც უნდა დაგემსხვრია ხალიფა ალის ზულყაფარი?!”

მძიმედ მიუგო ახალციხელმა: “ყველაფერი შენმა ბედნიერმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა”.

არ ისურვა გარნისის გმირის დასჯა სასტიკმა მბრძანებელმა. პირიქით _ განკარგულება გასცა: “პატივი მიეგოს შალვა ახალციხელს და სამმართველოდ მიენიჭოს ქალაქნი ადარბადაგანისანი: მარანდი, სალმასი, ურმია და უშნუ”.

 დღეს ძალიან ბევრი აკრიტიკებს, ივანე მხარგრძელს, რომ ის არ დაეხმარა ახალციხელებს. არადა, საკმარისი იყო ძირითადი ჯარი მიშველებოდა მოწინავე მესხებს, რომ მასაც იგივე ბედი ეწეოდა, რაც ახალციხელებს, ვინაიდან გაშლილ ველზე ქართული ჯარის გასვლა მის დამარცხებას დააჩქარებდა. ერთადერთი გამოსავალი იყო ის, რომ მხარგრძელს ფეხი არ უნდა მოეცვალა ადგილიდან, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ქართველთა სარდალი აშკარად დაიბნა. მან უკანდახევა ბრძანა. მისი სტრატეგიით, ჯარი უნდა გაფანტულიყო, რათა გაემაგრებინათ ქალაქები და ციხე-გალავნები და ასე განეგრძოთ მტერთან ბრძოლა. მხარგრძელს ეგონა, რომ ცალკეული ციხე-გალავნისთვის გამართული უშეღავათო ბრძოლით დაასუსტებდა ჯალალის ლაშქარს, მაგრამ უკან დახევა არაორგანიზებულად მოხდა და ქართველებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.

 გარდა მხარგრძელის შეცდომებისა, გარნისის ომში მარცხი ქართველთა უდისციპლინობის ბრალიც იყო. რადგან, არც მტერი აწუხებდა ქართველებს და, თავის მხრივ, ქართველებიც ცოცხალი თავით არ გადიოდნენ გაშლილ ველზე საომრად, “უსაქმურობისაგან მოწყენილი” მეომრები ღვინოს მიეძალნენ და გამოთვრნენ. სარაუდოდ, ჯალალ ედ-დინის მსახურების მოსყიდულმა მოღალატე ვაჭრებმა (ვაჭრები ქართველები რომ არ იქნებოდნენ, ალბათ, ადვილი მისახვედრია) ქართველთა ბანაკში ბანგგარეული ღვინო შეიტანეს. გამთენიისას ქართველ მეომრებს ფეხზე დგომაც არ შეეძლოთ. მხოლოდ მოწინავე მესხები არ გაკარებიან ღვინოს და მათ შეძლეს ბრძოლის უნარის შენარჩუნება, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ურიცხვი მტრის შესაკავებლად და დროის მოსაგებად.

 გარნისის ბრძოლიდან მეორე დღეს ჯალალი დვინისკენ დაიძრა. იქაურ ყადს უბრძანა, მუსლიმანები ცალკე გამოეყო, თვითონ კი ქრისტიანებს მისდგა და მუსრი გაავლო. შემდეგ თბილისისკენ აპირებდა გალაშქრებას, მაგრამ თავრიზიდან ამირა შერეფ ელ მულქმა შემოუთვალა: “შენ წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობაო” და ჯალალიც მაშინვე თავრიზში გაბრუნდა, ეჭვმიტანილნი ამოწყვიტა, ადარბადაგანი და ნახიჭევანი ააოხრა. სანამ ხორეზმის შაჰი თავრიზელებთან ასწორებდა ანგარიშს, მისმა სარდალმა ორხანმა საქართველოს განძაც წაართვა.

(გაგრძელება იქნება)

ვანო სულორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here