Home რუბრიკები საზოგადოება როგორ მოვაწყოთ ხეხილის სანერგე მეურნეობა

როგორ მოვაწყოთ ხეხილის სანერგე მეურნეობა

2260

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

ხეხილის სანერგეებსა და ბაღებში აგროტექნოლოგიური ღონისძიებების სწორად განსახორციელებლად გთავაზობთ დახმარებას წიგნის _ “ხეხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები” (აგროწესები) _ მიხედვით.

მეხილეობაში მკვიდრდება ახალი მიმართულება _ ბაღების გამდიდრება ხეხილის კულტურებითა და ჯიშებით, რომელთა ნაყოფიც შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებებს.

ჯიშების სიმრავლის პირობებში საკმარისი აღარ არის ბაღების გაშენება მხოლოდ მაღალმოსავლიანი ჯიშებით, საჭირო შეიქნა ჯიშების შეფასება ადამიანისათვის საჭირო ნივთიერებებით უზრუნველსაყოფად. შეფასება კი ხდება მათი კვებითი ღირებულებით _ ენერგეტიკულობითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის ოდენობით.

მსოფლიოში გავრცელებული ხეხილის 200-ზე მეტი კულტურიდან 100-მდე საქართველოს ტყეებსა და ბაღებში ხარობს და მაინც არ ხდება მათი სრული გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობის სამსახურში ჩასაყენებლად, განსაკუთრებით ეს ეხება მშრალ სუბტროპიკულ და კენკროვან კულტურებს, რომლებიც მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით და იმთავითვე გამოიყენებოდა სახალხო მედიცინაში.

ბოლო 20 წლის განმავლობაში თესლოვან და კურკოვან ხილთან ერთად, საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის მოთხოვნა კაკლოვან, მშრალ სუბტროპიკულ, კენკროვან და ტყის ხილზე. ამიტომ კვლავ უნდა გაგრძელდეს ხეხილის ბაღების პროდუქტიულობის მომატება ფართობის ერთეულზე და მებაღეს უნდა შეეძლოს აგროღონისძიებების გამოყენებით მცენარის მართვა, ბაღის სხვადასხვა კონსტრუქციებისა და არატრადიციული მიდგომების გამოყენება, სხვლა-ფორმირება, ქირურგიულ პროცესებში ჩარევა (მყნობა), სპეციალური უნარ-ჩვევების დაუფლება, რომლებიც უპასუხებს მცენარისა და ადამიანის მოთხოვნებს.

დადგენილი ნორმით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანმა წელიწადში უნდა მიიღოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი 100-120 კგ ხილი.

1995 წლიდან საქართველოში წარმოებული ხილიდან მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში მოდის 40კგ (ძირითადად, ვაშლი), რაც 2.5-3-ჯერ ნაკლებია წინა წლებთან შედარებით. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვიტამინების მიუღებლობა “არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ბოროტება”.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეხილეობის წინაშე დგას ხილის მოსავლის გაზრდის, ნამყენი ნერგის საჭირო რაოდენობით წარმოების, საბაღე ფართობების განსაზღვრის და ბაღების გაშენების ამოცანა.

ხეხილის სხვადასხვა ჯიშს, ბიოლოგიური თავისებურებების გამო, არაერთგვაროვანი მოთხოვნები აქვს გარემო პირობების მიმართ, ამიტომ მათი ჯიშობრივი ტერიტორიული დარაიონება და გაადგილება მოითხოვს, ზუსტად გავითვალისწინოთ ძირითადი ეკოლოგიური ფაქტორები: კლიმატი, ნიადაგები, ჰიდროლოგიური პირობები, აგროტექნიკა და სხვ. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ინტენსიურად მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესი, რომელსაც შესწორებები შეაქვს გარემოში.

ხეხილის სანერგე. საქართველოში 1991 წლამდე მოქმედ სახელმწიფო სანერგე მეურნეობებში ნერგის ჯიშობრივ სიწმინდესა და სტანდარტზე ზედამხედველობა იყო დაწესებული.

