Home რუბრიკები ისტორია Doutsche Welle: გარდაიცვალა კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო

Doutsche Welle: გარდაიცვალა კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო

1045

ფიდელ კასტრო (ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსი) ქარიზმული პიროვნება იყო _ წვერი, სიგარა, ნახევრადსამხედრო ფორმა. შეეძლო, 8 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ელაპარაკა რევოლუციის მიღწევებზე იმპერიალიზმთან ბრძოლაში. 2016 წლის 25 ნოემბერს ფიდელი გარდაიცვალა. ფიდელ კასტრო ისტორიაში შევა. მას ზოგი ეთაყვანებოდა, ზოგს კი საშინლად სძულდა. დაიწყო, როგორც რევოლუციონერმა, კუბელი ხალხის თავისუფლებისთვის მებრძოლმა და დაასრულა, როგორც დიქტატორმა.

კუბელების 70 პროცენტი არ ცნობს სხვა ლიდერს, ფიდელ კასტროს გარდა

ფიდელ კასტრო დაიბადა 1926 წლის 13 აგვისტოს ბირანში (პროვინცია ორიენტე, კუბა). სტუდენტობისას შევიდა რევოლუციურ დაჯგუფებაში, რომელიც იბრძოდა დიქტატორ ბატისტას წინააღმდეგ. აქტიური მოქმედება დაიწყო 1953 წელს მონკადოს ყაზარმების შტურმით. რევოლუციონერები მცირე ძალებით უტევდნენ, თანაც ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი, ამიტომ უკანდახევა მოუწიათ, მაგრამ ამ დაპირისპირებაზე ლეგენდებია შექმნილი. შემდეგ იყო ემიგრაციის წლები და პარტიზანული ბრძოლები.

1959 წლის იანვარში კი გამარჯვებული ფიდელი ამაყად დააბიჯებდა ჰავანის ქუჩებში. კუბაზე დაიწყო კასტროს ერა, რომელიც 2008 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს მძიმე ავადმყოფმა ფიდელმა ხელისუფლების სადავეები ფორმალურად გადასცა თავის ძმას _ რაულს.

ფიდელ კასტროს ჰყავს 6 შვილი სხვადასხვა ქორწინებიდან და ერთი ქალიშვილი ქორწინების გარეშე, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და კუბაზე გამეფებული რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის.

 

ბრძოლა ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ

რევოლუციის ექსპორტი, მრეწველობის დენაციონალიზაცია, აგრარული რეფორმა _ ამ ყველაფერმა კასტრო აშშ-თან კონფრონტაციამდე მიიყვანა. აპოგეა იყო 1962 წლის კრიზისი, როდესაც მან სსრკ-ის იმჟამინდელ გენმდივანს _ ნიკიტა ხრუშჩოვს უფლება მისცა, კუბაზე ბირთვულქობინიანი საბჭოთა რაკეტები განელაგებინა. კრიზისი მოგვარდა, მაგრამ ამერიკულ იმპერიალიზმთან დაპირისპირება გაგრძელდა.

აშშ-მა ემბარგო დაუწესა კუბას. როგორ დაზარალდა ამით ქვეყნის ეკონომიკა, ძნელი სათქმელია, რადგან სსრკ-ის დაშლამდე კუბა გულუხვ დოტაციებს იღებდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან.

“ისტორია გამამართლებს”, _ ამბობდა ფიდელ კასტრო ჭაბუკობის წლებში. მართალი იყო თუ ცდებოდა, მომავალში გამოჩნდება, მაგრამ მან ისტორიის სახელმძღვანელოებში მოხსენიება უეჭველად დაიმსახურა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here