“მუშათა რევოლუცია”, “საშუალო ფენის ამბოხი”, “ტრამკოლაფსი”, “ამერიკელი ელცინი”, “ნეოფაშისტი თეთრ სახლში” და სხვა ამგვარ ემოციურ შეფასებას აძლევენ ამერიკელი ანალიტიკოსები და ჰილარი კლინტონის გულდამწვარი მომხრეები დონალდ ტრამპის გამარჯვებას აშშ-ის ისტორიაში არნახულად მწვავე “ბრძოლაში წესების გარეშე”.
ევროპის ქვეყნების ლიდერები გაოგნდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ “საშინელების სერობაზე აშშ–ში არჩევნების შედეგის განსახილველად… დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების თმააწეწილი ხელმძღვანელის გარეშე: ფაქტი მომხდარია და მისი განხილვა უაზრობააო, _ ბრძანა ბატონმა ბორის ჯონსონმა. სხვების ფეხისხმას აყოლილი ქართველი ნაცების ბანაკში გლოვაა, მაგრამ ამათ ვინ რად აგდებს?! აქეთ “ლიდერი” გამოეცალათ, იქით _ პატრონები… მოკლედ, დიდი შეშფოთებაა “დემოკრატიულ მსოფლიოში”. ამ ფონზე ამერიკული ტრადიცია არ იცვლება და მოქმედი პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ხვდება არჩეულ პრეზიდენტს. დაგეგმილი 15 წუთის ნაცვლად საათ–ნახევარს გრძელდება მათი საუბარი დახურულ კარს მიღმა. პრესის წინაშე ორივე დიპლომატიურად კორექტურია. მეტიც, არ იშურებენ ქათინაურებს ერთმანეთის მიმართ. ობამას პრესმდივანი კი აცხადებს, რომ ბარაკ ჰუსეინს უწინდებურად მიაჩნია დონალდ ტრამპი ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის შეუფერებელ კაცად. პრესაში კი ასეთი შედარება გაჩნდა: ტრამპი თეთრ სახლში შევიდა, როგორც პატრონი (“ხოზიაინ!”). საინტერესოა, როგორ აღიქვამს უშიშროების გენერალ–მაიორი ანზორ მაისურაძე “ამ დიდ აურზაურს სალხინეთში”. ვკითხოთ:
_ ბატონო ანზორ, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლებში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხი განსაკუთრებით გამოკვეთილად წარმოჩნდა.
_ დიახ, ასე იყო.
_ ეს უთუოდ იმასაც ნიშნავს, რომ ამ ორი ქვეყნის ერთობლივი ლაშქრობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ზოგჯერ ურთიერთდაპირისპირებას უფრო ჰგავდა, შეთანხმებული, ერთობლივი და შედეგიანი გახდება.
_ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე იქნება.
_ მაშასადამე, “ისლამური სახელმწიფოს” შეიარაღებული “ბოევიკები” “ცხელი წერტილებიდან” _ სირიიდან და ერაყიდან _ სხვადასხვა ქვეყანაში გადავლენ. შეიძლება, საქართველოშიც შემოვიდნენ. დაცული ვართ ამ საშიშროებისგან?
_ პასუხს ცოტა შორიდან დავიწყებ. ახლა ძნელია იმის თქმა, რას გააკეთებს ახალარჩეული პრეზიდენტი, როცა ინაუგურაციის შემდეგ ოვალურ კაბინეტში დაჯდება და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, გამოძიების ფედერალური ბიურო, ასევე, პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ეკონომიკური მიმართულების სტრუქტურები გააცნობენ საიდუმლო ინფორმაციას, რა ვითარებაა მსოფლიოში, რა ხდება შეერთებულ შტატებში. ამ საიდუმლო ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ მან შეიძლება შეცვალოს გარკვეული მიდგომები, რომლებსაც წინასაარჩევნო პერიოდში დეკლარირებდა.
_ კი, მაგრამ, ცნობილია, რომ ამ ინფორმაციას ბარაკ ობამასთან ერთად ტრამპს უკვე აწვდიან მას შემდეგ, რაც არჩევნებში გაიმარჯვა.
