Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

957

საბჭოთა კავშირში 1937 წელს გამართულ სასამართლო პროცესებს, როგორც მოგახსენეთ, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მედიის წარმომადგენლები და გამოჩენილი ადამიანები ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე ჩატარდა გრიგორი ზინოვიევისა და ლევ კამენევის პროცესი, მეორეზე _ გიორგი პიატაკოვის, კარლ რადეკისა და მათი მხარდამჭერების.

ზინოვიევისა და კამენევის პროცესს არ ესწრებოდა ცნობილი გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი, მაგრამ მეორე სასამართლო პროცესზე მან მოსკოვის სასამართლო დარბაზში თითქმის ათი კვირა გაატარა.

ლიონ ფოიხტვანგერი მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი მწერალია, რომელმაც დაწერა საქვეყნოდ აღიარებული რომანები და ნარკვევები, როგორიცაა: “ებრაელი ზიუსი”, “ცრუ ნერონი”, “ძმები ლაუტენზაკები”, “მელიები ვენახში”, “გოია” და სხვ. მოსკოვში მიღებული შთაბეჭდილებით დაწერა წიგნი “მოსკოვი 1937”, რომელიც მიუნხენში გამოიცა გერმანულ ენაზე. ამ წიგნის დეტალურმა გაცნობამ გადამაწყვეტინა, დამეწყო მასალების მოგროვება სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც გერმანელი მწერალი ამახვილებდა ყურადღებას. მასალების შეჯერების შემდეგ უამრავი მსგავსება და, ამასთანავე, უცნაური განსხვავებები აღმოვაჩინე 1937 წლის მოვლენებისა და თანამედროვე ნაციონალური მოძრაობების ქმედებებისა და ამ ქმედებების შედეგების შეფასებისას. ამიტომ მკითხველს ვთხოვ, გამომყვეს და გულდასმით წაიკითხოს ჩემ მიერ დანახული ზოგიერთი მოვლენა, რომლებიც გერმანელი მწერლის ხედვის პარალელურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელზეც აქცენტის გაკეთება მომიწევს, ბიძინა ივანიშვილიცაა. მკითხველმა იცის ჩემი დამოკიდებულება, როგორც “ქართული ოცნების”, ასევე მისი ფარული მმართველის მიმართ, მაგრამ ამ მომენტში რეალობას ვერ გავექეცი და ამის გამო შეიძლება მკითხველის დაუმსახურებელი საყვედურიც დავიმსახურო. ეს არ არის ჩემი აზრის შეცვლის პროდუქტი, ეს მოვლენების ჩემეული, სწორად დანახვისა და მისი პირუთვნელად გამოთქმის სურვილია, რომელსაც მოთმინებით უნდა შეხვდეს მკითხველიც.

1937 წლის გახმაურებული “ტერორიც” და ჩატარებული სასამართლოები იყო პოლიტიკური პროცესები, რომლებიც სწორი სამართლებრივი გზის მისაცემად სასამართლო პროცესებად იყო გამოყენებული, მაგრამ მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ეს სასამართლო პროცესები არ იყო სახალხო სასამართლოს მიერ ჩატარებული, საქმეებს განიხილავდა საბჭოთა კავშირის სამხედრო ტრიბუნალის პრეზიდიუმი. როდესაც ამ პროცესების შეფასებაზე გადავალთ, დავინახავთ, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვის გათვალისწინებით სასამართლო პროცესები უნაკლოდ მიმდინარეობდა და ამაზე თვალს ვერც უცხოელი დამკვირვებლები ხუჭავდნენ.

მაშ ასე, ვიწყებთ 1937 წლის სასამართლო პროცესების განხილვას, რომლებიც არ იყო ცალკეული პიროვნებების დასჯის ან გამართლებისკენ მიმართული, არამედ, ეს იყო საბჭოთა კავშირში მოქმედი “მსოფლიოში პერმანენტული რევოლუციების” მხარდამჭერი მიმდინარეობის წარმომადგენელთა _ ტროცკისტების _ სასამართლო პროცესი, რომელიც ასე განმარტა გერმანელმა მწერალმა ლიონ ფოიხტვანგერმა:

სტალინმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, ხელახლა გაესამართლებინა თავისი მოწინააღმდეგე ტროცკისტები, ბრალი დასდო მათ სახელმწიფო ღალატში, ჯაშუშობაში, მავნებლობასა და სხვა ძირგამომთხრელ საქმიანობაში, აგრეთვე, ტერორისტული აქტების მომზადებაში. პროცესებზე, რომლებმაც თავიანთისისასტიკითა და თვითნებობითსაბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სრულიად მსოფლიო აამხედრეს, ტროცკისტები საბოლოოდ განადგურდნენ. მათ ბრალდება დაუმტკიცეს და დახვრიტეს”.

