“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დაშლის შემდეგ ძველი სახელი ერთ-ერთ “ფრთას” დარჩა, ის სულ სხვა პოლიტიკური გაერთიანება იქნება, რომელსაც ძველ “ნაცმოძრაობას” მხოლოდ გარეგნული ნიშნებით თუ მივამსგავსებთ. ვინაიდან ყოფილი მმართველი პარტიის დაღუპვის გარემოებები ფრიად საეჭვოა, აუცილებელია გვამის გაკვეთა და სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
პათოლოგიური სიმბიოზი
ვიდრე ლანცეტს მოვიმარჯვებთ, ორიოდე სიტყვა მიმდინარე მოვლენების მთავარ შედეგზე უნდა ვთქვათ _ “ნაცმოძრაობის” დაშლა, პოლიტიკური სივრცის ზოგად გადაფორმატებასთან ერთად, ქმნის მნიშვნელოვან წინაპირობებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ წლევანდელ ადგილობრივ, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს. გავრცელებული მოსაზრება, რომ “ნაცმოძრაობა ბიძინამ დაშალა”, არასწორია, რადგან ეს, მისი ზეგავლენის გარდა, სხვადასხვა ფაქტორის თანხვედრამ და ურთიერთქმედებამ განაპირობა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მაქსიმალურ ბონუსებს შექმნილი სიტუაციიდან სწორედ ივანიშვილი მიიღებს.
მეტაფორის ძიებაში, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ანატომიას აღწერს, ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ გამოჩენილი პოლონელი ფანტასტის _ სტანისლავ ლემის რომანი “ედემი” (1958), რომელშიც ის ფრიად უცნაური უცხოპლანეტელების, “დუბელტების” (ანუ “ორსხეულიანების”), ცივილიზაციაზე მოგვითხრობს. “დუბელტი” ორი ორგანიზმის სიმბიოზს წარმოადგენს _ ერთი, დიდი, მაგრამ “უტვინო” “მატარებელი-სხეულია”, მეორე კი პატარა და გაცილებით სუსტი _ “მოაზროვნე სხეული”, რომელიც დიდი სხეულის შიგნით, ერთგვარ ჩანთაში ცხოვრობს. შესაძლოა, “ნაცმოძრაობა” სწორედ ამგვარ სიმბიოზს განასახიერებდა: სააკაშვილი და მართლმორწმუნე “მიშისტები” დიდ სხეულს წარმოადგენდნენ, ხოლო ე.წ. ბოკერიას ჯგუფი _ მცირეს. ის, რაც დღეს ხდება, გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, დაშლა, ელექტორატის თუ საოფისე ავეჯის გაყოფა – ეს სიმბიოზის დასასრულია. ოდესღაც ერთიანი “დუბელტის” ორი ნაწილი ერთმანეთის გარეშეც რომ გადარჩეს (რაც ძალზე სათუოა), მათ პოლიტიკური ევოლუციის გზის გავლა ხელახლა მოუწევთ, ამიტომ მიმდინარე მოვლენები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე “ნაცმოძრაობიდან” “გირჩის” ან ვაშაძის მცირე ჯგუფის გამოყოფა.
საზოგადოდ, სტანისლავ ლემის ამ ძველ რომანში ბევრი ფილოსოფიური მეტაფორა და ქვეტექსტია, რომლებმაც შეიძლება დააინტერესოს თანამედროვე ქართველი მკითხველი _ “დუბელტების” ხელისუფლების თავდაცვის მთავარი საშუალება არის ის, რომ საკუთარ არსებობას უარყოფს, რაც არაფორმალური მმართველობის ქართულ სისტემასთან საინტერესო პარალელების გავლების შესაძლებლობას იძლევა. საინფორმაციო ნაკადების მართვისა და სოციალური ჯგუფების დაპროგრამების ხელოვნებას ლემმა “პროკრუსტიკა” უწოდა, ალბათ, იმიტომ, რომ მის მიერ აღწერილი ხელისუფლება მას დაახლოებით ისე იყენებდა, როგორც პროკრუსტე ცნობილ სარეცელს, და მიაღწია იმას, რომ “დუბელტები” საკონცენტრაციო ბანაკში ნებაყოფლობით რჩებოდნენ, მათ მცველები არ სჭირდებოდათ.
