Home რუბრიკები საზოგადოება მოგზაურობა აჭარაში

მოგზაურობა აჭარაში

1454

დასასრული. დასაწყისი იხ. #40 (369)

დედოფლის წყაროს წყალმა გაგვაცოცხლა, ღონე მოგვიკრიბა, თითქო ხელახლა დავიბადეო. მივდივართ, მაგრამ აღმართი დაუსრულებელ ზოლად გადაიქცა. იქითაქეთ დასასვენებლად გაშვებულ ფერდობებს მწვანე ხასხასი გააქვთ. ყველას თავისი სახელი აქვს და თავისი ისტორიაცა, თუმცა ერთი შეხედვით კაცს აზრადაც არ მოუვა, ეს ადგილები რომელსამე ისტორიული ამბის ასპარეზად ჩასთვალოს. ასეთებია, მაგალითად, “ნახუცარიდანალობიევი”, _ თითო დღის მიწა, თავისუფლად გაშვებული, ფურტიოს დასაწყისში. ერთხელ თამარ დედოფალს კვირა დღეს მოუხდა თურმე ფურტიოში გაჩერება. ბრძანა, რაკი სხალთაში ვერ ჩაუსწარ, თქვენს ეკლესიაში უნდა მოვისმინო წირვაო. მთელი სოფელი შეიკრიბა, თამარ ბატონმა ეკლესიაში ინება ჩვენთან ერთად წირვის მოსმენაო. წირვის დაწყების ჟამი გახდა, მაგრამ მღვდელი აღარსადა სჩანდა. დიდებულმა მლოცველმა მოიკითხა: ხუცესი რა იქნაო? კრძალვით მოახსენეს: ნუ გაგვირისხავთ, დიდებულო! მღვდელს შეეშინდა, მეფის საკადრისი წირვა მე სად შემიძლია ვსწიროვო და დაიმალა. ფრიად ეწყინა თურმე და ბრძანა, საცა იყოს, მოძებნეთო. იქით ეცნენ, აქეთ ეცნენ და გლეხს ნიკოლა შანთაძეს ლობიოში კი უნახავს დამალული მღვდელი. მას აქეთ ეს ადგილები ისტორიული შეიქნა: ერთსნახუცარიდაერქვა და მეორესნალობიევი”. თამარმა, ასე იყო თუ ისე, აწირვინა მღვდელს, მაგრამ გულნაკლული დარჩა მაინც: “მინდოდა, ქვის ეკლესია გამეშენებინა თქვენს სოფელში, მაგრამ თქვენი მღვდელი ხის ეკლესიის ღირსიც ძლივს არისო”. ამ ადგილას ძველი ქვის საყდრის საძირკველი დღესაც ეტყობა.

აჰა, ფურტიოში შევედით კიდეცა. ადამიანს აოცებს ეს მთლიანი ტყე ხეხილისა, რომელშიაც ჩაფლულია აქაური ხის სახლები. განსაკუთრებით აუარებელია მსხალი. ალაგ-ალაგ ვაზებით დახუნძლული ხეებიცა დგას. ამდენი კარგი ჯიშის ხილს აჭარაში იშვიათად თუ სადმე შეხვდებით. სახლებიც ერთი მეორეზე დაახლოვებითა სდგას. სუყველა ხისაა, ყავრით გადახურული. შეუჩვეველს თვალს ეხამება აქაური წესი ყავრით დახურვისა. ყავარი ლატნებზე აწყვია და აღარც ბასქა აქვს სადმე და აღარც ლურსმანი. ამ უკანასკნელის მაგივრად ბრტყელი ქვები აწყვია ყავარს დასამაგრებლად. საზოგადოდ, ალბათ ლურსმნის სიძვირისა გამო, მთელ აჭარაში ასეა სახლები დახურული, სახლებთან მოდგმულია იმერული სასიმინდეები, ოთხ ბოძზე შემდგარი. ყოველ ბოძის თავზე ჯამის მსგავსად გაჩორკნილი ხის ნაჭრებია, მხოლოდ ამოღრუტნული ნაწილი ქვეშა აქვს მოქცეული, ხოლო გამობერილზე სასიმინდეს დედა-ძელის თავებია დამყარებული. დანიშნულები ამ ოსტატურ ჯამისა ის არის, რომ ბოძზე აცოცებული თაგვი ვერ შევა სასიმინდეში.

