ძალიან უცნაური ამბები ხდება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ, ოდესის გუბერნატორი, რომელიც 8 ოქტომბერს საქართველოში ზღვის ქვეშ გათხრილი გვირაბით აპირებდა შემოსვლას, საკუთარ სავარძელშიც ვეღარ დამაგრდა და უმუშევარი დარჩა.
სანამ ეს მოხდებოდა, “მის საქართველო 90-იანების” გამარჯვებულმა ირინა სარიშვილმა ქართველთბაშ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს “ქონდრისკაცი” და “გნომი” უწოდა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ლოზუნგი სტყორცნა საქართველოს: “თავისუფლება”, “სწრაფი განვითარება”, “კეთილდღეობა”. ყოველივე ეს უდიდესი ბურუსითა და საიდუმლოებით არის მოცული, რადგან არც სიტყვის შეუსრულებლობაა მიხეილ სააკაშვლის სტილი, არც დაკვეთილი “შავი პიარი” ახასიათებს ირინა სარიშვილს და არც ბიძინაა ისეთი ადამიანი, რომ ხალხი მოატყუოს და დაპირებული კეთლდღეობა არ შეუსრულოს.
რა ხდება სინამდვილეში?
აი, სწორედ ამის გარკვევას შეეცადა ჩვენი თავბრუდახვეული კორესპონდენტი და მას შემდეგ, რაც ტელეეკრანზე ოდესის გუბერნატორის კადრების ხილვისას ეჭვი შეეპარა, _ ეს ნამდვილად არ არის მიხეილ სააკაშვილიო, გადაწყვიტა, ირინა სარიშვილისთვის ეთვალთვალა და სიმართლე გაერკვია.
ამ თვალთვალის შედეგები გამაოგნებელია. ირინა სარიშვილი თურმე ყოველ დილით ჯდება ორნიჩბიან პატარა კანჯოში და მიდის შავ ზღვაში მდებარე საიდუმლო კუნძულზე, სადაც იგი პირველყოფილთა რიტუალებს ატარებს იმ კლდის წინ, რომელშიც მიშა სააკაშვილის სახეა გამოსახული. ირინა, რომელიც კუნძულზე გადასვლის შემდეგ თავს პარასკევას უწოდებს, კლდეში არსებულ გამოსახულებას “მიშდუ”-თი მიმართავს და მას გნომი ბიძინიუსის შელოცვის წინააღმდეგ ბრძოლას ევედრება.
ჩვენი თავბრუდახვეული კორესპონდენტი თვითონ შეესწრო სასწაულს, მორიგი ასეთი რიტუალისას როგორ ამოძრავდა მიშდუს სასწაულმოქმედი გამოსახულება კლდეში და როგორ დაიძახა, _ ნუ გეშინია ირინა, აგერ გვირაბში გავიჩხირე, მომეხმარე, გამომიყვანე და მალე ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ მიშდუს სახების ამოძრავების სასწაულმა მლოცველ ირინას თავზარი დასცა და მას აღარც მოუსმენია მიშდუს სიტყვებისთვის, უკანმოუხადავად ჩახტა თავის კანჯოში და შიშისგან აკანკალებულმა იქიდან მოუსვა.
როგორც ჩვენი თავბრუდახვეული კორესპონდენტი გვატყობინებს, ირინა ნაპირზე გადმოსვლის შემდეგაც არ შეჩერებულა და ხმელეთზეც შეუჩერებლად ირბინა სოლოლაკის ქედამდე, სადაც უკვე მის თავზე ცა გაიხსნა და გარკვევით გაისმა ხმა: “თავისუფლება! სწრაფი განვითარება! კეთილდღეობა!”. ამ სიტყვების გაგონებაზე ირინა გულწასული დაეცა თურმე და ჩვენი თავბრუდახვეული კორესპონდენტიც, იმის შიშით, რამე შარში არ გავეხვიოო, სასწრაფოდ გამოეშურა რედაქციისკენ.
რედაქციაში მისულმა, როდესაც უკვე სიტუცია გააანალიზა, ასეთი დასკვნა გამოიტანა_- როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი 7 ოქტომბრის ღამეს მართლაც დაიძრა შავი ზღვის ქვეშ გათხრილი საიდუმლო გვირაბით საქართველოსკენ, მაგრამ წინა დღეს რესტორანში უკრაინელ “ნაშებთან” გამოსათხოვარ ვახშამზე იმდენი ჭამა, რომ ერთი ადგილი კიდევ უფრო გაუსქელდა და, გვირაბის აქეთა ბოლოში თავი რომ გამოყო, ის გასუქებული ერთი ადგილი ვეღარც აქეთ გამოეტია და ვეღარც უკან. ასე დარჩა მიშა კლდეში გამოხვრეტილ საიდუმლო გვირაბში გაჩხერილი.
ამ მომენტში ზღვის პირას მიშას ელოდა ირინა სარიშვილი, რომელმაც დაახლოებით იცოდა სანაპირო, სადაც უნდა ამოეყვინთა მიშას, მაგრამ არ იცოდა კლდეში გამოთხრილი გვირაბის შესახებ, ამიტომ კლდიდან მიშას სახის გამოჩენა ირინამ სასწაულად მიიჩნია და მის წინაშე ლოცვა დაიწყო. ეცადა მიშა, დაერწმუნებინა ირინა, ღვთაება კი არა, ნამდვილი მიშა ვარ და მომეხმარე, გამომიყვანეო, მაგრამ ირინას მაინც არ სჯერა მიშას მიწიერი წარმოშობისა და განაგრძობს მის წინაშე ლოცვას. მაგრამ, როგორც კი მიშა კლდეში გამოძრავდება, ირინას შიში იტანს და უკანმოუხედავად გარბის.
ამასობაში ოდესაში გუბერნატორის ასე უაზროდ გაუჩინარებას ხომ ვერ გამოაცხადებდნენ? ამიტომ, ხალხს რომ არაფერი შეემჩნია, მიშას ორეული იპოვეს, ცოტა ხანს ატარეს მის მაგივრად სამსახურში და შემდეგ უკვე საჯაროდ მოხსნეს თანამდებობიდან, რათა აღარავინ არასოდეს დაინტერსდეს, სად ჯანდაბაში წავიდა ისედაც ჯანდაბიდან მოსული ოდესის გუბერნატორი.
რაც შეეხება იმ სიტყვებს, რომლებიც სოლოლაკის გახსნილი ციდან გაისმის ხოლმე _ “თავისუფლება! სწრაფი განვითარება! კეთილდღეობა!” _ დოლარის ჯერარნახული გაქცევისა და შიმშილით გონდაკარგული ადამიანების ფონზე, ფაქტია, რომ ამ სიტყვებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ეს სიტყვები სწორედ გნომი და ქონდრისკაცი ბიძინიუსის ჯადოსნურ შელოცვას უფრო წააგავს, რომელიც ზღაპრებში უკუღმა ხდება ხოლმე.
ამაში კი, ნამდვილად არ შეიძლება პარასკევა-ირინას არ დავეთანხმოთო, _ ამბობს ჩვენი თავბრუდახვეული კორესპონდენტი.