Home რუბრიკები საზოგადოება იოსებ გრიშაშვილი: “მე მინდა ჩემზეც იფიქროთ ხოლმე ხანდახან”

იოსებ გრიშაშვილი: “მე მინდა ჩემზეც იფიქროთ ხოლმე ხანდახან”

1724

პოეტიაკადემიკოსი იოსებ გრიშაშვილი (მამულაიშვილი) მკვლევარიც იყო და უნიკალური წიგნთსაცავის მეპატრონეც, საბავშვო მწერალიც და ქართული თეატრის მოამაგეც, თბილისური ლექსიკონის შემდგენელიც და თბილისის კოლორიტიც. მასზე ამბობენ, წიგნებს ქალებს ადარებდაო _ როგორც ქალის გაშვება არ შეიძლება სახეტიალოდ, ისე წიგნებისაც, თორემ ერთიცა და მეორეც გაცვეთილი დაბრუნდებაო. ვისთვისკოცნის პოეტიიყო, ვისთვის _ “მოცლილი ქალებისა”. მას კი, ალბათ, ყველაფერი უყვარდა, რაშიც სილამაზეს დაინახავდა, ამიტომაც ერთნაირი ეშხით ეტრფოდა და უმღერდა თბილისსაც და ლამაზ ქალებსაც:

სადა ხართ, ლამაზმანებო,

მოდით, დამათვრეთ ბუნებით,

ამივსეთ ტუჩის ყულაბა

მაგ კოცნის უზალთუნებით,

თორემ ვბერდებით და გულმაც

ლოდინის შხამი დალია.

აუუ, რა კარგი დღე არის!

ეჰეეე, რამდენი ქალია!”.

სერგი დურმიშიძის ეს თბილი მოგონებაც ამ თემის გაგრძელებაა.

სოსოს სიყვარული

პოეტი-აკადემიკოსი იოსებ გრიშაშვილი აკადემიაში ხშირად მოგვინახულებდა ხოლმე. ხან თავის ლექსებსა თუ გამოკვლევას გვისახსოვრებდა, ხან კი რომელიმე იშვიათ წიგნს გვიჩვენებდა და საინტერესო ამბებს მოგვითხრობდა.

ერთხელ სოსომ უცნაური თხოვნით მომმართა:

_ ამას წინათ რომ ლექსების კრებული მოგიძღვენი, თუ შეიძლება, ის ეგზემპლარი დამიბრუნე და სამაგიეროდ იმავე გამოცემის ეს მეორე ცალი წაიღეო.

გამიკვირდა. გაცვლის აზრი ვერ გავიგე. როდესაც მას ჩემი ეჭვი გავუზიარე, გაეცინა და აღმითქვა:

_ იმ ცალს რომ დამიბრუნებ, საიდუმლოებას მაშინ შეიტყობო.

წიგნი მეორე დღესვე მოვუტანე, სოსომ სწრაფად დაუწყო ფურცვლა და, მიაღწია რა გარკვეულ ადგილს, შვებით ამოისუნთქა:

_ ვარდის ფურცელი თავის ადგილზეა. რომ იცოდე, როგორ დავმშვიდდიო, _ მომახარა სოსომ და გადაშლილი წიგნი მომაწოდა. შეცვლოდა და ჩემთვის სახსოვრად ლექსების ის კრებული მოეძღვნა, რომელშიაც მეგობარი ქალის მიერ ნაჩუქარ ვარდის ფურცელს ინახავდა.

ვარდს წითელი ფერი ოდნავ დაჰკარგვოდა, მაგრამ მაინც ნაზად და ლამაზად გამოიყურებოდა.

გადაშლილ წიგნს, ალბათ, დიდხანს დავცქეროდი, რადგან სოსომ მკითხა:

_ რა მოხდა, ასეთი რა იგრძენიო?

იმ ხანად მე ერთ ფრანგ მეცნიერთან _ ჟან რიბერო-გაიონთან პოლემიკა მქონდა იმის თაობაზე, თუ რატომ უფერულდება ბუნებრივი საღებავები. ჩვენი ჰიპოთეზები პრინციპულად განირჩეოდა ერთმანეთისგან და თითოეული ჩვენგანი საღებავების გაუფერულების ყველა შემთხვევას საკუთარი ჰიპოთეზის შუქზე განიხილავდა.

