Home რუბრიკები საზოგადოება გამოუცხადებელი დევალვაციის ქრონიკა

გამოუცხადებელი დევალვაციის ქრონიკა

508

იოსებ არჩვაძე: ქვეყნის ორ მთავარ ინსტიტუტს, რომლებსაც ევალება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამჟამად ხელს არ აძლევს ლარის გამყარება

სახელმწიფოს ყველანაირი რესურსი ამოეწურა

ორ წელიწადზე მეტია, ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, როდესაც ეს შესამჩნევი გახდა და მოსახლეობაც შეაწუხა გაძვირებული პროდუქტების ფასებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინვე დაიწყეს ექსპერტთა მოსაზრებების გაკრიტიკება: “ზოგიერთი ექსპერტი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს”; “მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ”; “გარე ფაქტორებმა ლარზე უარყოფილთად იმოქმედა”; “პატარა შოკუნიებიადა .. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ კი ლარმა კატასტროფულად დაიწყო გაუფასურება და ნოემბრის ბოლოს ხელისუფლებაც მიხვდა, რომ ესშოკუნიაარ იყო და თვითონ ჩავარდაშოკში”, რის შემდეგაც პრემიერმა რამდენიმეპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა ლარის გადასარჩენად. ამ გეგმაში შედის ავტომობილებზე აქციზის ფასის მომატება და ნავთობის გაძვირება, იქვე დაამატეს, რომ ხელს შეუწყობენ ელექტრომობილების ბაზარზე შემოსვლას.

პრემიერის ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ ეკონომიკის ექსპერტებს, ამბობენ, რომ ის ყველა რეკომენდაციას ბანკების მმართველებისა და მსხვილი ბიზნესმენებისგან იღებს, რაც მცდარი და სახელმწიფოსთვის დამღუპველია, და რომ საქართველოს ხელისუფლება, უკვე 25 წელიწადია, ბიზნესის მძევალია. ამ ყველაფრის შემხედვარე ხალხი კი სოციალურ ქსელში გაზაფხულზე ცარიელი ქვაბებით ქუჩაში გამოსვლას გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს გაზაფხულამდეც მოხდეს.

რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება და პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად გაიზრდება. “ახლა მარხვაა, ძირითადად, თევზს ყიდულობს ხალხი, მაგრამ ისიც ძალიან გაძვირდა. მაგალითად, ორაგული 19 ლარი ღირდა და ახლა 40 ლარი ღირს”, _ გვითხრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა.

“ნავთობის ფასის გაზრდა ნებისმიერ სულელს შეუძლია”, _ ეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სიტყვებია.

მიიღო თუ არა გონივრული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა კვირიკაშვილმა და შესაძლებელია თუ არა, არსებულ ვითარებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება _ ამ საკითხებზე გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი იოსებ არჩვაძე:

_ (დო)ლარი ჩვენი მღელვარებისა… საქართველოს მოსახლეობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს ლარის “დრეიფს” და ყველაზე ტევადი სიტყვა, რომელიც აღნიშნული პროცესისადმი მის დამოკიდებულებას გამოხატავს, არის “სადამდე?!”. შეშფოთება გასაგებია, რადგან მხოლოდ ოქტომბერში ლარი აშშ დოლარის მიმართ 7.92 პუნქტით (2.3297-დან 2.4089-მდე) დაეცა, ნოემბრის პირველ ნახევარში კი _ კიდევ 8.10 პუნქტით (2.4899-მდე). ლარის დევალვაციით სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დისკომფორტი, მიუხედავად ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების ოპტიმისტური და დამამშვიდებელი განცხადებებისა, ნამდვილად არსებობს და ამიტომ საჭიროებს ადეკვატურ რეაგირებას, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივ მიზანმიმართულ ძალისხმევას.

ამასთანავე, ლარის დევალვაციის პრობლემატიკაში, სულ ცოტა, ორი ასპექტი მაინც უნდა გამოიყოს _ ლარის გაუფასურების მიზეზები და ლარის გაუფასურების გავლენა მოსახლეობის მყიდველობით უნარიანობაზე.