საინტერესოა, რა სამუშაო გასწია სტალინმა, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო და ნაკლები სისხლი დაღვრილიყო.

1930 წლის 2 ივლისს XVI ყრილობაზე სტალინი ყრილობის დელეგატებს მიმართავდა:

“რას მოითხოვს ყრილობა მემარჯვენე ოპოზიციის ყოფილი ლიდერებისგან? იქნებ, მონანიებას, თვითგამათრახებას? რა თქმა უნდა, არა! ჩვენი პარტია, ჩვენი პარტიის ყრილობა არასოდეს დაუშვებს, რომ პარტიის წევრისგან ისეთი რამ მოითხოვოს, რასაც მათი დამცირება შეუძლია. ყრილობა მემარჯვენე ოპოზიციის ყოფილი ლიდერებისგან მოითხოვს სამ რამეს:

პირველი _ მათ უნდა შეიგნონ, რომ პარტიის ხაზსა და იმ ხაზს შორის, რომელსაც ისინი იცავდნენ, უფსკრულია; რომ იმ ხაზს, რომელსაც ისინი იცავდნენ, ობიექტურად მივყავართ არა სოციალიზმის, არამედ კაპიტალიზმის გამარჯვებისკენ;

მეორე _ დაგმონ ეს ხაზი, როგორც ანტილენინური, და აშკარად და პატიოსნად გაემიჯნონ მას;

მესამე _ მხარში ამოგვიდგნენ და ჩვენთან ერთად გააჩაღონ გადამწყვეტი ბრძოლა ყველა მემარჯვენე უკლონისტის წინააღმდეგ.

აი, რას მოითხოვს ყრილობა მემარჯვენე ოპოზიციის ყოფილი ლიდერებისგან.

არის თუ არა ამ მოთხოვნებში რამე დამამცირებელი მათთვის, როგორც ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, ბოლშევიკებად დარჩნენ?

ცხადია, აქ არ არის და არც შეიძლება იყოს რაიმე დამამცირებელი” (ი. სტალინი. თხზულებანი. ტ. 13, გვ. 8).

ამავე ყრილობაზე სტალინი მიუთითებს (ი. სტალინი. თხზულებანი. ტ. 13, გვ. 8):

“დავიცადოთ გაზაფხულამდე, იქნებ პარტიას მარცხი მოუვიდეს თესვის საქმეში, _ და მაშინ დავცხოთ, როგორც საჭიროაო. მაგრამ გაზაფხული მათ არავითარ პლუსს არ აძლევდათ, რადგან თესვა ხელსაყრელად მიმდინარეობდა. და კვლავ იწყებდნენ ვარაუდს: დავიცადოთ შემოდგომამდე, იქნებ პარტიას მარცხი მოუვიდეს პურის დამზადების საქმეში, _ და მაშინ დავცხოთ ცენტრალურ კომიტეტს. მაგრამ შემოდგომაც ატყუებდა და ხახამშრალს ტოვებდა. და, რადგან გაზაფხული და შემოდგომა ყოველ წელიწადს მეორდება, მემარჯვენე ოპოზიციის ყოფილი ლიდერებიც ლოდინს განაგრძობდნენ და იმედს ხან გაზაფხულზე ამყარებდნენ, ხან _ შემოდგომაზე”.

კომუნისტური პარტიის მეჩვიდმეტე ყრილობაზე, რომელიც 1934 წლის 26 იანვრიდან 10 თებერვლამდე მიმდინარეობდა, სტალინმა კვლავ გაუსვა ხაზი პარტიის ძირითად ნაკლოვანებებს, რომლებიც კადრების დეფიციტით იყო გამოწვეული. მან ყრილობის მონაწილეებს საკადრო პოლიტიკაში მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით მიმართა:

