Home რუბრიკები პოლიტიკა ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

479

“თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ ევრონესტის (ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეას თანაპრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა. მიზეზია ის, რომ დოლიძე 19 ნოემბრის შემდეგ, პარლამენტის წევრი აღარ იქნება.  ამის შესახებ ინფორმაციას “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი სოციალური ქსელით ავრცელებს. 

“მოგეხსენებათ, რომ ა.წ. 19 ნოემბრის შემდეგ შემიწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების თანახმად, დღეს წერილით მივმართე ევრონესტის (ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეას, თანაპრეზიდენტს ჰეიდი ჰაუტალას, ჩემს აზერბაიჯანელ, სომეხ, უკრაინელ, მოლდოველ, ასევე ევროპარლამენტარ კოლეგებსა და მეგობრებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გავლილი 4 წელი ნამდვილად დიდი საპარლამენტო გამოცდილება იყო ჩემთვის, რომლის განმავლობაშიც ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის: ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის დაწყება, საპარლამენტო კონტაქტების გაღრმავება, ასოცირების კომიტეტის დაარსება, უვიზო მიმოსვლის დასაწყებად შესაბამისი პროცედურების გატარება ევროპარლამენტში, ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, ვიშეგრადის, ბალტიის, ჩრდილოეთ ევროპის და სხვა საპარლამენტო ჯგუფებთან თანამშრომლობის დაარსება და გაღრმავება და ა.შ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას და მეგობარს, პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებთან ერთადაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოხერხდა ყოველივე ზემოაღნიშნულის მიღწევა, ისევე როგორც მადლიერი ვარ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მყარი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ამავე დროს, მინდა წარმატებები ვუსურვო და გვერდში დგომა აღვუთქვა საქართველოს ახალ პარლამენტს, რომელსაც სერიოზული და ძალზედ მნიშვნელოვანი საქმიანობის გაწევა მოუწევს მომავალი 4 წლის განმავლობაში. რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესო პერიოდი გველის ყველას. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“, – წერს დოლიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here