ლარის გაუფასურების ობიექტურ მიზეზებს მიეკუთვნება: ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, ექსპორტისა და საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების შემცირება, ფულადი გზავნილების არასაკმარისი დონე, აშშ დოლარის პოზიციების გამყარება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე

_ რა სუბიექტური მიზეზით ეცემა ლარის კურსი და რატომ ვერ ხდება ამის თავიდან აცილება?

_ სუბიექტურ ფაქტორებს განეკუთვნება ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების მოკლევადიანი სესხების კომერციული ბანკებისთვის მიწოდება და მიმოქცევაში ლარის მასის მნიშვნელოვანი ზრდა _ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.1%-ით, რაც იმავე პერიოდში ეკონომიკურ ზრდას 4-ჯერ და მეტად აღემატება.

ცალკე უნდა გამოიყოს ის გარემოება, რომ საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის საკონტროლო პაკეტი, ერთის გამოკლებით, უცხოელი რეზიდენტების ხელშია და საბანკო სექტორის წლიდან წლამდე მზარდი მოგება, ბუნებრივია, მათ ხელში ხვდება და დაუბრკოლებლად გადის საქართველოდან. იმავეს თქმა შეიძლება საბანკო სექტორის გამსხვილების პროცესში ერთი ბანკის მიერ მეორის შთანთქმისა და ამ უკანასკნელის საქართველოს საკრედიტო ბაზრის დატოვების გამო საქართველოდან მრავალი ათეული მილიონი აშშ დოლარის გატანის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა, მოქმედი კანონმდებლობით, ფასების სტაბილურობაა და არა ვალუტის კურსის. პარლამენტის დამტკიცებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თანახმად, საქართველოში 2016 წლის მიზნობრივ ინფლაციად 5%-ია განსაზღვრული. წლის ბოლომდე რამდენიმე დღე რჩება და ხუთპროცენტიანი ინფლაციის ნაცვლად 0.2-პროცენტიანი დეფლაცია გვაქვს, ამიტომაც ეროვნულ ბანკს არავითარი ინსტიტუციური ინტერესი არ აქვს, რომ დევალვაციას, როგორც სამომხმარებლო ფასების პოტენციური მუხტის მატარებელ პროცესს, ხელი შეუშალოს.

მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,40-ითაა განსაზღვრული. ეს კურსი რომ მართლაც 2,40-ზე “დაჯდეს”, წლის ბოლომდე დარჩენილი რამდენიმე დღის განმავლობაში ლარი/დოლარის თანაფარდობის საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 2,92 უნდა შეადგინოს, ამიტომ აღმასრულებელ ხელისუფლებასაც ხელს აძლევს ლარის გაუფასურება, რადგან ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში ბიუჯეტში უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ ხდება ქვეყნის შიდა ვალდებულებების გასტუმრებისთვის ესოდენ საჭირო სახსრების მობილიზება. გამოდის, რომ ქვეყნის ორ მთავარ ინსტიტუტს, რომლებსაც ევალებათ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამჟამინდელ პირობებში ინსტიტუციურად ხელს არ აძლევს ლარის გამყარება, მოკლედ, “გამოუცხადებელი დევალვაციის ქრონიკაა”.

განსხვავებული, შეშფოთებული დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას ლარის გაუფასურებისადმი. საქართველოს საშინაო სამომხმარებლო ბაზარი, ადგილობრივი წარმოების სიმწირის გამო, მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული _ იქ რეალიზებული საქონლის მხოლოდ 30 პროცენტია ადგილობრივი წარმოების, ხოლო 70 პროცენტი _ იმპორტირებული; თანაც, იმპორტის თანაფარდობა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან 55,4 პროცენტია, მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმრავლესობაში ეს მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით გაცილებით დაბალია.

ლარის დევალვაცია მოსახლეობის კეთილდღეობას ურტყამს არა მხოლოდ სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მოსალოდნელი გაძვირების მაღალი ალბათობით, არამედ საბანკო მომსახურების, კრედიტების გაძვირებითაც. საქართველოში სამომხმარებლო ფასები არ იზრდება იმიტომ, რომ მოსახლეობის შემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი იხარჯება არა პროდუქციის შესაძენად, არამედ საბანკო სესხების მომსახურებისთვის.

