Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ბედი აზიაში წყდება

საქართველოს ბედი აზიაში წყდება

556

დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე საკმაო დრო რჩება, თუმცა მან სხვა ქვეყნების ლიდერებსა და დიპლომატებს უკვე არაერთი თავსატეხი შესთავაზა. როგორ შეცვლის ახალი ადმინისტრაცია აშშის საგარეო პოლიტიკას და რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს მდგომარეობაზე?

ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ

დღეს თითქმის ყველა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტრამპის მთავარი სამიზნე ჩინეთი იქნება. მისი პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო იდეა აშშ-ის ინდუსტრიული გაძლიერებაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის მრეწველობაში დაახლოებით 5 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა, რადგან კომპანიებმა წარმოება აზიაში, უწინარესად, ჩინეთში, გადაიტანეს. არჩევნებამდე ტრამპი ამბობდა, რომ ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადს 45%-მდე გაზრდის, რაც მკვეთრად შეამცირებს მის შემოდინებას აშშ-ში, ხოლო ჩინეთს მასშტაბური კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენებს. ასეთი მკვეთრი ნაბიჯი ეკონომიკური ომის გამოცხადების ტოლფასია, თუმცა დონალდ ტრამპი მის დაწყებაში პეკინს ადანაშაულებს და მიუთითებს, რომ მან თავისი ვალუტის მიზანმიმართული დევალვაციით ხელი შეუწყო ექსპორტის არაბუნებრივ ზრდას.

ამასთანავე, ტრამპი ამბობს, რომ გაუმართლებლად მაღალ საბაჟო გადასახადებს თვითონ ჩინელები იყენებენ. როდესაც სამი წლის წინათ პეკინში მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-დან და იაპონიიდან ზოგიერთი სახეობის პროდუქციის, მაგალითად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შემოტანა ეროვნული მრეწველობის განვითარებას აფერხებს, მასზე 8-10-პროცენტიანი გადასახადი დააწესეს, ერთ წელიწადში კი 42%-მდე გაზარდეს.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინვენთან სატელეფონო საუბარი გამართა, მაშინ, როდესაც აშშ ჩინეთის ერთიანობას 1979 წლიდან აღიარებს და, შესაბამისად, ტაივანთან მხოლოდ არაოფიციალური კავშირები აქვს. პეკინმა ეს გააპროტესტა, მაგრამ ისე, რომ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს მანევრის შესაძლებლობა დაუტოვა, თუმცა მან ორიოდე დღეში (4 დეკემბერს) ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკას და მის სამხედრო ღონისძიებებს სადავო კუნძულების რაიონში კრიტიკული კომენტარების სერია მიუძღვნა “ტვიტერში”. აშკარაა, რომ ტრამპის ქცევა გამომწვევია.

პეკინმა ამ შემთხვევაშიც ასიმეტრიული პასუხი ამჯობინა პირდაპირ კონფრონტაციას. მან გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლურ რეზოლუციას სირიაში (ალეპოში) შექმნილი სიტუაციის თაობაზე რუსეთთან ერთად ვეტო დაადო; ადრე მსგავს სიტუაციებში ჩინეთი ერთმნიშვნელოვანი პოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებდა. ეს დასავლეთის წარმომადგენელთათვის ისე მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთისა და ჩინეთის ელჩებს შორის სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მაგრამ ტრამპის ყველაზე რადიკალური ნაბიჯი, სავარაუდოდ, “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” ხელშეკრულებაზე უარის თქმა იქნება. ამ პროცესში 12 ქვეყანა მონაწილეობს: ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ, ბრუნეი, ვიეტნამი, იაპონია, კანადა, მალაიზია, მექსიკა, პერუ, სინგაპური და ჩილე. ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, პროდუქციასა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადების უმეტესობის გაუქმებას ან შემცირებას ითვალისწინებს. აშშ-ის როლი ამ გაერთიანებაში შეიძლება შევადაროთ გერმანიის როლს ევროკავშირში _ ის დომინირებას, პოლიტიკის ფორმირებას განსაზღვრავს, თუმცა ამისთვის გარკვეული საფასურის გადახდა უწევს.