ყადი ეფენდი ბერიძე

იმ ღამეს მასპინძლადა გვყავდა ყადი ეფენდი ბერიძე, წევრი ხულოს მეჯლისისა, მთელ სოფელში ცნობილი თავის შეძლებითა, რასაც, რა თქმა უნდა, მისი თანამდებობაც უწყობს ხელს. სახლში თვითონ ბერიძე დაგვიხვდა და წმინდა ქართული სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდა. ბერიძე აქეთკენ ნასწავლ კაცად ითვლება, რის გამო ეფენდის ტიტული აქვს. ქართულად წმინდად ლაპარაკობს, და თუმცა წერა-კითხვა არ იცის, ხოლო თურქულად თავის ღირსების შესაფერი სწავლა აქვს მიღებული. თბილისელ ქართველებში დაახლოვებით იცნობს აჭარაში ქართული წიგნების შემოტანის პიონერს, ბ-ნ ზაქარია ჭიჭინაძეს. მეტის ქებითაც იხსენიებს ჩვენს დაუღალავს მოღვაწეს: ჩვენს ჯამებში დადიოდა, ჩვენთან ერთად ლოცულობდა; ბრალია, ასეთი ეფენდი კაცი გურჯია და ჩვენს სჯულს არ ღებულობს, თორემ ყადობას არავინ დაუჭერდაო…

ჩვენი ყადი შეძლებულ მოსახლედ ითვლება ფურტიოში. ორი სახლი უდგას გამოჩინებულ ადგილას: ერთში სახლობით თვითონა ცხოვრობს, ხოლო მეორე, უფრო ახალი, _ სტუმრების მისაღებად აქვს. სასტუმროში რამდენიმე თვალია ნოხებ და ქეჩებ გადაფენილ ტახტებიანი. მისვლისთანავე სასტუმროში, ანუ როგორც აქ ეძახიან, ყონაღში, შეგვიყვანა და თვითონ კი დატრიალდა, რომ შინაურებს საჭმელი დაემზადებიათ. მოკლე ხანში სუფრას გვიმშვენებდა ტაბაკად შემწვარი დედალი, სიმინდის მჭადი, ბროლივით წყალი… და მასპინძლის მდიდარი გული. ქართველურ ბოდიშს დასასრული აღარ ჰქონდა: ნუ დაგვზრახავთ, თქვენს საკადრისად ვერ დაგიხვდით, მაგრამ რა ვქნათ, ფუხარა ხალხნი ვართო… გულწრფელი მადლობის მეტი რაღა მეთქმოდა. საჭმელითა და დასვენებით ძალის მოკრეფის შემდეგ შევუდექით სოფლის თვალიერებას.

ყველგან ცნობის მოყვარეობით გვზვერავდნენ: “გურჯი მოსულა, გურჯიო!” ერთ ალაგას გვაჩვენეს უზარმაზარი ქვევრები, ქვებით ამოვსებულები. გვიამბეს: გურჯობისას, დიდძალი ღვინო დგებოდა ფურტიოშიო. დღეს კი აქა-იქ თუ-ღაა დარჩენილი ვაზები ამ სოფელში და დამსხვრეული ქვევრები-ღა თუ მოწმობს, რომ ძველად მეღვინეობა ერთი უპირველესი დარგი ყოფილა აქაურების მეურნეობისა.

საბრუნავას სერი და იქ გადახდილი ბრძოლა

სამხრეთით ფურტიოს ერთი გახრიოკებული კალთა ეგრეთ წოდებული “საბრუნავას სერი” აკრავს მთისა, რომელსაც მკაფიოდ ეტყობა გარშემო ხაზი, სადაც იწყება ნაყოფიერი და უნაყოფო მიწა. ეს კალოს მსგავსი ოთხი-ხუთი დღის ადგილი ხელის გულივით მოტვლეპილია. ძველ დროიდანვე ასე შეუმუშავებლადა გდია. მიწის უნაყოფობას ნიადაგის თვისებას არ აბრალებენ აქაურნი. ამის მიზეზად, თუ აქაურებს დავუჯერეთ, სრულებით შემთხვევითი გარემოება გამხდარა.

