Home რუბრიკები პოლიტიკა ბარაკ ობამა: დუმილს აუცილებლად დავარღვევ, თუ ქვეყნის მთავარ ღირებულებებს დასჭირდება დაცვა

ბარაკ ობამა: დუმილს აუცილებლად დავარღვევ, თუ ქვეყნის მთავარ ღირებულებებს დასჭირდება დაცვა

476

პრეზიდენტის რანგში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, პოსტის დატოვების შემდეგ ის ოჯახს უფრო მეტ დროს დაუთმობს, დაიწყებს წიგნის წერას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საჯარო გამოსვლებისგან თავს შეიკავებს.

„მინდა ცოტა ხანს სიჩუმეში ვიყო და არ ვისმენდე იმას, რასაც ვლაპარაკობ. მაგრამ დუმილს აუცილებლად დავარღვევ, თუ ქვეყნის მთავარ ღირებულებებს დასჭირდება დაცვა,“ – აღნიშნა ობამამ.

„ტრამპთან გულთბილი შეხვედრა მქონდა, მაგრამ არანაირი ილუზია არ მაქვს იმისა, რომ მე და მას საერთო მიზნები გვამოძრავებს, მან გაიმარჯვა იმ ინიციატივების უგულებელყოფით, რომლითაც ბოლო 8 წლის განმავლობაში გამოვდიოდი. ამიტომ, ის თავის იდეების განხორციელებას შეეცდება. არ მგონია ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვეოდეს, თუმცა ჩემთვის მთავარ პრიორიტეტს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა წარმოადგენს,“ – აღნიშნა ობამამ. კითხვაზე, თუ რა შეფასებას მისცემს 50 დემოკრატი კონგრესმენის მიერ ტრამპის ინაუგურაციისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, ობამამ პასუხის გაცემა არ ისურვა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ინაუგურაციას აუცილებლად დაესწრება.

„შანსი იმისა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ პრინციპით დარეგულირდეს, სულ უფრო ცოტა რჩება“. – განაცხადა ობამამ. ობამა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მხარს ღიად უჭერდა, რის გამოც ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. დეკემბრის ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ კენჭისყრაზე აშშ-მ, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად, ვეტოს უფლება არ გამოიყენა და ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუცია არ დაბლოკა. ამის გამო ისრაელის პრემიერმა ობამა ანტიებრაული შეთქმულების მონაწილედ გამოაცხადა.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე ბარაკ ობამა პასუხისმგებლობას კრემლის ლიდერს აკისრებს. მისი თქმით, 2012 წელს პრეზიდენტის პოსტზე პუტინის დაბრუნების შემდეგ ანტიამერიკული რიტორიკა გამწვავდა.

„სანქციები რუსეთს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის გამო დაუწესდა და მათი გაუქმება იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, თუ როგორი იქნება რუსეთის პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ. იმედია, რუსეთსა და უკრაინას კარგი ურთიერთობა ექნებათ, რადგანაც ეს ქვეყნები ისტირიულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა,“ – აღნიშნა ობამამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here