Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკა უარს ამბობს საკუთარი მსოფლმხედველობის ექსპორტსა და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე

ამერიკა უარს ამბობს საკუთარი მსოფლმხედველობის ექსპორტსა და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე

624

მსოფლიოს პროგრესულ საზოგადოებას ტრამპის პრეზიდენტად არჩევამ საფუძვლიანი იმედი გაუჩინა, რომ ამერიკა, ნაცვლად ომისა და შფოთვის თესვისა მსოფლიოში, ახალ, სამართლიან და მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას განახორციელებს. თუმცა ბევრი ექსპერტი გადაჭარბებული მოლოდინისგან თავის დაზღვევას გვირჩევს და არც ეს სიფრთხილეა უსაფუძვლო. 

წინა პუბლიკაციებში ამის შესახებ მეც ვწერდი, აშშის პრეზიდენტი არ არის იმდენად ძლიერი ფიგურა ამერიკულ ოლიგოკრატიულ სისტემაში, რომ მან თავისი ხედვა წინააღმდეგობების გარეშე განახორციელოს, სისტემა მას უწესებს შეზღუდვებს. ყველაზე დიდი მტრები კი მას საკუთარ რესპუბლიკურ პარტიაში ჰყავს, ეს კიდევ უფრო ზღუდავს ტრამპის შესაძლებლობებს. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, არც ტრამპია ის პიროვნება, რომელიც დიდი ხანია, რაც ახალ მსოფლიო წესრიგზე ფიქრობს. თუნდაც მისი საქართველოში ვიზიტი გავიხსენოთ სააკაშვილის პერიოდში. რა თქმა უნდა, დღეს ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, “მიშამტყუილად ატვირთა ტრამპთან ერთად გადაღებული თავისი სურათი ინტერნეტში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რადგან ახლა იგი ტრამპს საერთოდ არ აინტერესებს.

ბუნებრივია, ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში ჩასულ სააკაშვილს ამერიკული ოფიციოზიდან არავინ დახვედრია და მარტოდმარტო, რიგით გამვლელებთან ერთად იდგა საინაუგურაციო ცერემონიის ადგილიდან მოშორებით, თავის საყვარელ ბუჩქებთან.

მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ 2012 წელს საქართველოს ამერიკელი მილიარდერი ეწვია, შეხვდა სააკაშვილს და “ტრამპ ტაუერის” მშენებლობაც დააანონსა. ჩნდება კითხვები: რესპექტაბელურ ბიზნესმენს და მით უმეტეს პოლიტიკოსს რა ესაქმებოდა სააკაშვილთან? რაღა მაინცდამაინც საქართველოში მოინდომა ტრამპმა პროექტის განხორციელება? სხვაგვარად თავის მილიარდებს ვერ გაამრავლებდა?

რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი “ჩაწყობით”, ამერიკაში ლობიზმს რომ ეძახიან, მოხდა. შესაბამისად, გამოჩნდა ტრამპის ერთგვარი ავანტიურისტული ბუნება და, რაც მთავარია, დამოკიდებულება გარემოცვაზე, რომელმაც ურჩია საქართველოში ჩამოსვლა. არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვივარაუდო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაზღვეული იქნება ასეთი მრჩეველების გავლენისგან.

 მაგრამ ამჯერად დავეყრდნოთ დღევანდელ მოცემულობას და თავი მოვუყაროთ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის _ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვაში დასმულ საგარეო-პოლიტიკურ აქცენტებს და ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი მათ გარკვეულწილად განახორციელებს კიდეც.

1. ამერიკა საგარეო პოლიტიკას საშინაო ეკონომიკურ მოთხოვნებს დაუქვემდებარებს

“ოთხი ათწლეულის მანძილზე ჩვენ უცხოურ წარმოებებს ვამდიდრებდით ამერიკული ინდუსტრიის ხაჯზე. ფინანსურად ვუჭერდით მხარს უცხო ქვეყნების ჯარებს, მაშინ, როდესაც ჩვენი საკუთარი არმია დავამშიეთ. ჩვენ სხვა ქვეყნების საზღვრებს ვიცავდით, მაგრამ უარი ვთქვით ჩვენივე საზღვრების დაცვაზე. ჩვენ მილიარდობით და ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ უცხოეთში, მაშინ, როდესაც ჩვენი ამერიკული ინფრასტრუქტურა მოიშალა. ჩვენ სხვა ქვეყნები გავამდიდრეთ, ამ დროს კი ჩვენი სიმდიდრე, ძლიერება და საკუთარ თავში რწმენა ჰაერში გაქრა”… “ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა გამოვცეთ ახალი დეკრეტი, რომელიც ყველა უცხოურ დედაქალაქში, ყველა პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრში უნდა გაიგონ. დღევანდელი დღიდან მხოლოდ ერთი პრინციპი იმოქმედებს: ამერიკა უპირველეს ყოვლისა!”

