Home რუბრიკები ეკონომიკა აბრეშუმის გზამ საქართველოს გვერდი აუარა

აბრეშუმის გზამ საქართველოს გვერდი აუარა

2265

ჩინეთის ამბიციურმა პროექტმა აბრეშუმის გზის აღორძინების შესახებ პირველი შედეგი გამოიღო: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან წასული მატარებელი ლონდონის ერთ-ერთი რაიონის ბარკინგის სარკინიგზ სადგურში შევიდა. ეს მოხდა 18 იანვარს.

ძირითადად სუვენირებით დატვირთულმა  ეშელონმა სტარტი 2017 წლის 1 იანვარს აიღო ჩინეთის ქალაქ იუდან (პროვინცია ჩჟეძიანი). მატარებელმა 18 დღეში 12 ათასი კილომეტრი გაიარა. ეს თანამედროვე ვაჭრობაში მსოფლიოს რეკორდია, რადგან ამ მანძილზე ტვირთის გადატანას საზღვაო მარშრუტით დაახლოებით 2 თვე დასჭირდებოდა. ექსპერტიმენტის წარმატებით დასრულება კი ნიშნავს, რომ აბრეშუმის გზა აღორძინებულად შეიძლება ჩაითვალოს.

ახალი სავაჭრო მარშრუტი, რომელიც ჩინეთს დასავლეთ ევროპასთან აკავშირებს გადის ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, პოლონეთის, გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის ტერიტორიებზე.

ჩრდილოეთის ეკონომიკური დერეფნის  ფარგლებში – ჩინეთი – ცენტრალური აზია – რუსეთი – ევროპა, კიდევ იგეგმება ორი სარკინიგზო მარშრუტის, აგრეთვე, ახალი საზღვაო აბრეშუმის გზის შექმნა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/karta.jpg

აღსანიშნავია, რომ რუსეთი უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ პროექტში მონაწილეობას, რადგან მიიღებს არა მხოლოდ ტრანზიტის საფასურს, რომელიც საკმაოდ მაღალია, არამედ ინვესტიციებსაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურების გასავითარებლად, აგრეთვე, ახალ სამუშაო ადგილებს. მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩქაროსნული მაგისტრალის – მოსკოვი-ყაზანის- ასაშენებელ პროექტზე, რომელიც მომავალში გაფართოვდება მოსკოვი პირდაპირ პეკინს დაუკავშირდება. მოსკოვი-ყაზანის სარკინიგზო მაგისტრალზე სატვირთო მატარებელი საათში 360 კმ სიჩქარით იმოძრავებს და ტვირთს, სულ რაღაც, 3,5 საათში გადაიტანს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასაც სურდა ამ პროექტში ჩართვა, რუსეთის გვერდის ავლით საკუთარი მარშრუტის შექმნასაც შეეცადა, მაგრამ -წარუმატებლად. იმის გამო, რომ არავინ მოისურვა პორტ ილიჩევსკიდან (2016 წლიდან ჩერნომორსკი – ოდესის ოლქის ქალაქი) ჩინეთში ტვირთების გადატანა, იძულებული შეიქნენ, მატარებელი გაეგზავნათ არა საქართველოში, როგორც ნავარაუდევი იყო, არამედ ბორნით გადაეყვანათ ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, სადაც  დაიტვირთა. შედეგად მატარებელს ბულგარეთიდან ჩინეთამდე მისაღწევად 15 დღე-ღამე დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აბრეშუმის გზის რამდენიმე პროექტზე. ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, მარშრუტი ყაზახეთის გავლით კასპიის ზღვამდე გზის გაყვანას ითვალისწინებს, საზღვაო გადაზიდვის შემდეგ კი გაგრძელდება აზერბაიჯანსა და საქართველოს გავლით – თურქეთამდე. 2 წლის წინათ ექსპლუატაციაში შევიდა გვირაბი, რომელიც ბოსფორის სრუტის ქვეშ გადის და აზიისა და ევროპის სატრანსპორტო სისტემებს აკავშირებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე სწორედ “ახალი აბრეშუმის გზის” შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, “ახალი აბრეშუმის გზას“ მარშრუტს უცვლიან და ჩინეთი ევროპას რუსეთის გავლით დაუკავშირდება, ყოველ შემთხვევაში, ეს, ალბათ, მთავარი მარშრუტი იქნება.

                                                            ლუკა მაისურაძე

ცნობისთვის: აბრეშუმის დიდი გზა _ ეს არის ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა.ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქალაქ დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე ქალაქ კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისკენ მიემართებოდა.

აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე, ოქრო. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალიფო აკონტროლებდა, შემდეგ მონღოლები. აბრეშუმის დიდი გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.

1 COMMENT

  1. ძალიანაც კარგი. მაგ პროექტიდან მიღებული მოგების თანხას ,მაინც მაღალი თანამდებობის პირები ჩაიჯიბებდნენ და რიგითი მოქალაქისთვის მაინც არაფერი შეიცვლებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here