Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: მივცეთ მინისტრებს 100 დღე და მარტში დავთვალოთ წიწილები

გია ხუხაშვილი: მივცეთ მინისტრებს 100 დღე და მარტში დავთვალოთ წიწილები

497

“ეს მინისტრთა კაბინეტი წინას ჯობია, მაგრამ რაიმე წარმატების გარანტიებზე საუბარი ნაადრევია”, _ განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შეფასებისას.

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ეკონომიკური გუნდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის _ დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადანაცვლება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ეს უფროა მისი სფერო, ვიდრე ეკონომიკა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გახარიამ თავი წარმოაჩინა, როგორც საკმაოდ კარგი კომუნიკატორი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ანუ პოტენციურ ინვესტორსა და ეკონომიკურ პოლიტიკას შორის.

გია ხუხაშვილი ეკონომიკურ გუნდში გადაადგილებებს ოპტიმიზმით უყურებს, თუმცა ჯერ რამე წარმატებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

“ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც დეკლარირებულია, არ გვაძლევს საფუძველს, ძალიან დაიმედებული ვიყოთ. ვფიქრობ, უფრო რადიკალური და მასშტაბური ნაბიჯები აქვს ეკონომიკურ გუნდს გადასადგმელი, რათა მთავარ გამოწვევებს უპასუხოს. თვით კადრების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ, ამ მხრივ, ვითარება გაუმჯობესდა. მთავარი კითხვა არის სხვა, სახელებს და გვარებს რომ თავი დავანებოთ, უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ეს გუნდი იღებს პასუხისმგებლობას და მესამე მხარე არ აპელირებს. ეს არის ცენტრი, რომელთანაც პრეტენზია უნდა გვქონდეს ან რომელიც უნდა შევაქოთ. მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობით ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. გაუგებარი იყო ჩემთვის კახა კალაძის მოძრაობები _ რატომ წავიდა და დაბრუნდა, ვერ გავიგე. რაც შეეხება ძალოვან მინისტრებს, არავისთან მაქვს პრეტენზია, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქაც რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა, რადგან კვირიკაშვილის მიმართ გაჩენილიყო განცდა, რომ ის არის მთავარი მენეჯერი. ვნახოთ, ძალიან კრიტიკული არ ვიქნები, მივცეთ 100 დღე და მარტში დავთვალოთ წიწილები”, _ განაცხადა გია ხუხაშვილმა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here