8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად კონსერვატორული მსოფლმხედველობის დონალდ ტრამპი აირჩიეს. ამ მოვლენამ მსოფლიოს ლიბერალური ნაწილი აღაშფოთა. “ამერიკამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩია. ამის დაწერა თუ მოგვიწევდა, ვერასოდეს ვიფიქრებდით”, _ წერდა ევროპული და ამერიკული პრესა.
ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება მისაღები აღმოჩნდა სოციალისტური მსოფლმხედველობის ევროპელი ლიდერებისთვის. აშშ–ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევაში ყველა მათგანმა პოზიტივი დაინახა და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა. აქამდე ხმა არ ამოუღია საქართველოს ხელისუფლებას, თავისი მოსაზრება ჯერ არავის გამოუთქვამს, არავინ იცის, სად აღმოჩნდება საქართველო ცივილიზაციების დაუნდობელ ბრძოლაში. გვესაუბრება “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი, ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია.
_ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ადამიანი, რომლის მოსვლამაც ზესახელმწიფოს ხელისუფლების სათავეში მსოფლიოს ლიბერალური ძალები აღაშფოთა. თუმცა, ზოგიერთი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ტრამპი ამერიკის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ვერ შეძლებს, რადგან იქ გაწერილი აქვთ ყველაფერი და რომ ინსტიტუტები ამერიკაში ბევრ რამეს წყვეტენ. თქვენი აზრით, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ტრამპის არჩევას?
_ ტრამპის არჩევამ გაახარა ის ადამიანები, რომლებიც არ არიან არც ოლიგარქიული და არც კაპიტალისტური მსოფლმხედველობის, რადგან ტრამპი სჯობს საპირწონე ძალას, რომლის წარმომადგენლებიც სიწმინდეების მტრები არიან და სურთ, ადამიანური წესები დაანგრიონ, რაც დიდი უბედურებაა.
ტრამპი პრეზიდენტი რომ არ გამხდარიყო და გამარჯვება მის მოწინააღმდეგეს დარჩენოდა, ომი გარდაუვალი იქნებოდა, რადგან ამერიკას პრობლემების მოსაგვარებლად მხოლოდ ეს ერთდაერთი გზა ჰქონდა დარჩენილი.
რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს, ტრამპმა განაცხადა, რომ აღიარებს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში, ითანამშრომლებს რუსეთთან სირიის საკითხებში და მოუხსნის დაწესებულ სანქციებს. გამოდის, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ძირეულად და პრინციპულად აპირებს პოლიტიკის შეცვლას. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგაც გამოვიდა. ეს უდავოდ რევოლუციური ნაბიჯია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის.
მაგრამ შეძლებს ტრამპი ამ ყველაფრის გაკეთებას? საქმე ის არის, რომ ერთი ნაბიჯიც რომ გადაიდგას ამ მიმართულებით, დიდი ცვლილებები მოხდება და მსოფლიოს ორი დიდი უბედურებიდან იხსნის: პირველი _ მსოფლიო ომის საფრთხე აღარ იქნება და მეორე _ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარღვეული მსოფლიო წესრიგის არარსებობის შედეგად შექმნილი ვაკუუმი შევსებას დაიწყებს.
ეს ახალი რეალიები ჩვენი მხრიდან გაანალიზებასა და სწორი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. 25 წლის წინათ საქართველომ გაეროს წევრობა და დამოუკიდებლობა მოიპოვა, შედეგად კი დაშლილი და განახევრებული საქართველო მივიღეთ, რასაც ნამდვილად არ ველოდით. გავანადგურეთ სამრეწველო და ეკონომიკური პოტენციალი, კულტურა, განათლება, ჯანდაცვა… საქართველოს ცუნამიმ გადაუარა. 25 წლის განმავლობაში შიგადაშიგ ჩნდებოდა შანსები, რომლის გამოყენებაც აუცილებელი იყო. მაგალითად, ასეთი იყო 2000 წელი, როდესაც რუსეთში დასრულდა ელცინის მმართველობა და მოვიდა პუტინი. რუსეთმა, რომელიც აშშ–ის ვასალი იყო, დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება, დაკარგული დიდების დაბრუნება. ეს ცვლილება მაშინვე ჩანდა, მაგრამ საქართველომ ვერ დაინახა, რადგან ხელისუფლება ისე მიჯაჭვული აღმოჩნდა პროდასავლურ მიმართულებაზე, რომ შესაბამისი ნაბიჯები ვერ გადადგა.
