Home რუბრიკები საზოგადოება მანანა ნიკოლეიშვილი: უკიდეგანო კორუფციაა დღეს ყველა სფეროში და მათ შორის განათლების სისტემაშიც

მანანა ნიკოლეიშვილი: უკიდეგანო კორუფციაა დღეს ყველა სფეროში და მათ შორის განათლების სისტემაშიც

1166

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთი პედაგოგი სცემა და სკოლის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა დაამტვრია. ინცინდენტი გუშინ, 25 იანვარს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევის შედეგად დაზარალებული პედაგოგები პოლიციამ ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანა.

რამდენად დაცულია დღესდღეობით სკოლებში მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოება, ვინ არის პასუხისმგებელი მსგავს ინცინდენტებზე და რას აკეთებს განათლების სამინისტრო, რომ სასწავლო ნორმალურ გარემოში მიმდინარეობდეს, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის „განათლების ლიგის“ ხელმძღვანელს მანანა ნიკოლეიშვილს დაუკავშირდა.

მანანა ნიკოლეიშვილი:- ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ სასჯელს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ეს არ არის, პრობლემა ის გახლავთ, რომ დღევანდელი ჩვენი განათლების სისტემა სამარცხვინოა და ისეთი ხალხი ხელმძღვანელობს ამ სისტემას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს განათლებაზე. საერთოდ, დღეს არავინ სვამს შეკითხვას, ვინ არის ალექსანდრე ჯეჯელავა, არავინ ამბობს, რომ ის არ მოსულა ამ სფეროში განათლების სისტემიდან. ასევე არავინ ეუბნება ამ კაცს, რომ სკოლებში სასწავლო საათები არის უკიდურესად შემცირებული და ამის გამო პედაგოგებს შორის მუდმივი დაპირისპირებაა.

ახლა რაც შეეხება კიდევ ერთ ფაქტს, რომელიც მცირე ხნის წინ მოხდა, იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურის თანამშრომელმა 16 წლის მოსწავლე დააფეხმძიმა. მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ არანაირი მანდატურის მომხრე არ ვარ სკოლებში. სხვათა შორის, ამაზე თავის დროზე პატრიარქმა ბრძანა გასაგებად: ხელკეტიანი ქალების და კაცების ადგილი სკოლებში არ არისო. თუმცა მაშინ ეს ხელისუფლებამ ყურად არ იღო და გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. აი, იქიდან მოყოლებული სკოლებში რა ხდება, კაცმა არ იცის, სრული ქაოსია, სამარცხვინო მდგომარეობაა. ზოგადად უკიდეგანო კორუფციაა დღეს ყველა სფეროში და მათ შორის განათლების სისტემაშიც. უბედურება კი ის არის, რომ არც ამ სისტემის სათავეში, არც მთავრობაში და მთლიანად ხელისუფლებაში ამ ქაოსისა და უწესრიგობის განმკითხავი არავინაა… 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here