მომეჩვენა, რომ სოსოს ვარდის ფურცელიც ჩემი მოსაზრების სისწორეს ადასტურებდა და იმ დროს ჩემთვის ჩვეული გატაცებით მოვუყევი მას, თუ რატომ უნდა ჰკარგავდეს ფერს ბუნებრივი საღებავები.

სოსომ მოიწყინა.

_ არ მეგონაო, _ გაიკვირვა, _ ამ ვარდის ფურცელს რომ ვხედავ, მე ნარიყალას მიწისა და ჩემი მეგობარი ქალის მკერდის სურნელება მათრობს, შენ კი რაღაც მოლეკულების გადაჯგუფებაზე ფიქრობ. სერგი, მე და ჩემმა ღმერთმა, მეცოდები!

ჩემი თავი მეც შემეცოდა…

* * *

1961 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი მოეწყო. საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან იყვნენ სტუმრები. ბანკეტი რესტორან “თბილისში” გაიმართა. სტუმარ-მასპინძელთა შეკრებას ბატონი ნიკო მუსხელიშვილი განაგებდა. სოსო და მე სუფრასთან ერთად მოვხვდით და დრო და დრო ვსაუბრობდით. სოსო ასეთ გარემოცვაში ადვილად იღლებოდა და დარჩენა უჭირდა.

_ სერგი, მოდი ერთი საწერეთლოში გადავსახლდეთ და ძველი ამბები მოვიგონოთ. მხოლოდ იცოდე _ ჯერ ცელქური, ჭაბუკური, ლამაზმანებს რომ ეხებოდეს ისეთი, ხასიათი რომ გამომიკეთდეს, და შემდეგ, რაც გინდა, ის მოაყოლეო, _ მომმართა სოსომ.

იოსებ გრიშაშვილს, როგორც ცნობილია, აკაკი და მისი პოეზია უსაზღვროდ უყვარდა, მასთან დაკავშირებული ამბების მოსმენა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. საწერეთლოც ხომ მისი ერთერთი საყვარელი კუთხე იყო. რა არ მოგვიგონებია, ვინ არ გაგვიხსენებია. აკაკის სამფლობელოში ჩვენ ხომ ბევრი საერთო ნაცნობი და მეგობარი გვყავდა.

_ აბა, რა იცი მავანი და მავანის შესახებ, წვრილად მომიყევი, არაფერი არ გამოტოვოო! _ თვითონ კი ძველი თბილისის ამბების თხრობა უყვარდა.

_ ახლა ჩემი ჯერია, წავიდეთ ძველ თბილისში “სოსოს მარშრუტითო”.

ახლაც ნაცად ხერხს მიმართა, მოგონების საღერღელი ჰქონდა აშლილი.

მისგანვე ვიცოდი, რომ მისი ზოგიერთი ლექსის ანგელოზი ჩემი კუთხიდან იყო. რამდენიმე დღის წინათ თვითონვე მიამბო: საჩხერელი თავადის ქალის “მ”-ს ალბომში ჩემი რამდენიმე გამოუქვეყნებელი ლექსი აღმოჩნდაო. მეც დავყევი მის ცდუნებას და ჩემი ბავშვობის დროინდელი სამყაროდან ნანახი თუ გაგონილი ამბები ამოვქექე.