ამჟამად ხეხილის ნამყენი ნერგის წარმოება და რეალიზაცია მიმდინარეობს მოუწესრიგებლად, რადგან ეს დიდი საქმე გადავიდა კერძო პირების ხელში, რომლებსაც ყოველგვარი კონტროლის გარეშე, თავიანთი ნებასურვილით გამოჰყავთ ნერგები. მეპატრონე არ იძლევა გარანტიას ჯიშის სიწმინდეზე და არც აკისრია პასუხისმგებლობა გაყიდულ სარგავ მასალაზე.

ამიტომ ფერმერებს ვურჩევთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინონ გზაზე გასაყიდად გამოტანილი ნერგები. ნერგის შეძენა უნდა მოხდეს სანერგე მეურნეობაში, საბუთის გამოწერით და ნერგის მეპატრონის ხელმოწერით, რომელიც პასუხს აგებს ნერგის სიჯანსაღეზე, ხარისხსა და ჯიშზე.

* სანერგის მეპატრონე უნდა ადგენდეს კატალოგს ნამყენი ნერგის ჯიშისა და კონკრეტული ზონის დასახელებით. აქვეყნებდეს განცხადებას სანერგის მისამართის მითითებით. აუცილებლობა მოითხოვს, რომ შეიქმნას სანერგის მფლობელთა კავშირი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სანერგე მეურნეობის სპეციალიზაციას ხეხილის გასაშენებელი ზონების მიხედვით, რათა მებაღეებმა შეიძინონ სასურველი კულტურისა და ჯიშის სტანდარტული, მაღალი ხარისხის ნამყენი ნერგი.

* რეკომენდებულია, ერთმა სანერგემ აწარმოოს თესლოვნების ჯგუფის ნერგები, მეორემ – კურკოვნების, მესამემ – კაკლოვანების, მეოთხემ _ მშრალი სუბტროპიკული კულტურების, მეხუთემ _ კენკროვნების ჯგუფის ნერგები.

* სანერგის მფლობელმა, მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით, თვითონ უნდა განსაზღვროს ნერგის წარმოების ოდენობა, ოღონდ სანერგის მფლობელთა კავშირთან შეთანხმებით. მხოლოდ ასე შეძლებს დაადგინოს, რამდენი ნერგი უნდა გამოიყვანოს, რათა სარგავი მასალის რეალიზაციის დროს არ განიცადოს ზარალი.

* ხეხილის გამშენებელმა ერთი წლით ადრე უნდა მიმართოს სანერგის ფირმის მეპატრონეს წერილობითი განცხადებით, რომელი კულტურის, რომელი ჯიშის, რომელ საძირეზე და რომელ ზონაში სურს ბაღის გაშენება. ხოლო სანერგის მეპატრონემ სრულად უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელი.

* სანერგე მეურნეობის აგრონომებმა და პასუხისმგებელმა პირებმა კარგად უნდა იცოდნენ მათ სანერგეში გამოყვანილი სარგავი მასალის, ჯიშის ბიოლოგიური და სამეურნეო ღირსებები და ნაკლოვანი მხარეები, აგროწესებით გათვალისწინებული ღონისძიებები, მყიდველს უნდა მისცენ ამომწურავი პროფესიული რჩევა ნერგის მუდმივ ადგილზე დარგვისა და შემდგომი მოვლისთვის.

* ხეხილს, როგორც მრავალწლოვან კულტურას, სჭირდება ბაღისა და სანერგე მეურნეობის დაპროექტება, რათა არ იქნას დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომები. პროექტის შესადგენად საჭიროა, წინასწარ შესწავლილი იქნას შესაბამისი ტერიტორია, ნიადაგები, მიკროკლიმატი, რელიეფი, ბუნებრივი მცენარეული საფარი. პროექტში აღნიშნული უნდა იყოს ფართობი, საძირე, ჯიში და ნამყენი ნერგის წარმოების მოცულობა, სანერგის ტიპი, განყოფილებათა ურთიერთშეფარდება, თესლბრუნვის სქემა, ტერიტორიის ორგანიზება თავისი საზღვრებით, ნიადაგის რუკა, სარწყავი არხები და გზები.

