კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ევრომაიდნის მესამე წლისთავის აღსანიშნავად გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. აქტივისტებმა კიევის ცენტრში მანქანის საბურავები მიიტანეს და დაწვა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პოლიცია მშვიდობიანი აქციისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, რის შემდეგაც ევროპის მოედნის მხრიდან მაიდნისკენ ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფი დაიძრა და საბურავებს ცეცხლი წაუკიდა. ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა “უკრიანული არჩევანის” ოფისსა და რუსული “სბერბანკის” განყოფილების მინები ჩაამსხვრიეს. როგორც “ბი-ბი-სი” იუწყება, მაიდანზე უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა.