შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვება უმსხვილესი საინფორმაციო საშუალებების ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. ექსპერტები აღიარებენ, რომ ტრამპისა და კლინტონის წინასაარჩევნო მარათონი, გარდა იმისა, რომ კომპრომატების არნახული რაოდენობით გამოირჩეოდა, ასევე განსაკუთრებული აღმოჩნდა მასმედიის მხრიდან ორიდან ერთ–ერთი კანდიდატისადმი (კერძოდ, ჰილარი კლინტონისადმი) მიკერძოებულობით. მაგრამ ამერიკულ “მეინსტრიმულ” მასმედიას დაახლოებით იგივე დაემართა, რაც, დავუშვათ, გვიანდელი საბჭოთა კავშირის სატელევიზიო პროგრამა “ვრემიას” ან გაზეთ “პრავდას”, როდესაც მათი პროპაგანდა უკვე ვეღარ ახდენდა ხალხზე უწინდელ ზეგავლენას, ხალხი კი ალტერნატიულ ტელეგადაცემებსა და გაზეთებს მიეძალა.
ამერიკელი ამომრჩეველიც სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ახალი სტილის მასმედიას; საზოგადოებაში ცვლილებების სურვილი ისე დიდია, რომ ე. წ. პოლიტიკური კორექტულობა რიგითი ამერიკელისთვის ნაკლებად საინტერესოა. სწორედ ამ ვითარებას ვერ აუღო ალღო ბიუროკრატიამ და ამ ბიუროკრატიის მხარდამჭერმა მასმედიის ძირითადმა ნაწილმა. სამაგიეროდ, აშშ-ში თანდათან ძალას იკრებს ალტერნატიული მასმედია. მაგალითად, საზოგადოების სულ უფრო მეტი ნდობა აქვს ინტერნეტრესურს Breitbart News-ის მიმართ, რომელიც მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში 37 მილიონი მკითხველითა და 240 მილიონი ნახვით შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ საინფორმაციო პორტალად იქცა.
“ბრაიტბარტი” თავისი დამაარსებლის, 2012 წელს 43 წლისა ინფარქტით გარდაცვლილი ენდრიუ ბრაიტბარტის სახელს ატარებს. დღეს ამ მასმედიას სათავეში სტივენ ბენონი უდგას, რომელმაც მოახერხა “ბრაიტბარტის” პოპულარიზაცია. ბენონი აგვისტოდან სათავეში ედგა ტრამპის საარჩევნო შტაბს, მაგრამ, ამასთანავე, ისევეა დაპირისპირებული რესპუბლიკური პარტიის “მეინსტრიმულ” ნაწილთან, როგორც დემოკრატიულ პარტიასთან. ბენონის პოზიციის არსი მდგომარეობს “ამერიკული ისტებლიშმენტისა და პერმანენტული პოლიტიკური კლასის, ისევე, როგორც მისი მხარდამჭერი გლობალური ელიტის წინააღმდეგ მიმართულ რევოლუციაში”. ბენონი მიუთითებს ტრანსატლანტიკურ ელიტაზე ამერიკასა და ევროპაში, ამიტომაც “ბრაიტბარტი” სულ მალე გაფართოებას აპირებს ევროპის კონტინენტზე, იგი აღარ იქნება მხოლოდ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი სააგენტო. ეს ყველაფერი ხდება ევროპული მეინსტრიმული მასმედიის შესუსტების ფონზე (წინა სტატიაში უკვე ვახსენე, რომ “შპიგელი” და არა მხოლოდ იგი, შტატებს მასობრივად ამცირებენ, რადგან მცირდება მათი ტირაჟები; ზოგ შემთხვევაში, იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც). ამიტომაც “შეშფოთებული ევროპა”, უფრო სწორად, შეშფოთებული ევროპული ბიუროკრატია კიდევ უფრო შფოთავს. “ტრამპის ეფექტი” _ ასეთი მოლოდინის წინაშე არიან ევრობიუროკრატები. მათ ძალზე აშინებთ ე. წ. არასისტემური ოპოზიციის (განსაკუთრებით _ ძლიერი ევროსკეპტიკოსები საფრანგეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში) შესაძლო ტრიუმფი, მაგრამ ევროპული “მეინსტრიმული” მასმედიაც ჯერჯერობით ისეთსავე მოუქნელობასა და სიჯიუტეს ავლენს, როგორსაც ამერიკული ავლენდა ტრამპი-კლინტონის პაექრობისას. ევროპული პრესა