ტერიტორია ნაწილდება კვარტალებად და თარგებად. სასურველია, შეირჩეს ქარისაგან დაცული ადგილი. სანერგისა და ბაღის გაშენებამდე 4-5 წლით ადრე უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი ცელსიუსით 25-30 გრადუსზე დაბლა არ უნდა ეცემოდეს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ტემპერატურა ძლიერ აზიანებს კლონურ საძირეებზე ნამყენ ნერგებს.

*  სანერგისთვის საუკეთესოა ალუვიური თიხნარი, სილნარევიანი, ჰუმუსით მდიდარი შავმიწები, წაბლა, მდელოს ყავისფერი სტრუქტურიანი ნიადაგები. ნაკვეთის დაქანება არ უნდა აღემატებოდეს 3-50?და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარწყავი და სასმელი წყლით. სასურველია, სანერგე მოეწყოს გზასთან ახლოს.

* სანერგეები არის დროებითი და მუდმივი. დროებითი სანერგეები ფუნქციობს ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში სარგავი მასალის საწარმოებლად. მუდმივი სანერგე კი ათეული წლობით მოქმედებს, უზრუნველყოფს სანერგეში დასაქმებული კადრის აღზრდას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

* სანერგეს უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიის სპეციალური შენობა. სამყნობი სახელოსნო ზამთრის მყნობის ჩასატარებლად. თესლის გადასამუშავებელი და გასაშრობი საამქრო, კალმების, თესლის სტრატიფიკაციის ოთახი. დახურული გრუნტის ნისლწარმოსაქმნელი ნაგებობა, საფუმიგაციო ოთახი, სარგავი მასალის შესანახი საკანი. ყოველი სანერგე მეურნეობის მფლობელი თვითონ განსაზღვრავს, რომრორი შენობა-ნაგებობა სჭირდება ადგილობრივი პირობების და ნერგის გამოყვანის ტექნოლოგიის გათვალისწინებით (ერთი ჰექტარი სანერგის ფორმირებისას ორწლიანი ნამყენი ნერგის მისაღებად საჭიროა, სულ ცოტა, 24 ჰექტრამდე სასარგებლო მიწის ფართობი). ეს განაპირობებს როგორც ნერგის, ისე საძირის ჯიშობრივ სიწმინდეს და ქმნის წარმოდგენას ზონების მიხედვით ჯიშების დარაიონებაზე.

სანერგე მეურნეობა მოითხოვს განსაკუთრებულ აგროტექნიკას ნამყენი ნერგის გასაზრდელად, ცალკეულ ნაკვეთებს და სტრუქტურას. სანერგის ორგანიზატორებმა უნდა შექმნან სხვადასხვა დანიშნულების განყოფილებები:

1. გასამრავლებელი განყოფილება, საძირეთა გამრავლების ნაკვეთი ანუ:

) სათესი სკოლა, სადაც ითესება თესლი და მიიღება ნათესარი საძირეები;

) საძირეთა სადედე, სადაც საძირეებს ვეგეტატიურად ამრავლებენ.

2. ფორმირების განყოფილება, სადაც ტარდება მყნობა და ნამყენის აღზრდა.

ეს განყოფილება შედგება სამი ნაკვეთისგან:

) პირველი წლის მინდორი _ საძირეებზე სანამყენე ნაკვეთი;

) მეორე წლის მინდორი _ ერთწლიანი ნამყენი ნერგის გასაზრდელი ნაკვეთი;

) მესამე წლის მინდორი _ ერთწლიანი ნამყენის ფორმირების ანუ ვარჯის ჩასახვის ნაკვეთი.

3. სადედე განყოფილებას აქვს:

) სათესლე სადედე ბაღი _ სადაც მზადდება თესლი საძირეების მისაღებად.

) საკალმე სადედე ბაღისადაც იჭრება კალამი, .. საკვირტე მასალა.

აუცილებელია, სადედეები მოეწყოს სანერგეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჭირო რაოდენობის კვირტით, დაცული იყოს ჯიშების სიწმინდე. კალმის დამამზადებლები კარგად უნდა ცნობდნენ და ერკვეოდნენ ჯიშებში, რომ გამორიცხული იყოს გაუგებრობა.

იუზა ვასაძე,

ვაჟა კვალიაშვილი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here