ტრამპი, ფაქტობრივად, უარს ამბობს გლობალისტურ ეკონომიკაზე და პრიორიტეტად პროტექციონიზმს აცხადებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად აღარ ემსახურებოდა უბრალო ამერიკელების ინტერესებს, იგი გახდა გლობალისტური პოლიტიკური ისტებლიშმენტის ინტერესების განხორციელების იარაღი. ტრამპისთვის კი გეოსტრატეგიაში სოციალურეკონომიკური ფაქტორი აღარ არის უგულებელსაყოფი. ამოსავალი წერტილი აშშის ეროვნული ინტერესი (როგორც ხალხის ინტერესი) იქნება და არა ელიტურიტრანსატლანტიკური ფასეულობები”.

2. ამერიკა უარს ამბობს საკუთარი მსოფლმხედველობის ექსპორტსა და იდეოლოგიურ ექსპანსიაზე

ჩვენ ვეცდებით, მსოფლიოს ერების მეგობრობა და კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, მაგრამ, ამასთანავე, გავაცნობიერებთ, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, პრიორიტეტი საკუთარ ინტერესებს მიანიჭოს. ჩვენ არ ვისწრაფვით, ვინმეს თავს მოვახვიოთ ჩვენი ცხოვრების წესი; მხოლოდ გვინდა, ვიყოთ მაგალითი, გავბრწყინდებით, რათა სხვები გამოგვყვნენ”.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიტყვებია და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპის გადახედვას ნიშნავს. ამერიკა აქამდე დემოკრატიას ადამიანის უფლებების ინსტრუმენტად იყენებდა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩასარევად. ამასთანავე, არც თუ ისე მისაბაძი დემოკრატიის მქონე აშშ საკუთარ თავს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად აცხადებდა. ტრამპმა საკუთარ თავზე გამოსცადა ამ დემოკრატიის ნაკლოვანებები უმძაფრეს წინასაარჩევნო მარათონში და ახლაც, პრეზიდენტად არჩევის შემდეგაც, ხედავს, რაოდენ დიდია პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ შექმნილი წნეხი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე.

მისასალმებელია, რომ აშშ-ს სურს, ნაცვლად სხვათა საქმეებში ჩარევისა, მაგალითი გახდეს სხვებისთვის და საკუთარ სრულყოფაზე იმუშაოს. ამერიკელი ავტორი რ. სტილი ჟურნალში Foreign Affairs (2000 წელს) წერდა: “არა საბჭოთა კავშირი, არამედ შეერთებული შტატები იყო ყოველთვის რევოლუციური სახელმწიფო… ჩვენ შევქმენით კულტურა, რომელიც ეფუძნება მასობრივ გართობას და მასობრივ თვითდაკმაყოფილებას… კულტურული სიგნალები გადაიცემა ჰოლივუდისა და “მაკდონალდსის” საშუალებით მთელ მსოფლიოში და ისინი არღვევს სხვა საზოგადოებების საფუძვლებს… ჩვეულებრივი დამპყრობლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით სხვათა დამორჩილებით: ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოგვბაძონ”. ტრამპის სიტყვები კი სწორედ ამ პრინციპის უარყოფას ნიშნავს, პრინციპისა, რომელზეც იყო აგებული ამერიკული საგარეო პოლიტიკა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული. ეს ნიშნავს, რომ აშშ, ახალი მიდგომის შემთხვევაში, ნაკლებად იქნება დაძაბულობის გამომწვევი მსოფლიოში.

3. ბრძოლა რადიკალური ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ

ტრამპს გულწრფელად არ ესმის და მისთვის მიუღებელია ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები და მიზნები, იმ სპეცსამსახურებისა, რომლებმაც გამოზარდეს ისლამისტი ტერორისტები ჯერ კიდევ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის პერიოდიდან. ამერიკელებმა და ბრიტანელებმა შექმნეს “ალ ქაიდა”, “თალიბანი” და “ისლამური სახელმწიფო”, ყოველ შემთხვევაში, მათი სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა ამ ტერორისტული დაჯგუფებების ზრდა და გაძლიერება, ოღონდაც რუსეთი დასუსტებულიყო.

