Home რუბრიკები პოლიტიკა “ბი-ბი-სი”: კიდევ რომელ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს “ბრექსიტი” და ტრამპი?

“ბი-ბი-სი”: კიდევ რომელ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს “ბრექსიტი” და ტრამპი?

527

2008 წლიდან პოპულისტები უკეთ ახერხებენ ფინანსური კრიზისით, გლობალიზაციითა და მოსახლეობის სიძნელეების მოგვარების საქმისგან მმართველი ელიტების თვითჩამოცილებით გამოწვეული სახალხო მრისხანების მართვას. ხომ არ გადაიქცევა დონალდ ტრამპის გამარჯვება მრავალგზის გაძლიერებული “ბრექსიტით” ისეთ ცუნამად, რომელიც გადარეცხავს ევროპის პოლიტიკურ ელიტებს? ამ პრობლემაზე მსჯელობს “ბი-ბი-სი”.

გადამწყვეტი კენჭისყრა იტალიაში

4 დეკემბერს იტალიაში უნდა გაიმართოს რეფერენდუმი კონსტიტუციის რეფორმის საკითხზე. იგი სულ უფრო გვაგონებს მატეო რენცის მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობისადმი ნდობის (ან უნდობლობის) ვოტუმის გამოცხადებას. პრემიერი უკვე დაემუქრა იტალიის საზოგადოებას, რომ გადადგება, თუ წააგებს ამ რეფერენდუმს. რეფორმა სენატისა და რეგიონული მთავრობების უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს. რენცი ამტკიცებს, რომ ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება სახსრების მომჭირნეობით ხარჯვა და გაძლიერდება იტალიის მთავრობის სტაბილურობა. მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილებები მეტისმეტ უფლებამოსილებას მიანიჭებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. საზოგადოებრივი აზრის შესწავლით ირკვევა, რომ რენციმ შეიძლება წააგოს ხმათა უმნიშვნელო უმცირესობით, მაგრამ ეს ძლიერ განამტკიცებს იტალიური “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას” (M5S), რომელიც ისტებლიშმენტს უპირისპირდება.  ივნისში M5S არცთუ ცუდად წარმოჩნდა რეგიონულ არჩევნებზე, დღეს მისი წარმომადგენლები რომისა და ტურინის მერები არიან. ამ მოძრაობის წევრები _ ევროსკეპტიკოსები _ იბრძვიან რეფერენდუმის გასამართავად ევროზონიდან გამოსვლის მიზნით. მოძრაობის დამაარსებელმა, ყოფილმა კომიკოსმა ბეპე გრილომ თავის “ტვიტერში” დაწერა, რომ არჩევნებში ტრამპის ტრიუმფი “მასმედიისთვის, ტელევიზიისთვის, წამყვანი გაზეთებისთვის, ინტელექტუალებისა და ჟურნალისტებისთვის აპოკალიფსი შეიქნა”.

 

ავსტრია მარჯვნივ მკვეთრად შეტრიალლება?

კონსტიტუციის რეფორმის საკითხზე იტალიაში რეფერენდუმის ჩატარების დღესვე, დასავლეთი ევროპა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უკიდურესი მემარჯვენე კანდიდატის ხელისუფლებაში მოსვლის მოწმე შეიძლება შეიქნეს. ავსტრიაში სახელმწიფოს მეთაურად შეიძლება ვიხილოთ პრეზიდენტობის კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი. მაისის არჩევნებში მწვანეთა პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ჰოფერს ერთ პროცენტზე ნაკლები ხმებით აჯობა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ამ არჩევნების შედეგები გააუქმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლის პრობლემების გამო. ასე რომ, ავსტრიელებს ახალი არჩევნების გამართვა მოუწევთ. მართალია, ავსტრიაში პრეზიდენტის თანამდებობა უფრო ცერემონიულია, მაგრამ ჰოფერის გამარჯვებას შეიძლება უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდეს თავისუფლების უკიდურესად მემარჯვენე პარტიისთვის, რომელიც იმიგრაციის წინააღმდეგ გამოდის.