განაგრძობს მოვლენების ცალმხრივ, ტენდენციურ გაშუქებას _ მეტწილად ევროსკეპტიკოსების ლანძღვით არის დაკავებული. შესაძლოა, ასეთმა მოუქნელობამ უკუეფექტი გამოიწვიოს და გალანძღულ ევროსკეპტიკოსებს დიდი პოპულარობა მოუხვეჭოს. არ არის გამორიცხული, ევროპელმა ამომრჩეველმაც შეცდომაში შეიყვანოს სოციოლოგები და სიურპრიზი მოუმზადოს თავის ელიტებს, როგორც ეს შეერთებულ შტატებში მოხდა, როდესაც ბევრი ამომრჩეველი მხარს უჭერდა ტრამპს, მაგრამ ამას, უბრალოდ, მალავდა. შესაბამისად, სოციოლოგებს ექმნებოდათ არასწორი სურათი და უმრავლესობა კლინტონის გამარჯვებას ვარაუდობდა (თუმცა, რა თქმა უნდა, სოციოლოგიაც “მეინსტრიმშია” მოქცეული და მასმედიასავით ტენდენციურობას ავლენდა მთელ რიგ შემთხვევებში).
საქართველოშიც იყო და ჩვენ სულ არ გვიკვირდა ასეთი სურათი, როდესაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველი არ ამხელდა, რომ ხმის მიცემას ოპოზიციური “ქართული ოცნებისთვის” აპირებდა. ჩვენი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტთა 40 პროცენტზე მეტმა არ გაგვიმხილა, ვისთვის აპირებდა ხმის მიცემას. ეს უზარმაზარი რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ვივარაუდეთ, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა და ასეც მოხდა. უნდა ითქვას, რომ 2012 წელს ქართული მასმედიის ძირითადი საშუალებები “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერდნენ მხარს და ბიძინა ივანიშვილმა ტრამპზე უფრო ადრე შეძლო არჩევნების მოგება მასმედიის ნების საწინააღმდეგოდ მხოლოდ მცირერიცხოვანი, არასტანდარტული მედიასაშუალებების დახმარებით.
რას ვიფიქრებდით 2012 წელს, რომ 2016 წლის ამერიკაში ისეთივე ბრალდებები იქნებოდა წაყენებული გამარჯვებული ძალის მიმართ “მეინსტრიმული” ჟურნალისტებისა თუ კომენტატორების მხრიდან, როგორიც იმჟამინდელ საქართველოში ისმოდა და დღესაც ისმის. ვგულისხმობ “რუსული პროპაგანდის” ბრალდებას. ნაცებმა საზოგადოება, უბრალოდ, შეაწუხეს ამ ტერმინით, მათი დამარცხება 2012 წელს და ახლაც თურმე “რუსული პროპაგანდის” ბრალი ყოფილა, ისევე, როგორც აშშ–ში ტრამპის შტაბს სდებდნენ ბრალს კრემლთან კონტაქტსა და რუსული პროპაგანდისტური ხაზის გატარებაში. არადა, რუსეთი, უბრალოდ, შორიდან ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს და საერთოდ არ ერევა ამერიკის საშინაო პოლიტიკაში, ისევე, როგორც არ ჩარეულა საქართველოს 2012 წლის ან მით უფრო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. თუკი “რაშა თუდეის” სულ უფრო მეტი ამერიკელი და ევროპელი მაყურებელი ენდობა, ხოლო “სი–ენ–ენის” მიმართ ნდობა იკლებს, ქართულ რეალობაში უფრო მეტი ადამიანი ენდობა რუსეთის ტელევიზიებს და ნაკლებად _ “რუსთავი 2”-ს. ეს მითური რუსული პროპაგანდის ან საქართველოს ხელისუფლების ბრალი კი არა, საკუთრივ მიკერძოებული მასმედიის ბრალია. შესაძლოა, არც რუსულ მედიასაშუალებებში აშუქებენ მხოლოდ სიმართლეს და, სამწუხაროდ, მართლაც გვიწევს ფაქტის კონსტატაცია, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს ერთგვარი საინფორმაციო ომი, დარად სსრკ-დასავლეთის საინფორმაციო ომისა, მაგრამ ისევ და ისევ ხალხს უნდა ჰქონდეს ინფორმაციის არჩევის თავისუფლება და არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს მას არჩევანის საშუალება, საიდან მიიღოს ინფორმაცია.