მაგრამ ამერიკას ასეთი პოლიტიკა ცუდად შემოუბრუნდა, ბოთლიდან გამოსული ჯინი მათ აღარ დაემორჩილა. მართალია, სპეცსამსახურებს ტერორისტებზე ზეგავლენის კიდევ მრავალი ბერკეტი აქვთ და ისინი მართლაც იყენებენ ტერორისტებს (სირიაში და არა მხოლოდ იქ), მაგრამ ეს გავლენა აღარ არის უპირობო და სრულფასოვანი. პრაგმატიკოსი ტრამპისთვის ასეთი ავანტიურისტული პოლიტიკა მიუღებელია (აქვე აღვნიშნავთ, რომ სპეცსამსახურებთან ურთიერთობის განმუხტვის მიზნით, ინაუგურაციიდან მეორე დღეს ტრამპი ეწვია აშშ-ის ცენტრალური სადაზვრვო სამმართველოს შტაბ-ბინას და ქათინაურები არ დაიშურა მზვერავების მიმართ). ტრამპი რადიკალურად სხვა მიდგომას სთავაზობს მსოფლიოს, კერძოდ, ტერორიზმს საერთო საფრთხედ აღიქვამს და მსოფლიოს ხალხებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდებს:

გავაძლიერებთ ჩვენს ძველ ალიანსებს და ახლებსაც შევქმნით და ცივილიზებულ სამყაროს გავაერთიანებთ რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელსაც აღვგვით პირისაგან მიწისა”.

ალიანსების თვისებაა, იყოს მიმართული რაიმე საფრთხის წინააღმდეგ. სამხედრო კავშირი ყოველთვის რაღაცის წინააღმდეგ იქმნება. ტერორიზმი ერთგვარ დადებით როლსაც შეასრულებს ახალი სტრატეგიული კავშირების შექმნაში. აშშ-რუსეთის ძალისხმევის გაერთიანება ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ისლამისტურ ტერორს ეხება (მხოლოდ ისლამისტური ტერორიზმი წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს და, უპირველესად, ისლამურ სამყაროს ემუქრება), ამერიკელი რეალპოლიტიკოსების იდეა იყო (თუნდაც სემუელ ჰანტინგტონის თეორია გავიხსენოთ), რომელიც მალევე მიეცა დავიწყებას 1990-იან წლებში. აშშ-მა კურსი მსოფლიო ჰეგემონობისკენ აიღო და ასპარეზიდან რუსეთის საბოლოოდ ჩამოშორება გადაწყვიტა. ბილ კლინტონის შემდეგ ეს პოლიტიკა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა აიყვანა აღმატებულ ხარისხში და ბარაკ ობამამაც განაგრძო, მაგრამ რუსეთი დღეს შეუდარებლად ძლიერია, ვიდრე გასული ორი ათწლეულის მანძილზე იყო. ეს რეალობა დაინახა ტრამპმა და აღიარა კიდეც.

ტრამპი ამერიკას ქრისტიანული სამყაროს ნაწილად მოიაზრებს, რაც ისლამთან კონფრონტაციასკი არ გულისხმობს, არამედ ერთგვარ დისტანციას. დღეს ტრამპი თავისი ანტიისლამური განცხადებებისგან, რომლებიც მან წინასაარჩევნო პერიოდში გააკეთა, შორს დგას და მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან ისლამს, ერთი მხრივ, და ისლამურ რადიკალიზმს, ისლამიზმს, ტერორიზმს, მეორე მხრივ.

4. ამერიკის მოწოდება, დაეხმაროს მსოფლიოს

ტრამპის ბევრი მოწინააღმდეგე ლიბერალური ბანაკიდან ღიზიანდება ტრამპის “ნაციონალიზმზე”, მაგრამ ამერიკის ინტერესის წინა პლანზე დაყენება არ ნიშნავს ეროვნულ ეგოიზმს. მთელი მსოფლიოსთვის სავსებით პროგრესულია და მისაღებია ტრამპის ხედვა, რომელიც სხვათა საშინაო საქმეებში ჩაურევლობაში გამოიხატება.

გარდა ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკამ თავისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალი მსოფლიოს სასიკეთოდ უნდა განავითაროს:

“ჩვენ ვდგავართ ახალი ათასწლეულის დასაბამთან, მზად ვართ, ამოვხსნათ კოსმოსის საიდუმლოებანი, მსოფლიო გავათავისუფლოთ სნეულებებით ტანჯვისგან და გამოვიყენოთ მომავლის ენერგეტიკა, ინდუსტრია და ტექნოლოგიები. ახალი ეროვნული სიამაყე აგვამოძრავებს, აღმართავს ჩვენს მზერას და ამოავსებს ჩვენს ნაპრალებს”.

აი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი პოსტულატები, რომლებიც ტრამპის ეპოქალურ საინაუგურაციო გამოსვლაში გამოიკვეთა. თუმცა, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მხოლოდ ამ გამოსვლის მიხედვით ვერ შეფასდება. არის კიდევ მრავალი მომენტი, რომლებიც აუცილებელად უნდა გაანალიზდეს. ამაზე მომავალ საგაზეთო პუბლიკაციებში ვისაუბრებთ.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here