“მუშაკთა ერთი ტიპი _ ეს არის წარსულში განსაზღვრული დამსახურების მქონე ადამიანები, რომლებიც დიდკაცებად იქცნენ. ისინი ფიქრობენ, რომ პარტიული და საბჭოთა კანონები დაწერილია არა მათთვის, არამედ ბრიყვებისთვის. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც თავის მოვალეობად არ მიაჩნიათ, შეასრულონ პარტიისა და მთავრობის გადაწყვეტილებები და, რომლებიც ასე ანგრევენ პარტიული და სახელმწიფოებრივი დისციპლინის საფუძვლებს. რისი იმედი აქვთ მათ, როდესაც პარტიულ და საბჭოთა კანონებს არღვევენ? _ იმისი, რომ საბჭოთა ხელისუფლება ძველი დამსახურების გამო ვერ გაბედავს მათთვის ხელის ხლებას. ეს გაამპარტავნებული დიდკაცები ფიქრობენ, რომ ისინი გამორჩეული არიან და ამიტომ შეუძლიათ, დაუსჯელად დაარღვიონ ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები. როგორ უნდა მოვექცეთ ამ ადამიანებს? ისინი უყოყმანოდ უნდა მოვხსნათ ხელმძღვანელი პოსტებიდან, მიუხედავად მათი დამსახურებისა წარსულში. ისინი უნდა გადავაყენოთ თანამდებობიდან, დავაქვეითოთ და ეს პრესაში გამოვაქვეყნოთ ხოლმე. ეს აუცილებლად საჭიროა იმისათვის, რომ ამ დიდკაც-ბიუროკრატებს რიხი შევუმციროთ და კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ. ეს აუცილებლად საჭიროა იმისათვის, რომ განვამტკიცოთ პარტიული და საბჭოთა დისციპლინა ჩვენს მუშაობაში”.

როდესაც სტალინმა ახალი კონსტიტუციის პროექტში ჩაწერა, რომ უნდა შეიცვალოს არჩევნების წესი, იმძველი გვარდიისწარმომადგენლებმა, რომლებმაც იგრძნეს პარტიული და საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი სიო, გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს არა მხოლოდ სტალინს, არამედ კომუნისტური პარტიის წევრთა უმრავლესობას, რათა მათი, მოძველებული პარტიული ნომენკლატურის სავარძლები, არ შესუსტებულიყო და ადგილი ახალგაზრდა მზარდ პარტიულ კადრებს არ დაეკავებინათ მრავალმანდატიან საარჩევნო სისტემაში. სწორედ ამიტომძველმა გვარდიამსაზოგადოებიდან ტროცკისტების ნარჩენების, როგორც ხალხის მტრების, “გამოჩხრეკადაიწყო. დგებოდა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ახალგაზრდა სოციალისტურ ქვეყანას, რასაცძველი გვარდიაარაფრით დაუშვებდა. “ძველი გვარდიისმიერ ძირითადად თავის სასარგებლოდ ჩატარებულმა წმენდამ ნაყოფი გამოიღო. სამშობლოს მტერი და მოღალატე იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სტალინს ეგონა. 1937 წელმა სწრაფად დაიწყო ქვეყნის გათავისუფლება საეჭვო ელემენტებისგან.

სტალინმა ერთ-ერთი ძველი ბოლშევიკის გვარი ორჯერ ამოშალა წარდგენილი სიიდან, მაგრამ ხალხის ფარული მტრები არ ნებდებოდნენ. პარტიას ხშირად აცლიდნენ ხელიდან საინტერესო, სანდო და პატიოსან ადამიანებს, მათ ადგილზე კი ყოფილი ტროცკისტები ინიშნებოდნენ. მეორე თაობის ტროცკისტები, ხრუშჩოვის მეთაურობით, არ თმობდა ძველ (ტროცკისტულ) პოზიციებს და რეპრესირებულთა სიებს ახალ-ახალი სახელები ემატებოდა. 1937 წლის რეპრესიების უმთავრესი ორგანიზატორი, პროვოკატორი და აღმოსავლეთში ტროცკის იდეების გამტარებელი, ციმბირის სამხარეო პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი რობერტ ეიხე, ტროცკის დავალებით, რუს კომუნისტებს მხოლოდ მსოფლიოში რევოლუციის კოცონის დასანთებ ფიჩხად იყენებდა.

1937 წლის პროცესებმა ფარდა აჰხადა ფარულ და ხილულ მტრებს. 1937 წელმა საბჭოთა კავშირში საბოლოოდ დაასამარა არა მხოლოდ ტროცკიზმი, არამედ ყოველგვარი მცდელობა მძლავრიმეხუთე კოლონისშექმნისა. ამაზე დღეს დაუფარავად საუბრობენ უცხოელი მკვლევარები, რომლებიც გაეცნენ 1937 წელს მოსკოვში გამართული სასამართლო პროცესების საარქივო მასალებს.