ტრამპმა ამ შეთანხმებას “პოტენციური კატასტროფა” უწოდა და დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია სავაჭრო შეთანხმებებს სხვა სახელმწიფოებთან მხოლოდ ორმხრივ ფორმატში დადებს. ამის შემდეგ იაპონიის, ვიეტნამისა და რიგი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა” აზრს კარგავს. ამის შემდეგ რეგიონში გაცილებით აქტუალურია ალტერნატიული პროექტი _ “მრავალმხრივი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობა”, რომელსაც ჩინეთი ლობირებს. ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია, რადგან ამ შემთხვევაში აშშ-ის ტაქტიკური და სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ამბიციების ოკეანე

თუ “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” ქვეყნებს რუკაზე განსხვავებული ფერით აღვნიშნავთ, ვნახავთ, რომ ის წყნარ ოკეანეს აშშ-ისთვის გიგანტურ “მარე ნოსტრუმად” (“ჩვენს ზღვად”) გადააქცევს. ამ ტერმინს რომის იმპერიაში ხმელთაშუა ზღვის მიმართ იყენებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთელი სანაპირო ზოლი რომის მფლობელობაში გადავიდა. ხოლო იქ, სადაც არის “რომი”, უნდა იყოს “კართაგენიც” და მის როლს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ისთვის ჩინეთი ასრულებს. “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” შეთანხმება სწორედ ჩინეთის იზოლირებას ახდენს.

აშშ ამ რეგიონში სრული ჰეგემონიისკენ საუკუნეზე მეტ ხანს მიდიოდა. ადმირალ პერის ულტიმატუმი იაპონიას 1853-ში, ფილიპინებისა და ჰავაის კუნძულების შემოერთება 1898-ში, ე.წ. დიდი თეთრი ფლოტის მიერ ძალის დემონსტრირება 1907-ში, ეკონომიკური ექსპანსია რევოლუციამდელ ჩინეთში, უმძიმესი ომი იაპონიასთან, კორეის ომი, უსისხლო, მაგრამ უაღრესად დაძაბული ჭიდილი აზიიდან ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიების განსადევნად, ახალი, ამჯერად სავაჭრო ომი იაპონიასთან, ვიეტნამის ომი, “ცივი ომი”… თითოულ ეტაპზე აშშ ჰეგემონიას რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდებოდა (ზოგიერთ შემთხვევაში _ შორდებოდა). “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” შეთანხმება მრავალწლიანი ძალისხმევის, გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლების ნაყოფია. ამ დროს მოდის დონალდ ტრამპი და ამბობს, რომ, უბრალო ამერიკელების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებს, ყოველივე ეს გააუქმოს. ეს დაახლოებით იგივეა, რუზველტს 1941-ში იზოლაციონისტებისთვის რომ დაეჯერებინა და იაპონიისთვის შესაძლებლობა მიეცა, “აღმოსავლეთ აზიის თანააყვავების სფეროს” პროექტი შეუფერხებლად განეხორციელებინა, როგორც ეს შეიძლება ჩინური “მრავალმხრივი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობით” მოხდეს. მაშინ, ისევე როგორც დღეს, პირველ ადგილზე სწორედ ეკონომიკა იდგა, თანაც რეგიონში არსებობდა მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე _ ბრიტანეთის იმპერია (დღეს “მესამეს” როლთან ყველაზე ახლო იაპონიაა).

მისცემს თუ არა ამერიკული ისტებლიშმენტი შესაძლებლობას დონალდ ტრამპს, გრძელვადიანი სტრატეგია ისტორიის სანაგვეზე მოისროლოს? დაუჭერენ თუ არა მას მხარს რესპუბლიკელი კანონმდებლები სრული შემადგენლობით? ექნება თუ არა ადგილი “ჩუმ საბოტაჟს” სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში? დღეს ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.