 

პოპულისტების შეტევა ნიდერლანდების სამეფოში

ანტიისლამისტი პოლიტიკოსი გერტ ვილდერსი ტრამპის არჩევამ გაახარა და ერთ-ერთი მისი ლოზუნგი სათავისოდ გადააკეთა: “ნიდერლანდს კვლავ გავადიადებთ!”. “ნიდერლანდს ჰოლანდიელებს დავუბრუნებ”, _ განაცხადა ვილდერსმა. მისი სიტყვები სრულად შეეხამა ლოზუნგს “დავიბრუნოთ კონტროლი!”, რომლითაც “ბრექსიტის” მომხრეები 23 ივნისის რეფერენდუმზე გაემართნენ. ყველამ ვიცით, რაც შემდეგ მოხდა. გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 6 ნოემბერს ორგანიზაცია De Hond-მა მოაწყო, ვილდერსის პოპულისტურ პარტიას პარლამენტში, ალბათ, 27 ადგილი ერგება. თუ პოპულისტური პარტია ვერ შეძლებს მმართველი კოალიციის შექმნას, მისი პოლიტიკური გავლენა, დიდი ალბათობით, შენარჩუნდება. რაც შეეხება ვილდერსს, მისი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება. მას ბრალად ედება რასობრივი სიძულვილის გაჩაღება.

 

ახალი ფრანგული რევოლუცია

“ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარი ლე პენი საფუძველს ურყევს საფრანგეთის პოლიტიკას და შესაძლებელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხვდეს. არჩევნები გაისად, მაისში გაიმართება. “ნაციონალურმა ფრონტმა”, რომელიც იმიგრაციისა და ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგ გამოდიოდა, რეგიონულ არჩევნებში ხმების 27 პროცენტი მიიღო, მაგრამ ვერც ერთ რეგიონზე ვერ შეძლო სრული კონტროლის დაწესება, რადგან ორი წამყვანი პარტია მის წინააღმდეგ გაერთიანდა. მოსალოდნელია, რომ მემარჯვენე ცენტრისტი რესპუბლიკელები და მემარცხენე ცენტრისტი სოციალისტები იმავეს გაიმეორებენ, თუ მარი ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა. მარი ლე პენმა ტრამპის არჩევაზე “ტვიტერში” დაწერა, რომ “იბადება ახალი მსოფლიო და ძალთა გლობალური ბალანსი შეიცვლება ტრამპის არჩევის წყალობით”. მან დასცინა საფრანგეთის მმართველ ელიტას და წამყვან გაზეთებს იმის გამო, რომ მათ ფსონი ჰილარი კლინტონზე დადეს. ამასთანავე, განაცხადა, რომ ბრიტანელებმა “ბრექსიტისთვის” ხმის მიცემით ევროპის ელიტების წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი ზალპი გააკეთეს.

 

 

ნაციონალისტების გამოცოცხლება გერმანიაში

ნაციონალისტური პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AFD) 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო მეტი ამომრჩევლის მიზიდვას აპირებს პოლიტიკური სპექტრის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგებიდან. ამჟამად პარტიამ გაიმაგრა პოზიციები ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირთან დაპირისპირებაში. მიიმხრო “ღია კარის პოლიტიკით” უკმაყოფილო მოქალაქეები. სექტემბერში AFD-მ მეორე ადგილი მოიპოვა მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიაში და პირველობა მემარცხენე ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას დაუთმო, მაგრამ 2 პროცენტით გაუსწრო მერკელის პარტიას. ვარაუდობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში AFD, სულ ცოტა, 10 პროცენტს დააგროვებს. მას უკვე ჰყავს თავისი დეპუტატები ლანდტაგებში (ადგილობრივ პარლამენტებში) _ 16-დან 9-ში; ბუნდესტაგში _ არც ერთი. პარტიის სათავეებთან იდგნენ ეკონომისტები, რომლებიც ევროზონიდან გამოსვლისთვის იღვწოდნენ. ამჟამად AFD თავისი ანტიისლამისტური რიტორიკით თანდათან მარჯვნივ იხრება. გერმანელი ანალიტიკოსების აზრით, შეიძლება პარალელების გავლება უკმაყოფილებასა, რომელსაც “ბრექსიტი” და ტრამპის გამარჯვება მოჰყვა, და AFD-ს მომხრეთა მოთხოვნებს შორის. ამან პარტიას შეიძლება “მოულოდნელი წარმატება” მოუტანოს 2017 წლის ფედერალურ არჩევნებში. ანგელა მერკელს ჯერ არ მიუნიშნებია, აპირებს თუ არა მეოთხე ვადით გერმანიის კანცლერად დარჩენას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here