Home რუბრიკები საზოგადოება ივანიშვილი მიუსაფარი პოლიტიკოსებისთვის თავშესაფარს ქმნის

ივანიშვილი მიუსაფარი პოლიტიკოსებისთვის თავშესაფარს ქმნის

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მოგეხსენებათ, პარლამენტს გარეთ დარჩენილი თითქმის ყველა პარტიის ლიდერმა თავისი პარტია დატოვა და არავინ უწყის, სად გაუჩინარდნენ. საზოგადოებაში არაერთხელ გაჩნდა კითხვა _ ნეტავ, სად წავიდნენ ეს გაკოტრებული, მზრუნველობას მოკლებული და მიუსაფარი პოლიტიკოსები? გულჩვილი ხალხი წუხს მათ ბედზე და მოითხოვს, ვინმემ ყურადღება მიაქციოს ამ გაბუტულ პოლიტიკოსებს, ჯავრიან გულზე რამე რომ არ აუტეხონ თავს.

ქართველი ხალხის ყოველი სატკივრის გულთან მიმტანმა, ჩვენმა “უკეთილესმან და უსათნოესმან” ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, არჩევნების შემდეგ დაშლილი პოლიტიკური პარტიებისა და მისი წევრებისთვის სპეციალური თავშესაფარი შექმნას, რომელში გაწევრებაც უპატონოდ დარჩენილ და მიუსაფარ ყველა პოლიტიკოსს შეეძლება.

ახალი პოლიტიკური თავშესაფარი მოეწყობა ისე, როგორც მიგრანტების თავშესაფარი უცხო ქვეყანაში. აშენდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომელიც სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სასახლის უკან მდებარეობს. მოეწყობა რეკრეაციული ზონა, გასართობი კომპლექსი, სავარჯიშო მოედნები, გამაჯანსაღებელი ცენტრები და ინტიმური ოთახები. წყარო ამბობს, რომ ასეთი ფუფუნების მისაღებად ბენეფიციარმა გარკვეული კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. ივანიშვილის თავშესაფარში მოთავსებულ მიუსაფარ პოლიტიკოსებს ეკრძალებათ ისეთი სიტყვების წარმოთქმა, როგორიც არის “ოლიგარქი ივანიშვილი”, “ივანიშვილის მონები”, “ივანიშვილის მიკერძოებული სასამართლო”…

იმისათვის, რომ თავშეფარებულ მიუსაფარ პოლიტიკოსებს გონება არ დაუჩლუნგდეთ, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მაგალითად, ივანიშვილის რეზიდენციის ეზოს დაგვადასუფთავება, მშენებლობები, რემონტის შემდეგ ტერიტორიის დასუფთავება, ბაღჩის მოვლაპატრონობა და საბავშვო ბაღიდან ივანიშვილების ნათესავების შვილების გამოყვანა. საღამოს 10 საათისთვის ცაცხვის ჩაისა და გვირილის კომპრესების მომზადება.

მიუსაფარ პოლიტიკოსებს, აგრეთვე, დაუმონტაჟდებათ სპეციალური ჩიპები, რომლითაც მათი გადაადგილება გაკონტროლდება, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს ფარულ გარიგებებსა და შეხვედრებს მესამე ძალასთან.

ცნობილი შეიქნა ისიც, რომ თავშესაფარში მყოფები ეტაპობრივად სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდებიან. ეს დამოკიდებული იქნება მათ ყოფაქცევაზე, რაც სპეციალური ქულებით შეფასდება. შემფასებლად წარმოდგენილები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და კიდევ სხვა რამდენიმე თამარი “ქართული ოცნების” ახალი და “ძაანჭკვიანი სახეებიდან”.

შეფასების სისტემა 10-ბალიანია. 10 ბალის მქონე პირისთვის გათვალისწინებულია მინისტრის თანამდებობა. შედარებით დაბალი ბალის მქონე პირთათვის კი თანამდებობები ასე გამოიყურება: 9 ბალი _ მინისტრის მოადგილე; 8 _ მინისტრის მოადგილის თანაშემწე; 7 _ მინისტრისთვის ყავის მომდუღებელი; 6 _ პარლამენტის ბუფეტის ზედამხედველი; 5 _ პარლამენტის დაგვა-დასუფთავების კომიტეტის თავმჯდომარე; 4 _ პარლამენტის დაგვა-დასუფთავების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 3 _ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის პირველი მოადგილე; 2 _ ივანიშვილის რეზიდენციის ბაღჩის მოვლა-პატრონობის სამსახურის უფროსი; 1 _ რეზიდენციის კოშკურის 24-საათიანი მორიგე.

კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ ამ თავშესაფრის პირობებით დაინტერესებულია ირაკლი ალასანია, გიორგი ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე, დავით უსუფაშვილი მეუღლითურთ და კიდევ რამდენიმე უპატრონო და მიუსაფარი პოლიტიკოსი, ხოლო გუბაზ სანიკიძე, როგორც ამბობენ, ამ თავშესაფრის გახსნისთანავე, პირველი მივიდა იქ, კაი თბილი კუთხე მონახა და გემრიელად მიიძინა. ამბობენ იმასაც, რომ პაატა ბურჭულაძემ ადგილი უკვე დაიკავა ივანიშვილის სახლის ბანზე, საიდანაც ბანს მისცემს თავშესაფარში მოსულ მიუსაფარ პოლიტიკოსებს, რომლებიც ივანიშვილს თავშესაფრის მისაღებად სავალდებულო “პოლიქრონიონს” უმღერებენ.

გრიგოლ ინგაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here