ყველაზე მიშვნელოვანი ამ კონტექსტში, ალბათ, მაინც ისაა, რომ ქართველმა ლიბერალებმა თავის დროზე აირჩიეს სიმბიოზი უტვინო “მატარებელ სხეულთან”, როგორც გადარჩენის და საკუთარი მიზნების მიღწევის ერთადერთი გზა. ეს ეხება არა მხოლოდ ბოკერიასა და მის მეგობრებს (90-იანებში), არამედ ძველ რესპუბლიკურ პარტიას. სხვათა შორის, სწორედ რესპუბლიკელებზე წერდნენ ყველაზე ხშირად, რომ ისინი “ლოკომოტივს ეძებდნენ”. მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ პასუხი შემდეგ კითხვაზე: წარმოადგენდა თუ არა სიმბიოზი (“მოქალაქეთა კავშირთან”, “ნაცმოძრაობასთან”, “ქართულ ოცნებასთან” _ მნიშვნელობა არ აქვს), რომელიც გაუმართლებელ იდეოლოგიურ და ზნეობრივ კომპრომისებს მოითხოვდა, ამ ჯგუფებისთვის ევოლუციის ერთადერთ გზას და შეიყვანა თუ არა ამ გზამ ბოკერია, უსუფაშვილი და სხვები ჩიხში?
პრინციპში, არაფერი ახალი ამაში არ არის, თავის დროზე ბევრმა გერმანელმა და იტალიელმა ახალგაზრდა ინტელექტუალმა (რომელიც ადგილობრივ პერსონაჟებზე ათი თავით მაღლა იდგა) ჩათვალა, რომ დაიმორჩილებდა და დიადი მიზნების მიღწევას დაუქვემდებარებდა ფაშისტური პარტიების უზარმაზარ “უტვინო სხეულებს” (შიგნიდან შეცვლიდა სისტემას და ა.შ.), თუმცა, შესაძლოა, ეს მიდგომა მხოლოდ ძალაუფლების წყურვილის გაკეთლიშობილების მცდელობას წარმოადგენდა. რაც შეეხება ტაქტიკურ პერსპექტივას, აქ უფრო მნიშვნელოვანია სხვა კითხვა: სერიოზული იყო მიზეზი, რომელმაც ბოკერიას, უგულავას, ბაქრაძესა და სხვებს უარი ათქმევინა მრავალწლიან პოლიტიკურ სიმბიოზზე “ნაცმოძრაობასთან”?
რამდენი კურდღელი დაიჭირა ივანიშვილმა?
წინასაარჩევნო წინააღმდეგობებმა და პოსტსაარჩევნო სკანდალმა მნიშვნელოვნად დაძაბა ურთიერთობა “ნაცმოძრაობის” შიგნით, მაგრამ ის არ იყო საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მხარეებს უარი ეთქვათ იმ სარგებელზე, რომელიც ერთად ყოფნას მოჰქონდა. გამორიცხული არ არის, რომ ბოკერია-უგულავას ჯგუფის წევრებმა (მათ შეიძლება ნეონაცები ვუწოდოთ, რათა ძველი ნაცებისგან განვასხვავოთ, ასე უფრო გასაგები და მარტივია) სასიკვდილო საფრთხე იგრძნეს და დაინახეს, რომ სააკაშვილი პარტიას, მათ “მატარებელ-სხეულს” უფსკრულისკენ მიაქანებს. “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური დაკნინება ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია ის, რომ სააკაშვილთან დარჩენილები, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძის მიერ იზოლაციაში მოქცეული “ზვიადისტები”, ვერასოდეს ჩამოყალიბდებიან მმართველი ელიტის ორგანულ ნაწილად და, 99%-იანი ალბათობით, მარგინალიზაციისკენ წავლენ.