_ პრემიერის გადაწყვეტილებით, ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება. ეს, შესაძლოა, ბიუჯეტს წაადგეს, მაგრამ რა ქნას გლეხმა, რომელსაცგასისინებულ” “მერსედესზემეტად თხილის გადმოსაზიდად ძველიოპელიურჩევნია?

_ ეს დაკანონებული “რეკეტია”. ცნობილია, რომ სახელმწიფო ყველაზე დიდი “რეკეტირია”. გადასახადებიდან თავის არიდებაც ძალიან ცუდია, მაგრამ გადასახადებმა ბიზნესი არ უნდა დაახრჩოს, ოპტიმალური ვარიანტი უნდა გამოიძებნოს.

_ ნავთობიც ძვირდება. ეს გონივრული გადაწყვეტილებაა?

_ ნავთობზე ფასის მომატება იძულებითი ნაბიჯია, წამგებიანი რეპუტაციისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის კუთხით. ხელისუფლებას არჩევანი არ აქვს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კატას ერთბაშად მოაჭრას კუდი, მოკლედ, დაჟეჟილს გატეხილი სჯობია.

_ კრიზისის მომენტში მთავრობა კონსულტაციას ბანკირებთან და მსხვილ ბიზნესმენებთან გადის? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება ბანკირებისა და ბიზნესმენების მძევალია?

_ საბანკო საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს ისეთ პრინციპებს, რომლებითაც საზოგადოების აზრი მეტად იქნება გათვალისწინებული. რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე უნდა იყოს საბანკო სექტორის გავლენის დონე, არადა, ჩვენთან მაღლა იწევს. საბაზრო სექტორი საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს, გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს. ეროვნულ ეკონომიკას ბანკი არ ემსახურება, მათი მარჟა უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა, რაც მთავარია, მოსახლეობის ცხოვრების დონე სწორედ ბანკების მიზეზით ეცემა.

_ დაარეგულირებს ხელისუფლება არსებულ ვითარებას თუ მას ლარი გადაიყოლებს?

_ ფასების ზრდა აშკარაა, სახელმწიფოს ყველანაირი რესურსი ამოეწურა. ახალი წელი მოდის და ფასების მატებით გამოწვეული უკმაყოფილება გაიზრდება. ეს განსაკუთრების შესამჩნევი იქნება ახალი წლის შემდეგ, როდესაც საახალწლოდ ოჯახები ყველანაირ დანაგოზს დახარჯავენ.

_ ასეთ შემთხვევაში მთავრობა არ უნდა გადადგეს?

_ ჯერ მელანი არ შეშრობია ქაღალდს, რომლითაც მთავრობა დამტკიცდა. ვნახოთ, რა ბიუჯეტს წარმოადგენენ და მის მხარდასაჭერად რა არგუმენტებს დაასახელებენ.

ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს გარკვეული ვადა, რათა კრიზისიდან გამოსავალი მოძებნოს. საზოგადოებას აქვს თმენის ვალდებულება, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, თუ დადებითად არაფერი გადაწყდა, მთელი ძალით იფეთქებს დაგროვილი უარყოფითი მუხტი. გაზაფხული ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კრიტიკული პერიოდია, რადგან რესურსები იწერება და პროტესტი მატულობს. ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში თანხვედრა იქნება _ საპროტესტო მუხტი და დაურეგულირებელი მდგომარეობა, გაზრდილი ფასებით გამოწვეული დისკომფორტი ვნებათაღელვას შემოიტანს. დაველოდოთ მთავრობისთვის განკუთვნილ ათდღიან ვადას, მოვითმინოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. წაიკითხეთ ეს სტატია ყველამ და გაიგებთ თუ რაზე აქვს გათვლილი ხელისუფლებას ,,ლარის დარეგულირება,, თუ როგორ აპირებენ ტყავი გააძრონ ხალხს და ამით თავიანთი ბიზნესი (ასე შეიძლება უწიდო მათ მუშაობას სახელმწიფო სამსახურებში) შეინარჩუნონ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here