“კარგი სარდალია ის, ვინც კარგად იყენებს ბრძოლის ველზე შექმნილ ხელსაყრელ სიტუაციას, დიდი სარდალი კი თვითონ ქმნის ასეთ სიტუაციას”
ჯვაროსანთა გადარჩენისა და თურქთა ძირითადი ძალების თავისკენ მოზიდვის მიზნით, 1120 წლიდან დავითი დიდ გამოწვევაზე წავიდა და წამოიწყო პერმანენტული ომი. ქართველთა მეფე მოსვენებას არ აძლევდა სელჩუკთა ურდოებს. თითქმის ყოველდღე უმართავდა ომს და სდევნიდა მათ არაქართული ტერიტორიებიდანაც. ამის დასტურია, თუნდაც სომხური მიწა–წყლის შემოერთება. დავითმა ერთი წლის განმავლობაში ათზე მეტი დიდი ბრძოლა მოუგო სელჩუკებს.
თურქები ჩვენს ქვეყანას მაინც არ ანებებდნენ თავს. დავითს ტაქტიკაც ჰქონდა შემუშავებული მათ წინააღმდეგ _ შეგნებულად გადადიოდა აფხაზეთში და, როგორც კი ქართველთა მეფე თვალს მოეფარებოდა, სელჩუკთა ურდოები მაშინვე სამხრეთ საქართველოსკენ მოიწევდნენ იმ იმედით, რომ იქნებ დავითმა მათთვის ვერ “მოიცალოს” ან იქნებ დიდთოვლობის გამო ლიხის ქედი ვერ გადმოლახოსო და ასე შემდეგ. დავითი კი მოულოდნელად ესხმოდა მათ თავს და ანადგურებდა.
1120 წლის ზამთარი უხვნალექიანი გამოდგა საქართველოსთვის _ ლიხის ქედზე თოვლის სიმაღლე თურმე 6 მეტრს აღწევდა. თურქებს იმედი მოეცათ, ეგონათ, დიდთოვლობის გამო დავითი ვერ შეძლებდა ლაშქრობას და თრიალეთში დაბანაკდნენ. ანაკოფიიდან (ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე) დაძრულმა მეფემ ლაშქარს “გადაათხრევინა” თოვლი, მოულოდნელად დაესხა თავს თურქებს და აოტნა ისინი. ქართველებთან ბრძოლაში ასეულათასობით სელჩუკი დაიღუპა. დავითის ხმალს გაქცეულები კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში მათი ყოველი შემოსვლა დაუსჯელი არ დარჩებოდა, ამიტომ ქართველთა წარმატებებით ისედაც გაცოფებულ სულთანს საქართველოს მიწასთან გასწორება სთხოვეს. წარგზავნილნი ჯერ სულთან მუჰამედს (1118–1131) ეახლნენ, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ და სხვა მაჰმადიან დიდებულებსაც მიმართეს დახმარებისთვის. სელჩუკებმაც დაივიწყეს ურთიერთმტრობა, ქიშპი და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ: “სულთანმა მოუწოდა არაბეთის მეფეს _ დუბეიზ სადაყას ძეს და მოსცა ძე თავისი მალიქი და ყოველი ძალი მისი, და აჩინა სპასალარად ელღაზი ძე არდუხისი… და უბრძანა… ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა, ძალითა და ყოველთა სომხეთისა ამირათა”.
სულთნის მოწოდება და საქმის აღსრულება ერთი იყო. სელჩუკებმა მრავალრიცხოვანი კოალიციის შექმნა შეძლეს. ალეპოდან ხორასნამდე, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ყველას მოუყარეს თავი და უზარმაზარი ლაშქარი სახელგანთქმულ სარდალს, “კაცს მარჯვესა და მრავალღონეს”, სულთნის მიერ ბაღდადის გამგებლად დანიშნულს, ალეპოს დამპყრობს, მარდინისა და მაიაფარაკანის მფლობელს _ ნეჯმ ად-დინ ილღაზს ჩააბარეს. მას გვერდით ედგა სიძე (ქალიშვილის _ გოჰარ ხათუნის ქმარი), არაბეთის მეფე და ქალაქ ჰილას პატრონი დუბეის სადაყას ძე; განძის, ყაზვინის, ზენჯანის და გილანისა გამგებელი, სულთნის ძე მელიქ თოღრული და მისი ათაბაგი ქენთოღდი; თურქი ამირა, ბითლისისა და ერზინკას პატრონი, ქალაქ დვინის დამპყრობი თუღან არსლანი, კუზიანად წოდებული.