კურსი რევოლუციაზე, რომელსაც სააკაშვილი თანაპარტიელებს სთავაზობს, ურტყამს არა მხოლოდ მათ პირად უსაფრთხოებას, არამედ მათი ოჯახების ბედსაც _ შვილების მომავალს, მათ ბიზნესს და ა.შ. და ეს იმ პირობებში, როდესაც ისინი ხედავენ, რომ “ვარდების რევოლუცია 2”-ისთვის წინაპირობები არ არსებობს. ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილი ამას ვერ აცნობიერებს, თუმცა, შესაძლოა, ის, უბრალოდ, აღიქვამს თანაპარტიელებს სახარჯ მასალად და მათი უსაფრთხოება არ ანაღვლებს.
საინტერესოა, რომ ახალ ხელისუფლებას არ უცდია ნეონაცებისთვის და მათი გარემოცვისთვის ძირითადი ბიზნესების წართმევა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და მათ ძალიან ბევრი რამ დარჩათ დასაკარგავი. სააკაშვილი კი თავის დროზე ცდილობდა, ოპონენტები “გაეტყავებინა” და, ცნობილი გამოთქმის არ იყოს, მათ, ბორკილების გარდა, დასაკარგავს არაფერს უტოვებდა. საინტერესოა, რომელი მიდგომა (მისი უკიდეგანო ცინიზმის მიუხედავად) მიუთითებს წინდახედულობაზე?
საუბარი იმაზე, რომ ნეონაცები სააკაშვილს უნდა დაშორდნენ, წლების წინათ დაიწყო. ეს სავსებით ლოგიკური იყო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, საქმე ეხებოდა არა იმდენად პოლიტიკური (თუნდაც სტრატეგიული) ალიანსის დაშლას, არამედ სიმბიოზზე უარის თქმას. ამ სიმბიოზის ფარგლებში კი ერთადერთ შესაძლებელ ვარიანტს “მატარებელ-სხეულზე” სრული კონტროლის მოპოვება წარმოადგენდა. ბოკერიას ჯგუფი სწორედ ამ მიმართულებით წავიდა და სააკაშვილს “ნაცმოძრაობის” სიმბოლოდ, ერთგვარ “კონსტიტუციურ მონარქად” გადაქცევას უპირებდა.
აძლევდა თუ არა ეს ხელს ბიძინა ივანიშვილს? რა თქმა უნდა, არა. “ნაციონალური მოძრაობა” ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაძლიერდებოდა და ამის ირიბი დადასტურება წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაა _ ბოკერიას ჯგუფი მას საკმაოდ გონივრულად წარმართავდა, სააკაშვილი კი ყველაფერს აფუჭებდა, ბოლოს კი თავისი მუქარებით “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა მობილიზაცია უზრუნველყო.
ნეონაცებს პარტიის სრულ გაკონტროლებას რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ სააკაშვილმა თითქოს გაიღვიძა (ან გააღვიძეს) და გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია. რაღაც მომენტში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყოველივე დასრულდებოდა კომპრომისით ან პარტიიდან მცირე ჯგუფის გარიცხვით, მაგრამ ამ მომენტში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ძალიან საინტერესო სვლა, რომელმაც “ნაცმოძრაობის” დაშლა პრაქტიკულად გარდაუვალი გახადა.
გიგი უგულავას გამოსვლა ციხიდან, უბრალოდ, დაემთხვა კრიზისს “ნაცმოძრაობაში”, თუმცა საქართველოში ეს არავის სჯერა. ყველა თვლის, რომ ის ხელისუფლებამ გამოუშვა, რათა ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაეჭირა.