_ დიახ, აწვდიან, დიახ _ ბარაკ ობამასთან ერთად, მაგრამ ტრამპს გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. ამას ინაუგურაციის შემდეგ შეძლებს. ჯერჯერობით საქმის კურსში შეჰყავთ.
თქვენ შეკითხვას _ დაცული ვართ თუ არა ისლამური რადიკალიზმის შემოტევისგან? _ ასე ვუპასუხებ: უფრო კი, ვიდრე არა.
ისლამს მსოფლიოში, სულ ცოტა, ორი მილიარდი ადამიანი აღიარებს. არ ჩამოვთვლი იმ ქვეყნებს, რომლებშიც მაჰმადიანობა დომინირებს. საკმარისია, რომელიმე მუსლიმი მსოფლიოში სადმე დაიჩაგროს, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრები მუსლიმები მზად არიან, მის დასაცავად დაირაზმონ.
_ მაგრამ ისეთი ისლამური სახელმწიფოები, როგორებიცაა თურქეთი და ირანი თვითონ ბომბავენ “ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებს…
_ ისინი ებრძვიან ისლამურ რადიკალიზმს, ტერორიზმს და, უწინარეს ყოვლისა, თავიანთ ქვეყნებს იცავენ კაცობრიობის წინააღმდეგ ამხედრებული ამ უბედურებისგან. მაგრამ, მოგეხსენებათ, ცოტა როდია ისეთი მაჰმადიანური ქვეყნები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით, აშკარად თუ ფარულად, ფინანსურად თუ იარაღით მხარს უჭერენ რადიკალებს ან ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს.
“ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციების ოპერაციები, რომლებსაც აშშ და რუსეთი უდგანან სათავეში, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაცილებით ეფექტიანი იქნება. დამარცხებული ჯიჰადისტები, სწორედ ამ ქვეყნებს შეაფარებენ თავს.
ცნობილია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძვიან ევროპული ქვეყნების, ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, რუსეთის ცალკეული ეროვნული ოლქების მოქალაქეები. დიდია ალბათობა, რომ ისინი თავიანთ ქვეყნებში გაიკრიფებიან. ძირითადად, ალბათ, ასე მოხდება. მათი “ფსკერზე დაწოლა” მხოლოდ დროებითი იქნება: “დიდი სახალიფოს” იდეა მათ არ მოასვენებს.
საქართველოს არც ერთ მეზობელ სახელმწიფოსთან არ აქვს გამკაცრებული სასაზღვრო რეჟიმი. ყველას, ვისაც მოესურვება, შეუძლია თავისუფლად შემოსვლა.
_ ასეთი “ანტრე, ბატონოთი!” მივიღეთ ბათუმის და, საზოგადოდ, შავი ზღვის სანაპიროს “ინტერნაციონალიზაცია” და თბილისში _ დავით აღმაშენებლის პროსპექტი თურქული აქცენტით.
_ საქართველო ამგვარი ექსპანსიისგან და მოსალოდნელი საფრთხისგან დაცული რომ იყოს, უნდა ჰქონდეს კონტრდაზვერვის კარგად აწყობილი სამსახური, მთავრობამ უნდა იცოდეს, რა ხდება ქვეყნის შიგნით, მის საზღვრებთან. ეს რომ იცოდე, უნდა გყავდეს პროფესიონალები, უნდა ფუნქციობდეს მათი მომზადების სისტემა, რაც, ფაქტობრივად, არ არის.
_ ორპირი ქარი დაშლიგინებს საქართველოს საზღვრებზე?!
_ შეგიძლიათ ასეც თქვათ, თუმცა დაზუსტება სჭირდება. საქართველო ჩაკეტილი ქვეყანა არ არის. ამას ამართლებენ იმით, რომ არაფერი გვაქვს დასამალი და გასაიდუმლოებული, რითაც შეიძლება დაინტერესდეს ჩვენი არაკეთილმოსურნე. ჩვენთან არ მუშაობს გასაიდუმლოებული ქარხნები, არ გვაქვს ბირთვული იარაღის საწყობები, არ ვაშენებთ წყალქვეშა ატომურ ნავებს, არ ვქმნით მსოფლიოში არნახულ იარაღს და ა.შ.