სხალთაში, _ მოგვითხრობენ აქაურნი, მთავრად იჯდა ვინმე გორგაძე, ფურტიოში მცხოვრებ ფარნას შვილი ჭინკაძე (სოფელ დოლოგანში ჭინკაძენი, 30 მოსახლე, ახლაც ცხოვრობენ), რომლის ნამოსახლარად ფურტიოს ხიდს ახლო მდებარე ადგილს ასახელებენ, _ გაურჩებია მთავარს _ შენ უნდა გადაგაგდო და მე უნდა დავიჭირო შენი ალაგიო. ერთხელ კიდეც შეუპყრიათ ურჩი ჭინკაძე და ჯაჭვით სხალთაში დაუბამთ. ტყვესთან ერთი კაცი მისულა და ნიშნის მოგებით უთქვამს: “ღირსი იყავ და ღირსეულადაც დაუსჯიხართო”. ტყვეს გულის მოსვლია, ჯაჭვი გაუგლეჯია და დამცინავიც მოუკლავს, ბოლოს, როგორც იყო, კიდეც გაქცეულა. გორგაძემ, რა კი ვერა მოუხერხა რა გავარდნილს ჭინკაძეს, გამოაცხადა: ვინც მოჰკლავს, წყალობით ავავსებო. გამოსულა ვინმე როკო (იმისი ნასახლარ ადგილს ახლაც “როკოს” ეძახიან) ბერიძის შვილი აბაზა და მოუხსენებია მთავრისათვის: ჩემს კისერზე იყოს იმისი დაჭერაო! აბაზა ბერიძეს შეუყრია ჯარი და დიდხანსა სდია თურმე ჯერ შავშეთში, მერე _ ქვემო-აჭარაში, მაჭახელშიც კი. ბოლოს, ფურტიოში მოუმწყვდევია “საბრუნავას” სერთან. ეს სახელიც იმიტომ დარქმევია ამ სერს, რომ ფარნას შვილი აქ დაბრუნებულა. გამართულა ბრძოლა და მთელი ტბები დამდგარა სისხლისა (აქედან წამომდგარა სახელი ამ სერის ერთი კუთხისა _ “ტბანები”). ამ ბრძოლაში აბაზას გაუმარჯვნია და ფარნას შვილი მოუკლავს.

ომი რომ გადაუხდია აბაზასა, მის დამშეულ მეომრებს სოფლისათვის საჭმელი უთხოვნიათ. სოფლელთ უპასუხნია: სანამ დაგიმზადებდეთ, ემანდე მსხალია მწიფე და ის მიირთვითო. ისინიც მივიდნენ და მწიფე მხალს შეექცნენ. იმ ისტორიულ ადგილსაც “სხალიანი” შერჩა სახელად. საბრუნავა, ტბანები და სხალიანა სულ ერთადა ძევს. ფურტიოს ორ უბანსაც თავ-თავისი სახელი დაერქვა ამ დროის მთავარ გმირთა მოსაგონებლად: ერთს _ “აბაზაური”, ხოლო მეორეს _ “ფარნიაშვილები”.

ფარნას შვილს ამ ბრძოლის დროს ორი ნათესავი მოუკლავს გორგაძესი და უთქვამს: “ვინც მინდოდა, ორი მაინც მოვკალი და ახლა სიკვდილს მაგდენად არ ვინაღვლიო”. თანაც დასწყევლა თურმე ის ადგილი, სადაც სული დალია: “მოწყალე ღმერთმა ნურაფრის მოსავალი ნუ აღირსოს ამ ადგილს, საცა ჩემი სისხლი დაიღვარაო. ნურც ადამიანს და ნუღარც პირუტყვს ნურა-რა არგოსო”… ეს სერი, როგორც ზევითაცა ვსთქვით, უნაყოფოდ და ხრიოკადა გდია. რამდენიმე კომლი გლეხი სახლობს გარშემო, მაგრამ არც ერთს ხეირი და წარმატება არ ეტყობაო.