ბოლო დღეებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ უგულავას გამოშვებით ხელისუფლებამ:
1. გააძლიერა “მიშისტებისა” და (რაც მთავარია) სააკაშვილის ეჭვები იმის თაობაზე, რომ ბოკერია და უგულავა “ოლიგარქს მიეყიდნენ” და პარტიიდან მათ გასაგდებად “ლეგიტიმური საბაბი” შექმნა;
2. “ამბოხებულთა” და მერყევი აქტივისტების რიგებში საკუთარი ძალების რწმენა გაამყარა _ მათ ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობის უფრო ძლიერი კანდიდატი (უგულავა) ეყოლებათ, ვიდრე “მიშისტებს”;
3. დასავლეთში იმ ჯგუფების მოწონება დაიმსახურა, რომლებიც თვეების განმავლობაში უგულავას გამოშვებას მოითხოვდნენ;
4. ადგილობრივი არჩევნების წინ არა მხოლოდ გახლიჩა “ნაცმოძრაობის” ელექტორატი, არამედ სერიოზული პრობლემები შეუქმნა თბილისის მერობის ჰიპოთეზურ ერთიან კანდიდატს დემოკრატიული ოპოზიციიდან (ელისაშვილი იქნება თუ სხვა) _ გაჩნდა საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი “რიმეიქის” შექმნის შესაძლებლობა. “მთავარი საფრთხობელის” როლს ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, უგულავა შეასრულებს, ხოლო ნაციონალების თუ “ევროქართველების” რევანშის შიშით შეპყრობილი მერყევი ამომრჩეველი ისევ დაანებებს თავს ფიქრს მესამე ძალაზე და იძულებული იქნება, “ქართულ ოცენას” მიემხროს;
5. შექმნა წინაპირობები მწვავე კონკურენციისთვის ნეონაცებს, უსუფაშვილის ახალ პარტიასა და შედარებით სუსტ ჯგუფებს შორის, რომლებიც ერთ ნიშაში, დასავლეთზე ორიენტირებული, ლიბერალური იდეებისკენ მიდრეკილი ამომრჩევლების მოზიდვაზე იმუშავებენ.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი _ “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებული კრიზისისას ნეონაცები შეიძლება მხოლოდ სიმბოლური წინააღმდეგობით შემოიფარგლონ, რადგან მათ, სავარაუდოდ, ხელს აძლევთ, რომ სააკაშვილმა იდეების მუდმივი რეტრანსლირებისა და, შესაბამისად, პარტიულ მასებზე ზემოქმედების უმნიშვნელოვანესი ბერკეტი დაკარგოს. დავით ბაქრაძის განცხადების მიუხედავად, რომლის თანახმად, ის “ნაცმოძრაობაში” დარჩენილებს ივანიშვილთან ბრძოლაში მოკავშირეებად განიხილავს, თვითდამკვიდრება ერთმანეთის ხარჯზე, ყოფილი თანამებრძოლების ჩაძირვა, დიდი ალბათობით, დაშლილი “ნაცმოძრაობის” ორივე ნაწილისთვის ძირითად საქმიანობად იქცევა. კიდევ ერთი ნიუანსი _ ნებისმიერ კომპრომატს ახალი თუ ძველი ნაცების წინააღმდეგ, რომელიც ამიერიდან ინტერნეტში გამოქვეყნდება, საზოგადოება, სავარაუდოდ, დაუკავშირებს “ნაცმოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ბრძოლას ერთმანეთთან და არა ხელისუფლების მოქმედებას მათ წინააღმდეგ.
რევოლუცია ლომთა ხვედრია
სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები დღეს რთულ მდგომარეობაში არიან _ ერთი მხრივ, მათ სიამოვნებთ, რომ ნაციონალები ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ, მეორე მხრივ, უგულავას გათავისუფლებაც არ მოსწონთ. ზოგიერთი მათგანი განვითარებული პროცესების მიღმა დიდ შეთქმულებას ხედავს და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი და ბოკერია შეთანხმებულად მოქმედებენ, ხოლო ნეონაცები “ნაცმოძრაობას” მხოლოდ იმისთვის გამოეყვნენ, რომ პოლიტიკური ბლოკადა გაარღვიონ, გააფორმონ ალიანსი სხვა პოლიტიკურ ძალებთან, სააკაშვილისგან დემონსტრაციული დისტანცირებით გათავისუფლდნენ წარსულის ტვირთისგან, ხოლო გადამწყვეტ მომენტში მის “ნაცმოძრაობასთან” ისევ ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ. ამ, მეტწილად კონსპიროლოგიური, თეორიების უარყოფა საკმაოდ რთულია, რადგან ჯერ არ გასულა საკმარისი დრო იმისთვის, რომ დადასტურდეს _ “განქორწინება” ძველ ნაციონალებს ძალიან დიდ პრობლემებს მოუტანს, ნეონაცები კი ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილისთვის კვლავინდებურად დარჩებიან სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის განუყოფელ ნაწილად. ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება, გაამყაროს მსგავსი თეორიები, რათა მისმა ამომრჩველმა “ნაციონალებისგან” მომავალი საფრთხე არ დაივიწყოს და ალტერნატივის ძებნა არ დაიწყოს.