_ ჩემო სოსო, საწერეთლოში ბევრი ლამაზი ქალი იყო, მაგრამ როგორც კარგად მოგეხსენებათ, “თ”-ს ვერავინ შეედრებოდა; იგი ყოველმხრივ შემკული მანდილოსანი გახლდათ. თბილისიდან საჩხერეში მისი ჩამოსვლა სილამაზის დღესასწაულს ჰგავდა. სიცოცხლის ამ ბრწყინვალე ჯილდოს ყველა ჩვენთაგანი წმინდად და ამაღლებულად შევხაროდით. რა ლეგენდას არ გაიგონებდით მასზე! ახალგაზრდები ჰყვებოდნენ: ღამღამობით, ფრიდონის წისქვილთან, თხმელების ქვეშ დედიშობილა “თ”-ს ჩიხურის ვერცხლისფერი ტალღები ეალერსებაო. ვის ოცნებას არ ააფორიაქებდა სილამაზის ქალღმერთის ამ ქვეყნად მოსვლა! დადგა დრო და მე და ჩემს ტოლებსაც დაგვკრა თავში ასაკმა. ქვეყანა უეცრად ზღაპრული ოცნებებით აივსო. საოცნებო ზაფხულის ერთ გვიან საღამოს რამდენიმე ბიჭი საიდუმლოდ ჩავეკონეთ წყლისგან გაშიშვლებულ თხმელების ფესვებს და სულგანაბული ვუცდიდით ოცნების ხილვას. დიდხანს ვუცადეთ, როგორც ახლა მახსენდება, ასე მეგონა რამდენიმე საუკუნეც გავიდა-მეთქი, მაგრამ არავინ ჩანდა. ის-ის იყო მთვარე ამოიწვერა, რომ თხმელათა დაბურული ტევრი შეირხა და… აზრის დამთავრება ვერ მოვასწარი, რომ სოსომ უენცრად პირზე ხელი დამაფარა და შემეხვეწა:

_ თუ ღმერთი გწამს, მეტი არაფერი აღარ თქვაო.

ამ დროს ჩემი შეჩერება არც ისე ადვილი საქმე იყო, მაგრამ, აბა, რას ვიზამდი, დავდუმდი, მგოსნის სურვილი ჩვენთვის ხომ ხშირად კანონია.

კარგა ხნის შემდეგ ორივენი კვლავ სუფრის ფერხულში ჩავებით. ჩვენი საპატიო სტუმარი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მსტისლავ ვსევოლოდის ძე კელდიში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, ქართულ კულტურას, ქართულ მეცნიერებას ჩვენი აკადემიის პირველ პრეზიდენტს ბატონ ნიკოს დამსახურებისა და კუთვნილისამებრ მიუზღვავდა. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა და ჩემი ნაამბობი უკვე დავიწებული მქონდა, სოსომ რომ ამოიკვნესა:

_ თქვე უნამუსოებო, მერეც ხომ მრავალჯერ ჩაუსაფრდით ქალღმერთსო.

_ ბატონო სოსო, შემდგომში არც ერთ ჩვენგანს მისი ხილვის არავითარი სურვილი არ გაგვჩენია: შე კაი კაცო, აზრის დამთავრება არ დამაცადე. იმ დიდი ოცნების ღამეს ფრიდონის მორევში “თ”-ს ნაცვლად მეწისქვილის ცოლი “დ” დავინახეთ.

აფეთქება, აბა, ახლა უნდა გენახათ! დიდხანს იცინა, იკისკისა, სიხარულით ხელებს იფშვნეტდა.

_ მადლობა ღმერთს, რომ მეგობრებად დაგვტოვა; შენ რომ მისი ღვთაებრივი სილამაზე გეხილა, მე და შენ ახლა ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვიქნებოდითო, _ მომეალერსა სოსო.

ბატონმა ნიკომ სიტყვა ალექსანდრე ოპარინს მისცა. მან საქართველოს, მისი დიდი პოეზიისა და მეცნიერების სადღეგრძელო შემოგვთავაზა. ყველამ იგრძნო, რომ იგი ქართველი კაცის შინაგან სამყაროს იცნობდა. სოსოს მოეწონა ოპარინის სიტყვა.

_ მართლა თუ უყვარს პოეზია შენს ოპარინსო, _ მეკითხებოდა იგი. გაეხარდა, როდესაც გაიგო, რომ ალექსანდრე ივანეს ძე ლექსის დიდი ტრფიალი იყო.

ჩვენს მახლობლად გიორგი წერეთელი და ალექსანდრე ბარამიძე “ვეფხისტყაოსნის” პრობლემებზე საუბრობდნენ. ერთხანს სოსოც ჩაება ამ პაექრობაში, მაგრამ მალე ისევ მოსწყინდა იქაურობა და კვლავ მთხოვა, კიდევ რამე ამბავი მომეთხრო.

