ნეტავ, როდის გამოფხიზლდება ქართველი ამომრჩეველი? _ ეს კითხვა სოციალურ მედიაში ყველაზე აქტუალური და პოპულარული იყო გასულ კვირას. საკითხის ასე დასმა მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც “ოცნების” ლიდერებმა ხალხს განუცხადეს, _ ვერაფრით შევძლებთ ვერც “გაქცეული” ლარის მობრუნებას და ვერც “წაქცეული” ეკონომიკის მალე ფეხზე წამოყენებასო. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ კითხვის დამსმელნი “ამომრჩევლის გამოფხიზლებაში” იმას გულისხმობენ, რომ ამომრჩეველმა აღარ უნდა მისცეს ხმა “ქართულ ოცნებას” და უფრო სწორი არჩევანი გააკეთოს…
კი მაგრამ, რომელი? რომელია ეს უფრო სწორი არჩევანი?
აი კითხვა, რომელსაც “ოცნების” ყველაზე დაუდეგარი კრიტიკოსიც ვერ სცემს პასუხს, თუკი ის რომელიმე პარტიის სუბიექტური აქტივისტი არ არის.
რეალობა ასეთია _ ვფიქრობთ, ამომრჩევლის “გამოფხიზლება” კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან გამოფხიზლებული და გონს მოსული, იგი უფრო მეტად შეიგრძნობს ქვეყანაში არსებულ უიმედო მდგომარეობას და ვინძლო, პანიკაშიც ჩაგვივარდეს.
ანუ, თუკი დღევანდელი მდგომარეობით ქართველი ამომრჩეველი ღრმა ნარკოზშია და მას “ბიძინა ექიმი” მეთვალყურეობს, ვფიქრობ, სჯობს, დავტოვოთ ნარკოზის ქვეშ და პერმანენტულად დავუმატოთ ნარკოზის დოზა, რათა მუდმივად ვამყოფოთ უგონო და მშვიდ მდგომარეობაში.
გამოსავალი კი მხოლოდ ის არის, თუ ჩვენი “გაწონასწორებული” პრემიერმინისტრი, “ენერგიული” კახა კალაძე და “გაუცინარი” ირაკლი კობახიძე, ისევ და ისე “ერის ქირურგის” _ ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციით, რაიმე სერიოზულ ოპერაციას ჩაუტარებენ ქართველ ამომრჩეველს.
მაგალითად, არ იქნება ურიგო, რომ მას გადაუნერგონ მუდმივი კმაყოფილების უნარი, კერძოდ, იმის გამძაფრებული განცდა, რომ უკანალში ჰქონდა ცოცხი და აღარ აქვს და ესაა ცხოვრებაში მთავარი, თორემ, თუ რამეს კიდევ მოითხოვს, მაშინ “უმადური” იქნება.
ასევე, ძალიან კარგი იქნება, თუ ქართველ ამომრჩეველს, ურთულესი ქირურგიული ოპერაციის შედეგად, საერთოდ დავუჩლუნგებთ დაპირებების დამახსოვრების უნარს. მოგეხსენებათ, ამომრჩეველთა ძირითადი სანერვიულო არჩევნებიდან არჩევნებამდე შეუსრულებელი დაპირებებია და ტყუილად რატომ უნდა ვანერვიულოთ ხალხი?!
სრული ამპუტაცია, სრული ამოკვეთა დაპირებების დამახსოვრების უნარისა და მორჩა! არჩევნების მეორე დღესვე ქართველ ამომრჩეველს ყველა დაპირება სრულიად გადაავიწყდება. სულ ეგაა, ისიც ძალიან ბედნიერი იქნება და ბიძინასაც აღარ ექნება კომპლექსი, _ ემანდ, რამე არ წამომცდეს და მერე არ წამომაძახონო. დადგება და, რაც გაუსწოდება, ის წასმოცდება. ასე არ ჯობია?
და, რაც მთავარია, ქართველ ამომრჩეველს უნდა გადავუნერგოთ და ჩავუნერგოთ ბელადის მონური სიყვარული _ რომ ბიძინა ყოველთვის მართალია, ბიძინა ყოველთვის გამჭრიახია, ბიძინა არასოდეს ცდება და ა. შ.
აი, ბედნიერების რეცეპტი, რომელზეც, ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მუშაობს “ქართული ოცნება”. აბა, წინასაარჩევნოდ რომ გვპირდებოდნენ, _ მალე ყველანი ბედნიერები იქნებითო, საამისო არც ქართულ ეკონომიკას ეტყობა რამე, მისით რომ გავბედნიერდეთ, და არც საშინაო და, მით უფრო, არც საგარეო ამბებს…
ესე იგი ფაქტია: საიდუმლო ქირურგიული ოპერაცია მალე ჩატარდება და ჩვენ, ქართველებს, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი, ყველაზე უპრეტენზიო, ყველაზე მდგრადი და ყველაზე მონა ამომრჩეველი გვეყოლება.
განა არ იმსახურებენ ამას ჩვენგან ჩვენი ყველაზე “გაწონასწორებული”, ყველაზე “გაუცინარი”, ყველაზე “ენერგიული” და ყველაზე ბიძინა ბელადები?
ველოდი რახანია