“ევროპული საქართველოს” გამოყოფა არ არის ჩვეულებრივი გამოკლება, რომლის შემდეგ სააკაშვილს ძველი რესურსების (ციფრები პირობითია) 65% დარჩება, ხოლო “ნეონაცებს” _ 35%. ის გაცილებით ახლოს დგას ქირურგიულ ოპერაციასთან, რომლის დროს პაციენტი კარგავს ბევრ სისხლსა და ენერგიას, ხოლო რეაბილიტაციასა და სრულ გამოჯანმრთელებას თვეები და წლები სჭირდება. “ნაცმოძრაობის” “ნამსხვრევების” ავტორიტეტის და მათი ჯამური რეიტინგის დაცემა (თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით) გარდაუვალია.
თანაც მოსაზრება, რომ სააკაშვილს “ნაცმოძრაობის” მემკვიდრეობის უფრო დიდი ნაწილი დარჩა, შეიძლება მცდარი გამოდგეს. 12 იანვარს “ნაცმოძრაობიდან” პარტია “ევროპულ საქართველოში” გადავიდა 21 დეპუტატი, 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და წევრი, “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი და რღვევის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ნეონაცებს შეურთდა დეპუტატების სამი მეოთხედი, პრაქტიკულად ყველა “მოლაპარაკე თავი”, თითქმის ყველა ლიდერი, რომლებსაც, ასე თუ ისე, ჭკუა მოეკითხებოდა (გასაგებია, რომ “ნაცმოძრაობის” შემთხვევაში “ჭკუა” ერთობ ფარდობით ცნებაა, მაგრამ მაინც). ის, რომ სააკაშვილის მხარეს “რიგითების”, პოლიტიკური “საზარბაზნე ხორცის” დიდი ნაწილი დარჩა, არ ნიშნავს, რომ მისი პარტია უფრო ძლიერია.
ადრე სააკაშვილს ცოტა მაინც სჯეროდა ხელისუფლებაში მშვიდობიანი და ლეგიტიმური გზით დაბრუნების, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი გადასვლა “რევოლუციის რელსებზე” გარდაუვალი გახდა. თუ ბოკერიას და პარტიის ზოგიერთ სხვა ლიდერს მისი გადარწმუნება შეეძლო, ახალაიების ჯგუფი, სავარაუდოდ, მის ყველაზე მანიაკურ ინიციატივებსაც კი არ შეეწინააღმდეგება; ბოკერია-უგულავასგან განსხვავებით, ახალაიებს ივანიშვილის მიერ შექმნილ ახალ სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შანსი ნაკლებად აქვთ.
ინტერვიუებიდან თუ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ სააკაშვილს არ ესმის, რა არის ნამდვილი რევოლუცია და რით განსხვავდება ის სპექტაკლისგან, რომელსაც დაინტერესებული ზესახელმწიფო ადგილობრივი ელიტის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად ათამაშებს. ის, რაც 2003 წელს საქართველოში, შემდგომ კი (ორჯერ) უკრაინაში მოხდა, ერთგვარი ერზაც-რევოლუციაა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია მას რევოლუციის დაწყება მისი პარტიის სრული პოლიტიკური იზოლაციისა და უცხოური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში.
ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ მან დაიწყო ყვრილი ვადამდელ არჩევნებზე და ახალ “მაიდანზე” უკრაინაში, მაგრამ მალევე გაჩუმდა, რადგან დაინახა, რომ იზოლირებულია და ნებისმიერი პროვოკაციული ნაბიჯი შეიძლება ძვირი დაუჯდეს; ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიდელ კასტროს მსგავსი მამაცი მებრძოლი არ არის. ამ გამოუვალმა სიტუაციამ შეიძლება მიიყვანოს სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობამდე, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. ამ შემთხვევაში მისი პარტიის პოლიტიკური პერსპექტივები განულდება და ის ჩამოყალიბდება რაღაც საშუალოდ დანაშაულებრივ დაჯგუფებასა და ტოტალიტარულ სექტას შორის.