ლიონ ფოიხტვანგერი: “ზინოვიევ-რადეკის სასამართლო პროცესის ახსნა შურისძიებისა და სტალინის ერთპიროვნულად გაბატონების საფუძველზე უაზრობა იქნებოდა. მსოფლიოს წინააღმდეგობის მიუხედავად, სტალინი მაინც ახერხებდა ისეთი გრანდიოზული ამოცანების განხორციელებას, როგორიცაა საბჭოთა კავშირის ეკონომიკის მშენებლობა. სტალინი, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, გიმნაზისტთა სასკოლო მოთხრობის რომელიმე გმირივით არ დააზარალებდა თავის მოღვაწეობას, მით უმეტეს, ისეთ სერიოზულ უბანზე, როგორიცაა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

ზინოვიევისა და კამენევის პროცესს პრესითა და თვითმხილველთა მონაყოლით გავეცანი, პიატაკოვისა და რადეკის პროცესებს კი პირადად ვესწრებოდი. პირველი პროცესის მიმდინარეობისას დასავლეთევროპულ ატმოსფეროში ვგრძნობდი თავს, მეორე პროცესისას კი _ მოსკოვურ ატმოსფეროში. პირველ შემთხვევაში ჩემზე მოქმედებდა ევროპის ჰაერი, მეორე პროცესის დროს კი _ მოსკოვის. და ამან შესაძლებლობა მომცა, განსაკუთრებით მკვეთრად შემეგრძნო ის გრანდიოზული განსხვავება, რომელიც საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის არსებობს.

ევროპაში ყოფნისას ზინოვიევისთვის წაყენებულ ბრალდებებს არ ვენდობოდი. მეგონა, რომ ბრალდებულთა ისტერიკული აღიარება რაღაც იდუმალი საშუალებებით მოიპოვეს. პროცესი წარმოდგენილი მქონდა დიდი ოსტატობით დადგმულ უზომოდ შემაძრწუნებელ თეატრალურ სანახაობად, მაგრამ მოსკოვში მეორე პროცესზე დასწრებისას, როდესაც ვნახე და მოვუსმინე პიატაკოვს, რადეკს, მათ მეგობრებს, ბრალდებულთა უშუალო ლაპარაკით შექმნილმა შთაბეჭდილებებმა ჩემი ეჭვები გაფანტა. თუ ყველაფერი ეს გამოიგონეს და მოაწყვეს, მაშინ არ ვიცი, სიმართლე რაღაა.

პირადად ვნახე სასამართლო პროცესის ოქმები, გავიხსენე ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით ვიხილე, რაც მოვისმინე, ბრალდების უტყუარობის დამამტკიცებელი და გამაბათილებელი ყველა გარემოება კიდევ ერთხელ ავწონ-დავწონე.

გულმოდგინე შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ დანაშაულად მიჩნეული ტროცკის მოქმედება არათუ შეუძლებელი, არამედ მისი ერთადერთი შესაძლებელი მოქმედებაა, რომელიც მის შინაგან მდგომარეობას სრულიად შეესაბამებოდა.

ნამდვილად არ შემქმნია ისეთი შთაბეჭდილება, რომ სასამართლოს წინაშე მყოფი ხალხისთვის გვეწოდებინა წამებული, ჯალათის წინაშე წარმდგარი სასოწარკვეთილი არსებები. არც სასამართლო ატარებდა ხელოვნურ, პათეტიკურ ხასიათს.