არადა, დასავლეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა პირი თუ ორგანიზაცია საქართველოში კვლავ ცდილობს ამ შეზღუდვების განხორციელებას. დრო და დრო ისმის მოწოდებები, დავუბრუნდეთ ავანტიურისტ იაკობაშვილის მიერ 2008 წელს შემოგდებულ იდეას და ისევ ავკრძალოთ რუსული ტელეარხების ჩვენება ქართული საკაბელო ქსელების საშუალებით. მეტიც, გამოჩნდნენ საზოგადოებისთვის ვიღაც სრულიად უცნობი სუბიექტები, რაღაც გაუგებარი აბრევიატურების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე რუსული არხებით არ შემოიფარგლებიან და მთელი რიგი ქართული გაზეთების (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, “საქართველო და მსოფლიოს”) და ტელეარხ “ობიექტივის” შეზღუდვას მოითხოვენ. მათი “კვლევის” შედეგად ეს მედიასაშუალებები დისკრედიტაციას უწევენ დასავლეთს, რითაც თურმე რუსულ პროპაგანდას ეწევიან. მასმედიის გარდა, “მკვლევარებს” არ მოსწონთ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთთან მშვიდობას, მეგობრობასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებას მოითხოვენ და ამას პროფესიონალურ დონეზე ასაბუთებენ. ასეთი ორგანიზაცია ჩემ მიერ 2009 წელს დაარსებული “ევრაზიის ინსტიტუტია”. “მკვლევარებმა” ჯერ კიდევ შარშან წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები, თითქოს მე შევქმენი ორგანიზაციების ქსელი და ეს ქსელი ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ამ სისულელეს ტირაჟირება გაუწია “რუსთავი 2”-მა, მაგრამ არავინ მოსულა ჩემთან არც “რუსთავი 2”-იდან, არც სხვა “ნაცური” მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, პირველწყაროს საშუალებით რომ გადაემოწმებინათ ფაქტები. მაგრამ მათ რას ვერჩი, როდესაც თვით “მკვლევარები” არ დაინტერესდნენ თავიანთი საკვლევი ობიექტით და არ მოგვაკითხეს ინფორმაციის მისაღებად. რა თქმა უნდა, მათ განსაკუთრებით ჩვენი დაფინანსების წყაროები აინტერესებთ და, ვინაიდან ჩვენს ვებგვერდზე ეს ინფორმაცია ვერ მოიპოვეს, შორს მიმავალი დასკვნები გააკეთეს. მთლიანობაში კი მათი ე. წ. კვლევა უხარისხოა და შეცდომაში შეჰყავს დასავლელი დამკვეთები (ჩვეულებრივი ქართული “ხალტურა”, რომლის წინაშე დასავლეთიც უძლურია), რადგან თითქმის ყველა დასკვნა ჩვენი ვებგვერდის გარეგნული დათვალიერების შედეგად კეთდება. უწინ საიტზე “საქართველო და მსოფლიოს” ბანერიც გვედო და ამ ფაქტის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, თითქოს ჩვენი ორგანიზაცია და ეს გაზეთი ერთი ქსელის შემადგენელი ნაწილია.
