Home რუბრიკები პოლიტიკა ასტანის ფორუმის მოლოდინში

ასტანის ფორუმის მოლოდინში

531

გასული წლის 30 დეკემბერს სირიის არმიის ხელმძღვანელობამ სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადა. დასრულდა სირიის თითქმის ექვსწლიანი ომის ყველაზე სისხლისმღვრელი ეტაპი. შეიარაღებული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი იძულებით დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგულმა ჯარებმა რუსეთის დახმარებით სირიის უდიდესი ქალაქი ალეპო გაათავისუფლესბოევიკებისადა ტერორისტებისგან. ჯერ გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები აღმოსავლეთ სირიაში, სადაც დაფუძნებულია . . ისლამური სახელმწიფო და კიდევ აკონტროლებს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, რაქასა და პალმირას ჩათვლით. ცეცხლის შეწყვეტა არ ეხებაისლამურ სახელმწიფოსდა არცალ ქაიდასფილიალს _ “ჯებჰატ ანნუსრას”, მაგრამ მთლიანობაში შეთანხმება მიღწეულია, გაეროს უშიშროების საბჭომ 31 დეკემბრის რეზოლუციით მხარი დაუჭირა ამ ფაქტს

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის ინიცირება რუსეთმა და თურქეთმა მოახდინეს, უწინარესად ეხება სირიის ჩრდილოეთში მოქმედ პროთურქულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს. თურქეთის კეთილი ნება ბევრს ნიშნავს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სირიაში მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით. თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის სწრაფვა, სრული კონტროლი დაემყარებინა სირიის ჩრდილოეთ ნაწილზე, ალეპოს ჩათვლით, ჩაფლავდა. რუსეთისა და ირანის დახმარებით სირიამ შეძლო თურქული ექსპანსიის განეიტრალება, თუმცა თურქეთის დე ფაქტო კონტროლქვეშ რჩება ქალაქი იდლიბი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, აგრეთვე, თურქეთ-სირიის საზღვრის დიდი ნაწილი სირიის ტერიტორიაზე. ასადის შიიტურ ხელისუფლებას მტრად მოკიდებული თურქეთი დათმობაზე არასგზით წავიდოდა, რომ არა რუსული სამხედრო დახმარება ოფიციალური დამასკოს სასარგებლოდ და ამერიკასთან თურქეთის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობები. ერდოღანს ბოდიშის მოხდაც მოუწია 2015 წელს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამო და თავისი საგარეო პოლიტიკის სერიოზული კორექტირებაც. თურქეთი რუსეთის საიმედო პარტნიორად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორი სახელმწიფო მოცემულ ეტაპზე ინტენსიურად თანამშრომლობს ერთმანეთთან.

ასადის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხელშეკრულების შესრულების გარანტად, რუსეთთან და თურქეთთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკაც გამოდის. ირანმა დიდი როლი შეასრულა სირიის კანონიერი ხელისუფლების შენარჩუნების საქმეში. თურქეთსა და ირანს შორის უნდობლობის ფაქტორი კიდევ უფრო არსებითია, ვიდრე თურქეთსა და რუსეთს შორის. ასე, მაგალითად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ ამა წლის 4 იანვარს უკმაყოფილება გამოხატა, რომ პროირანული ორგანიზაცია “ჰეზბოლა” და ასადის ჯარები თითქოს არღვევენ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რასაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტრკრიტიკა მოჰყვა, მაგრამ ეს გარემოება სამშვიდობო პროცესს, სავარაუდოდ, ხელს ვეღარ შეუშლის. საკუთრივ სამშვიდობო პროცესის ახალი ფორმატი, რომელიც სირიის ოფიციალური ხელისუფლებისა და რეალური, ანუ შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს (რუსეთის, თურქეთისა და ირანის შუამდგომლობით), ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში შედგება. ასტანა ყველაზე მისაღები პლატფორმა აღმოჩნდა ამგვარი მოლაპარაკებებისათვის (რომელშიც მონაწილეობის სურვილი სირიის კონფლიქტის მხარეების _ რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარდა, საუდის არაბეთმა და ყატარმაც გამოთქვეს, ხოლო აშშ-მა და ჩინეთმა ასტანის ფორმატის მხარდაჭერა გამოხატეს). ნიშანდობლივია, რომ მოლაპარაკებების ასტანაში გამართვის ინიციატივა არა ყაზახეთისგან, არამედ რუსეთისა და თურქეთისგან მომდინარეობს. პუტინმა და ერდოღანმა ნურსულთან ნაზარბაევს თავად მიმართეს შესაბამისი თხოვნით, რომელიც მშვიდობისმოყვარე, არაანგაჟირებული ყაზახეთის ლიდერმა გაიზიარა კიდეც.