თუ დასაცავი არაფერი გაქვს, ზედმეტი ხდება შესაბამისი დამცავი სტრუქტურების არსებობა. საიდუმლოების დაცვა იმისთვისაა საჭირო, რომ არ გამჟღავნდეს შენი სამხედრო სიძლიერე. პოლიტიკური საიდუმლოების დაცვა კი უფრო მარტივად შეიძლება: ენას კბილი უნდა დააჭირო (ბატონ ანზორს მრავალმნიშვნელოვნად ეღიმება).
აშშ-ის საელჩოებში მოქმედი სადაზვერვო უწყებები დიპლომატიურ საფარქვეშ არიან წარმოდგენილნი. ყველა აწვდის ინფორმაციას ვაშინგტონს _ ცსს-ს, გფბ-ს, პენტაგონს, სახდეპს. მათ მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალა თავს იყრის აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში, რომელიც თავის სხდომაზე განიხილავს ყველა პრობლემას.
ამერიკელებმა ჩვენზე კარგად იციან, რა ხდება საქართველოში: მიმდინარე პროცესებში ჩვენზე უკეთ ერკვევიან და პიროვნებებსაც შესაფერისად აფასებენ, მასმედიის საქმიანობაშიც შესანიშნავად არიან ჩახედულნი. ქვეყანაში არსებული განწყობილებაც იციან, თანაც, არა მხოლოდ საზოგადოდ, არამედ ხელისუფლების წევრების პერსონალური დამოკიდებულების მხრივაც.
_ გმადლობთ! შევცვალოთ თემა. ეს–ესაა ჩვენი საზოგადოება შეაშფოთა რიტუალურმა მკვლელობამ, რომელსაც ქალიშვილმა საკუთარი დედა მსხვერპლად შესწირა. ხომ არ ხედავთ ამ და სხვა, ნორმიდან ამოვარდნილ ფაქტებში საზოგადოების დეგრადირების ნიშანს?
_ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური არ მუშაობს თავის დონეზე. არ მუშაობენ ის უწყებები, რომლებსაც ევალებათ ამგვარი ანომალიების დროულად შეტყობა, გარკვევა და აღმოფხვრა. არ მუშაობენ სექტანტებთან. ერთი სექტანტი ვერ გაფაჩუნდებოდა ჩემ დროს, მე რომ არ მცოდნოდა. ყველა სექტაში გვყავდა ჩვენი ხალხი.
_ ჰოდა, მომრავლდნენ ეს გაუგებარი სექტები და ნეოლიბერალები. გაძლიერდა ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ვინ უნდა დაიცვას ჩვენი სარწმუნოება?
_ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ _ საზოგადოებამ; პროფესიულ დონეზე კი _ უშიშროების სამსახურმა. მე, ანზორ მაისურაძეს, მევალებოდა თავის დროზე ეს საქმე (გარდა სხვა საქმეებისა). ეკლესია და მართლმადიდებლობა მე მქონდა ჩაბარებული. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მეხუთე განყოფილებაში, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, იდეოლოგიურ საკითხებთან ერთად შემოდიოდა მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის, სპორტის სფეროები, რელიგია; სექტებიც, რა თქმა უნდა.
15 სექტა იყო საქართველოში: ორმოცდაათიანელები, მეშვიდე დღის ადვენტისტები და ა.შ. თხუთმეტივე ხელის გულზე გვყავდა. ყველა სექტის უფროსი ჩვენი კაცი იყო. უჩვენოდ ვერ დააცემინებდნენ. აბა, ბიჭო, ისე გავუშვებდით, რომ “ეგულავათ”!