ფინიტა ლა ტრაგედია
ყოველივე მომხდარი შეიძლება შეფასდეს, როგორც მიხეილ სააკაშვილის სრული პოლიტიკური კრახი. დღეს ის იმკის იმას, რასაც წლების განმავლობაში თესავდა და ყოფილი თანაპარტიელები, სავარაუდოდ, ისევე დაუნდობლად მოექცევიან, როგორც ის ექცეოდა სხვებს. “მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი… არ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას”, _ განაცხადა გიგი უგულავამ (“ინტერპრესნიუსი”).
რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” პერსპექტივებს, აქ მთავარია, მოახერხებს თუ არა ის პოლიტიკური იზოლაციის გარღვევას და ალიანსების შექმნას. ეს კი, თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა მისი ლიდერები დისტანცირებას 2003_12 წლებში რეჟიმის მიერ ჩადენილი ბოროტებისგან. მათთვის, ვინც წინა ხელისუფლებას ებრძოდა, ნეონაცები სამუდამოდ დარჩებიან სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეებად, ამიტომ მთავარ მიზნობრივ ჯგუფებად “ევროპული საქართველო”, “ძველი ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების გარდა, სავარაუდოდ, განიხილავს ე.წ. შუაშისტებს, რომლებიც 2012-შიც მზად იყვნენ, ყველაფერი დაევიწყებინათ და ამისთვის მხოლოდ საბაბს ეძებდნენ (“ევროპული საქართველოს” შექმნა სწორედ ასეთი საბაბია) და ის ახალგაზრდები, რომლებიც ნაკლებად აცნობიერებენ, რა ხდებოდა 2012 წლამდე. ეს პარტია, სავარაუდოდ, შეეცდება მკვეთრად ანტირუსული პოზიცია დაიკავოს და ხელისუფლებას ამ მხრიდან შეუტიოს. ყველაზე საინტერესო, ტაქტიკური თვალსაზრისით, იქნება მათი ურთიერთდამოკიდებულება გიორგი მარგველაშვილსა და დავით უსუფაშვილთან (ალასანია ავანსცენაზე, სავარაუდოდ, ჯერ არ დაბრუნდება) და იმ ჯგუფებთან, რომლებიც მათ უკან განიხილება. ერთი შეხედვით, ისინი კონკურენტები არიან და ამომრჩევლებზე ერთსა და იმავე ნიშაში “ნადირობენ”. მაგრამ ამ ლიდერებს იდეოლოგიური სიახლოვე, ძველი მეგობრობა და ერთი და იგივე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა აკავშირებს.
მათ მიერ ალიანსის შექმნა ჯერჯერობით ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, მაინც მოუწევს თავის დაზღვევა და პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, ეს საფრთხე რომ გაანეიტრალოს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები არც ისე მრისხანედ გამოიყურებიან, მათ ალიანსს ექნება სერიოზული პოტენციალი, უცხოეთში მძლავრი მოკავშირეები მოძებნოს. ივანიშვილი, ალბათ, შეეცდება, ისინი ერთმანეთს დაუპირისპიროს და ამისთვის, უპირველესად, დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ამბიციებს გამოიყენებს. ჯერჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, რა გამოუვა ამ მიმართულებით ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ წინააღმდეგობებზე თამაში მას კარგად გამოსდის და “ნაცმოძრაობის” დაშლა ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერების გავლენა ახალ პარტიაში დაუბალანსებელია, ის შეკრულ და “ჩაბეტონებულ” ერთობას არ წარმოადგენს. ასე რომ, მის შიგნითაც შეიძლება ფრიად დრამატული კონკურენცია განვითარდეს. თუმცა ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყველაზე სერიოზული მტერი, ალბათ, მიხეილ სააკაშვილი იქნება, რომელიც, სავარაუდოდ, არ მოისვენებს, სანამ “ღალატისთვის” შურს არ იძიებს.
დიმიტრი მონიავა