შენობა, რომელშიც პროცესი მიმდინარეობდა, დიდი არ არის, იგი დაახლოებით 350 კაცს იტევს. მოსამართლეები, პროკურორი, ბრალდებულები, დამცველები, ექსპერტები მომცრო ესტრადაზე ისხდნენ, საითაც საფეხურები მიუყვებოდა. სასამართლოს დარბაზში არ იყო ისეთი რამ, რაც ბრალდებულთა სკამებს მოგაგონებდათ. ბარიერი, რომელიც ბრალდებულებს ჰყოფდა, ხის მოაჯირი იყო. ბრალდებულები მოვლილი, კარგად ჩაცმული მამაკაცები იყვნენ, მშვიდი, ძალდაუტანებელი მანერებით. სვამდნენ ჩაის, ჯიბეში მოუჩანდათ გაზეთები და ხშირად ათვალიერებდნენ დამსწრე საზოგადოებას. ეს, ერთი შეხედვით, დისკუსიას უფრო ჰგავდა, ვიდრე სისხლის სამართლის პროცესს; დისკუსიას განათლებული ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, გაარკვიონ სიმართლე, სახელდობრ, რა მოხდა და რატომ მოხდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ბრალდებულები, პროკურორები და მოსამართლეები ერთნაირი (ლამის ვთქვი სპორტული) ინტერესით იყვნენ გატაცებულნი, რათა ყველაფერი მაქსიმალური სიზუსტით გაერკვიათ. ეს სასამართლო პროცესი დასადგმელად რეჟისორისთვის რომ მიენდოთ, მას ცოტა წლები და რეპეტიციები როდი დასჭირდებოდა ბრალდებულთაგან ასეთი შეხმატკბილებულობის მისაღწევად: მათ არ ეპარებოდათ ერთმანეთის მცირეოდენი უზუსტობაც კი და აღელვებას მხოლოდ და მხოლოდ თავისებურ თავშეკავებულობაში ავლენდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრალდებულების მომმზადებელი ჰიპნოზიორები, მომწამვლელები და სასამართლოს ჩინოსნები, თავიანთ ყველა სხვა განსაცვიფრებელ თვისებებთან ერთად, თვალსაჩინო რეჟისორები და ფსიქოლოგებიც უნდა ყოფილიყვნენ.

დაუჯერებელი, შემაძრწუნებელი იყო ის გულმოდგინება, რომლითაც ეს ადამიანები თითქმის გარდაუვალი სიკვდილის წინ ლაპარაკობდნენ თავიანთ ნამოქმედარზე და განმარტავდნენ დანაშაულს. სამწუხაროა, რომ საბჭოთა კავშირის სასამართლო დარბაზებში აკრძალულია სურათების გადაღება და გრამაფონზე ჩაწერა. თუ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს წარუდგენენ არა მხოლოდ იმას, რასაც ბრალდებულები ამბობდნენ, არამედ იმასაც, როგორ ყვებოდნენ ისინი ყოველივე ამას, მათ ინტონაციებს, მათ სახეებს, მაშინ ურწმუნონი გაცილებით ნაკლები იქნებოდნენ.

თითოეული მათგანი თავისებური მანერით აღიარებდა დანაშაულს: ერთი _ ცინიკური ინტონაციით, მეორე _ მარჯვედ, როგორც ჯარისკაცი, მესამე _ ეშმაკობის მოშველიებით, მეოთხე _ როგორც მომნანიებელი მოსწავლე, მეხუთე _ დამრიგებლურად, მაგრამ ტონი, სახის გამომეტყველება, ჟესტები ყველას ალალ-მართალი ჰქონდა.

არასოდეს დამავიწყდება, როგორ იდგა ოდნავ შემელოტებული, წითური, ძველმოდური, მოცახცახე წვერის მქონე საშუალო სიმაღლის შუახნის მამაკაცი გიორგი პიატაკოვი მიკროფონის წინ და როგორ ლაპარაკობდა _ თითქოს ლექციას კითხულობსო. წყნარად და გულმოდგინედ ყვებოდა იმის შესახებ, როგორ ვნებდა მისთვის მინდობილ მრეწველობას. გაშლილი საჩვენებელი თითით პიატაკოვი მოგვაგონებდა უმაღლესი სკოლის მასწავლებელს, პროფესიით ისტორიკოსს, რომელიც დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ადამიანის, გვარად პიატაკოვის, ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენებით გამოდიოდა და ცდილობდა, ყველა გარემოება უმცირეს წვრილმანებამდე განემარტა. იგი თითქოს აღსავსე იყო ერთი სურვილით, რომ მსმენელებსა და სტუდენტებს _ ყველას სწორად გაეგო და შეეფასებინა მისი ნათქვამი.