ვცდილობდი, მისი თხოვნა შემესრულებინა, მაგრამ სოსოს სურვილთა საწყაულს რა აღავსებდა!

თვალსაწიერიდან სუფრა მთლიანად გამოეცალა და ერთთავად წარსულში გადასახლდა.

_ მოდი, თბილისის ძველ უბნებს ვესტუმროთ, ახლა მე გიმასპინძლებო.

ლენინის მოედნიდან ნარიყალას ფუძეს მივეტანეთ. სოსო უსიტყვოდ ეალერსებოდა ცაში აზიდულ პატარა აივნებს და ეკლესიების ხავსმოდებულ ლოდებს.

იდგა მივიწყებულ საფლავებს შორის და ხმამაღლა ფიქრობდა:

_ კაცის წარსულსაც ისევე სათუთად უნდა მოექცე, როგორც ცოცხალ არსებასო…

* * *

ღამენათევი მგოსნისთვის ჯერ კიდევ ძილის დრო იყო, როდესაც სოსო აკადემიაში მოვიდა.

_ სერგი, პირობა შევასრულე, ანდერძი მოვიტანე, რაც მაბადია, აკადემიას ვუტოვებ. რა ძნელი ყოფილა ანდერძის შედგენა. იცი, რაზე მწყდება გული, სიცოცხლესა და წიგნს რომ ერთდროულად უნდა გავეცალო. ძნელია ორი მეგობრის ერთად დაკარგვა. ვიცი, წიგნებს შესანიშნავ, ჩემზე უკეთეს პატრონს ვაბარებ, მაგრამ… ყოველ წიგნთან ხომ მაქვს რაღაც მოგონება, ამას ხომ წიგნში ვერავინ ამოიკითხავს, ეს ვისღა ვუანდერძო, მითხარიო, _ მეკითხებოდა სოსო.

_ ჩემი ანდერძის პირველი მსაჯული შენ უნდა იყო. წუხელ რამდენჯერმე გადავაკეთე, მაგრამ მაინც არ მომწონს, რაღაც არ გამოდის. შენ იცი და ამ ეპისტოლემ…

დოკუმენტში სოსოს მრავალი სურვილი და გულისტკივილიც ჩაეწერა, ბიბლიოთეკის მომავალი მუშაობის გეგმაც დაესახა. ცხადი იყო, რომ ამ სახით იგი, როგორც იურიდიული საბუთი, არ გამოდგებოდა. ავტორის ნებართვით, ანდერძი აკადემიის პრეზიდიუმის სწავლულ მდივანს _ დავით ფურცელაძეს გავაცანი. მან, როგორც სამართლის მეცნიერების წარმომადგენელმა, საგულისხმო შენიშვნები მოგვცა. სოსო დათანხმდა, რომ ანდერძს გადააკეთებდა. ხელნაწერი დამიტოვა, ხელს შემიშლის ახლის შედგენაშიო, და აღგვითქვა, რომ ორ-სამ დღეში ახალს მოგვიტანდა.

რამდენიმე დღის შემდეგ შეწუხებული მოვიდა, არაფერი არ გამოდის, ვერაფერი ვერ დავწერე და მიშველეთ, მომეხმარეთო.

მე ვეხუმრე, ანდერძი რომ შენი ხელით არ იქნება დაწერილი, ერთიც ვნახოთ და ძველებური ჩვევების მიხედვით დაგვიწერო _ “დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ, დამიბრუნეთო”; მაშინ როგორ მოვიქცეთ-მეთქი. გაეცინა. საიდუმლოდ მითხრა _ ახლა “დამიბრუნეთ” კი არა, “დამიბრუნდი, დამიბრუნდის” დაწერაც გამიჭირდებაო. სიტყვა ოჯახზე ჩამოვარდა; წუხდა, ანდერძში ჩემთვის საყვარელი ყველა ადამიანი ვერ მოვიხსენიეო. ვანუგეშე, რას ვიზამთ, პოეტის ნათქვამია _ სიყვარულსა მალვა უნდა-მეთქი.