გამარჯვებულმა აბაზამ წაიღო მოკლული ჭინკაძე და გორგაძესთან წავიდა. _ ფარნას შვილის დევნაში, უთხრა, მაჭახელიდან კარჩხლის მთაზე გადმოვიარეთ, ანწლისა და ეწერის (გვიმრის) გარდა ყოველი ბალახი ვსძოვეთ ჩემიან, ჩემ ჯარიანა საქონელივით, სოფელში შესვლისა და პურის ჭამის დრო არა გვქონდაო. ბოლოს რის წვალებით ფურტიოში მოვიმწყვდიე და აჰა, სურვილი აგისრულე, _ მოვკალიო. მთავარს გაეხარდა სიმარჯვე აბაზასი და თავის შრომის ფასად აჩუქა თეთრობის მთაზე საძოვარნი და მაწყვალთის მთის ბაჟი, მიცა: დოლოგანი (ფარნას სოფელი) ყმად, ათას კოკიანი ჭური და სოფ. ფურტიოს ღვინის მოსავალი.

გახარებულმა აბაზამ ჭური სხალთიდან წამოიღო, მაგრამ ფურტიოში მოსვლამდე გზაში შემოაღამდა. ვახშმის მოსატანად სოფელში ბიჭი გაგზავნა. დაბრუნებულზე ბიჭს ჯორი კლდეზე “დაუხოხდა” (გადაუვარდა). იმ ადგილას დღეს “ჯორის სახოხავი” ჰქვიან, ხოლო საშიშ კლდეს _ “ჯოჯოხეთის კლდე”.

 გამაჰმადიანებული ქამადაძე

ფურტიოში აბაზამ, საცა სხალთიდან მოტანილი ჭური დამარხა, იმის მახლობლად ერთი ეკლესია ყოფილა. გამაჰმადიანების დროს ეს ეკლესია დაუნგრევიათ. ერთი ქვაღა დარჩენილა. ჯერ კიდევ მალულად ქრისტიანედ დარჩენილი სოფლელნი მიდიოდნენ ამ ქვასთან, სანთელს ანთებდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ. ერთს გამაჰმადიანებულ ქამადაძეს ეს ქვა რკინის უროთი დაუმსხვრევია, რათა უკანასკნელი ნუგეშიც ხელიდან გამოსცლოდათ ქრისტეს მსახურთ. როცა ქვას ამსხვრევდა, ერთმა მოხუცებულმა დედაკაცმა ბევრი უშალა. მაჰმადიანი გაბრაზდა და იმდენი სცემა ამ დედაკაცს, რომ სიკვდილის პირად მიიყვანა. ლოგინად ჩავარდნილმა ქალმა ასე დასწყევლა მკრეხელი: “მოწყალეო ღმერთო, ვინც მე ჩემი სალოცავი დამიმსხვრია, გაუხმე ხელი და მის გვარს პურით ნუ გააძღებ და ნუ ახეირებო”. წყევლამ გასჭრაო, _ ამბობენ სოფლელნი, _ და ქამადაძეს ხელი შეახმაო. ხელშემხმარი თავისავე თანამორჯულესთან მისულა და რჩევა უკითხავს: ასე და ასე დამემართა და, ნეტავ, თუ რამე მეშველებაო. იმასაც რჩევა მიუცია: ისევ იმ დედაკაცთან მიდი და თავი დაალოცვინეო. ქამადაძე წასულა, მაგრამ დედაკაცი მკვდარი დახვედრია.

ქამადაძის გვარის კაცნი დღესაც არიან ფურტიოს ახლო სოფ. მჭედლურში. არც იმ დედაკაცისაგან დაწყევლილ ქამადაძის ნამრავლს გაუხარიაო, _ მოგვითხრობენ აქაურნი, _ მჭედლურის ქამადაძე სულ მშიერ-მწყურვალი დაიარება; პური რომ ჰქონდეს, ლობიო აკლია, ჩოხა რომ როგორმე ჩაიცვას, ახალუხის შოვნის სახსარი არა აქვსო. ასე წვალებით მოათრევენ თავიანთ დღესაო. დედაკაცისაგან დაწყევლილ გვარს ან და რა ახეირებსო!..

თედო სახოკია

ჟურნალიისტორიული მემკვიდრეობა”,

#10, 2016 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here