სამწუხაროდ, “რუსთავი 2”-ის დონეზეა დასული ტელეკომპანია “ჯიდიესიც”, როდესაც საქმე ეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. მეტიც, როდესაც ჩვენი ინსტიტუტის ძალებით გადაღებული დოკუმენტური ფილმი “გურჯისტანის ვილაიეთი” გავუშვით ინტერნეტის საშუალებით (რა თქმა უნდა, არც ერთი ტელევიზია ამ ფილმს ეთერში არ უშვებს, მათ შორის, “ქართული არხი”, რომელსაც ერთი მღვდელი უზის სათავეში დირექტორად, ასეთ მღვდელს უფრო პუშკინისეული ტერმინი _ არა შეესატყვისება, ჩემი აზრით), “ჯიდიესის” შეშფოთებულმა წამყვანმა პირდაპირ “დაკითხვაზე” დაიბარა ჩვენი ფილმის ერთ–ერთი რესპონდენტი _ აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძე, _ როგორ შეიძლება, ბატონო გიგლა, ასეთ ფილმში მონაწილეობა, სადაც ჩვენი მეზობელი თურქეთის პოლიტიკის კრიტიკა ისმისო?! აი ეს არის ქართული “ჟურნალისტიკა”, თვითონ ბითურები მთელი საზოგადოების გაბითურებას ცდილობენ _ რუსეთთან პოზიტივების ძიება არ შეიძლება თურმე, მაგრამ არც თურქეთის პოლიტიკის გაკრიტიკების უფლება გვქონია.
საქართველოსა და რუსეთის ინტერესები, მიუხედავად სააკაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი საშინელი პრობლემისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა, მეტწილად ემთხვევა ერთმანეთს. ესაა ტრადიციული ფასეულობების დაცვა, ეკონომიკური ურთიერთკავშირი, ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლა, ჩვენი სამხრეთი ფლანგის დაცვა, რაც, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის უსაფრთხოებას სჭირდება… აი ყოველივე ეს არის რეალური ეროვნული ინტერესი და რატომ არ უნდა დავინახოთ, რომ ეს ჩვენი ეროვნული ინტერესი თანხვდება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს?! მხოლოდ იმიტომ, რომ მითურ რუსულ პროპაგანდაში დადანაშაულების უნდა გვეშინოდეს?!
ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით!
გულბაათ რცხილაძე
chemi azrit bolo unda moegos antirusul propagandas.mitumetes d.trampis gaprezidentebis mere,rusettan urtiertobis agdgena karga xnis win unda daewyo xelisuflebas..turqetis prezidendi ar malavs mis interesebs achafis mimart.chveni teritoriebis 30 % okupirebuli aqvs da kidev unda veloliavot.samarcxviod da istoriis gayalbebad mimachnia g.kvirikashvilis komentari,turme turqeti chveni saukunovani megobari yofila…..am dros ruseti okupanti da mteri….dges rom chatardes referendumi nato tu ruseti.darwmunebuli var 90% mosaxleobis rusets dauchers mxars.droa dasavletis fsevdo liberalebis gavlena agvkvetot da chves yveyanaze vifikrot,misi erovnuli teritoriuli interesebudan gamomdinare!
მოგიწოდებთ არ წაიკითხოთ ინგლისურენოვანი შრიფტით დაწერილი ტექსტი. არც ინგლისური იციან და არც ქართული. ეს რა შრიფტების კოჰაბიტაციაა?. რაც შეეხება გულბათს საღათ და ობიექტურად წერს! ბრავო.