_ ეროვნული ტრადიციების, ქართული იდენტობის დაცვის თემით გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ეს პრობლემა გარკვეული ძალების ზეგავლენით ხელოვნურად მწვავდება, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი მყარად დგას ჩვენი თვითშეგნების პოზიციაზე. გასულ არჩევნებში მონაწილე რამდენიმე პარტია ეროვნულობის უპირობო დაცვის პრინციპით ჩაერთო მარათონში და… დამარცხდა. ხუთპროცენტიან ზღვარსაც ვერ მიუახლოვდა. რით შეგიძლიათ ახსნათ ასეთი ალოგიკური შედეგი? დავკარგეთ ეროვნულობის განცდა?
_ ჩვენ კი არ დავკარგეთ, არამედ ამ პარტიებმა თავიანთი უსახური მოქმედებით დაკარგეს ავტორიტეტი.
_ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ადამიანის უფლებების დაცვის ქადაგებით მოახერხა პარლამენტში შესვლა?
_ ცხადია, რომ არა, რადგან ადამიანის უფლებებს, გნებავთ, პიროვნების თავისუფლებას, აქვს საზღვარი. პიროვნების თავისუფლება თავაშვებულობას არ ნიშნავს. პიროვნების თავისუფლება, კარგია, მაგრამ იგი უარყოფით ფუნქციაში გადაიზრდება, როგორც კი ყველაფრის უფლებად მოიაზრებენ და ადამიანურ მოქალაქეობრივ მოვალეობას, მორალურ პრინციპებს დაუპირისპირებენ. ცრულიბერალურმა პროპაგანდამ ადამიანის უფლებათა სწორედ ასეთი გაგება მოახვია თავს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.
მაგრამ, არა მგონია, რომ არჩევნების შედეგებზე ასეთმა იდეოლოგიურმა პლატფორმამ მოახდინა გავლენა. მაჟორიტარების მეორე ტურმა სწორედ ეს დაამტკიცა: ამომრჩეველმა ნაციონალები ხელისუფლებას არ გააკარა.
ნაცების პარტია პარლამენტში გაცილებით მარტივი მიზეზით მოხვდა: ამ მოძრაობას მხარი დაუჭირეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში კარგად მოიწყეს პირადი ცხოვრება და “ქართულმა ოცნებამ” მათზე შური არ იძია, ადამიანურად მოექცა და არ მოაწყო სამსახურებიდან მათი გაყრის “ბართლომეს ღამე”, როგორც ეს თავის დროზე სააკაშვილისტებმა გააკეთეს. ხმების 27,03 პროცენტი, რომელიც მათ მოიპოვეს, სრულად ემთხვევა სახელმწიფო სამსახურში დარჩენილი “ნაცმოძრაობის” აქტივისტების რაოდენობას.
_ კეთილი და პატიოსანი. მაშინ ამიხსენით, რატომ მოხდა ისე, რომ ახალ პარლამენტში, თუნდაც “ქართული ოცნების” კვოტით, არც ერთი ქართველი მწერალი არ არის არჩეული? ვერ გაამართლა მწერლობამ?
_ მწერალი, პოეტი ეროვნული სულის მქონეა. ძალიან ცუდია, რომ არც ერთი მწერალი არ გვყავს პარლამენტში, მაგრამ არ გვყავს იმიტომ კი არა, რომ არ აგვირჩევია, არამედ იმიტომ, რომ ან არ გვყავს ასარჩევი, ან არ სურთ ამ უღლის დადგმა, ან ცოდვაა მათი მოცდენა პარლამენტის სალაყბოსთვის, ან ხანდაზმულობის გამო. თვალსაჩინო შემოქმედებმა 80-ს გადააბიჯეს (ღმერთმა კვლავაც ამრავალჟამიეროს!), დეისაძეს ან “საბას” პრემიის ზოგიერთ ოდიოზურ ლაურეატს ხომ არ აირჩევ?! იმათ არც ქართველობის, არც პატრიოტიზმის არაფერი სცხიათ. ჭკუაგადატრიალებულები! მეტიც _ გარყვნილი ფანტაზიით გამორჩეულები.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე