საქართველოს პარლამენტმა ახალი ავტომობილების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. დეპუტატებს მომავალი წლიდან 19 ახალი ავტომობილი მოემსახურებათ, რაც ბიუჯეტს 855 ათასი ლარი დაუჯდება. ცხრამეტივე მანქანა აუცილებლად 2017 წლის მოდელი უნდა იყოს, ვერცხლისფერი და შავი სალონით.
“ქართული ოცნებისა” და მასთან კოაბიტირებული ოპოზიციის რამდენიმე წევრი ახალ ავტომობილში გადაბრძანდება. ისინიც უფრო კომფორტულად იმგზავრებენ და, შესაძლოა, ჩვენც. დიახ ჩვენც, ვინ იცის, ვის და როდის გაგვიღიმებს ბედი ისე, როგორც ცოტა ხნის წინათ ორ ქალბატონს? შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერმა ვახტანგ თალაკვაძემ, რომელიც ქუთაისში სესიაზე მიემგზავრებოდა, რიკოთის უღელტეხილზე მგზავრები ჩაისვა მაქანაში (როგორც თვითონ წერს სოციალურ ქსელში, ხელი დაუქნიეს) და ზესტაფონამდე ერთად იმგზავრეს. შემდეგ სელფიც გადაიღო მათთან და თავისი კეთილშობილებით აღფრთოვანებულმა “ფეისბუქზე” პოსტიც გამოფინა, თან ისიც აღნიშნა, “ეს ავტომობილიც მათი ნაყიდიაო”… ასე რომ, ჩვენი გადასახადებით კიდევ 19 დეპუტატს რომ ვუყიდით მანქანას, 19-ჯერ გაიზრდება შანსი, მათი კეთილშობილებით ვისარგებლოთ და, თუ გზაზე გადაგვეყრებიან და ხელსაც დავუქნევთ, მათთან ერთად ჩვენც უფრო კომფორტულად ვიმგზავრებთ.
პარლამენტის აპარატში განმარტავენ, რომ თითო ავტომობილის შესაძენად საჭირო 45 ათასი ლარი, არც ისე ძვირია. მათი თქმით, საუბარი არ არის ფუფუნებაზე და ავტომობილები, რომელთა შეძენასაც პარლამენტი გეგმავს, საშუალო კლასისაა. 45 ათასი ლარი არათუ ფუფნებაა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, არამედ ოცნება, რომელსაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰპირდებოდა მათ.
მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” ინფორმაციით, პარლამენტის ბალანსზე 94 ავტომობილი ირიცხება. სამი თვის განმავლობაში, პირველი იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით, საწვავის ხარჯმა პარლამენტში 92 690 ლიტრი შეადგინა. სამ თვეში საწვავის ყველაზე დიდი დანახარჯი ჰქონდათ დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, სერგი კაპანაძეს, ილია ნაკაშიძეს, ირაკლი კოვზანაძეს, მარიამ ჯაშს, არჩილ თალაკვაძეს, სიმონ ნოზაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, გიორგი ჟორჟოლიანს, ირაკლი ტრიპოლსკისა და დავით ბაქრაძეს.
სამი თვის განმავლობაში პარლამენტართა პირველი ხუთეულის დანახარჯი საწვავზე ასეთია: ირაკლი კობახიძე _ 2078 ლიტრი; დავით ბაქრაძე – 1900 ლიტრი; ირაკლი ტრიპოლსკი _ 1850 ლიტრი; ილია ნაკაშიძე _ 1817 ლიტრი და სერგი კაპანაძე _ 1708 ლიტრი. თუ დახარჯული საწვავის მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ ერთობლივად მათ, საშუალოდ, გაიარეს 105 ათასი კმ, რაც დედამიწის ეკვატორის სიგრძეზე დაახლოებით 3-ჯერ მეტია და ნიშნავს, რომ დეპუტატებმა 3 თვეში, ანუ 90 დღეში დაახლოებით 3-ჯერ შემოუარეს დედამიწას(!).
რადგან ხალხის რჩეულები ხალხის კეთილდღეობისთვის დღედაღამ გზაში არიან, რა თქმა უნდა, მათ მგზავრობისას მეტი კომფორტი სჭირდებათ და, თუ ახლა ნაკლებად კომფორტული მანქანებით სასწაულებს ახდენენ (მოხმარებული საწვავის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამ თვეში 5 დეპუტატს შეეძლო დედამიწისთვის 3-ჯერ შემოევლო), წარმოიდგინეთ, რამდენ კილომეტრს დაფარავენ ისინი უფრო კომფორტული ავტომობილებით. იმედია, საბოლოოდ ასტრალში არ გავლენ…
თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ავტოპარკის განახლება ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტმაც გადაწყვიტა. მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა მსუბუქი გამავლობის ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და ერთი “სედანის” შესაძენად მთავრობის აპარატს 48 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტი კი 5 ავტომობილის შესაძენად 100 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამაც. გუბერნატორ ლევან შონიასთვის ახალ ჯიპს იქ 115 ათას ლარად შეიძენენ.
რადგან მაღალჩინოსნების კომფორტისთვის ავტოპარკების განახლება გარდაუვალია, ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ: ტენდერში ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები გაიმარჯვებენ თუ სხვა კომპანიები, რომლებსაც “ოცნება” არ “კრიშავს”?
მოამზადა ნიკა გელაშვილმა