თურქთა დაახლოებით 400-ათასიანი ლაშქარი ქვემო ქართლში შემოიჭრა. დავითი არათუ ინფორმაციას ფლობდა ილღაზის ჯარის გადაადგილებაზე, თავისი მსტოვრების მეშვეობით გავლენას ახდენდა მტრის ბანაკზე. სხვა ახსნა არ მოეძებნება სელჩუკთა სარდლის ქმედებას _ მან უზარმაზარი ურდო ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე აიყვანა, მანგლის-ნიჩბისის ხევ-ხუვებში ატარა და დიდგორის ველზე დააბანაკა. რა თქმა უნდა, დიდგორზე ილღაზი ვერ გაშლიდა ჯარს და ვერ გამოიყენებდა მთავარ “კოზირს” _ რიცხობრივ უპირატესობას. ამიტომ უპრიანი იქნებოდა, სელჩუკები რუსთავის გზით თბილისისკენ დაძრულიყვნენ და გაშლილ ველზე გაემართათ გენერალური ბრძოლა.
უამრავმა სარდალმა და სტრატეგმა შეისწავლა დიდგორის პერიპეტიები და ვერც ერთმა მოუძებნება გამართლება იმას, რა ესაქმებოდა ილღაზს დიდგორზე. როგორც ჩანს, დავითის მსტოვრების გავლენა ისე დიდი იყო სელჩუკთა ჯარის “გენშტაბში”, რომ ისინი თავისის ფეხით მივიდნენ სასაკლაოზე. დავითი ბრძოლისთვის უკეთეს ადგილს ვერც ინატრებდა. ბუნებრივი პირობები გამორიცხავდა მტრის გამოჩენას ქართველთა ზურგში და, რაც მთავარია, მცირერიცხოვან მობილურ არმიას მეტი ლავირებისა და მანევრირების საშუალება მიეცემოდა. უფრო მეტიც, სელჩუკთა ლაშქარი ვიწროებში “ჩაიჭედა” და ბრძოლის საწარმოებლად სივრცე წაერთვა. ილღაზმა დიდგორამდე ოცამდე გამარჯვება მოიპოვა ბიზანტიელებსა და ჯვაროსნებზე. ის არ შედგამდა ფეხს დიდგორის ვიწროებში, რომ არა რაღაც კონკრეტული მიზანი, რამაც მიიყვანა ის სასაკლაომდე.
სწორედ ამაში ვლინდება დავით აღმაშენებლის სიდიადე, რომ მტერსაც კი იმას აკეთებინებდა, რაც თვითონ სურდა. დიდგორის ომი იყო დიდ არმიაზე მცირე ძალებით გამარჯვების კლასიკური მაგალითი, სამხედრო ტაქტიკის ნამდვილი შედევრი, სადაც მხედართმთავარმა ჰარმონიაში მოიყვანა სამხედრო სპეციფიკა, რომლითაც შექმნა მოულოდნელობის ფაქტორი. “კარგი სარდალია ის, ვინც კარგად იყენებს ბრძოლის ველზე შექმნილ ხელსაყრელ სიტუაციას. დიდი სარდალი კი თვითონ ქმნის ასეთ სიტუაციას”. დავითი თვითონ იყო დიდგორის ბრძოლის “სცენარისტიც”, “დამდგმელი რეჟისორიცა” და მთავარი მოქმედი გმირიც, ამიტომაც მოხდა დიდგორზე 1121 წლის 12 აგვისტოს, ხუთშაბათს, ღვთიური სასწაული, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც “ძლევაი საკვირველი”.
“ქართლის ცხოვრება” გადმოგვცემს, რომ გამთენიისას, ბრძოლის დაწყების წინ, ქართველმა მეომრებმა იხილეს ზეცაში გამოსახული წმინდა გიორგი. დიახ, მემატიანის თქმით, ამ ბრძოლაში ქართველებს წმინდა გიორგი მიუძღოდათ. ამ სასწაულის ხილვით გულანთებულ ჯარს ჩვენმა დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ეჰე, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქვეყნისა და რჯულის გადასარჩენად ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესთვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე, უფრო დავიხოცებით, ვიდრე აქედან შერცხვენილნი გავიქცევით”.
