Home რუბრიკები პოლიტიკა “იზვესტია”: სირიის ოპოზიციამ ტერორისტებთან თანამშრომლობა აღიარა

“იზვესტია”: სირიის ოპოზიციამ ტერორისტებთან თანამშრომლობა აღიარა

575

სირიის საგარეო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰალედ ხოჯამ განაცხადა, რომ “ზომიერი დაჯგუფებები” იძულებით თანამშრომლობენ ალეპოელ ტერორისტებთან… მოსკოვში ამ განცხადებას უაზროს უწოდებენ იმ ფონზე, როცა რუსეთი ჰუმანიტარული მდგომარეობის შესამსუბუქებელ ნაბიჯებს დგამს ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში. სირიაში, სხვათა შორის, მიუთითებენ, რომ ტერორისტებსა და ოპოზიციას შორის განსხვავება დიდი ხანია, აღარ არსებობს. ალეპო კი, ადრე თუ გვიან, გათავისუფლდება.

_ მოსახლეობას, რომელიც აღმოსავლეთ ალეპოს რაიონებში ალყაშია მოქცეული, სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მიიღოს ისლამისტი “ბოევიკების” მიერ შეთავაზებული დახმარება”, _ განაცხადა ჰალედ ხოჯამ და განმარტა, რომ, უწინარეს ყოვლისა, ლაპარაკია “ჯებჰატ ან-ნუსრაზე”. რუსეთსა და სირიაში მიიჩნევენ, რომ ხოჯას სიტყვები ადასტურებს “ზომიერი “ბოევიკებისა” და ტერორისტების დაახლოების ფაქტს და იმასაც, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს არ სურთ, იპოვონ გამოსავალი ალეპოში შექმნილი რთული სიტუაციიდან. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა “იზვესტიას” განუცხადა, რომ სულ უფრო თვალსაჩინო ხდება “ბოევიკებისა” და ზომიერი ოპოზიციის შეზრდის პროცესი:

_ რას ნიშნავს, არ აქვთ “სხვა გამოსავალი”?! სთხოვონ ამერიკელებს, დაეხმარონ “ჯებჰატ ან-ნუსრასთან” დისტანცირებაში, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. პირიქით _ ოპოზიცია უარს არ ამბობს “ბოევიკებისგან” დახმარების მიღებაზე და იბრძვის მათ მხარეს, ბომბავს საცხოვრებელ კვარტლებს, დანაშაულს კი იმით ამართლებს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს. ამ დროს რუსეთი აცხადებს სიჩუმის რეჟიმს, ხსნის გასასვლელებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის; ასევე, უფლებას აძლევს შეიარაღებულ “ბოევიკებს”, დატოვონ ქალაქი, თუმცა “შეიარაღებული ოპოზიციიდან” ცოტა ვინმე თუ იყენებს ამ შესაძლებლობას.  მაგრამ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება. რომელიღაც მომენტში განახლდება შეტევა ალეპოს ალყაში მოცქეულ რაიონებზე და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებთან ერთად კვლავ დაბომბავენ “ბოევიკებს”. არაბული მასმედიის ცნობით, ბოლო დღეებში “ბოევიკებმა” გააძლიერეს ალეპოს იმ დასავლეთი რაიონებისთვის ცეცხლის დაშენა, რომლებსაც სირიის არმია აკონტროლებს. ეს კი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებას იწვევს.

ნიშანდობლივია, რომ, ორ კვირაზე მეტია, რუსეთისა და სირიის ავიაცია არ ბომბავს ტერორისტების მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. ალეპოში გახსნილია 8 ჰუმანიტარული დერეფანი. ორი მათგანით შეუძლიათ ისარგებლონ “ბოევიკებმა” _ გავიდნენ იარაღით. ტერორისტების ჩასაფრებული სნაიპერები დაუნდობლად ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ცდილობს, ამ დერეფნებით თავი დააღწიოს ქალაქში გამეფებულ ჯოჯოხეთურ სიტუაციას.

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბოევიკებმა” დააწესეს ე.წ. ომის გადასახადი 150 ათასი სირიული ლირის (300 დოლარი) ოდენობით მათთვის, ვისაც ჰუმანიტარული დერეფნებით გასვლა სურს. ამ შინაარსის ფურცლები უმაღლესი სამხედრო საბჭოს “ჯეიეშ ალ-ფახტის” სახელით ვრცელდება ქალაქის მოსახლეობას შორის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადა, რომელიც 4 ნოემბერს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდა. სირიის პარლამენტის დეპუტატმა ამარ ბაღდაშმა “იზვესტიას” განუცხადა, რომ გარე ოპოზიციის განცხადების შემდეგ არავინ უნდა დაეჭვდეს, რომ დამასკოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ალეპოს გათავისუფლება. ჰალედ ხოჯამ დაადასტურა ის, რაზეც, დიდი ხანია, ლაპარაკობს სირიის ხელისუფლება, კერძოდ ის, რომ ე.წ. ზომიერი ოპოზიცია და ტერორისტები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი. ხოჯამ აღიარა, რომ განსხვავება მათ შორის არ არსებობს და ორივეს ერთად გარე ძალები სირიის ეროვნული სუვერენიტეტის შერყევისთვის იყენებენ. “ალეპო სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქალაქია, ამიტომ ხელისუფლება (დამასკო) ძალას არ დაიშურებს, კვლავ დაიქვემდებაროს იგი, _ განაცხადა ამარ ბაღდაშმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here