არ დამავიწყდება მწერალი კარლ რადეკი. არ დავივიწყებ არც იმას, როგორ იჯდა იგი იქ თავისი ყავისფერი პიჯაკით, არც მის უშნო, ძველმოდურწვერიან გამხდარ სახეს. არც იმას, როგორ ათვალიერებდა დამსწრე საზოგადოებას, რომლის დიდ ნაწილს კარგად იცნობდა, ან სხვა ბრალდებულებს. იგი ხშირად იღიმოდა გულგრილად, ზოგჯერ _ ირონიულად. არც ის დამავიწყდება, რადეკი დარბაზში შემოსვლისას ამა თუ იმ ბრალდებულს იდაყვით ნაზად როგორ ეყრდნობოდა მხარზე, არც იმას, როგორ იცინოდა სხვა ბრალდებულებზე, ავლენდა თავის მსახიობურ უპირატესობებს: მედიდურობას, სკეპტიკურობას, მოხერხებულობას, ლიტერატურულ განათლებას. მან მიკროფონთან მდგარ პიატაკოვს უეცრად უბიძგა და მის ადგილზე დადგა. ბარიერს ხან გაზეთს ურტყამდა, ხან ხელში ჩაის ჭიქას იღებდა, აგდებდა ლიმონის ნაჭერს, ურევდა კოვზით, პატარა ყლუპებით სვამდა ჩაის და თან შემზარავ რაღაცებს ყვებოდა. რადეკმა ყოველგვარი მხატვრულობის გარეშე წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, რომელშიც განმარტა, რატომ აღიარებდა დანაშაულს. ძალდაუტანლობისა და შესანიშნავი ფორმულირების მიუხედავად, რადეკის ეს განცხადება იმ ადამიანის ამაღელვებელი გულახდილობის მსგავსად გაისმა, რომელიც დიდ სატანჯველს უძლებდა. ყველაზე საშინელი და ძნელად გასაგები იყო ჟესტი, რომლითაც ბოლო სხდომის დამთავრებისას რადეკმა დატოვა სასამართლო დარბაზი. ეს იყო გამთენიისას, 4 საათზე. ყველა _ მოსამართლეები, ბრალდებულები, მსმენელები ძალიან დაიღალნენ. 17 ბრალდებულიდან 13-ს სიკვდილი მიუსაჯეს. მათ შორის იყვნენ რადეკის ახლობლები; რადეკსა და სამ სხვას _ მხოლოდ პატიმრობა. მოსამართლემ ჩაიკითხა განაჩენი. ყველამ, ფეხზე მდგომებმა, ბრალდებულებმა და მსმენელებმა გაუნძრევლად, დუმილით მოვისმინეთ იგი. განაჩენის წაკითხვის შემდეგ მოსამართლეები დაუყონებლივ გავიდნენ. გამოჩნდნენ ჯარისკაცები, რომლებიც ჯერ იმ ოთხ კაცთან მივიდნენ, პატიმრობა რომ მიუსაჯეს. ერთმა რადეკს მხარზე დაადო ხელი, როგორც ჩანს, ანიშნა, უკან გაჰყოლოდა. რადეკი გაჰყვა. იგი მობრუნდა, მისალმების ნიშნად ხელი ასწია, თითქმის შეუმჩნევლად აიწურა მხრები, თავი დაუკრა დანარჩენ სიკვდილმისჯილებს, თავის მეგობრებს და გაუღიმა. დიახ, მან გაიღიმა.

ასევე, ძნელია, დაივიწყო ინჟინერი ვასილი სტროილოვის გულისამაჩუყებელი დაწვრილებითი მონათხრობი, როგორ აღმოჩნდა ის ტროცკისტულ ორგანიზაციაში, როგორ ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. ტროცკისტები კი წარსულში მის მიერ ჩადენილი დანაშაულით სარგებლობდნენ და მტკიცედ ეჭირათ იგი ხელში. ასევე დაუვიწყარია რაბინი, წვერიანი ებრაელი მეწაღე იან დრობნისი, რომელმაც თავი სამოქალაქო ომში გამოიჩინა. მან მეფისდროინდელ ციხეებში 6 წელი გაატარა. თეთრგვარდიელებმა სამჯერ მიუსაჯეს სიკვდილი, მაგრამ დახვრეტას სასწაულით გადაურჩა. ახლა კი აქ, სასამართლოს წინაშე მდგომი იბნეოდა და სიტყვა უწყდებოდა, ცდილობდა, სიტუაციიდან როგორმე გამომძვრალიყო. აღიარებდა, რომ მის მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა არა მხოლოდ მატერიალური ზარალი გამოიწვია საწარმოში, არამედ მუშებიც შეიწირა. შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება დატოვა, აგრეთვე, ინჟინერმა ნორკინმა, რომელმაც თავის ბოლო სიტყვაში დაწყევლა ტროცკი, ამოანთხია მისადმი “უსაზღვრო ზიზღი და სიძულვილი”. მღელვარებისგან გაფითრებულმა დატოვა დარბაზი, ვინაიდან ცუდად შეიქნა. მთელი პროცესის განმავლობაში ეს პირველი და ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ვიღაცამ დაიყვირა; ყველანი _ მოსამართლეები, პროკურორი, ბრალდებულები _ ყოველთვის ლაპარაკობდნენ მშვიდად, პათოსის გარეშე, ხმის აუწევლად”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here