ახლა ანალოგიური ცვლილება მოხდა ამერიკაში, ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოზე აქვს გავლენა. ამიტომ ცვლილებები მალე იქნება შესამჩნევი. მეეჭვება, ჩვენი მთავრობის წევრებს გაცნობიერებული ჰქონდეთ, რა ხდება მსოფლიოში. ამ ხნის განმავლობაში რაიმე ჭკვიანური განცხადება გააკეთა რომელიმემ?
_ ცივილიზაციათა ომია. დიდი ქვეყნის ლიდერებმა ვითარება გააცნობიერეს და ბევრი მათგანი ამერიკაში განვითარებული მოვლენებით გახარებულია. სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, რომლის ხელისუფლებაც ჯერ დუმს?
_ ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ გაგცემთ. ვითარება მხოლოდ ამერიკასა და რუსეთს შორის კი არ იცვლება, თურქეთსა და რუსეთს შორისაც შეიცვალა და ჩვენ ამ ორ ქვეყანას შორის ვართ მოქცეული. ორივე ქვეყანას უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენზე. რუსეთს _ აფხაზეთსა და ოსეთში, ხოლო თურქეთს _ აჭარაში. მსოფლიოში ამ მასშტაბის ცვლილებებს თუ ანგარიშს არ გავუწევთ, გასათამაშებელ ბანქოდ ვიქცევით. მეშინია, ენამ არ მიყივლოს, მაგრამ საქართველოს დაშლის პროცესი, შესაძლოა, გაგრძელდეს. 2000 წელს რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლა და ახლა ამერიკაში ტრამპის მოსვლა შეგვეძლო, გამოგვეყენებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გაგება ჩვენს მთავრობებს არ შეუძლიათ.
_ ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი პირველ ვიზიტს რუსეთის პრეზიდენტთან გეგმავს. ზოგიერთი ქართველი პოლიტოლოგი ამბობს, სასურველია, საქართველომ ტრამპს დაასწროს და ვლადიმერ პუტინს შეხვდესო. რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის შეხვედრა სასიკეთო შედეგს გამოიღებს?
_ ის, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა აუცილებელია, დიდი ხანია, ვამბობ. საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრას რომ ვერ ახერხებს, დიდი შეცდომაა. მით უფრო, რომ პუტინმა არაერთგზის გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრაზე, თანაც ისიც აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ყველაფერი იქნება მისაღები, რასაც აფხაზი და ქართველი, ოსი და ქართველი ხალხი გადაწყვეტსო. ეს ისეთი გზავნილია, რომ არ გამოიყენო, რეგვენი უნდა იყო. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს მოახერხა. დღეს, რადგან ტრამპის გაპრეზიდენტებამ ვითარება შეიძლება შეცვალოს, რუსეთთან ჩვენი შეხვედრა აუცილებელია, მაგრამ ვინ გვყავს ხელისუფლებაში ისეთი, ვინც პუტინს შეხვდება და მასთან დიალოგის გამართვას შეძლებს. საქართველოში არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ არა ხელისუფლებაში.
მინდა ხელისუფლებას მოვუწოდო, ისარგებლოს არსებული ვითარებით, ამაში პოზიტივი დაინახოს და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.
_ ტრამპის მოწინააღმდეგეები კონფრონტაციას არ ერიდებიან. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ “ფერადი რევოლუციები” ამერიკას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა…
_ იქ მართული, ორგანიზებული ძალები მოქმედებენ. ტრამპში მტერს ხედავენ. ამერიკის ისტორიას ახსოვს პრეზიდენტებზე თავდასხმა, არჩევნების გაყალბება და ა.შ. გაიხსენეთ ელ გორისა და ბუშის დაპირისპირება. ელ გორს მოგებული არჩევნები დაათმობინეს. ასე რომ, ამერიკისთვის უცხო არაფერია და ყველაფერი მოსალოდნელია.
სასურველია, ტრამპი დარჩეს და ყველა იდეა განახორციელოს.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
ბატონ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვება მეც ძალიან გამეხარდა. მხოლდ, არ მინდა წინასწარ ვიზეიმო, რადგან 20 ინვრამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. მით უმეტეს, რომ აშშ-ში არაფერს ერიდებიან. ან თავად დ. ტრამპი შეასრულებს თუ არა წინასაარჩევნოდ გამოთქმულ დაპირებებს.. იმედს ვიტოვებ უკეთესობისთვის…