მაგრამ საინტერესოა, რატომ იქნა შერჩეული მაინცდამაინც ყაზახეთის დედაქალაქი? ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე არგუმენტის საფუძველზე შეიძლება გაიცეს. ერთი ფაქტორი უკვე აღვნიშნეთ _ ყაზახეთი არის მშვიდობისმოყვარე, კონფლიქტებში მიუკერძოებელი მხარე. ეს ქვეყანა თანმიმდევრულად იცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და აქვს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. ოფიციალურმა ასტანამ არსებითი წვლილი შეიტანა რუსულთურქული ურთიერთობების ნორმალიზებაში, როდესაც მოსკოვსა და ანკარას შორის კონფლიქტი მომწიფდა სირიაში ჩამოგდებულისუ-24”-ის გამო. ყაზახეთი მნიშვნელოვან საშუამავლო ფუნქციას ასრულებდა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული პრობლემების მოგვარებაში და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილეობის მისაღებადაც გამოხატავდა მზადყოფნას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყაზახეთმა ორჯერ უკვე უმასპინძლა სირიის ომის მონაწილე მხარეთა მოლაპარაკებებს; კონფლიქტის ყველა დაინტერესებულ მხარეს დღემდე ხელი მხოლოდ ერთ დოკუმენტზე აქვს მოწერილი _ ასტანის დეკლარაციაზე.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასტანის ფორუმი წარმატებით დასრულდება, თუმცა მართალია ისიც, რომ დასავლეთში ბევრი პოლიტიკოსი თუ კომენტატორი სხვაგვარად ფიქრობს, ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სხვა სურვილს გამოხატავს _ დასავლეთში მაინცდამაინც არ სურთ ასტანის ფორუმის წარმატება, ვინაიდან ამ ფორუმის მთავარი მოქმედი სუბიექტი დასავლეთი არ იქნება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ და ევროკავშირი მიეჩვივნენ, რომ მათ გარეშე მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი საკითხები არ წყდებოდა, რუსეთი კი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა. დღეს მსოფლიოში ვითარება რადიკალურად იცვლება, დასავლეთი სულ უფრო კარგავს თავის პოლიტიკურ წონას, რუსეთის, ჩინეთის, ირანის, თურქეთის, ყაზახეთისა და სხვა ევრაზიული მოთამაშეების წონა კი იმატებს. ამ ფონზე ღიმილის მომგვრელად გამოიყურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის _ შეფერის მოთხოვნა, რომ ასტანის ფორუმზე განიხილონ ბაშარ ასადის პოლიტიკური მომავალი _ მოთხოვნებს სირიას აწი ვერც გერმანია და ვერც სხვა დასავლური სახელმწიფოები ვერ წაუყენებენ.

ისლამური სამყაროს ყველაზე უფრო ცივილიზებული, ტოლერანტული და პროგრესული სახელმწიფო ყაზახეთი, რომელშიც, სხვათა შორის, მართლმადიდებლური შობა _ 7 იანვარი, ოფიციალური უქმე დღეა, ღირსეულად გაართმევს თავს სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებში მასპინძლისა და შუამავლის როლს. ყაზახეთი მთლიანად იკისრებს მონაწილეთა მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს. ყაზახეთის განათლების სამინისტროსთან არსებული სახელმწიფოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ბურკიტბაი აიაგანი მიიჩნევს, რომ ასტანის ფორუმი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამასთანავე, ერთჯერად ღონისძიებას, თუნდაც აგრერიგად მნიშვნელოვანს, არ შეუძლია მთლიანობაში პრობლემის მოგვარება. ამიტომ, ყაზახი ექსპერტის აზრით, აუცილებელია მოლაპარაკებების მუდმივი პლატფორმის შექმნა. როგორც ჩანს, ოფიციალური ასტანა ასეთი საპასუხისმგებლო როლისთვისაც მზად არის.

დასავლეთი და მისი მოკავშირე ტოტალიტარული რეჟიმები არაბეთის ნახევარკუნძულზე ყველაფერს იღონებენ, რათა ასტანის შეხვედრა არ დაგვირგვინდეს გრძელვადიანი მშვიდობით და ყურადღება გადატანილ იქნას ბაშარ ასადის პიროვნებაზე. სამწუხაროდ, საქმის გაფუჭება ყოველთვის უფრო იოლია, ვიდრე გაკეთება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა საფუძველი არსებობს, სირიის კონფლიქტი, თუკი ვერ მოგვარდება, დაცხრეს მაინც და ადამიანის სისხლი ისე აღარ იღვრებოდეს ამ უძველესი ისტორიის მქონე შესანიშნავ ქვეყანაში, როგორც ბოლო პერიოდში, სირიელთათვის ჯოჯოხეთური 5 წლის განმავლობაში, იღვრებოდა.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here