დღეს, 19 იანვარს, საქართველო და სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიო“ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარს, მამა გიორგი (რაზმაძეს) დაუკავშირდა კომენტარი სთხოვა.
-მამაო, ნათლისღების დღესასწაულზე განსაკუთრებით ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში და ლოცულობს. რას ეტყოდით ამ დღეს მრევლს და მთლიანად მოსახლეობას?
– პირველ რიგში მივულოცავ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ვუსურვებ, რომ გაძლიერდეს უფლისადმი სიყვარულში და რწმენაში. ეს არის დღე, როცა უფალმა იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან მდინარე იორდანეში ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. ამ დღეს, 19 იანვარს, იორდანე დინების საწინააღმდეგოდ მიედინება და ეს არის უდიდესი სასწაული, რომელიც გვახსენებს ჭეშმარიტებას… ვუსურვებ ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს სულიერ სიმტკიცეს, გამძლეობას და სიმხნევეს, რადგან დღესდღეობით ძალიან ბევრი მაცდუნებელი ფაქტორია ჩვენს გარშემო და ძალიან ბევრი ცდილობს, ადამიანები დააშოროს ღმერთს…
– სოციალურ ქსელებში „ლიბერალები“ ქილიკობენ რელიგიურ დღესასწაულებზე. მაგალითად, ამასწინათ ილიაუნის ყოფილმა რექტორმა გიგი თევზაძემ ფეისბუქში დაწერა, რომ შობის აღნიშვნა ოკუპანტის მხარდაჭერაა. რას უპასუხებთ მათ?
-სასულიერო პირი, მე ვიქნები თუ სხვა, ვალდებულია, იქადაგოს და მრევლს უთხრას სიმართლე.
რაც შეეხება ჩვენი ე.წ. ლიბერალების ქილიკს და ოხუნჯობას სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, შეხედონ თავიანთ თავებს, საქციელს და გამოხდომებს, შეხედონ, რანაირი ოჯახები აქვთ და რა შვილები ეზრდებათ. განა შეიძლება, საღად მოაზროვნე ადამიანმა შობის დღესასწაულზე ასეთი რამ თქვას? ეს არის ადამიანის გონებრივი დეგრადირება; თუმცა მთავარი უბედურება ის არის, რომ ასეთი ტვინნაღრძობი ხალხი სხვებსაც უბნელებს და უხრწნის გონებას. ზუსტად ამიტომაა საჭირო მათი მხილება. მე ჩემის მხრივ რაც შემიძლია, ძალ-ღონეს არ ვიშურებ და არც მომავალში დავიშურებ მონდომებას, რომ მსგავს ხალხს ფარდა ავხადო. ესენი არიან ჩვეულებრივი გარედან მართული მოღალატეები, მეხუთე კოლონა, რომელიც ემსახურება ყველაფერ ქართულის და პირველ რიგში მართლმადიდებლობის მტრების ინტერესებს…