ტრამპის მკვეთრმა ნაბიჯებმა შეიძლება ძალიან საინტერესო სიტუაცია შექმნას: თუ ის, ერთი მხრივ, ნაწილობრივ დახურავს აშშ-ის ბაზარს ჩინური და, საზოგადოდ, აზიური საქონლისთვის და, მეორე მხრივ, ხელს არ შეუშლის პეკინს ინტეგრაციული პროექტების რეალიზებაში. გამორიცხული არ არის, რომ ჩინეთი ამ შემთხვევაში “გადაყლაპავს უფრო მეტს, ვიდრე შეუძლია მოინელოს”. აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ისტორიული ფაქტი, რომელსაც განხილულ თემასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ საკმაოდ საგულისხმოა _ 1941-ში იაპონელებმა უზარმაზარი, უმდიდრესი ტერიტორიები დაიპყრეს, მაგრამ მათი სატრანსპორტო ფლოტი არასაკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ იქიდან რესურსები გაეტანათ. მაგალითად, მალაიზიიდან (იმხანდ ბრიტანული მალაია) ყოველწლიურად სტრატეგიული რესურსების 15-20% თუ გაჰქონდათ. ომის დასკვნით ეტაპზე ეს მაჩვენებელი თითქმის განულდა, რადგან ამერიკულმა წყალქვეშა ნავებმა იაპონურ სატრანსპორტო ფლოტს მუსრი გაავლეს.

შეძლებს თუ არა ჩინეთი, სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებიც რეგიონში ამერიკელთა სავარაუდო უკანდახევის შემდეგ შეიქმნება? მოახერხებს თუ არა სხვა ქვეყნებთან, უპირველესად კი იაპონიასთან, საერთო ენის გამონახვას ახალი ეკონომიკური გაერთიანების ფარგლებში?

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!

აღწერილი მოვლენები, ერთი შეხედვით, საქართველოსგან შორს ვითარდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ცვლილებები აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში გავლენას მსოფლიოზე იქონიებს. თუ მათ შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყება, რუსეთის გადაქცევა მოკავშირედ ორივესთვის პრიორიტეტული იქნება.

ამ სამკუთხედში ურთიერთობების მნიშვნელობა ვაშინგტონმა ვიეტნამის ომის პერიოდში გაიგო, როდესაც მისი პოზიციები რეგიონში შეირყა. ჰენრი კისინჯერმა იმხანად ჩინეთთან ურთიეთობების “გადატვირთვის” სტრატეგია შეიმუშავა და პეკინი, სოციალისტური ორიენტაციის მიუხედავად, “ცივ ომში” ფაქტობრივად, ვაშინგტონის ფარულ მოკავშირედ აქცია. ჩინეთმა, მას შემდეგ, რაც მის ძლიერება მკვეთრად გაიზარდა, ჯერ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში (1998-ში), შემდეგ კი ობამას პრეზიდენტობის დასაწყისში უარყო “დიდი ტანდემის” შექმნის იდეა, რომელიც, აგრეთვე, ჰენრი კისინჯერს ეკუთვნოდა. სწორედ ამ დროს ვაშინგტონმა დაიწყო ზრუნვა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე (ობამას “გადატვირთვა”), რომლის შემდეგაც კრემლის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში გაიზარდა, ხოლო “ფერადი რევოლუციების აღლუმი” დროებით შეწყდა. შემდეგ, როდესაც ჩინური ეკონომიკის ზრდის ტემპებმა იკლო, ხოლო ურთიერთობა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დასტაბილურდა, ობამას ადმინისტრაციამ აიღო კურსი “ახალ ცივ ომზე” რუსეთთან. მთლიანობაში პროცესი ქანქარის მოძრაობას ჰგავს და ყველასათვის ცხადია _ თუ ორი მხარე მესამის წინააღმდეგ სტრატეგიულ ალიანსს შექმნის, ის დამარცხდება.

თუ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან კონფრონტაციის გზას დაადგება, ეს აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისკენ უბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კრემლის პოზიციების გაძლიერებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამასთანავე, საქართველოს შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი გარემოება _ ვაშინგტონის ტრადიციული დასაყრდენი რეგიონში _ თურქეთი სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას ავლენს, ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკა აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს ხშირად ეწინააღმდეგება, ამიტომ იმის ალბათობა, რომ აშშ საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდას სერიოზულ წინააღმდეგობას არ ან ვერ გაუწევს, იზრდება.

ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ჩინეთს და მის ურთიერთობას აშშ-თან ტრადიციულად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. შესაძლოა, მოვიდა დრო, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, რადგან გამორიცხული არ არის, საქართველოს ბედი XXI საუკუნეში სწორედ აზიაში განვითარებულმა პროცესებმა განსაზღვროს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here