Home რუბრიკები საზოგადოება მომჯობინებულ ლარს წნევა ისევ დაუვარდა

მომჯობინებულ ლარს წნევა ისევ დაუვარდა

556

ჩვენი ყველგან შეპარული კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ ბიძინა ექიმის მიერ ამას წინათ მორჩენილ ლარს წნევა ისევ დავარდნია და პანიკაში ჩაუგდია ხელისუფლების მესვეურნი. ეს ამბავი თურმე ასე მომხდარა:

საღამო იყო. ეკა, ენძელა, მანანა და ლარი 9-საათიან “კურიერს” უყურებდნენ, მოულოდნელად ლარმა წამოიკვნესა “ვაიმეო” და უსულოდ გადაყირავდა.

ატყდა წიოკი, პანიკა, ენძელა ნიშადურს აყნოსებდა, მანანა სახეში ურტყამდა, ეკა ფეხებს უზელდა, მაგრამ უშედეგოდ, მისავათებული ლარი მხოლოდ “ვაიმეს” გაიძახოდა და არაფერზე რეაგირებდა.

_ მიდი ერთი, დარეკე 112-ში, იქნებ რამე ძლიერი გაუკეთონ”, _ თქვა მანანამ და უმალ აკრიფა სასწრაფოს ნომერი.

_ ქალბატონო, 25 წლის პაციენტია ცუდად, წნევა მაღლა იწევს და ვერ ვაგდებთ, იქნებ დროზე გამოუშვათ ბრიგადა”, _ თქვა მანანამ და ლარს ნიშადური შეაყნოსა.

თითქოს ცოტათი წამოიწია, მაგრამ სიმძიმეს ვერ გაუძლო და ისევ მიაგდო თავი.

_ დიმას დავურეკოთ რა, იცოდეს მაგანაც, _ თქვა ენძელამ და ქუმსიშვილის ნომერი აკრიბა, _ დიიმ, გამო რა, ლარია ისევ ცუდად, წნევამ აუწია და ვერ ვუგდებთ, “სკორი” გამოვიძახეთ და შენც მოდი, ხო იცი, არ გვესმის მაგათი ენა.

ცოტა ხანში დიმაც მოქანდა, ქოშინით შევარდა სახლში და ლარს თავზე ხელი გადაუსვა.

_ რა გჭირს, შეჩ…, ცოტა აზრზე მოდი რაა. იმენა ტვინი წაიღე უკვე. რა, გინდა, ახლა მოკვდე და ჩვენ შეგვატოვო ყველაფერი? ეგრე არ გამოვა რაა! აბა, მიდი ახლა, ცოტა აზრზე მოდი, რამე… გინდა, სადმე წავიდეთ?” _ უთხრა დიმამ, მაგრამ ლარს რეაქცია არ ჰქონდა.

_ აი, “სკორი” მოვიდა, “სკორი”, _ დაიძახა ეკამ.

_ სად არის პაციენტი? _ იკითხა ექიმმა და ლოჯიაში შევიდა.

ექიმმა წნევის გასინჯვა დაიწყო და თან იქ მყოფებს ეკითხებოდა: _ ბოლოს რა ჭამა ან რამე ისეთი ხომ არ დალია?

_ ნუ, რა ვიცი ახლა, დოლარები უყვარს ძალიან და კი ვეუბნები ხოლმე, რომ ცოტა მოუკლოს ჭამას, მაგრამ გისმენს?

_ ჰოო, მოუწევს დოლარებზე ცოტა ხნით მაინც თქვას უარი”, _ თქვა ექიმმა და შპრიცი გაამზადა.

_ ექიმო, როგორ ფიქრობთ, რამდენხნიან ეფექტს მოგვცემს ეს წამალი? _ იკითხა დიმამ.

_ ბატონო დიმა, საქმე ის არის, რომ დაავადებას სწორი დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა უნდა. ეს იქნება დროებითი ეფექტი, თუმცა სჯობს, სრული ტომოგრაფია ჩაუტაროთ და დაადგინოთ, რატომ ემართება ასე. რამდენიმე დღით დავარეგულირებთ ამ მდგომარეობას, მაგრამ დიდი ხნით ვერ შეგპირდებით, _ უთხრა ექიმმა დიმას და ნემსი ვენაში გაუკეთა ლარს.

ამასობაში ლარი ამქვეყნად მობრუნდა და იქ მყოფებს სუსტად, მაგრამ მაინც გაუღიმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here