მეფის მიერ მოფიქრებული “სცენარის” მიხედვით, ქართველებს გამოეყო “ორასი ყივჩაღი” და მტრის ბანაკისკენ დაიძრა. აი, აქ იხსნება კვანძი და ნათელი ხდება, რატომ ჩქარობდა ილღაზი დიდგორის ველზე გასვლას. როგორც ჩანს, მტრის სარდალს მისდიოდა “უტყუარი” ცნობები, თითქოს დავითის ბანაკში არ იყო ერთიანობა. ვინაიდან ყივჩაღები და თურქები საერთო ენაზე მოლაპარაკე ერთი მოდგმის ხალხი იყო, შესაძლოა, ილღაზს ისიც მოახსენეს, რომ ყივჩაღები მზად იყვნენ, “მოძმე თურქების” მხარეს გადასულიყვნენ, ამიტომაც ჩქარობდა გამოცდილი სარდალი დავითის ჯართან შებმას და, სანამ ქართველები გონს მოეგებოდნენ, მათ განადგურებას. ამის გამო შეუშვეს თამამად თავიანთ რიგებში სელჩუკებმა ის 200 ყივჩაღი, რომლებიც ქართველთა მეფეს “გამოეპარნენ”. ილღაზი ელოდა მოღალატე ყივჩაღებს და ვინ იცის, იქნებ გულში გამარჯვებასაც ზეიმობდა, მაგრამ…
დღეს ისტორიკოსებს შორის სერიოზული დავა და კამათია იმის თაობაზე, ვინ იყო ის ორასი მოწინავე მეომარი. ზოგი მათ ყივჩაღებად მიიჩნევს და ეჭვიც არ ეპარება, რომ ორასივე მეომარი არაქართველი იყო. ზოგიერთი ევროპელი მემატიანე კი იმ ორას ჯვაროსნად მიიჩნევს, დავითს რომ ეხმარებოდნენ დიდგორის ბრძოლაში. სამხედრო ხელოვნების დიდი სპეციალისტი, აკადემიკოსი, გენერალ–ლეიტენანტი ირაკლი ჯორჯაძე თვლის, რომ იმ ორას კაცში იყვნენ ქართველებიც, ყივჩაღებიცა და ჯვაროსნებიც. ინფორმაციათა შეჯერებით დგინდება, რომ დავითმა თავის ლაშქარში შეარჩია ორასი საუკეთესო მეომარი, გადააცვა მათ ყივჩაღთა ტანსაცმელი და გაუშვა მტრის ბანაკისკენ.
მართალია, დავითი საქართველოში ჩამოსახლებულ ყივჩაღებზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა. ამის ნათელი დასტურია ქართველთა ლაშქრის ეროვნული შემადგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ დავითს 40 ათასამდე კბილებამდე შეიარაღებული ყივჩაღი ედგა გვერდით, დიდგორის ბრძოლაში მხოლოდ 15 ათასი გამოიყვანა. მათ გარდა იყო 40 ათასი ქართველი, 200 ჯვაროსანი რაინდი, 500-მდე დაქირავებული ალანი და ჩრდილოკავკასიელი. ბუნებრივია, ასეთ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს, რომელზეც არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ ქვეყნის ბედიც იყო დამოკიდებული, მხოლოდ ყივჩაღებს არ მიანდობდა.
ანალოგიური რამ ითქმის ჯვაროსნებზეც. მათ სელჩუკებთან იმდენი მარცხი იწვნიეს, რომ შიშის ფაქტორი არ მისცემდა დიდი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას. ჯვაროსნების დიდგორზე ყოფნას უფრო სიმბოლური დატვირთვა და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, თორემ ორასამდე ჯვაროსანი ნამდვილად არ იყო სელჩუკთა მომრევი ძალა. ქართველებზე უფრო მეტად ჯვაროსნებისთვის იყო მნიშვნელოვანი დიდგორის ომში მონაწილეობა, რადგან, ამდენი დამარცხებისგან გულგატეხილთ, უნდა ერწმუნათ, რომ ილღაზის დამარცხებაც იყო შესაძლებელი.
მაშ ასე, ქართველთა ლაშქარს გამოეყო 200 საუკეთესო მეომარი, რომლებმაც საოცრება დაატრიალეს მტრის ბანაკში და, სანამ ძირითადი ლაშქარი ჩაებმებოდა ბრძოლაში, ფაქტობრივად, უზრუნველყვეს ქართველთა გამარჯვება. მტერი ნამდვილად არ ელოდა, ერთი მუჭა ხალხი მათთან შებმას თუ გაბედავდა. ამან მტრის რიგებში დაბნეულობა და პანიკა გამოიწვია. მეფე დავითმა _ მარჯვენა, ხოლო უფლისწულმა დემეტრემ მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს მტერს და მარწუხებში მოაქციეს. სელჩუკებმა ხმლის შეუბრუნებლად, გაქცევით უშველეს თავს. თუმცა ქართველებმა ბოლომდე მისდიეს მტერს და, მანამ არ ჩაუგიათ ხმალი ქარქაშში, სანამ უკანასკნელმა თურქმა არ დატოვა საქართველოს საზღვარი.
სელჩუკთა არმიის თითქმის 1/3 ბრძოლის ველზე დაიღუპა. ქართველებმა აურაცხელი ტყვე და ალაფი ჩაიგდეს ხელთ (მათ შორის ყველაზე ფასეული იყო ქალაქ ჰილას მბრძანებლის, არაბთა მეფის კუთვნილი ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს “მანიაკი”, რომელიც აღმაშენებელმა გელათის მონასტერს შესწირა). მტრის მხოლოდ მცირე ნაწილმა გააღწია სამშვიდობოს. მათ შორის იყო მათი სარდალიც _ ად დინ ილღაზიც.
დიდგორის გამარჯვებამ უდიდესი დადებითი შედეგები მოიტანა:
1. საბოლოოდ დაემხო მუსლიმანური კოალიცია. სელჩუკები ვეღარ ახერხებენ მსგავსი კოალიციის შეკოწიწებას. ცალკეული ამირისა და ათაბაგის საქართველოში შემოჭრა უკვე აღარ იყო მასშტაბური;
2. დიდგორის კატასტროფით საბოლოოდ შეერყა საფუძველი თურქ-სელჩუკთა ძლიერებას და ერთ დროს ძლევამოსილი და უზარმაზარი იმპერია ანარქიის ჭაობში ჩაეფლო, ანუ თურქები აღარ იყვნენ საშიშნი არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ჯვაროსნებისა და ბიზანტიელებისთვისაც;
3. მსოფლიოში შეიცვალა ძალთა ბალანსი და ასპარეზზე გამოვიდა უძლიერესი სახელწიფო _ საქართველო. დასავლეთ ევროპაში სწორედ დიდგორის ბრძოლის შემდეგ მოიხვეჭა პოპულარობა ლეგენდამ დაუმარცხებელი იოანე პრესვიტერის შესახებ. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ დავით მეფეს მიაწერენ წმინდა გრაალის თასის დაუფლებასა და მის საქართველოში ჩამოტანის ამბავს.