ანდერძი შევასწორეთ, შევავსეთ და საბოლოო რედაქცია გავუკეთეთ. სოსო მაინც ბორგავდა, როგორ გააშიშვლეთ, გააღარიბეთ, მგოსნის ნაწერს არა ჰგავსო. იხვეწებოდა _ ჩემ მიერ შედგენილი წიგნის სიყვარულის კოდექსი მაინც შეიტანეთ ამ ჩემს ანდერძში უცვლელადო.

* * *

თბილისში ჩვეულებრივზე მეტად ცხელოდა. ნაშუადღევი იყო, მაგრამ ქუჩაში მოსიარულენი მაინც ჩრდილს ეტანებოდნენ. უნივერსიტეტთან ჭადრების ქვეშ შეფარებულ ხალხში იოსებ გრიშაშვილი შევნიშნე. ეტყობოდა, სხვა სამყაროში იმყოფებოდა. გამოველაპარაკე და პეტრიაშვილის ქუჩისაკენ ერთად გავეშურეთ. ნელი ნაბიჯით მიდიოდა, დუმდა. ფოსტასთან დამემშვიდობა, ფიქრის გორისაკენ მიმავალ ქუჩას გაჰყვა. ასეთი სოსო არასოდეს მენახა, შეუძლოდ მომეჩვენა და არ მივატოვე, თან გავყევი, კარგა ხანს იჯანჯლა.

_ შენ შენს გზას გაუდექი, მე ჩემი საქმე მაქვსო.

მაინც არ მოვეშვი და ფიქრის გორამდე ერთად ჩავედით. მე პურის საცხობთან დავრჩი, თვითონ კი სვიმონ კლდიაშვილისეული სახლისკენ გასწია.

_ ვიღაც ნაცნობს უნდა შევხვდე და მალე დავბრუნდები, შენ აქ დამიცადეო.

დავედევნე. ფიქრის გორის გადასახედამდე მივიდა, იქ შეჩერდა, ერთხანს უძრავად იდგა, შემდეგ შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით უკან წამოვიდა. ქუჩის დასაწყისში რომ დამინახა, იწყინა.

_ აქ რა გინდა, მე ხომ ზევით დაგტოვეო! _ აღგზნებული მომეჩვენა. “კურდღლის ტუჩის” საულვაშე ცვარს დაენამა, თვალები უკიაფებდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, მეხვეწებოდა, სწრაფად წავიდეთ აქედანო.

რა მოხდა. რა მოუვიდა! ჩემი თვალით ვნახე, არსად შესულა, არავინ შეხვედრია. მისი ამწამიერი განცდის შეცნობის სურვილმა სულის ტკივილამდე შემიპყრო. როგორ არ შევეხვეწე, რა არ ვიღონე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. წამოვედით. ლენინის ქუჩაზე ივანე მაჩაბლისეული სახლის წინ გამაჩერა.

_ სერგი, ივანეს დროს ამ სახლის მოპირდაპირე მხარეს, ქუჩის იქით, მტკვარზე ჩასასვლელი ბილიკი იყო. იმ წყეულ ღამეს ივანე თურმე აივანზე რამდენჯერმე გამოსულა და აი, აქედან არის იგი ჩასული მტკვარზე. ვინ იცის, რა ფიქრები აეშალა მტკვრის პირას, როგორ დაიკვნესა დაკოდილმა გულმა! იმ დღეებში მტკვარიც ხომ უღმერთოდ იყო ადიდებული, რამდენი ადამიანი დაიკარგა უკვალოდ?!

შენ რა, როგორ მიყურებ, არ გაინტერესებს ჩემი აზრი ივანე მაჩაბლის ბედზე? _ მე არაფერი ვუპასუხე. გზა გავაგრძელეთ და მალე კიროვის სახელობის ბაღში ამოვყავით თავი. ლავრენტი არდაზიანის საფლავთან მიმიყვანა, ნაღვლობდა _ მოუვლელიაო.

…მრავალი წელია, რაც იოსებ გრიშაშვილი თვალს მიეფარა, მის ქალაქში მისი ფიქრების მრავალი გორაა ახლაც შემონახული, სოსოს ეშხი და ლაზათი კვლავ ამშვენებს თბილის-ქალაქს.

სერგი დურმიშიძე,

1975 წელი

ისტორიული მემკვიდრეობა” #11, 2016 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here