ამ “ზღაპრული თქმულებების” უკან იკითხება აშკარა რეალობაც _ დიდგორის ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ საქართველომ და მისმა “მესიის მახვილად” წოდებიულმა მეფემ ქრისტიანული სამყაროს ჰეგემონობაზე განაცხადეს პრეტენზია (გრაალის თასში ქრისტეს სისხლი ესხა და ასეთი სიწმინდის მფლობელი მეფე თავისთავად სხვათაგან გამორჩეული ხდებოდა);
4. ცნობილი არაბი მემატიანე ალ-ფარიკი წერდა: “დიდგორით დიდი გული აქვთ ქართველთ”. ნამდვილად ასეა, დიდგორი ჩვენი დიდი იმედიც არის და, შეიძლება ითქვას, რომ 12 აგვისტო საქართველოს “მეორედ დაბადების” თარიღია, მაგრამ დიდგორზე, მარტო საქართველოს ბედი კი არა, ბიზანტიისა და ჯვაროსნების ბედიც გადაწყდა. თურქული კოალიციის დამარცხებით საკმაოდ დიდი ხნით შეწყდა თავდასხმები პალესტინაში არსებულ ციხესიმაგრეებზე. მუსლიმანურ სამყაროს უკვე აღარ შესწევდა ძალა, ერთდროულად ორ ფრონტზე ებრძოლა: საქართველოსა და ჯვაროსნების წინააღმდეგ;
5. დიდგორის ბრძოლამ შეუქცევადი გახადა საქართველოს გაერთიანების პროცესი. მართლაც, დავითმა რამდენიმე თვეში დაიბრუნა თბილისი და დმანისი. 1124 წელს დაიკავა შირვანი და შექმნა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული კავკასიური იმპერია;
6. დიდგორის ველზე მტერმა აურაცხელი სიმდიდრე დატოვა. ოქროს ნივთებს, ფულსა და თვალ-მარგალიტს თავი რომ დავანებოთ (რომელიც მაშინდელი სამეფო ხაზინას მრავალჯერ აღემატებოდა), ქართველებს ხელში ჩაუვარდათ დიდი რაოდენობის საბრძოლო იარაღი და აღკაზმულობა, ჯავშანი, ცხენი, ჯორ-აქლემი. დაახლოებით 200 ათასამდე სული პირუტყვი იგდეს ხელთ გამარჯვებულებმა, რაც, საერთო ჯამში, დიდ სიმდიდრეს წარმოადგენდა;
7. ქართველებმა უამრავი სელჩუკი დაატყვევეს. მათი დიდი ნაწილი, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, მაშინვე გამოიხსნეს (თუმცა თითო-ოროლა წლების განმავლობაში ისევ დილეგში იმყოფებოდა. დიდგორის ბრძოლიდან თითქმის 33 წლის შემდეგაც, 1154 წელს, საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა არაბმა მემატიანემ ალ-ფარიკმა საკუთარი თვალით იხილა ილღაზის დატყვევებული თანამებრძოლები). ამ გზითაც ქვეყანამ სოლიდური თანხა მოაგროვა;
8. ქვეყნის შიგნით შეიცვალა დავითის მიმართ დამოკიდებულება. თუ მანამდე კიდევ იყვნენ “მაბრალობელნი” (ანუ მეფის ოპოზიცია), რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ ხელმწიფის მიერ განხორციელებული რეფორმების მართებულობაში, დიდგორის ომის შემდეგ ყველამ შეიგნო, რომ ამ რეფორმებმა საქართველო ძლევამოსილ ქვეყნად აქცია.
ამ ომმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა სამხედრო ხელოვნებაშიც. თუ მანამდე პროფესიული არმიის ყოლა დიდი კითხვის ქვეშ იდგა, ამის შემდეგ უკვე ნათელი შეიქნა, რომ ერთი პროფესიონალი მეომარი 5-6 არაპროფესიონალს ჯაბნიდა. ანტიკური ხანის ბერძნული პოლისების, ფინიკიისა და კართაგენის არმიების ძირითად ბირთვს დაქირავებული პროფესიონალი მეომრები შეადგენდნენ, მაგრამ შუა საუკუნეებში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ფეოდალურმა სისტემამ გლეხი და ხელოსანი მეომრად აქცია. ამით, მართალია, ერთიათად გაიზარდა მებრძოლთა ოდენობა, მარამ ეს ის შემთხვევაა, როცა ოდენობამ ვერ გადაფარა ხარისხი.
დავითის სამხედრო რეფორმა პროფესიული არმიის ფორმირებას ითვალისწინებდა. ამ მიზნით ჩამოასახლეს საქართველოში ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი (მათ ხომ, ომის წარმოების გარდა, სხვა ხელობა არ ჰქონდათ). ეს რეფორმა დიდგორის ბრძოლის დროს დასრულებული იყო და 56 ათას კაცში (რომელიც დავითის ბანაკში იდგა) უმრავლესობა პროფესიონალი მეომარი გახლდათ. თვით ასეთი დიდი განსაცდელის ჟამსაც კი მეფემ არ ისურვა “ქუდზე კაცის” ლაშქარში ხმობა და იმ ადამიანების იმედად დარჩა, რომლებმაც ომის “ქიციც იცოდა და ქიცმაცურიც”.
კიდევ ერთი ნიუანსი იქცევს ჩვენს ყურადღებას: დავითმა უკან დასახევი გზა ჩაუხერგა თავის მეომრებს, რათა გაქცევაზე არავის ეფიქრა. ასეთ შემთხვევაში თვით ბუნებით ყველაზე ლაჩარიც კი გულადი ხდება. აქედანაც ჩანს, რომ აღმაშენებელი არა მხოლოდ დიდი სტრატეგი ან სახელწიფო მოღვაწე იყო, არამედ კარგი ფსიქოლოგიც.
ასევე ირკვევა, რომ დავითი მხოლოდ დიდგორის ბრძოლაში გამოყვანილი 56 ათასი კაცის იმედად არ იყო. მან “ყოველი შემთხვევისთვის” შიდა ქართლში 40-ათასიანი არმია დატოვა (მათ შორის იყო 25 ათასი ყივჩაღიც), ანუ დიდმა მეფემ ისიც კი გათვალა, როგორ მოქცეულიყო დამარცხების შემთხვევაში. რეზერვში მყოფი ლაშქარი ამოქმედდებოდა და ის გაუმართავდა ახალ ბრძოლას სელჩუკებს. მსგავსი რამ უცხო იყო დავითის ეპოქისთვის და სარეზერვო ჯარის პრეცედენტის დაშვებით აღმაშენებელმა თავის ეპოქას ამჯერადაც გაუსწრო.
(გაგრძელება იქნება)
ვანო სულორი
წააკითხეთ ჩვენს პრემიერმინისტრს
ამ წერილში მოყვანილი ერთ-ერთი ფაქტის მსგავსად დაგვემართა 1988-89-90 წლებში, როდესაც გააზრება ვერ მოვასწარით თუ რა ხდებოდა და თავს დაგვატყდა საშინელი, განუზომელი და აღუწერელი ტრაგედია, რასაც ჩემი საქართველოს დაცემა მოჰყვა! 25 წელია ველოდებით აღდგენას, გაუმჯობესებას, მაგრამ ამაოდ… ამიტომ ვფიქრობ, რომ სანამ ხელისუფლებაში არ მოვლენ ქართული სულის მქონე, საქართველოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული პიროვნებები, ვისაც სხვისი ჭირი საკუთარ ჭირად მიაჩნიათ, ვისაც ხალხი მიენდობა და გაჰყვება, მანამდე სულ უცხო პატრონის თვალებში და ხელებში მაყურებელი ვიქნებით, რაც უარეს შედეგამდე მიგვიყვანს! უფალმა მოგვცეს ერთი დავით აღმაშენებლის მსგავსი….
რომ ააყვავო, სამშობლო უნდა გიყვარდეს. აი დიადი მაგალითი გონების, სულის და სხეულის ერთიანობისა. წინდის მქსოველი, ზაქიჭამია პრეზიდენტი რომ ბუტაფორიაა, ყველამ ვიცით. როდესაც ტალს კითხეს როგორ უგებ მოწინაღმდეგესო, უპასუხა:
\\\”როდესაც გიყვარს, ყველაფერი იცი შეყვარებულის შესახებ\\\”,იგებს ის ვინც მეტი იცის.. ვამაყობ რომ ასეთი დიადი წინაპრები გვყავდა და სირცხვილი მიპყრობს ბიჭბუჭა, ხელისბიჭა და ჩმორი ლაქიების \\\” ნაცბიჭების \\\” ხელისუფლების არსებობაზე. დღეს ბევრ რეგვენს ჰგონია რომ სააკაშვილის ხელისუფლება განათლებული და წარმატებული იყო. 9 წლის შედეგი ხომ სახეზეა, უკრაინაში რა წარმატებებსაც მიაღწია ამ დესანტმა ყაჩაღებმა. ხომ ნახეთ, გარდა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის სამარცხვინო დანგრევისა, რამე შედეგი ნახეთ? ვინ არიან ის 500 000 ქართველი, რომელსაც მეზღაპრე მიშამ კიდევ 100 000 მიამატა სათვალავში, რომლებიც ნაცებს უჭერენ მხარს. თუ ამდენი ხალხი გვყავს გაბრიყვებული, მაშინ ვინ ვართ?